ქართველი დიზაინერის მიერ ამერიკაში შექმნილი ინტერიერი და ავეჯი

© Photo: courtesy of Marita Kapanadzeმარიტა კაპანაძე
მარიტა კაპანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ მხატვარ-დიზაინერს მარიტა კაპანაძეს გაგაცნობთ.

ინტერიერის დიზაინზე განსხვავებული ტექნოლოგიებით მუშაობს, მისი ნამუშევრების უმრავლესობა აბსტრაქტულია და დიზაინის ნაწილს წარმოადგენს. ისინი შეიძლება შეგხვდეთ როგორც კედელზე, პანოს სახით, ასევე თავად კედლის სახით, რომელსაც ზონირების ფუნქცია აქვს… ავეჯის საკუთარ ფირმას ფლობს და მის მიერ შექმნილი ნამუშევრების იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში ახდენს.

© Photo: courtesy of Marita Kapanadzeმარიტა კაპანაძე
მარიტა კაპანაძე - Sputnik საქართველო
მარიტა კაპანაძე

ფლორენციის ფესტივალი და გზა წარმატებისკენ

ფლორენციის ფესტივალმა ჩემი აზროვნება და შეხედულებები შეცვალა. იქ ვეზიარე დიდი მხატვრების ნამუშევრებს, რაც ძალიან შთამბეჭდავი იყო. აგრეთვე ფლორენციაში ჩატარდა ვორქშოპი, სადაც ერთმანეთს საკუთარი ტექნოლოგიები გავუზიარეთ. იქ წარმოდგენილმა ჩემმა დეკორაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა ფონდის წევრებისგან. შემდეგ აღნიშნული ნამუშევარი ფონდის წევრებს საჩუქრად გადავეცით. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი და ეს ქვეყნიდან ჩემი პირველი გასვლა იყო. ევროპამ დიდი ემოციები გამოიწვია. მივხვდი, რომ ჩემი მიზნები გაცილებით დიდი იყო, ვიდრე მათ აკადემიიდან ვხედავდი. ეს იყო ჩემი პირველი აღიარება საზღვარგარეთ, რასაც მოჰყვა რამდენიმე ობიექტი – თურქეთში, მოსკოვში, ისრაელში, ამერიკასა და გერმანიაში… ნელ-ნელა საკუთარი თავის რწმენაც მოვიდა და ამბიციაც გამიჩნდა…

© Photo: Courtesy of Marita Kapanadzeმარიტა კაპანაძე
მარიტა კაპანაძე - Sputnik საქართველო
მარიტა კაპანაძე

საკუთარი დიზაინით შექმნილი ავეჯის იმპორტი

საქართველოში საკუთარი ფირმა მაქვს, რომლითაც ინტერიერის დიზაინის მომსახურებას ვეწევი. საკუთარი ნამუშევრების რეალიზაციას და იმპორტს საქართველოში „ბელჰაუსის“ მაღაზიათა ქსელში ვახდენ. ჩემ მიერ შექმნილი ავეჯი და ინტერიერიც ფუნქციონალურობით და პრაქტიკულობით გამოირჩევა. დანარჩენი, რამდენად ორიგინალური და კრეატიულია, მნახველმა შეაფასოს. თუმცა, მათი რეალიზაციის ინტენსივობას თუ გავითვალისწინებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ის საზოგადოებაში დიდ მოწონებას იმსახურებს. ჩემთვის ყველა შეკვეთა თანაბრად მნიშვნელოვანია და მათ ერთნაირი პასუხისმგებლობით ვეკიდები. თუმცა მყავს გამორჩეული დამკვეთი, ვისთანაც რამდენიმე ობიექტზე ვიმუშავე და მისი ნდობა ჩემი პროფესიონალიზმის მიმართ ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა. აბსოლუტური თავისუფლება მუშაობის პროცესში დიზაინერისთვის — ეს დიდი სიამოვნებაა. ასე იყო მოსკოვის რესტორანზე, თბილისისა და გორის ბინებზე მუშაობის დროს. დღეს ყველასთან საუკეთესო მეგობრობა გვაკავშირებს.

© Photo: Courtesy of Marita Kapanadzeმარიტა კაპანაძის მიერ შექმნილი ინტერიერი
მარიტა კაპანაძის მიერ შექმნილი ინტერიერი - Sputnik საქართველო
მარიტა კაპანაძის მიერ შექმნილი ინტერიერი

 

– ქალბატონო მარიტა, საქართველოსა და ევროპის შემდეგ როგორ შეეგუეთ ამერიკაში ცხოვრებას და ყველაზე რთული რა იყო?

— ამერიკული ცხოვრება არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც საქართველოდან ჩანდა. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, შვილთან და ოჯახთან განშორება გამიჭირდა, მაგრამ არანაკლები იყო თბილისური რიტმიდან ამოვარდნა. ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა: საქართველოში ობიექტების რემონტი, სამსახური, სახლში დეკორაციების კეთება, მოკლედ, სულ გადარბენაზე ვიყავი. ერთ დღესაც, უცებ, გაჩუმდა ჩემი ტელეფონი და რიტმიც შენელდა. თუმცა, ისევ მეგობრებისა და არტის წყალობით გავცოცხლდი, თავს ძალა დავატანე და ახალი ნამუშევრების შექმნა დავიწყე. ერთ თვეში უკვე გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ამავდროულად დავიწყე არქიტექტურულ კომპანიაში სტაჟირება. ამჯერად შენობების დიზაინმა დამაინტერესა და ახალ თემას ვამუშავებ. დილის 9-დან 6 საათამდე ფირმაში ვარ. საღამოს საქართველოდან შემორჩენილ ობიექტებს ვამუშავებ და თან ორ ახალ პროგრამას ვსწავლობ. მოკლედ, ამერიკაში ყველაფერი ნულიდან დავიწყე.

© Photo: Courtesy of Marita Kapanadzeმარიტა კაპანაძის მიერ შექმნილი ინტერიერი
მარიტა კაპანაძის მიერ შექმნილი ინტერიერი - Sputnik საქართველო
მარიტა კაპანაძის მიერ შექმნილი ინტერიერი

– ცნობილია გარემო როგორ ცვლის პიროვნებას, ან სხვა კუთხით დაგანახებს საკუთარ თავს, ხასიათის რომელი თვისებები აღმოაჩინეთ უცხოეთში?

— უცხოეთში გამგზავრებისას საკუთარ ემოციურ სიმყარეში კარგად უნდა დარწმუნდე. ბევრი ისტორია მოვისმინე იმის შესახებ, თუ როგორ ვარდებიან ადამიანები დეპრესიაში, როგორ კარგავენ ცხოვრების ხალისს და იწყებენ იძულებით მუშაობას არსებობისთვის. ჩემ შემთხვევაშიც დაახლოებით ასე დაიწყო, თუმცა, შეიძლება თამამად ვთქვა, რომ საკუთარი თავის ხელში აყვანა მალე მოვახერხე და მივხვდი, რომ შემეძლო ცხოვრებისა და პრობლემებისთვის ზემოდან დამეხედა. ავკრძალე ყოველგვარი ნეგატიური ინფორმაცია და დროს მხოლოდ საყვარელ ადამიანებსა და საქმეს ვუთმობდი. თურმე ყოველდღიურად შვიდ საათზე გაღვიძებაც შემიძლია. აღმოვაჩინე, რომ იმაზე უფრო ძლიერი ვყოფილვარ, ვიდრე მანამდე წარმომედგინა…

© Photo: courtesy of Marita Kapanadzeმარიტა კაპანაძის მიერ შექმნილი ინტერიერი
მარიტა კაპანაძის მიერ შექმნილი ინტერიერი - Sputnik საქართველო
მარიტა კაპანაძის მიერ შექმნილი ინტერიერი

 

მარიტა კაპანაძის წარმატების ფორმულა და ნოსტალგია

დანამდვილებით ვიცი, რომ დიზაინერი ვიქნები და ბევრად უფრო წარმატებული, ვიდრე დღეს ვარ, დანებებას არ ვაპირებ. შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი, ამას დამატებული ცოტა კრეატივი, ცოტა იღბალი და წარმატებაც არ დააყოვნებს. მინდა აქ ძვირფასი ხალხის სიყვარული დავიმსახურო, რითიც ჩემ ქვეყანაში განებივრებული ვარ… ინტერნეტით გამუდმებული კომუნიკაცია გვაქვს და არ მაძლევენ მოწყენის საშუალებას. საქართველოში ყველაფერი მენატრება, შვილით და ოჯახით დაწყებული, ხაჭაპურით დამთავრებული. მენატრება სამსახური, მეგობრები, ჩემი მანქანაც კი… იმედი მაქვს, მალე ჩავალ და ჩემ თბილისს მოვესიყვარულები…

 

ყველა ახალი ამბავი
0