13:55 18 ივნისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0907
  • 100 RUB4.2851
  • USD2.7559
ნანა ბედიაშვილის ნამუშევრები

სანთლის ჩამონაღვენთიდან გამოძერწილი ფიგურებიდან უნიკალურ თოჯინებამდე

© Photo: Courtesy of Nana Bediashvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
323120

იმ რთულ დროს, 90-იან წლებში, მთელი ქალაქი სანთლის შუქზე რომ იჯდა, გამონაკლისი არც ის ყოფილა. განსხვავება მარტო ის იყო, რომ სანთლის ჩამონაღვენთით ერთობოდა და სხვადასხვა ფიგურებს აკეთებდა. როცა ხელი გაეწაფა, სანთელს ცვილი და თაბაშირი გაურია და მოხდა საოცრება - გართობით დაწყებულმა გატაცებამ სერიოზული სახე მიიღო

ასე შეიქმნა სხვადასხვა ხასიათის უნიკალური თოჯინები, რომლებიც დღეს შვეიცარიის, იტალიისა და უკრაინის კერძო კოლექციებშია. მისი ერთი თოჯინა საქართველოს თოჯინების მუზეუმმა შეისყიდა. ამ ამბის მთავარი გმირი კი ქალბატონი ნანა ბედიაშვილია, რომელსაც ხარების დღეს დავუკავშირდით.

ნანა ბედიაშვილი
ნანა ბედიაშვილი

- ქალბატონო ნანა, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მოუყევით ჩვენს მკითხველს, ფრანგული ენის სპეციალისტი როგორ აკეთებს ასეთ უნიკალურ თოჯინებს?

— გახსოვთ, ადრე, 90-იან წლებში ცუდი დრო რომ იყო, შუქი არ გვქონდა და სანთლის შუქზე ვისხედით. მაშინ  48 წლის ვიყავი, შვილს ცალკე ოჯახი ჰქონდა და მე —ცალკე ვიყავი. საქმე არ მქონდა, ჰოდა, სანთლის ჩამონაღვენთებზე ვერთობოდი და მათგან ფიგურებს ვძერწავდი. მერე ამ სანთელს ცვილი და თაბაშირი შევურიე. ამ მასალით როგორც ქანდაკება, ისე იკვეთება სახე, მასალას რა ფორმაც მინდოდა, იმ ფორმას ვაძლევდი. ეს ისე მომეწონა, რომ ნელ-ნელა ხელიც გამეწაფა, მერე მივხვდი, რომ ამისგან შეიძლებოდა, რომ უფრო სერიოზული რაღაც შემექმნა. 

ნანა ბედიაშვილის ნამუშევარი
ნანა ბედიაშვილის ნამუშევარი

- რა ბედი ეწია თქვენს თოჯინებს?

— სულ 150-მდე თოჯინა მაქვს გაკეთებული. ზოგი გაჩუქებული მაქვს, ზოგი გაყიდული. პერსონალური გამოფენა ერთხელ მქონდა. დანარჩენი ჯგუფურში მივიღე მონაწილეობა. ჩემი თოჯინები უცხოეთშიცაა. ერთხელ უკრაინიდან ჩამოსულმა კოლექციონერმა ჩემგან „მარგალიტის საყურიანი“ გოგონა იყიდა. ფილმის „გოგონა მარგალიტის საყურით“ პერსონაჟი ძალიან მომეწონა და ეს პერსონაჟიც ფილმის შთაბეჭდილების ქვეშ მყოფმა გავაკეთე. ჩემი თოჯინები ძალიან მორთული არ არიან, ძალზე ბუნებრივი არიან.

ნანა ბედიაშვილის ნამუშევრები
ნანა ბედიაშვილის ნამუშევრები

- ამბობენ, თოჯინები თავად პატრონებს ემსგავსებიანო…

— არა მგონია, რომ მგავდეს. მე ლამაზ თოჯინებს ვაკეთებ. ისე, ბევრი ნაცნობ შტრიხებსა და მსგავსებას პოულობს…

ნანა ბედიაშვილის ნამუშევარი
ნანა ბედიაშვილის ნამუშევარი

- ქალბატონო ნანა, ბებიის თემას მინდა შევეხო, ისეთ თბილ და ტკბილ ბებოებს ძერწავთ… მაინტერსებს, ეს ბებოს განყენებული, განზოგადებული სახეა, თუ?

— რა ვიცი, უბრალოდ, ჩემი წარმოდგენით, ბებია ასეთი უნდა იყოს: თბილი გამომეტყველების, მზრუნველი, დაფიქრებული, უნდა ქსოვდეს.

ნანა ბედიაშვილის ნამუშევარი
ნანა ბედიაშვილის ნამუშევარი

- კინოსა და მუსიკის თემაც გვხვდება თქვენს ნამუშევრებში…

— ძალიან მიყვარს ჩარლი ჩაპლინი, უსაყვარლესი პერსონაჟია. მაოცებს ეს ადამიანი, რა მრავალმხრივი ნიჭის პატრონი იყო. 

ნანა ბედიაშვილის ნამუშევარი
ნანა ბედიაშვილის ნამუშევარი

- თქვენი ქუჩის მუსიკოსი ძალიან ჰგავს იური ბაშმეტს, თუ მეჩვენება?..

— არ გეჩვენებათ, ეს მოხეტიალე მუსიკოსი გავაკეთე და ისე მოხდა, რომ მას დაემსგავსა. ამ თოჯინას ხურდა ფული უყრია და ერთხელ გამოფენაზე ვიღაცამ მისაყვედურა: სამათხოვრო რა სჭირს ბაშმეტს, კაცი მილიონერიაო. საერთოდ, კლასიკური მუსიკა მიყვარს, ბაშმეტიც და ეს თემა მომწონს. ბევრი გეგმა მქონდა, მაგრამ დავწვრილშვილდი და უკვე ვეღარ ვახერხებ. ოთხი შვილიშვილის ბებია ვარ, მაგრამ ცხოვრებას ძველებურად მისი ყველაზე ლამაზი პრიზმიდან აღვიქვამ: ადამიანის სული მართლა არ ბერდება, ხელოვნება კი უკვდავია და მისი დანიშნულება — უცვლელი: სიხარული მიანიჭოს ადამიანებს, მეც ამას ვცდილობ….


მთავარი თემები