ქართველი „ადამიანი-ორკესტრი“, რომელსაც YouTube-ზე საკუთარი არხის შექმნა სურს

გამოწერა
ის, რასაც ჯერ კიდევ სკოლაში, გაკვეთილზე აკეთებდა ხოლმე, იმდენად უცხო იყო და სასიამოვნო მოსასმენი, რომ ყველაზე მკაცრი მასწავლებელიც კი ვერ იმეტებდა გაკვეთილიდან გასაგდებად...

იმ დროს საქართველოში მუსიკის მსგავსი მიმართულება ჯერ კიდევ არ იყო პოპულარული, ტერმინი „ბით-ბოქსერი“ კი მასებისთვის უცხო გახლდათ. გუგა ჭყონია ერთ-ერთი მათგანია, ვინც ეს ჟანრი საქართველოში დამოუკიდებლად და საკმაოდ კარგადაც აითვისა.

– გუგა, სკოლიდანვე ამჟღავნებდით ამ ნიჭს?

— სკოლას, სადაც ვსწავლობდი „რიტორი“ ერქვა, ახლა „მწვანე სკოლა“ ჰქვია. სადღაც მეცხრე-მეათე კლასში ვიყავი, როცა ბით-ბოქსერობა დავიწყე.  

– სავარაუდოდ, გაკვეთილზეც არ იქნებოდით გაჩუმებული…

— სხვათა შორის, მასწავლებლები როცა მისმენდნენ, ისე უკვირდათ და მოსწონდათ რასაც ვაკეთებდი, რომ საკლასო ოთახიდან ვერ მაგდებდნენ, ამისთვის ვერ მიმეტებდნენ. მახსოვს, რომ ყველაზე მეტად ალბათ დამრიგებელს ელისო ნიჟარაძეს მოსწონდა ის, რასაც ვაკეთებდი. მაშინ თვითონაც არ მქონდა ამ ჟანრზე ჩამოყალიბებული წარმოდგენა. ერთი ბით-ბოქსერის ვიდეო ინტერნეტში შემთხვევით ვნახე. მისი მეტსახელი პულპო იყო. ის ერთდროულად სამ ხმას უშვებდა და გადავირიე, ვერც წარმომედგინა, რომ ასეთი რამ საერთოდ არსებობდა. მერე მე დავიწყე ამის გაკეთება და ვარჯიში, მას ვბაძავდი და ვიმეორებდი იმას, რასაც ის აკეთებდა. 

© Photo: Courtesy of Guga Chkoniaგუგა ჭყონია
გუგა ჭყონია - Sputnik საქართველო
გუგა ჭყონია

– პროექტში „ნიჭიერი“ ბით-ბოქსის სტილს ყველასთვის ცნობილი „სულიკო“ მოარგეთ, რაც საინტერესოდ გაჟღერდა.

— დიახ, როცა ეს იდეა გამიჩნდა, ვცადე და გავიტანე კიდეც „ნიჭიერში“, სადაც ძალიან მოეწონათ. ასევე საინტერესოდ მომეჩვენა ქართული ფილმიდან „არ დაიდარდო“ ჯანსუღ კახიძის ცნობილი მელოდიის ამ სტილში გაკეთებაც. ამ მელოდიის გარემიქსებული ვარიანტი აპარატურითაც მაქვს გაკეთებული.  

– დღეს საქართველოში კარგად გიცნობენ და მომავალში თუ აპირებთ, თქვენი გატაცება სერიოზულად საქმედ აქციოთ?

— გააჩნია, როგორ განვვითარდები მომავალში, ამ ეტაპზე იმის შესაძლებლობა მაქვს, ამ საქმეს პროფესიონალურად მივუდგე და თანაც იმდენად, რომ ის შემოსავლის წყაროდაც ვაქციო. ბით-ბოქსერობას უკვე ჩემ ძირითად საქმიანობასთან ვაიგივებ. 

– დღეს აპარატურის თანხლებით გამოდიხართ უკვე და მსგავსი აპარატურა საქართველოში შეიძინეთ?

— დღეს ცალკე ბით-ბოქსს როგორც ადრე, მიკროფონით ხელში, უკვე აღარ ვაკეთებ. ამ საქმეზე სერიოზულად გადავერთე და მუსიკალური თვალსაზრისით ეს ყველაფერი დავხვეწე. მინდა, რომ ჩემი კომპოზიციები მუსიკალურად მდიდარი იყოს და, ამდენად, უფრო საინტერესო მოსასმენიც. აპარატურას რაც შეეხება, 18 წლის ვიყავი, როცა ის ინტერნეტით გამოვიწერე. ფულს ვაგროვებდი და ჩემი აპარატურაც უფრო მრავლდებოდა და იხვეწებოდა. ამ ეტაპისთვის, შეიძლება ითქვას, სრული აღჭურვილობა მაქვს იმისთვის, რომ ჩემ სოლო–გამოსვლას კონცერტის სახე მიეცეს.

– ფაქტობრივად „ადამიანი–ორკესტრი“ ხართ?..

— გმადლობთ… სინამდვილეში ბექების ან მუსიკალური თანხლებისთვის სხვა მუსიკოსები და ინსტრუმენტები აღარ დამჭირდება და ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ სცენაზე მარტო ვიდგე და მუსიკა მარტო შევქმნა. ბით-ბოქსის ერთი უპირატესობა ის არის, რომ სადაც ვუკრავდი, ყველგან დამოუკიდებლად გამოვდიოდი. თავიდან გამოსვლა დავიწყე კლუბში “ბამბა რუმი“, პოპულარულიც იქიდან გავხდი, ოღონდ მაშინ აპარატურა არ მქონდა. როცა კიდევ უფრო პოპულარული გავხდი, სხვადასხვა მიწვევებიც მქონდა. უცხოეთშიც მიმიწვიეს, აზერბაიჯანში ვიყავი. სამომავლო გეგმებს უცხოეთს ვუკავშირებ, იმიტომ, რომ იქ უფრო შეიძლება განვითარება, ვიდრე ჩვენთან. ამ ეტაპზე, YouTube-ზე საკუთარი არხი მინდა რომ „გავქაჩო“. ამ გზით უცხოეთში უფრო კარგად გამიცნობენ. 

– ოჯახის წევრები რამდენად სერიოზულად აღიქვამდნენ თქვენ გატაცებას?

— თავიდან ალბათ ორი თვე იყო ცოტა დაეჭვება, მაგრამ შემდეგ მათი მხრიდან დღემდე მხარდაჭერას ვგრძნობ. ამ გატაცების გარდა ვსწავლობ კიდეც, უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტს ვამთავრებ. 

– ანუ, სამომავლოდ უკვე შეძლებ, რომ შენი მუსიკა ბიზნეს-პროექტად აქციო და გაყიდო?

— მე ვფიქრობ, რომ შევძლებ კი არა, ამ ეტაპზე სწორედ ამაზე ვმუშაობ.

 

ყველა ახალი ამბავი
0