ჰააგის საკრებულოს თბილისელი დეპუტატი, ანუ ქართული ტემპერამენტი ჰოლანდიურ პოლიტიკაში

© Photo: courtesy of Nino Davitulianiნინო დავითულიანი
ნინო დავითულიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ ნიდერლანდებში მცხოვრებ ნინო დავითულიანს, რომელიც ჰააგას საკრებულოს დეპუტატია.

ჰააგაში, ადგილობრივ საკრებულოში ქართველი დეპუტატი ქალბატონი ჰყავს. თბილისელი ნინო დავითულიანი ქალაქის საკრებულოს არჩევნებში პარტია Groep De Mos-ის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ამ პარტიის გუნდმა არჩევნებში 16,9 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღო და ჰააგის საკრებულოში 45 ადგილიდან 8 მოიპოვა.

სკოლა დაამთავრა თბილისში, სადაც როგორც თავად გვითხრა, ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. ჰოლანდიაში წასვლა მისი არჩევანი არ ყოფილა, ასე მშობლებმა გადაწყვიტეს. თუმცა მაშინ ალბათ ვერც წარმოიდგენდნენ, რომ მოვლენები ისე განვითარდებოდა, რომ  თბილისელ გოგოს ჰააგაში წარმატებული პოლიტიკური კარიერა ექნებოდა.

© Photo: courtesy of Nino Davitulianiნინო დავითულიანი
ნინო დავითულიანი - Sputnik საქართველო
ნინო დავითულიანი

- ქალბატონო ნინო, ოდესმე თუ იფიქრებდით, რომ სხვაგან იცხოვრებდით და უცხო სახელმწიფოს მართვაში მიიღებდით მონაწილეობას?

— თავიდან იმ აზრსაც ვერ ვეგუებოდი, რომ ცხოვრება სხვაგან უნდა გამეგრძელებინა. შემდეგ მერე შევეგუე, თუმცა ყოველთვის მენატრებოდა საქართველო და მისი ბედიც სულ მაღელვებდა. იურისტი იმიტომ გავხდი, რომ უსამართლობას ბავშვობიდან ვერ ვეგუებოდი. ყოველთვის მინდოდა, რომ ამ განხრით მიმეღწია წარმატებისთვის. ოჯახში იურისტი არ გვყავდა. გარდაცვლილი ბაბუას სურვილი იყო, რომ მის რომელიმე შვილიშვილს ეს გზა აერჩია. მიხარია, რომ ბაბუას ოცნება ავუსრულე.  დღეს ჰოლანდიის გარდა სხვაგან ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. აქ ჩამოვყალიბდი როგორც პიროვნება…

© Photo: courtesy of Nino Davitulianiთანაპარტიელებთან ერთად
თანაპარტიელებთან ერთად - Sputnik საქართველო
თანაპარტიელებთან ერთად

- პრინციპში, საქართველოში, სადაც სტატისტიკურად ალბათ ბევრი ადამიანია პოლიტიკით დაინტერესებული, ამას არც უნდა გეკითხებოდეთ, მაგრამ მაინც- რატომ დაინტერესდით პოლიტიკით?

— დიახ, საქართველოში ძალაუნებურად ყველა მართლა პოლიტიკაშია ჩართული. ჰოლანდიაში ასე არ არის, პირიქით, აქ ხალხს არ უყვარს პოლიტიკურ თემებზე საუბარი და შესაბამისად არ ილტვიან პოლიტიკისკენ. ჰოლანდიაში ცხოვრებამ ჩემი ინტერესების ჩამოყალიბებაში გარკვეული როლი ითამაშა. მივხვდი, რომ იმ ადამიანების სიას მივეკუთვნები, ვინც ორმაგი სტანდარტით არ ცხოვრობს. საქართველოში ქვეყნის პატრიოტი ვიყავი. ახლა ჰოლანდიის პატრიოტიც ვარ, მაგრამ ეს პატრიოტიზმი ზომიერების დაცვით მაქვს.

© Photo: courtesy of Nino Davitulianiსაარჩევნო კამპანიის დროს
საარჩევნო კამპანიის დროს - Sputnik საქართველო
საარჩევნო კამპანიის დროს

-ჰოლანდიაში რომელ პარტიის წევრი ხართ და რატომ აირჩიეთ ეს პარტია?

— ადგილობრივი პარტიის „Groep De Mos“-ის წევრი ვარ. ეს პარტია იმით განსხვავდება სხვა პარტიებისგან, რომ ქალაქურ ცხოვრებაში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას მოითხოვს, იმის სანაცვლოდ, რასაც ქალაქის მერია ხალხისთვის აკეთებს. მეც ზუსტად იმ აზრის ვარ, რომ ხალხი თავის ქალაქს და ქვეყანას თავად ქმნის.

 

- ქართველი პოლიტიკოსი ქალი რით განსხვავდება ჰოლანდიელი კოლეგისგან?

— განსხვავდება რა თქმა უნდა. ჰოლანდიელები ნაკლებად ემოციური ხალხია. ქართული ტემპერამენტი უცხოა აქაური დეპუტატებისთვის. აქ მგონი, უკვე იციან, რომ რთული დღეები ელით საკრებულოში. ჰოლანდიელი ამომრჩევლისთვის მთავარი დაპირებების შესრულება და დაუღალავი შრომაა. აუცილებლად დაისჯები ამომრჩევლისგან თუნდაც ერთი განცხადება გააკეთო ისეთი, რომელიც ამომრჩევლისა და პარტიის შეხედულებებს არ შეესაბამება.

© Photo: courtesy of Nino Davitulianiნინო დავითულიანი მეუღლესთან ერთად
ნინო დავითულიანი მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
ნინო დავითულიანი მეუღლესთან ერთად

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში გაგიჩნდებოდათ სურვილი, აქტიურ პოლიტიკაში მოსულიყავით?

— ჩემმა მეუღლემ სხვათაშორის რამდენიმე თვის წინ მკითხა, საქართველოს პრეზიდენტობას ინატრებდი უფრო თუ ჰააგის საკრებულოს წევრობასო? მე ვუპასუხე: ჰააგის საკრებულოს წევრობას მეთქი და ჩემმა პასუხმა თვითონვე დამწყვიტა გული. საქართველოში იმდენად არამყარი სისტემაა, რომ ჩემი მენტალიტეტის მქონე ადამიანი ამდენ შიდა უსამართლობას და სიბინძურეს ვერ გაუძლებდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისთვის საუკეთესო მომავალზე ვოცნებობ…

 

ყველა ახალი ამბავი
0