10:03 22 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
ანა გორგაძე

ვაიმარის კამერული გუნდის ქართველი სოლისტი და გერმანელების მიერ შესრულებული „ალილო“

© Photo: Courtesy of Anna Gorgadze
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
ქართველები უცხოეთში (107)
1279111

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ გაგაცნობთ გერმანიაში მცხოვრებ ანა გორგაძეს, რომელიც უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის სტუდენტია და ვაიმარის კამერული გუნდის სოლისტი.

თბილისის მუსიკალური ათწლედის დამთავრების შემდეგ კონსერვატორიაში ჩააბარა. იყო „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სტიპენდიანტი და სწავლის პერიოდში რამდენჯერმე დაენიშნა ნიკო სულხანიშვილის სახელობის სტიპენდია, ორჯერ გადაეცა მერიის სახელობითი სტიპენდია. 2017 წელს ვაიმარის ფერენც ლისტის სახელობის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში მოხვდა. სწავლის პარალელურად ვაიმარის კამერულ გუნდთან ერთად გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გასვლითი კონცერტებით გამოდის. ნიჭიერ მუსიკოსს ვაიმარში დავუკავშირდით.

ანა გორგაძე
ანა გორგაძე

-ანა, მუსიკასთან თქვენი ურთიერთობა როდის დაიწყო?

— დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო მაშინ, როდესაც სკოლის პარალელურად შემიყვანეს თბილისის №1 ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში, ანუ ე.წ. „ნიჭიერთა ათწლედში“ საფორტეპიანო განყოფილებაზე. იქ ჩემი პედაგოგი ცირა კარგარეთელი იყო. მეცხრე კლასიდან საკუთარი სურვილით გადავედი საგუნდო–სადირიჟორო ფაკულტეტზე, რომელიც სასწავლებელში სულ ახალი გახსნილი იყო. ხაზგასმით იმიტომ ვთქვი ჩემი სურვილით მეთქი, რომ გუნდში სიმღერა ჩემთვის ყოველთვის  უდიდეს სიხარულთან იყო დაკავშირებული, შესაბამისად გადავწყვიტე, ეს სფერო უფრო საფუძვლიანად შემესწავლა. სასწავლებელში ჩემი გუნდის პედაგოგები იყვნენ: ქალბატონი ნანა მუნჯიშვილი და მაესტრო გივი მუნჯიშვილი. 2011 წელს ჩავაბარე თბილისის კონსერვატორიაში, სადაც 2017 წლამდე ვსწავლობდი აკადემიური გუნდის დირიჟორობის განხრით, ქალბატონ ლიანა ლომიაშვილის კლასში. სწავლასთან ერთად, მეორე კურსიდან სხვადასხვა მუსიკალურ სასწავლებლებში ვოკალისა და გუნდის პედაგოგად ვმუშაობდი. სხვადასხვა აკაპელა გუნდებში ვმღეროდი.

ანა გორგაძე კოლეგებთან ერთად
ანა გორგაძე კოლეგებთან ერთად

- პროფესიული ზრდისთვის გერმანიაში გამგზავრებამდე ადვილი გზა არ გაგივლიათ…

— დიახ, ამ იდეის განხორციელებას დიდი დრო, ენერგია და მომზადება დაჭირდა. სხვადასხვა სახელობითმა სტიპენდიებმა სტიმული მომცა. 2017 წელს ვაიმარის ფერენც ლისტის სახელობის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში პროფესორ იურგენ ფუშბეკის კლასში ჩავაბარე. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ სტიპენდიანტი გავხდი და რომ არა მათი თანადგომა, ჩემი გერმანიაში სწავლის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგებოდა. ვაიმარი- ბახისა და ლისტის ქალაქია და ასევე ევროპაში აღიარებული კულტურული ცენტრი, შესაბამისად ჩემი მოლოდინიც გამართლდა და ყველაფერი შესანიშნავად წარიმართა. ჩვენი პირველი კონცერტები უმაღლესი სასწავლებლის კამერული გუნდის მონაწილეობით იყო გასვლითი სახის პროგრამაში საახალწლო და საშობაო  საგუნდო სიმღერები გვქონდა.

- გერმანული გუნდის მიერ შესრულებულმა „ალილომ“ დიდი მოწონება დაიმსახურა.

— დიახ, ბატონი ვახტანგ კახიძის უკვდავმა „ალილომ“ ზვიად ბოლქვაძის არანჟირებით ხალხში დიდი მოწონება დაიმსახურა.  ეს სიმღერა ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან ახლოა და ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, მაგრამ გერმანელებშიც თუ იმავე ემოციებს გამოიწვევდა, ნამდვილად არ მეგონა. მიხარია, რომ უცხო ხალხმა ასე გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი ნამღერი და თვითონ გუნდის წევრებმაც, სადაც მხოლოდ გერმანელები მღეროდნენ, ეს ნაწარმოები მთელი გულით შეასრულეს. როდესაც „ალილოზე“ ვმუშაობდი გუნდთან, მათ თითქოს მაშინ დამინახეს და შემამჩნიეს, რომ თურმე ისეთი ქვეყნიდან ვარ, სადაც ასეთ სიმღერებს წერენ და ასე გულით მღერიან. შევეცადე სწორედ ამ სიმღერით მიმეწოდებინა ინფორმაციები საქართველოზე, რაც მათ ჩვენს პატარა ქვეყანაზე წარმოდგენას შეუქმნიდა. ასეც მოხდა, ერთ–ერთი კონცერტის ბოლოს ჩემთან მოვიდა ერთი გერმანელი ქალბატონი, რომელიც აღფრთოვანებული იყო ამ მუსიკით და მითხრა: „ალბათ ქართული ფესვები გაქვს, რადგან ეს სიმღერა იმდენად გულით იყო შესრულებული თქვენს მიერ, რომ ცრემლები ვერ შევიკავე“.

ანა გორგაძე
ანა გორგაძე

- ანა, როგორ შეეგუა თქვენი ქართული ბუნება გერმანული ცხოვრების წესს და ურთიერთობებს?

— მიუხედავად იმისა, რომ ვაიმარში ჩემი ყოფნის პირველი სემესტრია, მინდა ვთქვა, რომ სამშობლოსთან და ოჯახთან სიახლოვე ძალიან დამაკლდა. ამას რაც დრო გადის უფრო ვხვდები და ვიაზრებ. გამომდინარე იქიდან, რომ დავიბადე და გავიზარდე თბილისში, ქართულ–ტრადიციულ ოჯახში, ჩემი სახლიდან ყოველთვის ქართული სიმღერის ხმა გამოდიოდა. მამაჩემი ქირურგი გახლდათ, თუმცა მასთან ერთად ქართულ სუფრაზე გიტარის თანხლებით სიმღერას არაფერი შეედრებოდა. ის სითბო, რომელიც ნამდვილ ქართულ ოჯახს თან ახლავს ალბათ ყველა ადამიანისთვის განსაკუთრებულია. რთულია ამ ყველაფერთან განშორება და შემდგომ ახალი, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, სადაც ყველა აგური შენი ხელით უნდა დააწყო. ახლა ვიგრძენი თუ რა განცდაა, როდესაც უცხოელად მოგიხსენიებენ და ხალხისთვის შენ ერთი, შეიძლება ითქვას, არც ისე ცნობილი, პატარა ქვეყნიდან ხარ, რომელსაც საქართველო ჰქვია. მათთვის შენ საქართველოს სახე ხდები, ამიტომ ერთი შეცდომის დაშვების უფლებაც არ გაქვს. გერმანული ბუნება, რომელიც ჩემთვის ძალიან მოწესრიგებულია და ყოველთვის ჩარჩოების ფარგლებში ჯდება, ალბათ ეს არის ქართული თავისუფალი ბუნებისთვის ყველაზე რთული შესაგუებელი, თუმცაღა, ამავე დროს გასათვალისწინებელი და მისაბაძი. გულწრფელად გეტყვით, გამიჭირდა ხალხთან კონტაქტში შესვლა. თითქოს მათთვის შეუმჩნეველი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ კვირას 50 კაციან გუნდში ვმღეროდი.

- მალე შობა დღეს  ალბათ „ალილოს“ შეასრულებთ გერმანელებთან ერთად და მონატრებულ ახლობლებსაც გაიხსენებთ…

— მენატრება ოჯახი, მეგობრები, თბილისის ქუჩები. ჩემმა მეგობარმა თბილისში, ჩემი ქუჩის ფოტო გამომიგზავნა, რომელიც იმ დღეს გადაეღო. მეც წარმოვიდგინე, რომ იქ ვიყავი და გული სითბოთი ამევსო. თურმე რა პატარა რამემ შეიძლება ადამიანში დიდი ემოცია გამოიწვიოს, თანაც, როდესაც შენი ქვეყნიდან მოშორებით ხარ. მენატრება  დედაჩემის გაკეთებული საჭმელები, რომელიც საშობაო სუფრაზე ყოველთვის განსაკუთრებულად გემრიელია. ვაიმარში აღმოვაჩინე ჩემს სახლთან ძალიან ახლოს რუსული მართლმადიდებლური ტაძარი, ალბათ ესეც სასწაულია და აგიხსნით რატომ. თბილისში, ყოველ კვირა ვგალობდი ღვთისმშობლის შობის ტაძარში და ასევე ვრეგენტობდი. სულ ვამბობდი, ახლა რა მეშველება მეთქი და ძალიან განვიცდიდი ამ ამბავს. მოულოდნელად ჩემმა მეგობარმა ვაიმარში ამ ტაძრის არსებობის შესახებ მითხრა. როდესაც ეს ტაძარი ასე ახლოს  აღმოვაჩინე, ამან შოკში ჩამაგდო და ამავდროულად ძალიან გამიხარდა. იქ გავიცანი ქართველი გოგო, რომელიც ამ ტაძარში გალობს. ახლა ვმეცადინეობთ, რომ სამომავლოდ რამდენიმე ქართული საგალობლის ღვთისმსახურების დროს გალობა შევძლოთ. ტაძრის წინამძღვრისგან უკვე მივიღეთ კურთხევა და ახლო მომავალში ალბათ გალობასაც შევძლებთ. შესაბამისად შობასაც სწორედ ამ ტაძარში შევხვდები…

 

თემები:
ქართველები უცხოეთში (107)

მთავარი თემები