რა შემოთავაზება მიიღო მომღერალმა მეფუტკრემ გურიიდან „ნიჭიერის“ შემდეგ

© Photo: Courtesy of Givi Ninidzeლევან ნინიძე ოჯახთან ერთად
ლევან ნინიძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ნიჭიერი ადამიანი არავის უკვირს. ამას წინათ, კიდევ ერთი გამორჩეული ნიჭის მქონე ქართველი გავიცანით. ეს გახლავთ ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანაში მცხოვრები ლევან ნინიძე, რომელიც პროფესიით მეფუტკრეა 40 წლიანი სტაჟით.

ბატონი ლევანი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი გახლავთ, მაგრამ ხალხს თავი სახალხო პროექტში „ნიჭიერი“ შესრულებულმა საოპერო არიებით დაამახსოვრა და შეიძლება ითქვას, შეაყვარა კიდეც. როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ამგვარი, სახალხო აღიარების შემდეგ, ამის გასაგებად ბატონ ლევანს სოფელ ასკანაში დავუკავშირდით.

- ბატონო ლევან, რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში?

— ერთი რამ აშკარად შეიცვალა, რომ ძალიან პოპულარული გავხდი, ქუჩაში რომ მივდივარ, ხალხი მცნობს და ჩემს მიმართ  აშკარად გამოხატავს ყურადღებას, სიყვარულს და დიდ სითბოს. ერთნაირად პოპულარული გავხდი რაჭაშიც და თბილისშიც. ჩემი აზრით, ეს იყო ჩემთვის იმ პროექტის დიდი მონაპოვარი. 

© Photo: courtesy of Givi Ninidzeლევან ნინიძე
ლევან ნინიძე - Sputnik საქართველო
ლევან ნინიძე

- სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ და იმის სტიმული, რომ თქვენი მუსიკალური ნიჭი სადმე გამოგეყენებინათ?

— რა გითხრათ, ჩემმა მატარებელმა უკვე ჩაიარა… ასე რომ, ჩემი თავი გუშინდელი დღე მგონია. სხვათაშორის 20-25 წლის წინ როცა ოზურგეთში იყო ჩამოსული, ალეკო ხომერიკთან ერთადაც მიმღერია და მახსოვს მას ხალხში ასე გამოაცხადა: ხმამაღლა ვაცხადებ, რომ შენი ხმით და ნიჭით აღფრთოვანებული ვარ, მე ამის ნახევარი ხმაც არ მქონდაო. ის სულ ასეთ მაღალ შეფასებას აძლევდა ჩემს ნიჭს. მან ბევრჯერ სცადა ჩემი გადაბირება, მაგრამ ბოლოს, როცა არაფერი გამოვიდა, თავი… ასევე იყო ბატონი ნოდარ ანდღულაძეც, რომელიც აღნიშნავდა, რომ ჩემი ხმისა და ნიჭის პატრონი სცენაზე უნდა მდგარიყო. მე კი, სიმართლე გითხრათ, მუსიკაზე სერიოზულად არასოდეს მიფიქრია და ჩემს სოფელს შემოვრჩი… თბილისში ჩასვლა კი, როგორც საკრებულოს დეპუტატს, საქმეებზე ორ-სამჯერ მაინც მიწევს.

- ბატონო ლევან, რატომ არ ჩააბარეთ თავის დროზე მუსიკალურზე?

— გაგიკვირდებათ და, ზოოვეტერინალური ინსტიტუტი დავამთავრე. ეს იყო 1972 წელს, როცა ჯარი მოვიარე. მაშინ ზოოვეტში მეგობრები მყავდნენ, რომლებიც კარგად მღეროდნენ და მეც სტუდენტური თვითშემოქმედების დღეებზე მათთან ერთად გამოვდიოდი, მაგრამ პროფესიონალურ სცენაზე არც მიფიქრია. ინსტიტუტის მერე ჩემი სპეციალობით ვმუშაობდი.

© Photo: Courtesy of Givi Ninidzeლევან ნინიძე ოჯახთან ერთად
ლევან ნინიძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
ლევან ნინიძე ოჯახთან ერთად

- მეფუტკრე რატომ გახდით?

— როცა სოფელში ჩამოვედი, ერთი სკა შევიძინე და მისი მოვლა დავიწყე. შემდეგ მეორე, მესამე და მეოთხე გაჩნდა. ფუტკრები გავამრავლე და ამ საქმეს მატერიალური შემოსავალიც მოჰყვა.  მერე ჩემმა შვილებმაც: ერთი ექიმია, მეორე ენერგეტიკოსი, ამ საქმეს მიჰყვეს ხელი და დღეს უკვე ფუტკრის 400-ზე მეტი ოჯახი გვყავს. ფაქტობრივად ესაა ჩვენი ოჯახის ძირითადი შემოსავალი.

© Photo: Courtesy of Givi Ninidzeლევან ნინიძე
ლევან ნინიძე - Sputnik საქართველო
ლევან ნინიძე

- მეფუტკრეობასთან ის უნდა გაკავშირებდეთ, რომ თაფლივით ტკბილი ხმა გაქვთ…

— რა ვიცი… სხვათაშორის ეგ ამბავი ჟიურში ყოფნის დროს პრეზიდენტის მეუღლემაც აღნიშნა. ძალიან კარგი ქალბატონია და მისგან დიდი სითბო ვიგრძენი. ქალბატონი მაკას შექება ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და გულწრფელი იყო. ამ პროექტში გამოსვლა ჩემი ცხოვრების დიდი საჩუქარი გახლდათ. ფინალში კი გავედი, მაგრამ გამარჯვებული, როგორც იცით, ბატონ გელა ფარჩუკიძის კაპელა და მისი 86 ნიჭიერი ბავშვი გახდა. გულწრფელად გეტყვით, რომ მათი გამარჯვება ძალიან გამიხარდა. ეს ხომ მომავალი თაობაა?.. ამ ბავშვებიდან კარგი მომღერლები და კარგი მოქალაქეები გაიზრდებიან, ეს გამარჯვება კი მათ სამომავლოდ წაადგებათ.

- ბატონო ლევან, თქვენს რეპერტუარში ძირითადად საოპერო არიებია?

— ქართული და უფრო ლირიულ-ნეაპოლიტანური სიმღერებია. არჩევანი რატომღაც იტალიურ მუსიკაზე შევაჩერე, რადგან ძალიან მომწონს. ხშირად ვუსმენ მსოფლოს სამ ცნობილ ტენორს, სხვებსაც.. მიმაჩნია, რომ იტალიური სკოლა მსოფლიოში ყველაზე მეტად მისაბაძია. ქართველები კი სწორედ იტალიური სკოლისკენ გადახრილი ხალხი ვართ, იქითკენ ვიწევთ…

- გავიგე, რომ საოპერო თეატრიდან თურმე შემოთავაზება გქონდათ?

— როდესაც სცენაზე გამოვედი, კონსერვატორიის ერთ-ერთი პროფესორი, ბატონი ავთანდილ რევიშვილი დამიკავშირდა და მითხრა: შეიძლება ისე მოხდეს, რომ ქუთაისის საოპერო თეატრის სცენაზე, სპექტაკლში „აბესალომი და ეთერი“ ერთი პარტია შემოგთავაზოთო…

- ოღონდ, არ მითხრათ, რომ უარი თქვით…

— რა ვიცი, საჭიროა კი?.. თან მეურნეობაში იმდენი საქმე მაქვს…

- ფუტკრები მოიცდიან! უარის შემთხვევაში კი, როცა მასალას დავწერ, გპირდებით, რომ საზოგადოებას „აგიმხედრებთ“…

— წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ვნახოთ, ჯერ არ ვიცი, რა იქნება…

 

ყველა ახალი ამბავი
0