ქართველი პოეტის „მარტივი რიცხვების ანბანი“ და მისი ოქროს თევზები ვერონაში

© Photo: courtesy of Iea Jincharadzeია ჯინჭარაძე ოჯახთან ერთად
ია ჯინჭარაძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ია ჯინჭარაძე - რუბრიკის „ქართველები უცხოეთში“ დღევანდელი სტუმარია.

ახლახან თბილისში გამოიცა იტალიაში მცხოვრები ქართველი პოეტი ქალის წიგნი „მარტივი რიცხვების ანბანი“, რომლის პრეზენტაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ავტორის გარეშე გაიმართა.  „მარტივი რიცხვების ანბანი“ მისი პირველი წიგნია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მაგალითია ქართველი ქალის, რომელიც სამ შვილს ზრდის და ამავე დროს, ცდილობს, ყოველდღიური ცხოვრება პოეზიითა და რომანტიკით გააზავოს. მისი აზრით: „ყოველი ადამიანის ნებაა იყოს ან ანბანივით განსაზღვრული, ან მარტივი რიცხვებივით უსასრულო“. დღეს თავის უცხოელ მეუღლესა და ოჯახთან ერთად ვერონაში ცხოვრობს და პოეზიასთან კავშირს არ წყვეტს, მის ლექსებს საქართველოში ერთგული მკითხველი კარგად ხანია ჰყავს.

© Photo: Courtesy of Iea Jincharadzeია ჯინჭარაძე
ია ჯინჭარაძე - Sputnik საქართველო
ია ჯინჭარაძე

- ქალბატონო ია, როგორ ცხოვრობს ქართველი პოეტი ვერონაში, სიყვარულის ქალაქში?

—  მადლობთ. თქვენი კარგად, საინტერესოდ და გემოვნებით გაკეთებული მასალები მაინც წარმატებულ, დასაქმებულ ხალხზეა ორიენტირებული, მე კი არაფერი ჩინ-მედალი მაბადია. ამიტომ მართლა სასიამოვნო და სასიხარულო იყო თქვენი შემოთავაზება.. რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, ვერონას ერთ პატარა პროვინციაში, მწვანე მინდორზე წრეში ჩამდგარი სახლებია, მინდორში —ზეითუნის ხეები და ყვავილები. ერთ-ერთ სახლში მე, ჩემი მეუღლე, სამი ბავშვი და თევზები. ისე მომწონს აქაურობა, სამოთხესავითაა. გონებაში ვფიქრობ: აი, ის იქ რომ ცხოვრობდეს, აი, აქ, ეს…ასე მივყვები და ვასახლებ წარმოსახვაში საყვარელ ადამიანებს ჩემს ახლოს, მაგრამ ოცნება, რომ ყველა ძვირფასი ერთად მყავდეს, ოცნებაა მხოლოდ. ჩემი ცხოვრება სავსეა ყოვედღიურობით, ბავშვებით, მასზე ზრუნვით. ზუსტად განსაზღვრული ხვალინდელი დღით, რომელიც ხშირად ირევა, შენ კი მაინც გეგმავ. მაქვს ოჯახის დიასახლისის როლი, რომლის შესრულებაც მეძნელება, მაგრამ ყველაფერს გულით და ხალისით ვაკეთებ. ჩემს თავს ვამხნევებ, შენი დროც მოვა, ცოტა მობერდები და მერე, წერე, რამდენიც გინდა…

© Photo: сourtesy of Iea Jincharadzeია ჯინჭარაძე
ია ჯინჭარაძე - Sputnik საქართველო
ია ჯინჭარაძე

- თქვენი სიყვარულის ამბავი მოგვიყევით, თქვენი მომავალი მეუღლე სირიაში გაიცანით?

— ჩემი მომავალი მეუღლე თბილისში გავიცანი. პირმშვენიერი იტალიელი არაბი ჩემთან სახლში მეგობარმა მოიყვანა. მეორე დღისთვის რაღაც მქონდა სათარგმნი არაბულში და ეს ნაცნობობა ბედის წყალობად ჩავთვალე. ჰოდა, დავსვი და ვათარგმნინე. თავიდანვე ძალიან ლაღი, მეგობრული და უბრალო იყო ჩვენი ურთიერთობა, ადამიანი საკუთარ თავსაც კი ეპრანჭებაო —ამბობენ. მე ეს არ მჭირდა, ვიცოდი, რომ უცხოელს ცოლად არასოდეს გავყვებოდი. ჰოდა, თურმე… არაფერიც არ ვიცოდი. ჩვენ საქართველოში დავქორწინდით. მივატოვე უნივერსიტეტში მუშაობა, ასპირანტურა, ძველი, ლაღი ცხოვრება და მცირე ხნით სირიაში, ალეპოში ვცხოვრობდი. ცხრა წელია იტალიაში ვარ.

© Photo: Courtesy of Iea Jincharadzeია ჯინჭარაძე ალეპოში მეგობართან ერთად
ია ჯინჭარაძე ალეპოში მეგობართან ერთად - Sputnik საქართველო
ია ჯინჭარაძე ალეპოში მეგობართან ერთად

-ახლახან თქვენი წიგნი „მარტივი რიცხვების ანბანი” გამოიცა.

— ეს წიგნი მეგობრების დაჟინებით და ძალისხმევით გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. ამ წიგნს მოკლედ ასე ავხსნი: მე ვარ, შენ ხარ — ადამიანი და ადამიანის ნებაა იყოს: ანბანივით განსაზღვრული ან მარტივი რიცხვებივით უსასრულო. ვსარგებლობ შემთხვევით და უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა რედაქტორს —თემურ ჩხეტიანს, რომლის დიდი კი არა, მთლიანად დამსახურებაა "მარტივი რიცხვების ანბანი", ფანტასტიურ მხატვარს —კოკა ცხვედიანს, რომლის ნახატმაც სხვანაირი სინათლე მისცა ჩემს შუქ-ჩრდილიან, რაღაცნაირ წიგნს, გამომცემლობა "კალმოსანს" და ყველა ერთგულ ადამიანს. დღეს კომბლესავით ვარ, ვწერ და ვაწყობ… პოეზიამდე პოეზიით მივედი. ჯერ კიდევ მაშინ, როცა არც ბედნიერება ვიცოდი და არც ტკივილი. ახლა ცოტა ვიცი და ვყვები, თქვენც გიყვებით. ვწერ ყველაფერზე, რასაც ჩემი თვალი და გული წვდება, რაც შეიძლება ისე მაწუხებდეს, რომ თავადაც არ ვიცოდე. ყველა ლექსს თავისი ამბავი აქვს, სიზმარი თუ სინამდვილე აქვს… აქვე, ჩემი ერთი ლექსი მინდა გაგაცნოთ:

გადავრგე ჩემი პატარა ალუბალი,

უფრო თვალსაჩინო ადგილას,

ყველას რომ დაენახა,

ეთქვა: როგორ ანათებს!

მან კი, თითქოს მდუღარე გადამესხას,

ან შიშველი დამეგდოს მზეზე,

ჩამოყარა ყვავილები, ჩაქრა.

მე კი, კეთილი გულით გადავრგე.

გარდას ტბის პირას დავდივარ მოწყენილი,

ეტლებში გამოწკეპილ ძაღლებთან

და გერმანელ მოაგარაკეებთან ერთად

და ვგრძნობ, როგორ ვშორდები

ხეებზე გამოსხმულ მეტაფორებს,

ჩაწყვეტილ ხიდებზე გადებულ მდინარეებს

და კბილებს შორის გამოცრილ წყევლას:

-წარმატებას გისურვებთ!

© Photo: Courtesy of Iea Jincharadzeია ჯინჭარაძე ქალიშვილთან ერთად
ია ჯინჭარაძე ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
ია ჯინჭარაძე ქალიშვილთან ერთად

- ქართველი დიასახლისი პოეზიას და ყოველდღიურ ცხოვრებას ერთმანეთს უხამებს, როგორია თქვენი შერეული ოჯახი და ყოველდღიურობა?

— როგორია ჩვენი ოჯახი? ჭიშკართან პატარა დაფაა ჩამოკიდებული: „აქ მე ვარ ყველაფრის მბრძანებელი! ჩემმა ცოლმა ნება მომცა, რომ ეს დამეწერა." —ასეთია იგი, არასერიოზული. ჩემი მეუღლე უფრო თავის ტრადიციებისა და რელიგიის მოყვარულია, მე —გაბნეული. გარეთ ჩვეულებრივი რუტინაა. სამი შვილი მყავს და ვერ ვმუშაობ. მინდა, რომ ჩვენი შვილები მამასავით მართლები და ჩემსავით თავისუფლები გაიზარდონ. ვცდილობ, მე თვითონ გავუკეთო მათ ყველაფერი და არა ვინმე უცხომ. მეუღლე პროფესიით ექიმი-სტომატოლოგია. ერთმანეთი გვიყვარს და ვართ ასე, პატარა, უცნაური ოჯახი —სირიელი მეუღლე, ქართველი მე და ბავშვები ჯერ არ ვიცი… უფროსი ბიჭი 11 წლისაა და ქართველობს, ყველგან წერს ქართველი ვარო და ქართულადაც მშვენივრად საუბრობს. პატარა გოგონები კი იტალიელობენ. კიდევ აქ პატარა აუზში ოქროს თევზებს ვუვლი, ისინი ახლა გაიზარდნენ, პირს აღებენ და გასაქცევს ეძებენ.

© Photo: сourtesy of Iea Jincharadzeია ჯინჭარაძე
ია ჯინჭარაძე - Sputnik საქართველო
ია ჯინჭარაძე

- გაიხსენეთ თქვენი ლექსიდან ერთი სტროფი, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენს ახლანდელ სულიერ მდგომარეობას?

— ყველა ახალი ლექსი ჩემს იმდროინდელ სულიერ განწყობილებას გამოხატავს. ჩემი ბოლო ლექსის ბოლო სტრიქონს გეტყვით:

„როგორც ბედუინების მუნჯი ოჯახი,

ტურისტების შემოტევას,

ვეღარ ვუძლებ მზის გამჭოლ სხივებს,

ვერ გამოვდექი გამძლე ჩემი ლექსებივით."

-საქართველოში რა გენატრებათ და როგორია შორიდან დანახული სამშობლო?

— მენატრება ჩემი ადამიანები, ჩემი მიწა, მაგრამ არ მიჭირს გაძლება, რადგან ადამიანი თავის თავში, გულით დაატარებს ყველაფერს, რაც მას უყვარს, ამიტომ მარტო ვარ და არც ვარ მარტო. ბოლო დროს ჩემი თავის  გარეთ გამოტანა დავიწყე. ყველაფერს გავაკეთებ, რადგან ესაა სინამდვილეში ჩემი ნამდვილი ცხოვრება…

 

ყველა ახალი ამბავი
0