ქართველი გოგონა, რომელმაც 65 კილო მის მიერვე შემუშავებული დიეტით დაიკლო

გამოწერა
ჭარბი წონა, გარდა სილამაზისა, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობასაც. ის პროვოცირებას უწევს სერიოზული დაავადებების განვითარებას. ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ ამის მთავარი მიზეზი ფიზიკური აქტივობის უკმარისობა, არასწორი, არაჯანსაღი და დაუბალანსებელი კვებაა.

ყველა ადამიანს, ვისაც აწუხებს ჭარბი წონა, აქვს სურვილი ებრძოლოს მას, მაგრამ ამას დიდი ნებისყოფა სჭირდა და ყველას არ გამოსდის.

ჩვენი დღევანდელი სტუმარი ერთ-ერთი გამონაკლისია, რომელმაც ჯანმრთელობის, სილამაზის, ენერგიის და ბედნიერების სანაცვლოდ წუთიერი სიამოვნება დათმო და  საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. საკმაოდ რთული პერიოდის, სირთულეების შემდეგ ქეთი სულიაურმა საკუთარი დიეტა შეიმუშავა, რომლის საშუალებითაც 65 კილოგრამი დაიკლო.

© Photo: Courtesy of Qetone Suliauriქეთი სულიაური
ქეთი სულიაური - Sputnik საქართველო
ქეთი სულიაური

– დასასრულის დასაწყისი გაიხსენეთ. როგორ მოხდა, რომ მაქსიმალურ წონას მიაღწიეთ?

— ეს გასახსენებლადაც კი საკმაოდ რთული თემაა. ეს იყო პერიოდი, როდესაც უბრალოდ სახლიდანაც არ და ვერ გავდიოდი. წონის მატება ჩემ შემთხვევაში მხოლოდ არაზომიერ კვებას არ გამოუწვევია. პირველი ორსულობის დროს გადაჭარბებული და არასაჭირო მედიკამენტების ფონზე დამერღვა ჰორმონალური ბალანსი და წონის მატების შეჩერება შეუძლებელი იყო. ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩემ ცხოვრებაში როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

– როდის მიხვდით, რომ ეს უნდა დასრულებულიყო, როდის შემოკარით განგაშის ზარები?

— დასაწყისშივე ვიცოდი, რომ ეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ საკუთარ თავთან გამკლავება ყოფილა ყველაზე რთული. გასასამართლებელი მიზეზები ყოველთვის უამრავი მქონდა. ერთ დღეს, მახსოვს, გავიპრანჭე, მე და ჩემი გოგონა წავედით მეგობართან. გზაში მეკითხება, დედიკო, შენ რატომ არ იპრანჭებიო. საშინლად განვიცადე, მივხვდი, რომ ყველა მატყუებდა და უბრალოდ გულს არ მტკენდნენ, როდესაც მეუბნებოდნენ, რომ კარგად გამოვიყურებოდი. ანასტასიას გულწრფელობამ მიბიძგა შემეცვალა ჩემი და მისი ცხოვრება უკეთესობისკენ.

© Photo: Courtesy of Qetone Suliauriქეთი სულიაური
ქეთი სულიაური - Sputnik საქართველო
ქეთი სულიაური

– დიეტოლოგს თუ მიმართეთ, გამოკვლევები თუ ჩაიტარეთ, სანამ დიეტაზე დადგებოდით?

— არა მარტო დიეტოლოგს, ყველა სახის მეთოდი მაქვს ნაცადი. გამოკვლევები, როგორც ასეთი, დიეტის წინ არ ჩამიტარებია, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ისედაც ვიცოდი, რომ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. რა თქმა უნდა, ვიმკურნალე, პერიოდულად ვაკონტროლებ დღემდე, მაგრამ მისი მოგვარებით წონის პრობლემა არ მოგვარებულა და დღემდე აქტიურად ვებრძვი დარჩენილ კილოგრამებს…

პირველი ეტაპი იყო, რა თქმა უნდა, ძიება — რა საშუალებით დამეკლო. როგორც უკვე გითხარით, უამრავ საშუალებას მივმართე, მაგრამ უშედეგოდ, რადგან ძალიან მიჭირდა არ დამერღვია დიეტა. ამ ძიებამ და მცდელობებმა მომცა ერთადერთი რამ – კვებასთან დაკავშირებული ცოდნა. მუდმივად ვაკვირდებოდი ჩემ ორგანიზმს და შემდეგ დავიწყე პრობლემის ძიება საკუთარ თავში. და მივხვდი – მე თუ არ ავუკრძალე ჩემ თავს, სხვა ყველა და ყველაფერი უძლური იყო. ამიტომ ჩემი გარკვეული ცოდნა და გამოცდილებაც გამოვიყენე და დავიწყე ჯანსაღი და ჩემთვის კომფორტული კვების რეჟიმი, რომელიც არც ჩემ ორგანიზმს და არც ნერვულ სისტემას ზიანს არ მიაყენებდა, მაგრამ ვიყავი ძალიან მკაცრი იმ მცირე აკრძალვებში.

© Photo: Courtesy of Qetone Suliauriქეთი სულიაური
ქეთი სულიაური - Sputnik საქართველო
ქეთი სულიაური

– ყოფილა პერიოდი, რომ ფარ-ხმალის დაყრაზე ფიქრობდით, იყო იმედგაცრუებები?

— ბევრი იმედგაცრუების მიუხედავად არასოდეს არ დავნებებულვარ, რადგან საკუთარი თავის რწმენა მქონდა სასწაულად ძლიერი და, ვფიქრობ, რეალურად ეს დამეხმარა.

– რა პერიოდი დაგჭირდათ, რომ ამ ეტაპამდე მოსულიყავით?

—  დაახლოებით ორი წელი დამჭირდა, მეორე ორსულობის ჩათვლით. ჩემი კვების პირობებში მეორე ორსულობაზე მხოლოდ 11 კილოგრამი მოვიმატე.

– როგორ იკვებებოდით, რა რეჟიმით ცხოვრობდით?

— ეტაპობრივი აკრძალვები დავუწესე ჩემ თავს. საბოლოოდ მივედი საკმაოდ მკაცრ და ჯანმრთელ კვებამდე. დავდიოდი ფეხით რამდენიც შემეძლო. თავიდან მხოლოდ ნახევარი საათი შევძელი ფეხით სიარული და ძალიან დავიღალე.

© Photo: Courtesy of Qetone Suliauriქეთი სულიაური
ქეთი სულიაური - Sputnik საქართველო
ქეთი სულიაური

ჩემ მიერ შემუშავებული წონაში კლების მეთოდის პირველი ნაბიჯები ასე გამოიყურება (ეს ეხება იმ ქალბატონებს, ვისაც 10 და მეტი კილოგრამი აქვს ზედმეტი და მათი ყოველდღიური საკვები პროდუქტები არის ზედმეტად ნოყიერი): აუცილებლად ეტაპობრივად ვამცირებთ საკვებს, დილას აუცილებლად ვიწყებთ წყლით, უარს ვამბობთ დამწვარ ზეთზე, ანუ, არ ვიღებთ არანაირ საკვებს, რომელშიც არის ეს მავნებლობა. შემწვარი კვერცხი, კარტოფილი, თევზი, წვნიანები, რომლებიც დამზადებულია ზეთში მოთუშული ხახვით (წვნიანი აუცილებლად უნდა მიიღოთ, მხოლოდ მსგავსი რეცეპტით ნუ დაამზადებთ), ცომეული, რომელიც ზეთშია გამომცხვარი და ასე შემდეგ. ვიყენებთ ჰიმალაის მარილს და არ ვზღუდავთ დანარჩენ საკვებს. და ნუ დაითვლით კალორიებს ამ ეტაპზე. დაძინებამდე ორი საათით ადრე მაინც აღარ მივირთმევთ არაფერს, ისევე, როგორც გაღვიძებიდან ორი საათის განმავლობაში არ ვსაუზმობთ. ასე ვიკვებებით მხოლოდ ერთი კვირა. არ არსებობს დაუძლეველი პრობლემა, არსებობს მხოლოდ პრობლემა, რომლის მოგვარებასაც სჭირდება ძლიერი სურვილი. შეუძლებელი აქციე შესაძლებლად და დაიწყე ეს დღესვე. თუ სურვილი გაგიჩნდებათ, სხვა რჩევებიც გაგიზიაროთ, შემომიერთდით ფეისბუქზე — კიარას ბლოგი • Kiaras Blog

© CourTesy of Qeti Suliauriქეთი სულიაური (მარცხნიდან მესამე) „განგაშის ზარების“ შემოკვრამდე
ქეთი სულიაური (მარცხნიდან მესამე)  „განგაშის ზარების“ შემოკვრამდე  - Sputnik საქართველო
ქეთი სულიაური (მარცხნიდან მესამე) „განგაშის ზარების“ შემოკვრამდე

– რა იყო ბლოგის შექმნის იდეა?

— მინდოდა ადამიანებს სცოდნოდათ, რომ წონაში კლება არ არის ოცნება, ეს რეალობაა, თუ გვეცოდინება სწორი კვება. მიზანიც და იდეაც ამ ბლოგის ის არის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რა გზით შეიძლება დავამარცხოთ ჭარბი წონა. მიმეცა მათთვის მოტივაცია, რადგან წონაში კლებას და ჯანსაღ კვებას რეალურად ჩვენ უფრო სხვა საფეხურზე ავყავართ, ვიდრე ეს მხოლოდ სასწორზე დაწერილი რიცხვია. ჩვენ ვიწყებთ ჯერ ჩვენი ორგანიზმის გაფრთხილებით და შემდეგ ზოგადად ვაგრძელებთ ეკოლოგიაზე ზრუნვას.

© Photo: Courtesy of Qetone Suliauriქეთი სულიაური
ქეთი სულიაური - Sputnik საქართველო
ქეთი სულიაური

– დღემდე რამდენი კილოგრამი გაქვთ დაკლებული?

— დღემდე 65 კილოგრამი მაქვს დაკლებული. ვფიქრობ 5 ან 6 კილოგრამის დაკლება კიდევ მომიწევს.

– როგორ უნდა იმუშაოს ადამიანმა საკუთარ ნებისყოფაზე და რამდენად მნიშვნელოვანია ეს?

— ყოველი დღე, ყოველი წამიც კი ბრძოლაა. არ შეიძლება თქვა, აი, უკვე მაქვს ნებისყოფა და დამთავრებულია. ასე არ ხდება, ეს არის საკმაოდ რთული გზა და მუდმივად გვჭირდება ნებისყოფა. ამიტომ ნებისყოფაზე კი არა, ადამიანმა საკუთარ თავზე, ფსიქიკაზე უნდა იმუშაოს, უნდა აიძულოს საკუთარი თავი. დათმოს წუთიერი სიამოვნება ჯანმრთელობის, სილამაზის, ენერგიის და ბედნიერების ფასად. დამერწმუნეთ, ამად ნამდვილად ღირს.

– რას ურჩევთ ადამიანებს, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს?

—  ესთეტიური დისკომფორტის გარდა, სიმსუქნე ძალიან ბევრი დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს. ადამიანმა უპირველეს ყოვლისა უნდა გაამახვილოს ჯანმრთელობაზე ყურადღება, უნდა იცოდეს, საბოლოოდ რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს და, მერწმუნეთ, ჯანმრთელობა იმდენად ძვირფასია, ადამიანი შეუძლებელს შეძლებს, რომ დაიცვას საკუთარი ორგანიზმი.

საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ სტრესმა ჩემი ორგანიზმი მოსპო, ზედმეტმა წონამ კი მხოლოდ გარეგნული სახე შემიცვალა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნუ მიაყენებთ თქვენს ორგანიზმს კვებით სტრესს ექსტრა დიეტებით, დროებითი დიეტებით, ცომეულის ან ტკბილეულის საერთოდ აკრძალვით. მერწმუნეთ, ადამიანს, რომელსაც უყვარს შოკოლადი, მისი აკრძალვით უფრო ცუდ შედეგებამდე მივა, რადგან ამის ჩანაცვლებას ორგანიზმი აუცილებლად მოგვთხოვს სხვა ტკბილეულის სახით და ბოლოს აუცილებლად მივიღებთ შოკოლადსაც, რადგან მას ვერაფერი ცვლის. თუ გადაწყვიტე, რომ განიცადო ტრანსფორმაცია, ყოველთვის პრიორიტეტად გყავდეთ საკუთარი ორგანიზმი, რომელმაც გინდა, რომ „დიდხანს გაძლოს". ჯანმრთელობის სიყვარული და ნებისყოფა არის ოქროს წესი სახეცვლილებისკენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0