როგორ გააცურა მსახიობები ნანული სარაჯიშვილმა და მისი ყველაზე ბედნიერი დღე

© FB /Niko Bagashviliნანული სარაჯიშვილი
ნანული სარაჯიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბობენ, ბიოლოგიური ასაკი მხოლოდ ცარიელი ციფრებია და სინამდვილეში იმდენი წლის ხარ, რამდენადაც თავად გრძნობ თავსო. ნანული სარაჯიშვილის შემთხვევაში ასაკი პირობითი ცნებაა, რადგან მას დღემდე ლამის იმ 12 წლის გოგონასთან აიგივებენ, როგორიც პირველად გამოჩნდა ეკრანზე კინოფილმში „მანანა“.

როცა ასე ადრეულ ასაკში შენი პირველი პარტნიორები ქართული კინოს გამორჩეული მსახიობები ხდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ბედის რჩეული ხარ. არადა, გამორჩეული როლები და იშვიათი პარტნიორები თეატრსა თუ კინოში მერეც არა ერთხელ იყო.

მის შემოქმედებაზე საუბარს ვამჯობინეთ, ბავშვობის კუმირს დავკავშირებოდით და მისი დაბადების N წელი მისთვის ბუნებრივად და უშუალოდ მიგველოცა… 

© National Library of Georgiaნანული სარაჯიშვილი და ევა ბოლქვაძე
ნანული სარაჯიშვილი და ევა ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
ნანული სარაჯიშვილი და ევა ბოლქვაძე

- ქალბატონო ნანული, ოპტიმისტები ამბობენ, რომ ასაკი მხოლოდ „მშრალი“ ციფრებიაო, თუ ეთანხმებით?

— კი, ვეთანხმები. ბიოლოგიურ ასაკს ადამიანის შინაგან განწყობასთან კავშირი არ აქვს, მართლაც როგორც გრძნობ თავს, ზუსტად იმდენი წლის ხარ…

- თქვენთვის ალბათ ბევრჯერ უთქვამთ, რომ ასაკი არ გეტყობათ…

— თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი ვიცი, რამდენი წლის ვარ და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს.

- მაშინ ცოცხალი თავით არც მე გეტყვით, რამდენის გახდით…

— არავითარ შემთხვევაში არ მითხრათ!..

- ნება თქვენია, არ გეტყვით… ყველაზე პირველი ვინ გილოცავთ ხოლმე ამ დღეს?

— ამას არ დავკვირვებივარ, მგონი, ყველა მილოცავს: ტელეფონით, პირადად, ტელევიზიიდან. შარშან მაგალითად ნიკა წულუკიძემ გააკეთა ამ დღეს ჩემზე დიდი გადაცემა, სადაც ჩემი მეგობრები მიიწვია.

- ყველაზე უჩვეულო დაბადების დღე სად გადაგიხდიათ?

— ასეთი რამ ბევრჯერ ყოფილა, როცა დასამახსოვრებელი დაბადების დღე გადამიხდია, მაგრამ რაც დრო გადის, ასაკში რაც შევედი, უფრო და უფრო არ მაქვს ამ დღის გადახდის სურვილი. დამამახსოვრდა დაბადების დღე, რომელიც ერთხელ მამაოებთან გადავიხადე — ძალიან ბედნიერი ვიყავი. ეს იყო მცხეთაში, ტაძარში ვიყავით და მოგვიანებით უკრაინიდან და საბერძნეთიდან ჩამოსული სასულიერო პირებიც შემოგვიერთდნენ. მაშინ ძალიან ამაღლებულ განწყობაზე დავდექი…

- ქალბატონო ნანული, რატომღაც წლებს დაბრძენებასთან აიგივებენ და თქვენ როგორ ფიქრობთ?

— აბა, რა გითხრათ, ამ წლების მანძილზე რა ვისწავლე, ვერ გეტყვით, მაგრამ ერთს კი მივხვდი,  რომ მთავარი ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე ყოფილა.

- რის ხარჯზე მოიპოვება ეს სიმშვიდე?

— იმის ხარჯზე, რომ შენს გარშემო ყველა: შენიანი და სხვაც კარგად არის, მაშინ ცხოვრება მშვიდია — ეს კი სულიერი სიმშვიდის წინაპირობაა. 

- თქვენი დაბადების დღე, შეცდომით ცნობილია, როგორც 13 იანვარი და რატომ მოხდა ასე?

— რატომღაც ყველგან ასეა. შარშანაც 13-ში მომილოცეს და რატომ გავრცელდა ასე შეცდომით, ვერ გეტყვით, ალბათ ერთი დღით მომიმატეს ასაკი.

- ქალბატონო ნანული, ვინ იყო და ვინ არის თქვენი მთავარი ადამიანი, ვინც ცხოვრებას სინათლესავით გასდევს?

— დედა… ასეთი ადამიანი დედა იყო. ეს ყველაზე ერთგული ადამიანია მარტო ჩემს კი არა, ყველას ცხოვრებაში, ეს არის ადამიანი, ვისაც შენთვის სიკეთე ყველაზე მეტად უნდა. ძალიან მიყვარდა დედაჩემი, რომელიც დღეს სამწუხაროდ აღარ არის, ის ძალიან დამაკლდა და მენატრება. დედა ჩემთვის ყველაფერი იყო…

- დაბადების დღე ზოგადად ოპტიმისტური თარიღია — ჩვენი სამყაროში მოვლინების დღეა, ამის გარდა ყველაზე ბედნიერი დღე შეგიძლიათ გაიხსენოთ?

— კი, შემიძლია, ეს არის დღე, როცა შვილიშვილი შემეძინა.

- დემეტრეზეა საუბარი?

— კი, მასზეა, ჩემი დის შვილიშვილზე, რომელიც დღეს ორწილახევრისაა და როცა ის გაჩნდა ეს დღე ძალიან ბედნიერი იყო ჩემთვის. 

- მსახიობურ ნიჭს ჯერ ვერ გამოამჟღავნებდა, ადრეა..

— ადრეა, მაგრამ სხვათაშორის როცა თეატრში მიმყავს, უკვე სცენისკენ გარბის ხოლმე — იქ გამიშვიო. მე კი ვეუბნები, რომ შენთვის ჯერ ადრეა მეთქი. 

- თქვენ საკმაოდ ადრე გამოამჟღავნეთ ეს ნიჭი, პარტნიორებიც საოცარი გყავდათ, კადრს მიღმა მომხდარი ამბები ალბათ ბევრჯერ გაქვთ მოყოლილი და მაინც… 

— როდესაც „მანანას“ ვიღებდით, მთელი ჯგუფი თავზე მევლებოდა, მეფერებოდა და მანებივრებდა. ასეთი ამბავი მახსენდება: ერთ სცენაში ბატონ იაშა ტრიპოლსკის ჩემთვის ყური უნდა აეწია. ბატონმა იაშამ მითხრა:  მე  ვითომ მაგრად აგიწევ და ისეთი სახე მიიღე, ვითომ გეტკინაო. გვერდზე არ გაიწიო, რომ მართლა არ გატკინოო. გადაღების დროს ბატონმა იაკობმა ყური მსუბუქად ამიწია, მაგრამ მე ისე ვიყვირე, ვითომ ძალიან მეტკინა. ბატონი იაშა შეწუხდა, მსახიობებს კი ეგონათ, რომ სინამდვილეში მეტკინა. ბოლოს ყველაფერი გაირკვა. ტრიპოლსკიმ სახალხოდ შემაქო: ახლა, ვხედავ, რომ შენგან მსახიობი ნამდვილად გამოვაო. 

- ქალბატონო ნანული, არის როლი, რომელზეც ჩუმად ოცნებობდით?

— სხვათაშორის, ვერ გეტყვით, რომ რაიმე როლზე ოდესმე მიოცნებია. ყველა როლი თავისთავად მოდიოდა და ალბათ მომავალშიც მოვა, ამის იმედი მაქვს.

- დიდი მადლობა და მინდა გისურვოთ სულ ასეთი პოზიტიური და ენერგიული იყოთ.

— ვეცდები, ამას პირველ რიგში ჩემი მაყურებლისთვის ვეცდები…

 


ყველა ახალი ამბავი
0