16:30 19 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1134
  • 100 RUB4.1226
  • USD2.7026
ავთო წიკლაურის ნამუშევარი

მომღერლის მიერ დამზადებული თავისუფლების სამმეტრიანი ქანდაკება და ახალი სოლო-პროგრამა

© Photo: courtesy of Avto Tsiklauri
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
33760

ავთო წიკლაური - გამორჩეული ვოკალის მქონე მომღერალი, ანსამბლ „ბერიკონის“ სოლისტი, რომელსაც ქართული ესტრადის უფროსი თაობის მსმენელი კარგად იცნობს. თავიდან, როგორც მომღერალი და გიტარისტი, თამარ გვერდწითელთან ერთად გამოდიოდა. შემდეგ იყო ანსამბლები „დიელო“ და „ბერიკონი“...

შესაძლოა ყველამ არ იცის ის ფაქტი, რომ მომღერალს ხატვის ნიჭიც აქვს და ქანდაკებებსაც აკეთებს. ამ ეტაპზე თავის სოლო-პროგრამაზე მუშაობს. 

ავთო წიკლაური
ავთო წიკლაური

– ბატონო ავთო, აქედანვე გკითხავთ, როგორ გამორჩა თქვენი ასეთი შემოქმედებითი ნიჭი ქართულ მასმედიას?

— არ ვიცი, რა გითხრათ? მაშინ იყო მხოლოდ ერთი ტელევიზია, სახელმწიფო არხი, რომელიც ამ ფაქტს დიდად არ შეხებია. ქანდაკებებს ჯერ კიდევ მაშინ ვაკეთებდი, როცა სცენაზე ვმღეროდი. ხატვით ბავშვობიდან ვხატავ. როცა გასტროლებზე დავდიოდით, მაშინ ანსამბლ „დიელოში“ ვიყავი, სახატავი მასალები ყოველთვის დამქონდა. თან ვხატავდი, თან სცენაზე გავდიოდი. 

ავთო წიკლაურის ნამუშევარი
ავთო წიკლაურის ნამუშევარი

– სამხატვრო განათლება არ გაქვთ მიღებული? 

— აკადემიაში ვაბარებდი, მაგრამ „არ ჩაიბარეს“ – ხან ნახევარი, ხან ერთი ქულა მაკლდებოდა, იმიტომ რომ ძირითადად კონცერტებსა და გასტროლებს ვიყავი გადაყოლილი. ორივე საქმე ერთად კი არ ესწრებოდა, თუმცა შრომა ყოველთვის მიყვარდა. ქანდაკებების გარდა ასევე მაქვს ხეში გაკეთებული მოზაიკა, რაც ბავშვობიდან მიყვარს. ფერწერული ნახატები აღარ მაქვს, რაც მქონდა, გავაჩუქე.

ავთო წიკლაურის ნამუშევარი
ავთო წიკლაურის ნამუშევარი

– სცენისთვის თუ გამოგიყენებიათ თქვენი, როგორც მხატვრის ნიჭი?

— ერთხელ გამიჩნდა იდეა, რომ ანსამბლ „ივერიის“ მომღერლების ნიღბები დამემზადებინა. ვფიქრობდი, საინტერესო იქნებოდა, თუ ათწუთიანი ნიღბიანი სპექტაკლი გაკეთდებოდა. თანაც, ცნობილი მომღერლების იმიტაციაც შეგვეძლო. თუმცა ასეთი ნიღბები მაშინ ძალიან ძვირი დამიფასეს, ამიტომ მათი დამზადება თვითონ გადავწყვიტე. ძერწვაც სწორედ იმ პერიოდში დავიწყე. მაშინ საფუძველი ეყრებოდა ანსამბლ „ბერიკონს“, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი თემურ მაისაშვილი იყო. იმ ნიღბების დამზადებაც აქტიურად სწორედ მაშინ დავიწყე.

ავთო წიკლაურის ნამუშევარი
ავთო წიკლაურის ნამუშევარი

– ნიღბებს რითი და როგორ ამზადებდით?

— ნიღბებს პლასტელინით ვაკეთებდი, ზემოდან ქაღალდის გადაკვრა ხდებოდა, მერე ქსოვილის, რომელსაც წებოს ვუსვამდი. ეს იყო ხელოვნური მუყაო, მაგრამ ნახევრად რეზინითაც კეთდებოდა, ასეთი შერეული ტექნიკა იყო. მახსოვს, ვიწვალე, მაგრამ მაინც გამომივიდა. საბოლოოდ გაკეთდა თემურ წიკლაურის, ნუგზარ კვაშალისა და ვახტანგ ტატიშვილის ნიღბები, რომლებიც საინტერესო გამოვიდა. იყო ასეთი სპექტაკლი, რომელსაც ერქვა „სტუმრად არის ივერია“. არსებობს ვიდეო, სადაც ჩვენ რესტორან „ბერიკონიდან“ გამოვდივართ და თან ცნობილ სიმღერას „ქეიფს ვიწყებ დილიდან“ ვასრულებთ.

ავთო წიკლაურის ნამუშევრები
ავთო წიკლაურის ნამუშევრები

– თქვენი სავიზიტო სიმღერა… 

— ჩემი სავიზიტო სიმღერა იყო „ბერიკონი“, რომელიც ვიცი, რომ იმ თაობიდან დღესაც ყველას ახსოვს. თინეიჯერებს არ ეცოდინებათ, იმიტომ რომ დიდი ხანია ტელევიზიით არ გამოვსულვარ. 

– ყველაზე დასამახსოვრებელი გამოსვლა, კონცერტი რომელი იყო?

— ეს იყო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ჩვენთან ერთად გამოდიოდნენ ნუგზარ კვაშალი, ვახტანგ ტატიშვილი და ჩვენი ნიჭიერი მეგობარი ობოლა ციმაკურიძე. როცა ჩვენთან ერთად ობოლა გამოდიოდა, იმ კონცერტებზე ყოველთვის ანშლაგი იყო. იმ დროს შუქი მთელ ქვეყანაში არ იყო და ე.წ. „დვიჟოკების“ კონცერტებს ვატარებდით, ანუ გენერატორებზე ვმუშაობდით. ვფიქრობდით, რომ სწორედ მაშინ სჭირდებოდა ხალხს ხელოვნება და იუმორი…

– ვიცი, რომ ახლახან სამმეტრიან ქანდაკებაზე მუშაობა დაასრულეთ…

— ბევრი ქანდაკება მაქვს. ახლა თავისუფლების ქანდაკება გავაკეთე, რომლის სიგრძეც სამ მეტრამდეა და სახლში მაქვს. ამ ეტაპზე სოლო-პროგრამას ვაკეთებ და ეს ქანდაკებაც სპეციალურად მისთვის გავაკეთე. როცა პროგრამა მთლიანად გაკეთდება, მინდა, რომ ის მერიას, ან კულტურის სამინისტროს შევთავაზო. ფილარმონიის იჯარა იმდენად ძვირია, რომ მას ვერავინ შეწვდება. იმედია, ყველაფერი ისე გამოვა, როგორც ჩავიფიქრეთ და ჩვენ ერთგულ მსმენელსაც გავახარებთ. 

თავისუფლების ქანდაკება
თავისუფლების ქანდაკება


მთავარი თემები