ქართველების „დედა ტერეზა“ ტულუზაში და მისი ქართულ-ფრანგული ცხოვრება

გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ქობულეთელი ლაშა ბოლქვაძის ფრანგულ ცხოვრებას და ქართულ საქმეებს გაგაცნობთ.

ნიჭისა და ინტერესებიდან გამომდინარე, მრავალფეროვანი ადამიანია. უყვარს მუსიკა, მღერის, რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე უკრავს. მშობლიურის გარდა იცის ხუთი ენა: ფრანგული, ინგლისური, რუსული, თურქული და ესპანური. დღეს საფრანგეთში ცხოვრობს და ტულუზას უნივერსტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტია. სწავლის პარალელურად საქართველოდან ჩასულ ბევრ ადამიანს ეხმარება და გზას უკვალავს, ამას ყოველგვარი ანგარების გარეშე აკეთებს. მისი სამომავლო გეგმები საქართველოს და მშობლიურ კუთხეს უკავშირდება…

© Photo: courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
ლაშა ბოლქვაძე

რთული ბავშვობა და დამოუკიდებელი ბიჭი

— ვერ გეტყვით, რომ ბავშვობა კარგი მქონდა, ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, ამიტომაც თავს ყოველთვის გარიყულად ვგრძნობდი. ცხრა კლასი სოფელში დავამთავრე, ასე თუ ისე, ნორმალურად. დამამთავრებელი კლასები ქობულეთის N-5 საჯარო სკოლაში, სადაც კარგი განათლება მივიღე. მყავდა შესანიშნავი დირექტორი და პედაგოგები, რომლებიც ძალიან მიყვარს. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და ჩემს დირექტორს, ქალბატონ ნარგიზა ჯინჭარაძეს ვუთხრა, რომ ცხოვრებაში მისი რჩევები ძალიან გამომადგა და მისგან ვისწავლე ბრძოლისუნარიანობა, ჰუმანურობა და არისტოკრატულობა… ბავშვობიდან დამოუკიდებელი ვიყავი და არ მახსენდება დღე, როცა რაიმე პრობლემა ვინმეს ჩარევით მომეგვარებინოს. ყველგან მარტო, უფროსების გარეშე დავდიოდი.

© Photo: courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
ლაშა ბოლქვაძე

— ლაშა, საფრანგეთი როდის „გაჩნდა“ თქვენს ცხოვრებაში და შემდეგ უკვე თქვენ როგორ გაჩნდით საფრანგეთში?

— თქვენ წარმოიდგინეთ, თავიდან საფრანგეთი რატომღაც არ მიტაცებდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერმა და ფრანგული ენის უძლიერესმა სპეციალისტმა, მწერალმა, ქალბატონმა ზერა რომანაძემ სიღმისეულად შემასწავლა და შემაყვარა ფრანგული ენა. ამის შემდეგ სურვილი გამიჩნდა, რომ ეს ქვეყანა მენახა და ოცნებების ასახდენად საფრანგეთში გავეგზავრე. მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნინო ბერაძეს, რომელმაც დაინახა ჩემი მონდომება და უფლება დამრთო, რომ მონაწილეობა მიმეღო „ეუროდისეის“ პროგრამაში. მოკლედ, 18 წლის ასაკში უკვე გადავაბიჯე საქართველოს საზღვარს და გაცვლითი პროგრამით სტაჟირებაზე საფრანგეთში გავემგზავრე. 2016 წელს სასწავლებლად ყოფნის დროს ამბიცია გამიჩნდა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობა მიმეღო, იმდენად მობილიზებული ვიყავი ამ საკითხში, რომ მოთხოვნიდან ზუსტად ორ თვეში საფრანგეთში ცხოვრების ათწლიანი უფლება მივიღე.

© Photo: courtesy of Lasha Bolkvadzeლაშა ბოლქვაძე
ლაშა ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
ლაშა ბოლქვაძე

— მითხარით, რომ უკან დაბრუნებას აპირებთ და საამისოდ საგანმანათლებლო პროექტის იდეა და კონკრეტული გეგმა გაქვთ…

— ადრე ბევრ ადგილას ვმუშაობდი, მაგრამ ანაზღაურება არასდროს მომითხოვია. დღეს ჩემი ფრანგული ენის დონე იმდენად კარგია, რომ 2019 წელს, ალბათ ფრანგულ პასპორტსაც ავიღებ. მერე უკვე სამშობლოში  დავბრუნდები და იქ საკუთარი ხარჯებით დავიწყებ ჩანაფიქრის განხორციელებას. გეგმაში მაქვს პროგრამა, რომელიც ახალგაზრდების საგანმანათლებლო პროცესის განვითარებას შეუწყობს ხელს სხვადასხვა კუთხით. კიდევ მინდა სწავლა სამედიცინოს განხრით გავაგრძელო და კარგი პედიატრი გავხდე,  მაგრამ ამავდროულად სხვადასხვა სფეროშიც ვიმოღვაწეო, რადგან ერთფეროვნება არ მიყვარს.

— საფრანგეთში ქართველების „დედა ტერეზას“ რატომ გეძახიან?

— ამაზე საუბარი უხერხულია, მაგრამ რახან მკითხეთ, გეტყვით: საფრანგეთში მოქმედი თითქმის ყველა კანონი ვიცი და კარგი ურთიერთობა მაქვს ქვეყნის ყველა ორგანოსთან, ბევრ საკითხში გარკვეული ვარ. აქედან გამომდინარე, ქართველ სტუდენტებს სწავლის გაგრძელებაში ვეხმარები. დღის განმავლობაში ბევრი ადამიანი მირეკავს და მწერს, რომლებიც ქუჩაში არიან და დახმარება სჭირდებათ. არ მინდა ტრაბახში ჩამითვალოთ, მაგრამ სინამდვილეში ბევრის სიცოცხლე გადამირჩენია, აქ ბევრი ჩამოდის ისეთი, ვისაც შერყეული ჯანმრთელობის გამო გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. ყველაფერი დაზღვევაზეა დამოკიდებული, მე კი მაქვს საიმისო წვდომა, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს.

— საქართველოში ახალგაზრდების საგანმანათლებლო კუთხით დახმარება კონკრეტულად რაში გამოიხატება?

— ძალიან მინდა, რომ ბავშვები დაკავებული იყვნენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში, მინდა ენების შემსწავლელი ცენტრი გავხსნა. მუსიკალური კუთხითაც ვაპირებ სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. აუცილებლად დავუმტკიცებ ყველას, რომ ჩემი ბავშვობის ოცნებებს რეალობად ვაქცევ. მინდა, ჩემს საგანმანათლებლო ცენტრში ბავშვები ეთიკის ნორმების დაცვას და თავაზიანობას ვაზიარო. მინდა, რომ ისინი საინტერესო საქმიანობით დაკავდნენ. მოკლედ, ბევრი კარგი რამ მინდა…

მზიან ტულუზაში ცხოვრების სწრაფი რიტმია

პარიზში მთელი თვე ვიცხოვრე და მივხდი, რომ მზის გარეშე ვერსად გავძლებ, ამიტომ ბინა მზიან მხარეში, ტულუზაში დავიდე. ვსწავლობ ტულუზის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაზე. მაგისტრატურის შემდეგ სწავლის გაგრძელება სამედიცინოზე მინდა. ორი წლით ამერიკის მაგისტრატურის გრანტიც მივიღე და იქ სწავლას აუცილებლად ვაპირებ. თუმცა პარიზში ჩასვლა ხშირად მიწევს. ჩემი ჩვეულებრივი დღე ასეთია: დილით ექვს საათზე უკვე მზად ვარ გარეთ გასასვლელად. საღამოს ათზე უკან ვბრუნდები და ვთარგმნი. აქ ცხოვრების სწრაფი ტემპია და აუცილებელია, რომ მას ფეხი აუწყო. პარასკევი ჩემი დღეა: ვხდები მეგობრებს, სხვადასხვა საღამოებს ვაწყობთ. ერთი სიტყვით, კარგად ვერთობით და ამ ტრადიციას არასდროს ვარღვევ. მიყვარს სეირნობა და მოგზაურობა, თუმცა ამისთვის დრო აღარ მრჩება. ფრანგ მეგობრებს საქართველო გავაცანი. მათთან საუბარში ხშირად ვახსენებ, რომ ქართველები ფრანგებს არაფრით ჩამოუვარდებით. ყოველთვის, როცა ჩემს ქვეყანაზე ვსაუბრობ და ასეთ დროს ძალიან ამაყი ვარ…

— ლაშა, თქვენ ინტერნეტში განთავსებული გაქვთ ვიდეო, სადაც თქვენ და უკრაინელი ქალბატონი გოგი ცაბაძის სიმღერას მღერით…

— მუსიკა ძალიან მიყვარს, საკმარისია, ერთხელ მოვისმინო მელოდია და შემიძლია, რომ ზუსტად იგივენაირად გადავიტან ფორტეპიანოზე. თუმცა ჩემთვის მაინც ინტერპრეტაციის ნიჭია მთავარი, არ მიყვარს სხვისი ორიგინალური ვერსიით საკუთარი თავის წარმოჩენა. რაც შეეხება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს, ტელეფონში მაქვს პროგრამა „Smule“ ჩატვირთული. ჩემს პარტიას ვმღერი და შემდეგ ვიდეოს „ონ-ლაინში“ ვუშვებ. ვისაც სურვილი აქვს მიერთდება და ჩემთან ერთად დუეტში მღერის. ასე მოხდა ამ ქალბატონის, ირინა იავორსკას (Irina Yavorska) შემთხვევაშიც, ეს ქალი უკრაინელია, გოგი ცაბაძის სიმღერა „ჩემი საქართველო აქ არის“ ჩემთან ერთად შეასრულა. ჯერ მე ჩავწერე სიმღერა, მერე  ის დამიკავშირდა და მთხოვა, რომ შემომიერთდებოდა. მგონი, კარგი გამოვიდა. მას პირადად არ ვიცნობ, სოციალურ ქსელებში უწერია, რომ ესპანეთში, ქალაქ მარბელაში ცხოვრობს. ამ ვიდეომ ჩემს კედელზე ბევრი ნახვა დააგროვა და დიდი გამოხმაურება მოყვა.


C'est la vie!

მთელი დღე სხვისი საქმით ვარ დაკავებული და ფაქტობრივად, პირადი ცხოვრება არ მაქვს და ყველაფერს მართლა უანგაროდ ვაკეთებ. თუმცა ერთია, ამის მერე, მოკითხვით იშვიათად ვახსენდები ვინმეს, რაც აღარ მწყინს: ალბათ ასეთია ცხოვრება, ასეთია ადამიანის ბუნება, როგორც კი ამოისუნთქავენ, გივიწყებენ… ახლა, ვფიქრობ, რომ დადგა დრო, როცა საკუთარ თავს მეტი დრო შემიძლია დავუთმო. ცხოვრებაში ძალიან სწრაფი რიტმი მაქვს აღებული, მაგრამ რაც გულით მინდა — ყველაფერს მაინც ვასწრებ. იმდენად მრავალფეროვანი ვარ, რომ რთულია ჩემი სურვილების და მიზნების გათვლა. მინდა ბევრი რამ ვისწავლო და დროს არ ჩამოვრჩე…

ყველა ახალი ამბავი
0