ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს – არნოლდ ჩიქობავა

© National Library of Georgiaარნოლდ ჩიქობავა
არნოლდ ჩიქობავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
14 მარტი აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას დაბადების დღეა.

„ლექციის წაკითხვა ადვილია, თუ დავივიწყებთ მსმენელს, აუდიტორიას. საჭიროა კონტაქტი არა მარტო ლექტორსა და მსმენელს შორის, არამედ კონტაქტი იმ ცოდნასა, რაც სტუდენტმა იცის, და იმ ცოდნას შორის, რაც ლექტორმა უნდა მიაწოდოს მას… მთავარია, სტუდენტს თავის დარგში აზროვნება შეეძლოს! ჩვენ გვავიწყდება, რა შეუძლია მოსწავლეს, რა შეუძლია სტუდენტს… ბევრს ვასწავლით და ზერელედ!“ — ასე წერდა დიდი ქართველი ენათმეცნიერი არნოლდ ჩიქობავა და მისი ეს სიტყვები დღემდე არ კარგავს აქტუალობას.

© National Library of Georgiaარნოლდ ჩიქობავა
არნოლდ ჩიქობავა - Sputnik საქართველო
არნოლდ ჩიქობავა

ვინ იყო არნოლდ ჩიქობავა და რა დამსახურება მიუძღვის მას ქართველი ერის, ქართული მეცნიერების წინაშე?— ამაზე მოკლედ საუბარი ძალიან რთულია. ის იყო იმ რანგისა და იმ მასშტაბის მეცნიერი, რომელზეც ძალიან ბევრი უნდა ითქვას და დაიწეროს. ამჯერად მხოლოდ შეგახსენებთ: არნოლდ ჩიქობავა —  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელია.

© National Library of Georgiaვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა და გიორგი ახვლედიანი
ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა და გიორგი ახვლედიანი - Sputnik საქართველო
ვარლამ თოფურია, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა და გიორგი ახვლედიანი

არნოლდ ჩიქობავას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტთან ჩამოყალიბდა კავკასიურ ენათა განყოფილება. გავა დრო და ენათმეცნიერი, პროფესორი ნათელა ქუთელია ამ მოვლენას ასე შეაფასებს: „არნოლდ ჩიქობავა სახელმწიფო კაცი იყო, რომელმაც შექმნა ძალიან დიდი სკოლა კავკასიოლოგებისა და ამით მან დაუბრუნა საქართველოს კულტურული ჰეგემონია კავკასიაში“.

© National Library of Georgiaირაკლი ქავთარაძე, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, ტასიკო ამბრიაშვილი და გიორგი ლომთათიძე
ირაკლი ქავთარაძე, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, ტასიკო ამბრიაშვილი და გიორგი ლომთათიძე - Sputnik საქართველო
ირაკლი ქავთარაძე, სიმონ ჯანაშია, არნოლდ ჩიქობავა, ტასიკო ამბრიაშვილი და გიორგი ლომთათიძე

არნოლდ ჩიქობავა 1960 წელს აირჩიეს ბერლინის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად, 1968 წლიდან – დიდი ბრიტანეთის სამეფო ფილოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრად. დაჯილდოებული იყო საქართველოს სახელმწიფო (1971 წელს) და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (1951 წელს) პრემიებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს, ყაბარდო-ბალყარეთის, დაღესტნის, აფხაზეთისა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება. ამასთანავე არნოლდ ჩიქობავა იყო სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის კათედრათა გამგე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიისა და ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი. არნოლდ ჩიქობავამ დიდი ამაგი დასდო ქართველი ხალხის ეროვნული საუნჯის — რვატომიანი „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ შექმნას. მანვე შეიმუშავა სალიტერატურო ენის ნორმათა დადგენის მეცნიერული პრინციპები.

© National Library of Georgiaარნოლდ ჩიქობავა მეუღლესთან ერთად
არნოლდ ჩიქობავა მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო
არნოლდ ჩიქობავა მეუღლესთან ერთად

„აკადემიკოსი არნოლდ ჩიქობავა განსაკუთრებული მოვლენაა ქართული მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ისტორიაში. მის სახელთან დაკავშირებული იბერიულ-კავკასიური თეორია, წმინდა ენათმეცნიერული ღირებულების გარდა, დღემდე განიხილება როგორც კავკასიელი ხალხების ერთ-ერთი დამაკავშირებელი და გამაერთიანებელი ფაქტორი“, — წერდა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.

ფასდაუდებელია არნოლდ ჩიქობავას ღვაწლი ქართველურ ენათა დიალექტების (ფერეიდნულის, მთიულურისა და გარეკახურის) კვლევის საქმეში. მანვე მონოგრაფიულად შეისწავლა ჭანური კილო, შეკრიბა და გამოსცა მისი ტექსტები.

შეუვალი ზნეობისა და მაღალი სულიერი კონსტიტუციის ადამიანი იყო არნოლდ ჩიქობავა, თაობათა აღმზრდელი და გზაზე დამყენებელი, ნამდვილი ერისკაცი. მან შეგნებულად შესწირა ცხოვრება ქართულ ენათმეცნიერებას.

„გარდაუვალი წესია: ერთი თაობა მიდის, მეორე — მოდის… ხალხი კი უკვდავია. უკვდავია მისი ენაც, თუკი მას ხალხმა ზურგი არ შეაქცია. ენა თაობიდან თაობას გადაეცემა და მისი წყალობით ეს თაობები ერთ ხალხად ითქმის. ხალხის მეობას მისი ენა გვანიშნებს“, — ამ სიტყვებით არნოლდ ჩიქობავამ ენისა და ერის ფუნქციაც განგვისაზღვრა.

ყველა ახალი ამბავი
0