04:34 24 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ნენსი ვოლანდი

ნივთებზე დახატული კოსმოსი და ხელოვნება, რომელმაც ცხოვრებაში სინათლე შემოიტანა

© FB / Nancy's • Nancy Woland
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
35520

"Sputnik-საქართველო" ახალგაზრდა და ნიჭიერ ქართველ მხატვარზე მოგითხრობთ.

მხატვარი ნენსი ვოლანდი (ქრისტი ბოტკოველი) 26 წლისაა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მხატვრობას ეკუთვნის. ნენსის ხელოვნება საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა. მის მიერ შექმნილი ნამუშევრები დახვეწილი ტექნიკით და გემოვნებით გამოირჩევა. ხატავს ყველაფერზე, რაზეც ხელი მიუწვდება. მის ნახატებში მკაფიოდ იგრძნობა მხატვრის დამოკიდებულება პლანეტებისა და, ზოგადად, სამყაროს მიმართ.

მოხატული ქილები
მოხატული ქილები

— ძირითადი ჩემი საქმიანობა და ამავე დროს ჰობიც ხატვაა. როგორც მეუბნებიან, ცელქი ბავშვი ვიყავი და ყველაფერი მაინტერესებდა. ბაბუა მყავდა მხატვარი და სწორედ ის მასწავლიდა ხატვას. ეს ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო პროცესი იყო. 

– ნივთებზე ხატვა როდის დაიწყეთ?

— დაგეგმილი არაფერი მქონია. ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს და ყველა ნივთზე ხატვა გაუაზრებლად მაქვს დაწყებული. ხელოვნება სწორედ ეს არის, ის თავისით უნდა მოვიდეს. ამ ხნის მანძილზე თითქმის ყველაფერზე მაქვს დახატული, კედლებზე, ჭიქებზე, საახალწლო ნივთებზე, ზარდახშებზე და ა.შ.

– რთული არ არის მცირე ზომის ნივთებზე ხატვა?

— კი, ძალიან რთულია, თან მაშინ, როცა სწორი ზედაპირი არ აქვს. თუმცა, როცა შენი საქმე გიყვარს და არ უშინდები გამოწვევებს, ყველაფერი გამოგივა.

– სპეციალური საღებავებით ხატავთ?

— რა თქმა უნდა. ვხატავ საღებავებით, რომელიც რეცხვისას არ გადადის და დიდხანს ინარჩუნებს სასურველ ფერს.

– სად იყიდება თქვენი ნამუშევრები?

— ჩემ ნამუშევრებს ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი ფეისბუქ-გვერდის საშუალებით ვყიდი, მაგრამ მომავალში აუცილებლად მექნება მაღაზია. 

– ამ საქმიანობით თავის რჩენა შესაძლებელია? 

— ჩემი აზრით, როცა საკუთარ საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდები, გულს და სულს დებ, ამით თავის რჩენაც შეიძლება. ქართულ ბაზარზე ხელნაკეთ ნივთებზე მოთხოვნა დიდია. ფასები, რა თქმა უნდა, არ არის შესაბამისი, მაგრამ, იმედია, ყველაფერი გამოსწორდება. 

მოხატული ჭიქა
მოხატული ჭიქა

– ფეხსაცმელზე და მაისურებზეც ხატავთ? 

— კი, ვხატავ და ძალიან ლამაზია. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურია და ბევრს მოსწონს. როგორც უკვე გითხარით, სპეციალური საღებავებით ვხატავ და საღებავი არ გადადის. 

– რა ადგილი უკავია თქვენ ცხოვრებაში მხატვრობას?

— ფაქტობრივად მთელი ჩემი ცხოვრება ხატვაზეა დამოკიდებული როგორც მორალურად, ისე მატერიალურადაც. ამის გარეშე ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. ეს მაძლევს ძალას და მმატებს სტიმულს. 

მოხატული ფეხსაცმელი
მოხატული ფეხსაცმელი

– რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

— ძალიან ბევრი რამ, რაც მომწონს. ნებისმიერი ადამიანი, ქვეყანა, სიმღერა. ყველაფერი შეიძლება გახდეს ჩემი შთაგონების წყარო.

– გამოფენებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?

— ეს ძალიან საპასუხისმგებლოა და დიდ დროს მოითხოვს. სამწუხაროდ, არ მაქვს იმდენი დრო, რომ გამოფენისთვისაც მოვამზადო ნამუშევრები. 

პერსონალური გამოფენა მქონდა სამი წლის წინ. სოცარი საღამო იყო, არაჩვეულებრივად ჩაიარა. სიამოვნებით გავაკეთებდი კიდევ ერთ გამოფენას, მაგრამ დროის სიმცირის გამო ვეღარ ვახერხებ. თუმცა, ყველაფერი წინ მაქვს.

მთავარი თემები