04:51 23 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
გოლიათის ხმალი მასშტაბით 2:1, მხატვარი ზურაბ წერეთელის დაკვეთა 1987 წელი

ქართველი აბჯრის ოსტატის ნამუშევრები, რომლებიც მსოფლიოს მუზეუმებს ამშვენებს

© Photo: courtesy of Gotscha Lagidse
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (124)
89290

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ჰოლანდიაში მცხოვრებ ხელოვანს გოჩა ლაღიძეს გაგაცნობთ.

გოჩა ლაღიძე — პროფესიით მხატვარ-რესტავრატორი და მესაჭურვლე, რომელიც ლითონზე 14 წლის ასაკიდან მუშაობს. მისი ნამუშევრები საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში, სადაც უცხოელებს აცნობს ტრადიციული ქართული და ზოგადკავკასიური ხასიათის თანამედროვე საავტორო ნამუშევრებს, რომლებიც ევროპაში მოწონებით სარგებლობს. სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენებზე ქართველ ხელოვანს ათზე მეტი გრან-პრი აქვს მიღებული. ბატონ გოჩას ჰოლანდიაში, ქალაქ როსენდალში დავუკავშირდით.

გამოფენა სტრასბურგში EURO Knife 2018
გამოფენა სტრასბურგში EURO Knife 2018

– თქვენ კერძო კოლექციაში უნიკალური ცივი იარაღებია, საიდან გაჩნდა მათდამი ასეთი ინტერესი?

— პირველ რიგში, გმადლობთ, რომ ჩემი შემოქმედებით და საქმიანობით დაინტერესდით. განათლებით ინჟინერ–ელექტრიკოსი ვარ და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული. ლითონზე კი 14 წლის ასაკიდან ვმუშაობ. კომაროვის სკოლაში ისტორიის მასწავლებელი მყავდა, ჯუანშერ ჯურხაძე, რომელთანაც პირველად ვნახე ქართული იარაღებისა და საჭურვლის ულამაზესი კოლექცია და მეც მომინდა, რომ ასეთი მქონოდა. დავიწყე მათი შესწავლა და დამზადება. კომაროვამდე ვსწავლობდი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში, სადაც ჩემი დამრიგებელი, გეოგრაფიის მასწავლებელი ნორა ტარიელაშვილი იყო. პირველად სწორედ მან შემაყვარა საქართველოს ისტორია, ციხე-სიმაგრეები, ეკლესია–მონასტრები და ბუნება. ამან, ვფიქრობ, ჩემი, როგორც ხელოვანის ჩამოყალიბებაში უმნიშნელოვანესი როლი ითამაშა. თავიდან ეს გატაცება იყო, შემდეგ პროფესიად იქცა.

გოჩა ლაღიძის ნამუშევარი
გოჩა ლაღიძის ნამუშევარი

– თქვენ კარგა ხანია ჰოლანდიაში ცხოვრობთ და მუშაობთ, ამ ქვეყნისადმი ასეთი ერთგულება იარაღით გატაცებასთან რაიმე კავშირშია?

— მე ორი ქვეყნის – საქართველოს და ნიდერლანდების მოქალაქე ვარ. ნიდერლანდებში 1995 წლიდან ვმუშაობ. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემ მიერ გაკეთებული ხევსურული მეომრის აბჯარი ჰოლანდიაში მოეწონათ. სამეფო–საარმიო მუზეუმმა რამდენიმე ძალიან დიდი დაკვეთა მომცა და ჩემი მოღვაწეობაც ასე დაიწყო. ესენი ძირითადად ეროვნული შინაარსის დაკვეთები იყო, რაშიც შედიოდა ნიდერლანდების ისტორიული პიროვნებების საბრძოლო აღჭურვილობის რეკონსტრუქცია. ამ დაკვეთებს მოჰყვა სხვა მუზეუმის დაკვეთები და ასე დავმკვიდრდი უცხო ქვეყანაში. ნიდერლანდელებმა დამინახეს, მიმიღეს და დამაფასეს. ამ ქვეყანაში საშუალება მომეცა, როგორც ხელოვანს საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზაცია მომეხდინა. მე ჩემი საქმის ერთგული ვარ, კიდევ, რა თქმა უნდა, ჩემი სამშობლოსი და ასევე ნიდერლანდებისაც. მომწონს ეს ქვეყანა, კარგი ხალხია. ჰოლანდიაში ლამაზი ბუნებაა, თუმცა მე მაინც ჩემი ქვეყნის მთები მიყვარს და მენატრება…

გოჩა ლაღიძის ნამუშევარი
გოჩა ლაღიძის ნამუშევარი

ქართველი ხელოვანის კომპანია უცხოეთში კარგი რეპუტაციით სარგებლობს

ქართველი ხელოვანი თავიდან სამშობლოში და ნიდერლანდებში როგორც დამოუკიდებელი ხელოვანი-მესაჭურვლე ისე მუშაობდა. 2003 წელს მან საკუთარი კომპანია, „გოჩა ლაღიძის სტუდია“ ოფიციალურად დაარეგისტრირა. სამხატვრო პროექტების გარდა ის მუშაობს ძველებური ანტიკვარული ნივთების რესტავრაციაზე, რამაც სახელი გაუთქვა. ამიტომ დღეს მისი დამკვეთების 80% უცხოელები არიან.

ზარნიშის ვორქშოფზე სიუჟეტი ფრანგულ ჟურნალში la passion du couteau, 2012
ზარნიშის ვორქშოფზე სიუჟეტი ფრანგულ ჟურნალში la passion du couteau, 2012

– ბატონო გოჩა, ჰოლანდიასა და ბელგიაში თქვენ ზარნიშის ვორქშოპებს ატარებთ, ამ საქმით დაინტერესებულ ადამიანებს შორის ქალბატონებიც თუ არიან?

— დიახ, ნიდერლანდებში და ევროპის სხვა ქვეყნებში ხელოვნების ნატიფი ნიმუშებით დაინტერესებულებს შორის, შეიძლება ითქვას, 50% ქალია. აქ ყველაფერი ახალი აინტერესებთ, თუ დაგიახლოვდნენ და მიგიღეს, შემდეგ საქართველოს გაცნობის სურვილი უჩნდებათ და უძლიერდებათ. ერთი მეგობარი მყავს, პროფესიით ექიმია და საქართველოში მყავდა ჩამოყვანილი. ამის შემდეგ ორი წელი მთხოვდა ჩემი ხარჯით წავიდეთო. ორი კვირით კიდევ დავპატიჟე, მანქანა ვიქირავეთ და მთა და ბარი შემოვიარეთ. ახლა კიდევ მთხოვს… ასეთი მაგია აქვს საქართველოს – როცა გაიცნობ, მერე ვეღარ მოეშვები…

გოჩა ლაღიძის ნამუშევარი
გოჩა ლაღიძის ნამუშევარი

– მოკლედ, ჰოლანდიაში საქართველოს და ქართულ კულტურას, ხალხურ რეწვას უწევთ პოპულარიზაციას…

— ეს თავისთავად მოხდა და უკვე წლებია, ვცდილობ თავდადებით და უანგაროდ ვემსახურო საქართველოს ისტორიის, მისი კულტურის და ხელოვნების პოპულარიზაციას ევროპაში. 2010 წელს ჩემმა სამხატვრო სტუდიამ ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართული ფოლადის (ჯავარის) სამდღიანი ვორქშოფები მოაწყო. ამისთვის საქართველოდან ამ საქმის სპეციალისტი, ოსტატი მეიარაღე ზაქრო ნონიკაშვილი გვყავდა მოწვეული. 2012 წელს ნიდერლანდების ქალაქ როსენდალში ქართველი  მეიარაღე–რესტავრატორის ალეკო აღდგომელაშვილის მიერ ზარნიშის სამდღიანი ვორქშოფები ჩატარდა. მოკლედ, აქ უკვე კარგად გვიცნობენ, მხატვარ-რესტავრატორისთვის კი სახელი და რეპუტაცია უმნიშვნელოვანესია.

გოლიათის აბჯარი, მხატვარ ზურაბ წერეთელის დაკვეთა 1987 წელს. ფოტო 2015 წელი
"გოლიათის აბჯარი", მხატვარ ზურაბ წერეთელის დაკვეთა 1987 წელს. ფოტო 2015 წელი

– უკვე 24 წელია, რაც ჰოლანიაში ცხოვრობთ და მუშაობთ, ასიმილაცია არ გაგიჭირდათ?

— ჰოლანდიელი ვერ გავხდი, თუმცა ეს არც მიცდია. ალბათ იმიტომ, რომ ქართულ ენაზე ვფიქრობ და სიზმრებსაც ამ ენაზე ვხედავ. მაგრამ ჩემი ინტეგრაცია აქ მალევე მოხდა. ამის გარეშე წარმოუდგენელია, რომ უცხოეთში წარმატებას, თანაც ასე სწრაფად მიაღწიო. მეამაყება, რომ ქართველი ვარ და არც ნოდარ დუმბაძის სიტყვები მავიწყდება: „სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია“…

და, ბოლოს, ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის: აპრილის თვეში, გოჩა ლაღიძის ინიციატივით, ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ზარნიშის ვორქშოფები განმეორებით ჩატარდება. ამ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ნიდერლანდების, ბელგიის, საფრანგეთის, გერმანიის, ინგლისის, შვედეთის მოქალაქეები. ეს ფაქტი უცხოეთის სახელოვნებო წრეებში საქართველოს უკეთ წარმოჩინებისთვის მორიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება.

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (124)

მთავარი თემები