სპორტის რომელი სახეობა აკრძალეს საბჭოთა კავშირში სსკ-ს 219-ე მუხლით

© FB / Saba Gureshidzeზურაბ ლეჟავა
ზურაბ ლეჟავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბობს, რომ „გიტარისტებში ყველაზე კარგი კარატისტი და კარატისტებში ყველაზე კარგი გიტარისტია“. ზურაბ ლეჟავა - სტერეოტიპებით გაჯერებულ საბჭოთა სივრცეში განსხვავებული ხედვისა და ფილოსოფიის ადამიანი.

პროფესიონალი გიტარისტი და მერვე დანის მფლობელი კარატისტი. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი, ღირსების ორდენის კავალერი და სპორტის რაინდი. პირდაპირ გეტყვით, მისი ინტერვიუზე დათანხმება ადვილი არ იყო.

© Photo: Courtesy of Zurab Lejavaზურაბ ლეჟავა, მისი შვილი გიორგი, შვილიშვილი ნუკა და შვილთაშვილი საბა
ზურაბ ლეჟავა, მისი შვილი გიორგი, შვილიშვილი ნუკა და შვილთაშვილი საბა - Sputnik საქართველო
ზურაბ ლეჟავა, მისი შვილი გიორგი, შვილიშვილი ნუკა და შვილთაშვილი საბა

- ბატონო ზურაბ, თავიდან გიტარა იყო თუ კარატე?

— თავიდან იყო უკუნი, მერე განათდა.. და თუ სერიოზულად, გეტყვით, რომ 25 წლის ვიყავი, როცა კარატე პირველად ვნახე. მაშინ საქართველოში სპორტის ამ სახეობაზე საერთოდ არაფერი იცოდნენ.

- სად ნახეთ საბჭოთა პერიოდში კარატე?— ტელევიზორში ვერ ნახავდით…

— რას ამბობთ, აქ სად ვნახავდი? ტელევიზორში არასოდეს უჩვენებიათ. როგორც სპორტის სახეობა ჩვენთან დაფუძნებული არც იყო. პირველად კარატე ვნახე 1965 წელს, გერმანიაში, სადაც უნივერსიტეტის თვითშემოქმედებიდან ჩავედით. თბილისთან დაძმობილებული ქალაქი იყო საარბრიუკენი, რომლის სტუდენტებთან ვმეგობრობდით. გერმანიაში ყოფნის დროს ერთმა მეგობარმა წამიყვანა სპორტულ დარბაზში, სადაც პირველად ვნახე კიმონოებში გამოწყობილი სპორტსმენები კარატეში როგორ ვარჯიშობდნენ. მერე გერმანიიდან საქართველოში კარატეს ამსახველი ფოტოები და ქსეროქსზე გადაღებული სურათები წამოვიღე. ჩემი მეგობრები სუხიშვილების ბიჭები იყვნენ და ჩემთვის ლიტერატურა და ფოტოები კარატეს შესახებ ყოველთვის ჩამოჰქონდათ. ამის მერე იაპონიიდან ფირები ლევან თედიაშვილმაც ჩამომიტანა. საბჭოთა კავშირში კარატე, როგორც სპორტის სახეობა ოფიციალურად 1978 წელს დაარსდა, მე საქართველოს ნაკრების პირველი მწვრთნელი ვიყავი.

© Photo: Courtesy of Zurab Lejava1965 წელს სვეტებიანი დარბაზში გამოსვლის დროს
1965 წელს სვეტებიანი დარბაზში გამოსვლის დროს - Sputnik საქართველო
1965 წელს სვეტებიანი დარბაზში გამოსვლის დროს

- ბატონო ზურაბ, 80-იან წლებში კავშირში რატომ აკრძალეს კარატე?

— ეს მოხდა 1983 წელს. კარატე იმიტომ აკრძალეს, რომ მას თავისი ფილოსოფია აქვს, ის გვასწავლის, რომ ადამიანი პირველ რიგში, თავისუფალი უნდა იყოს. აღმოსავლეთმა ბუდიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა კარატეს დაუკავშირა. პოლიტიკურად არც ეს აწყობდათ. კარატეს თავისი ეთიკა და ესთეტიკა აქვს. თანაც, ეს აგრესიული სტილი არ არის — ესაა საბრძოლო ხელოვნება შიშველი ხელით.

- საინტერესოა, 83 წლამდე საბჭოთა კგბ-მ ეგ ამბავი არ იცოდა?

— როგორ არ იცოდნენ, მაგრამ სპორტის ეს სახეობა ასეთ ფართო მასშტაბს თუ მიიღებდა, ეს ვერ გათვალეს. თანაც, 80-იან წლებში, საბჭოთა კავშირში კარატეს ისეთი ბუმი იყო, რომ ამ სახეობაში რამდენიმე მილიონმა კაცმა დაიწყო ვარჯიში და როგორ ფიქრობთ, კომუნისტებს რამდენიმე მილიონი თავისუფლად მოაზროვნე ადამიანი აწყობდათ? თუკი კარატეს პრინციპებს მისდევ — ავტომატურად თავისუფალი ხდები. მოკლედ მათთვის კარატე, როგორც სპორტის სახეობა, საბჭოთა ადამიანის მენტალიტეტისთვის მიუღებელი იყო.

© Photo: Courtesy of Zurab Lejavaშეჯიბრის შემდეგ
შეჯიბრის შემდეგ - Sputnik საქართველო
შეჯიბრის შემდეგ

- აკრძალვა რაში გამოიხატებოდა, სპორტული დარბაზები დახურეს თუ გდევნიდნენ?

— საბჭოთა კავშირის სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლში შეიტანეს პუნქტი, რომლის მიხედვითაც კარატეს თუ ვარჯიშობდი, ეს ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯებოდა. მერე სპორტსმენები ეშმაკობას ხმარობდნენ და სარდაფებში ჩადიოდნენ, კიმონოები არ ეცვათ და ვითომ ტანვარჯიშს მისდევდნენ. თუმცა ოფიციალურად აკრძალული იყო, მაგრამ მაინცდამაინც არავინ გვდევნიდა, არც მასობრივი დაჭერები არ ყოფილა. დღეს ზოგი იგონებს, რომ დამდევდნენო, სისულელეა, არავის დასდევდნენ.

- ვინ იყო საბჭოთა კავშირში სპორტის ამ სახეობაში ბოლო ჩემპიონი?

— საბჭოთა კავშირი უზარმაზარი ქვეყანა იყო და ნებისმიერი რესპუბლიკა ტერიტორიით საქართველოზე დიდი იყო და ამ 14 რესპუბლიკის ჩემპიონობა იმას უდრიდა, რომ მსოფლიო დონის სპორტსმენი უნდა ყოფილიყავი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ყველა ოლიმპიური ჩემპიონი იყო. 1983 წელს, როცა ქართველი გია ბაკურაძე გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი კარატეში, ამით საბჭოთა კავშირის კარატეს ისტორია დაიხურა. გიას მერე საბჭოთა კავშირის ჩემპიონი არავინ ყოფილა. დღეს კარატე უკვე ოლიმპიური სახეობების სიაში შეიტანეს. ამიტომ მას დიდი ყურადღება ექცევა.

© Photo: Courtesy of Zurab Lejavaზურაბ ლეჟავა და გიორგი ბაკურაძე ვარჯიშის დროს
ზურაბ ლეჟავა და გიორგი ბაკურაძე ვარჯიშის დროს - Sputnik საქართველო
ზურაბ ლეჟავა და გიორგი ბაკურაძე ვარჯიშის დროს

- ბატონო ზურაბ, ისეთივე პროფესიონალი კარატისტი ხართ როგორც გიტარისტი…

— გიტარა ჩემს ცხოვრებაში უფრო ადრე გაჩნდა. როცა 12-13 წლის ვიყავი მაშინ მოდაში ძაგნიძე-ჩხიკვაძის დუეტი იყო. ორივე ვირტუოზი გიტარისტი გახლდათ. ისინი შვიდ სიმიან გიტარაზე უკრავდნენ. მოგვიანებით მათ დავუახლოვდი კიდეც. თავიდან დაკვრა ყველამ შვიდიანზე ვისწავლეთ. ჩვენზე ადრე იყო ოთარ რამიშვილი. იმ დროს ჯემალ ბაღაშვილი მარეხ გოძიაშვილთან ერთად გამოდიოდა. გიტარაში პროფესიონალი ვარ მეთქი ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ჩემზე უფრო  პროფესიონალებიც არიან.  ვცდილობ, ობიექტური ვიყო, ვფიქრობ, როცა მუსიკალურ სამყაროში პაკო დე ლუსიაა…

- ეგ ესპანელებს ჰყავთ და ქართველებს ჩვენი პაკო დე ლუსია უნდა გყავდეს…

— კი, ბატონო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რახან ქართველი ხარ, ცუდად უნდა უკრავდე. მსოფლიოში გარკვეული სტანდარტი არსებობს. რახან ქართველი ვარ, იმას არ ნიშნავს, რომ მათემატიკა კარგად უნდა ვიცოდე. თუმცა პატარა ერის წარმომადგენლები იყვნენ: ყიფიანი, მესხი, მეტრეველი, მაგრამ ისინი ისე თამაშობდნენ, რომ მსოფლიო სტანდარტს ერგებოდნენ.

- იაპონიაში თუ ხართ ნამყოფი?

— არა, როცა უნდა წავსულიყავი მაშინ, როგორც ახლა, გრიპი მქონდა და ვერ გავემგზავრე…

- გრიპი თუ გერეოდათ ვერ წარმოვიდგენდი…

— სხვათაშორის ერთადერთი, რაც მერევა — გრიპია!.. იმიტომ, რომ ვინც ეწევა და ალკოჰოლს სვამს, იმას გრიპის ვირუსი ვერ ერევა.

- ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ გრიპის გამო მოწევა დაიწყეთ მეთქი, უბრალოდ გამოჯანმრთელებას გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0