„იმერული ესკიზები“ - ცხოვრებიდან შესული ეპიზოდები და ძალიან თავმდაბალი მაესტრო

© National Library of Georgia"იმერული ესკიზების" გადაღებებზე
იმერული ესკიზების გადაღებებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
20 მარტს, ქართულ კინოს მოევლინა: დიდედა დარო, მისი შვილიშვილი, ზურა, მარიამ ბებია, მისი გადარეული ხუჭუჭათმიანი ანა, იასონი, ხვიჩა, ვარლამი და ბევრიც სხვა, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდით, ვბრძენდებოდით და თანაც, ბევრს და გულწრფელად ვიცინოდით...

20 მარტს — რეჟისორის, სცენარისტის და მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტის, ნანა მჭედლიძის დაბადების დღეა. 90-იან წლების ბოლოს, იგი საავტორო გადაცემაში მოვიწვიე, მაშინ საქართველოს რადიოში ვმუშაობდი. მახსოვს, მისმა გულწრფელმა პასუხმა — მე რატომ მიწვევთო — ისე დამაბნია, რომ ტელეფონის ნომერი უნებურად გადავამოწმე. ცხოვრებაში მისი ფილმებივით სუფთა და ნამდვილი გახლდათ, მისი ფილმები კი —ცხოვრებისეული ისტორიები იყო, რომელსაც მისთვის ჩვეულ მხატვრულ ფორმებს არგებდა. „ადამიანის ყველაზე დიდ ნიჭიერება უშუალობა არის“-ამ სიტყვებს რეჟისორი სხვადასხვა ინტერვიუებში ხშირად იმეორებდა.

მისი არამოგონილი თავმდაბლობით, რაც ჩვენში იშვიათად ახასიათებს პოპულარულ ადამიანებს, ყველა აოცებდა. არადა, მის ფილმებს საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალებზე არა ერთი გრან-პრი აქვს აღებული.

კინომსახიობთა სკოლაში ისე ჩააბარა, ოჯახის წევრებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ. შემდეგ იყო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტები. სხვადასხვა წლებში გახლდათ ავტორი და რეჟისორი ფილმებისა: „ჩქარი მატარებელი“, „გზაში“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „დიდედები და შვილიშვილები“, „უკვდავების თეთრი ვარდი“,  გასეირნება თბილისში“…

ალბათ, გამბედაობაც უნდოდა იმას, რომ 70-იან წლებში, ჩვენში, სწორედ ქალს გადაეღო ფილმი ქართულ ფეხბურთზე და ფილმიც ყველასთვის ასეთი საინტერესო გამოსულიყო. თუმცა, მისი „პირველი მერცხალი“ მარტო ფეხბურთზე არ ყოფილა…  გამორჩეული იყო მისი სხვა ფილმებიც, თუმცა, მისი დაბადების დღეს, მაინც ერთზე გვსურს შევჩერდეთ…

© National Library of Georgiaკადრი ფილმიდან "იმერული ესკიზები"
კადრი ფილმიდან იმერული ესკიზები - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "იმერული ესკიზები"

როგორც თავად ამბობდა, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი — რვა წელი, რეჟისორმა მშობლიურ ხონში გაატარა, ამიტომ იყო, რომ ფილმში „იმერული ესკიზები“ მისი ბავშვობა და იმდროინდელი რეალური პერსონაჟები და სიუჟეტებია შესული. ფილმის მთავარი გმირის, პატარა ანას შემსრულებელს  დიდხანს ეძებდა, მაგრამ როცა იპოვა, ყველა გაოცდა, რადგან პატარა მსახიობი, ნანა ქვათელაძე მის ბავშვობისდროინდელ ორეულს გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა.

ფილმის ერთ ეპიზოდში, გიტარაზე უკრავს და მღერის თავად რეჟისორის მამიდა. მასობრივი სცენებისთვის არავინ უძებნია, მისმა საყვარელმა ხონელებმა ზედმიწევნით კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ როლს. ფილმის მერე, დიდი ხნის მანძილზე აგრძელებდა არსებობას „იმერულ ესკიზებში” მონაწილე ხონის სახალხო სასულე ორკესტრიც, რომელიც საქართველოში ერთადერთი გახლდათ…  ფილმში ხალხიდან წამოსული ხალასი იუმორია, რაც ხელოვანმა შეკრიბა და ისევ ხალხს დაუბრუნა. „იმერული ესკიზების“ გადაღების შემდეგ რეჟისორი იტყვის: „კმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი ხონელები კმაყოფილები დამრჩნენ“…

ამ ფილმით რეჟისორმა იმ სიყვარულის ხარკი გადაიხადა, ბავშვობიდან მოყოლებული რომ ასაზრდოებდა მის ცხოვრებასაც და შემოქმედებასაც…

ნანა მჭედლიძე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა, რეჟისორი მისი ანდერძის მიხედვით, მშობლიურ ხონში დაკრძალეს. ამით მისი სული სამუდამოდ დაუბრუნდა იმ ბედნიერ სამყაროს, საიდანაც ყველანი მოვდივართ და რის წყალობითაც ბოლომდე ვრჩებით ის, ვინც ვართ…

 

ყველა ახალი ამბავი
0