მხატვარი გოგოს მიერ გახსნილი რესტორანი და მისი ერთი ნახატის უჩვეულო დამთხვევის ამბავი

© Photo: Courtesy of Mariam Bochorishviliმარიამ ბოჭორიშვილი
მარიამ ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მასალით კიდევ ერთი კარგი ადამიანის ისტორიას გაეცნობით. 28 წლის მარიამ ბოჭორიშვილი თვითნასწავლი მხატვარია, ძალიან პოზიტიური ადამიანია და მისი შინაგანი სამყარო და სიკეთე მის ნახატებში კარგად ჩანს.

სამ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ერთ დღეს მოულოდნელად გამოჩენილმა სიყვარულმა მის ცხოვრებაში ახალი საქმიანობა გააჩინა და გოგო, რასაც ვერასდროს წარმოიდგენდა, რესტორნის მმართველი გახდა, კულინარიაშიც გაერკვია და საკუთარი კერძებითა და ნახატებით დაამშვენა „სელისა“ – ასე დაარქვა ადგილს, სადაც გორში უყვართ სტუმრობა.

© Photo: Courtesy of Mariam Bochorishviliმარიამ ბოჭორიშვილი
მარიამ ბოჭორიშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ბოჭორიშვილი

.

– მარიამ, ძალიან გახსნილი ბუნების ადამიანი ხართ, რაც თქვენ ნახატებშიც ჩანს…

— ალბათ მეოთხე კლასიდან ვხატავ, მაგრამ სერიოზულად – 21 წლის ასაკიდან. ვარ თვითნასწავლი მხატვარი, უდიპლომო პრაქტიკოსი. საკუთარ თავზე ბევრს ვმუშაობდი, რომ ტექნიკა გამეუმჯობესებინა და ნახატები უფრო დახვეწილი ყოფილიყო. მხოლოდ ერთი წელი ვისწავლე თოიძის კოლეჯში დიზაინის ფაკულტეტზე და სერტიფიკატი ავიღე. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ. ჩემი ნახატები ყოველთვის საკუთარ ისტორიებთან და გრძნობებთანაა დაკავშირებული. სულ სამი გამოფენა მქონდა და ჩემთვის სამივე გარდამტეხი იყო. მონაწილეობა მივიღე ჯგუფურ გამოფენაში. გამოფენა მქონდა საგამოფენო დარბაზში „ვაჩე“, რომლის მეპატრონეც, არაჩვეულებრივი ქალბატონი ინგა ვაჩეიშვილი დამწყებ მხატვრებს ყოველთვის გვერდში უდგას. შემდეგ იყო გრინ-ფესტივალი, სადაც ყველა ჩემი ნახატი და ნამუშევარი გავიტანე. მიხარია, რომ მათ მნახველის ყურადღება მიიქციეს. ხანდახან მაქვს ხოლმე ჩავარდნები, მაშინ, როცა მუზა არ მწყალობს…

© Photo: Courtesy of Mariam Bochorishviliმარიამ ბოჭორიშვილის შემოქმედება
მარიამ ბოჭორიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მარიამ ბოჭორიშვილის შემოქმედება

– გორში გახსნილი გაქვთ რესტორანი და ეს ამბავი თქვენს სიყვარულს უკავშირდება…

— ადრე გორთან არასოდეს მქონია შეხება. შარშან იქ დასასვენებლად ვიყავი ჩასული და ისე მოხდა, რომ გავიცანი ადამიანი, რომელმაც ჩემ გამო თავისი ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. იმ დროს მხოლოდ ერთი დღით იყო ჩამოსული და სამ კვირაში ისევ უკან დაბრუნდა. როცა წავიდა, დიდი გრძნობა დამიტოვა. ეს კიდევ ცალკე, პატარა ისტორიაა. სწორედ ამ ადამიანთან ერთად გავხსენი რესტორანი. ამ სისტემასთან შეხება არასოდეს მქონია. თუმცა საქმეს კარგად ვართმევ თავს, ჩვენ რესტორანს „სელისა“ ჰქვია. გვაქვს თურქული, ევროპული და ქართული სამზარეულო, სწორედ აქ ვისწავლე ფაქლავის, დონერისა და სხვადასხვა კერძების კეთება. ამ საქმეში გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ რადგან ამ ადამიანმა დამიჯერა, რომ შევძლებდი, ესე იგი მართლა შევძლებდი და სინამდვილეში გავხდი რეალიზებული. მარკეტინგში ორი წელი ვიმუშავე და ხალხთან ურთიერთობაში ესეც დამეხმარა. მყავს რამდენიმე კლიენტი, რომელსაც ჩემი გაკეთებული დონერი მოსწონს. მახარებს, როცა კლიენტს ჩვენი კერძები მოსწონს. იქნებ უკვირთ, რომ მმართველი ვარ და თან კერძებსაც ვართმევ თავს, თან ყოველთვის  თანამშრომლების გვერდით მხედავენ. სასიამოვნოა ჯგუფური და მეგობრული მუშაობა.

© Photo: Courtesy of Mariam Bochorishviliმარიამ ბოჭორიშვილის შემოქმედება
მარიამ ბოჭორიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მარიამ ბოჭორიშვილის შემოქმედება

– გაიხსენეთ რაიმე ისტორია, რომელიც თქვენ ნახატს უკავშირდება…

— იყო ერთი ასეთი ისტორია: დედამ, რომელიც იტალიაშია სამუშაოდ წასული, მთხოვა, რომ იტალიელი ბაბუასთვის რაიმე დამეხატა. იმ ბაბუას მიქელე ერქვა და ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი ყოფილა. დედა ხშირად მეუბნებოდა, რომ ის ადამიანი მამასავით ექცეოდა და დედის გარეშე საჭმელს არ ჭამდა. ბატონ მიქელეს დავუხატე მოხუცი ადამიანი, რომელსაც ხელში ახალშობილი, თოთო ბავშვი – ახალი სიცოცხლე უჭირავს. ამ ბაბუას შვილს თურმე მრავალი წელი არ ჰყავდა შვილი და ამიტომ შვილიშვილის ხელში აყვანაზე ოცნებობდა. როდესაც ეს ნახატი იტალიაში ჩავიდა, ბაბუამ საკუთარ საძინებელში მოათავსა. თურმე იჯდა მის წინ და საათობით უყურებდა. თქვენ წარმოიდგინეთ, მოხდა საოცარი დამთხვევა: სწორედ ამ ამბიდან გარკვეულ დროში იმ ოჯახს ტყუპი შეეძინა. მე არ ვიტყვი, რომ ეს საოცრება ჩემმა ნახატმა მოახდინა, უბრალოდ, მართლა დაემთხვა და ეს დამთხვევა ძალიან მახარებს… ამ ამბის მერე დედა ხშირად მთხოვს, რომ ვხატო. ჩემი თითოეული ნახატი ჩემი შინაგანი ხმა, სულის ნაწილი და გრძნობაა. ვფიქრობ, ყველა ადამიანი ხელოვანია და თუკი მოისურვებს, ყველას შეუძლია რაღაცის შექმნა. შეუძლებელი არაფერია, მთავარია, ძალიან გინდოდეს, მთელი არსით. მიყვარს კეთილი და გონიერი ადამიანები, რომლებსაც საკუთარ აზრს და პრობლემებს გაუზიარებ. დღეს ყველას რთული ცხოვრება აქვს და ყოველთვის ვეუბნები მათ, რომ რწმენა ადამიანში ყველაზე დიდი რამაა…

© Photo: Courtesy of Mariam Bochorishviliმარიამ ბოჭორიშვილის შემოქმედება
მარიამ ბოჭორიშვილის შემოქმედება - Sputnik საქართველო
მარიამ ბოჭორიშვილის შემოქმედება

– ვიცი, რომ რესტორანში თქვენი ნახატები გაქვთ გამოფენილი…

— დიახ, ჩემი ნახატები რესტორანში მაქვს გამოფენილი და ბევრი კლიენტი მას უკვე მიეჩვია, ბევრიც ფოტოებს უღებს და კითხულობს, ვინ დახატაო. როდესაც ვპასუხობ, რომ მათი ავტორი მე ვარ, მაქებენ და ეს ქება ძალიან მსიამოვნებს. ძნელია ადამიანმა დაინახო საკუთარი თავი სარკეში და რეალურად გააცნობიერო – ვინ ხარ, როგორი ხარ, რა გინდა, რა მიზანი გაქვს და ამის მერე შეიყვარო საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ. შემდეგ ყველაფერს შეძლებ, რადგან რწმენა მთავარია, რწმენაა სიყვარული. მხიარული ადამიანი ვარ, თუმცა, რთული ცხოვრება გამოვიარე და ალბათ კიდევ ბევრი უნდა გავიარო. მადლიერი ვარ ჩემ გზაზე შეხვედრილი იმ ადამიანების, რომლებიც თან დამდევდნენ. მათი დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვარ და ისეთი ვარ, როგორიც ვარ. როდესაც მეუბნებიან, რაიმეს ვერ შეძლებო, აი, ზუსტად მაშინ ვცდილობ, რომ შევძლო – ძალიან ჯიუტი ვარ. მიყვარს ჩემი შვილი ლუკა და ის ადამიანი, ვინც ახლა გვერდით მყავს. რაც წლები გადის, მით უფრო მეტად მინდა გავუფრთხილდე ყველას, რადგან ცხოვრება ძალიან პატარაა და სიყვარულისა და ერთმანეთისთვის ცოტა დრო გვაქვს…

 

ყველა ახალი ამბავი
0