გიორგი თავაძის თეატრალური მიგნებები და „კარგი სპექტაკლის ნახვის ბედნიერება“

გამოწერა
„სპექტაკლი, რომელიც საქართველოში ჩემი პიესის „გვესაჭიროება მოხუცი კლოუნის“ მიხედვით დადგეს, ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო, ორიგინალური და გიჟურია, რაც კი სადმე მინახავს“- ეს გახლავთ ამონარიდი ცნობილი ფრანგი დრამატურგის, მატეი ვიშნეკის პუბლიკაციიდან „კარგი სპექტაკლის ნახვის ბედნიერება“.

რეჟისორი სპექტაკლისა, რომელმაც აღფრთოვანებაში მოიყვანა ფრანგი დრამატურგი, გიორგი თავაძე გახლავთ.

ის თუ როგორ დადგას კარგი სპექტაკლი, მაყურებელს რომ ბედნიერება მიანიჭოს, ბატონმა გიორგიმ არა ერთხელ დაამტკიცა. სხვადასხვა დროს ის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი, სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორი და ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლდათ. მას არა ერთი მნიშვნელოვანი თეატრალური პრემია და ჯილდო აქვს მიღებული, მისი რეჟისორობით სხვადასხვა სცენაზე წარმატებით დაიდგა დრამატული და საოპერო სპექტაკლები. ცხოვრებაზე და თეატრზე სასაუბროდ ბატონ გიორგის რეპეტიციის შემდეგ დავუკავშირდით.

© FB / გიორგი თავაძეგიორგი თავაძე
გიორგი თავაძე - Sputnik საქართველო
გიორგი თავაძე

- ბატონო გიორგი, მე ვფიქრობ, თქვენს შემთხვევაში კითხვის დასმას —რატომ აირჩიეთ რეჟისორობა, აზრი არა აქვს, თუ აქვს?

— როცა ოჯახის ყველა წევრი თეატრში მოღვაწეობს, გარკვეულად ეს ფაქტორი შენზე მოქმედებს. ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილება კი იმდენად ძლიერია, რომ სხვა სფეროში მოღვაწეობა არც მიფიქრია. თავდაპირველად მსახიობობა მინდოდა, მაგრამ შემდეგ რეჟისორობა გადავწყვიტე, მაშინ არ ვიცოდი თუ რამდენად რთულ საქმეს მოვკიდე ხელი, ალბათ ბოლომდე ვერასდროს ამოიცნობ თეატრის იდუმალებით მოცულ, პარადოქსულ ბუნებას…

- თქვენ დაამთავრეთ რობერტ სტურუას კლასი, ეს იმას ნიშნავს, რომ თეატრში იმავე გზას აგრძელებთ, თუ იმ გამოცდილებას თქვენს მიერ მოძებნილი ფორმა მოარგეთ?

— რამდენადაც ბედნიერებაა ასეთი დიდი მაესტროს მოწაფეობა, იმდენად რთულია გამოხვიდე მისი გავლენის სფეროდან, როდესაც ხელობას რობერტ სტურუას გასაოცარ რეპეტიციებზე სწავლობ. მე დიდი დრო დამჭირდა იმისათვის, რომ საკუთარი ხელწერა მეპოვნა. ბატონ რობერტს სწავლების თავისებური მეთოდი აქვს,  სასწავლო პროცესი თეატრში პრაქტიკული მუშაობისგან შედგება. ასე რომ, ჩემი პროფესიული დაოსტატება, საბედნიეროდ, რუსთაველის თეატრში გენიალური რეჟისორის რეპეტიციებზე მოხდა.

© FB / გიორგი თავაძერობერტ სტურუა და გიორგი თავაძე
გიორგი თავაძე - Sputnik საქართველო
რობერტ სტურუა და გიორგი თავაძე

ერთი შემთხვევა მახსენდება: პირველ კურსზე უნდა დამეწერა პიესის სარეჟისორო ექსპლიკაცია და ლექციაზე წამეკითხა. (ლექციები რუსთაველის თეატრში გვიტარდებოდა) სტურუამ შეგვიყვანა დარბაზში და მითხრა: სცენაზე ადი და იქიდან მოგვიყევი სპექტაკლის ჩანაფიქრიო, თან მსახიობებს დაუძახა და ისინი პარტერში დასვა. კახი კავსაძე, ავთო მახარაძე, ჟანრი ლოლაშვილი და ყველა ვინც კი კულისებში იყო პარტერში შემოვიდა. აბა, დაიწყეო!  მე დავიწყე სპექტაკლის ჩანაფიქრის მოყოლა, მაგრამ მეორე წინადადება არ მქონდა დამთავრებული, რომ ბატონმა რობერტმა ჟანრის ხმამაღლა, სულ სხვა თემაზე ლაპარაკი დაუწყო. მე გავჩერდი და დაველოდე… ის მომიბრუნდა და მითხრა: შენ განაგრძეო. განვაგრძე, მაგრამ წინადადება ვერც კი დავამთავრე, რომ ისევ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. ისევ გავჩერდი, ვიგრძენი როგორ გავხურდი და ალბათ გავწითლდი კიდეც. მან კი — რატომ გაჩერდი, გისმენთო. მცირე პაუზის შემდეგ, განვაგრძე და როცა მნიშვნელოვან ადგილამდე მივედი, ის უცებ ადგა და დარბაზიდან გავიდა. მსახიობები მამხნევებდნენ: განაგრძეო! ჩვენ ყურადღებით გისმენთო… ცოტა ხანში სტურუა დაბრუნდა და მეუბნება: გოგა, მოდი, რესტორანში წავიდეთ და დანარჩენი იქ მოგვიყევიო… რესტორანში ჩატარებული „ლექცია“ დღემდე მახსოვს. ისეთი ზუსტი შენიშვნები მომცა ჩემს ჩანაფიქრთან დაკავშირებით, რომ ძალიან გამიკვირდა… როგორც აღმოჩნდა, ყველაფერს თურმე გულდასმით უსმენდა და ბოლოს მითხრა: როდესაც თეატრში დამწყები რეჟისორი შენს პირველ რეპეტიციაზე შეხვალ, მსახიობები შენს ჩანაფიქრს თავიდან სკეპტიკურად შეხედავენ. იქ ერთმანეთში გადაძახილი და შეიძლება სიცილიც იყოს და თუ ამ მომენტში დაიბენი და თავი ხელში ვერ აიყვანე, უცებ გაგაფუჭებენო. ამიტომ ამისათვის მზად უნდა იყო. იცოდე, რომ რეჟისორის პროფესია — ეს გაბედული ხალხის და ვაჟკაცების პროფესიააო… მისი ეს სიტყვები სულ მახსოვს და ეს დარიგებაც მომავალში ძალიან გამომადგა.

© FB / გიორგი თავაძეგიორგი თავაძე
გიორგი თავაძე - Sputnik საქართველო
გიორგი თავაძე

- ბატონო გიორგი, რომელია სპექტაკლი, რომელმაც პრიზის გარდა შემოქმედებითი სიამოვნება მოგიტანათ?

— სპექტაკლის შექმნის პროცესი თავისთავად შემოქმედებითი სიამოვნებაა, მაგრამ მე მაინც გამოვყოფდი ერთს: მე და ირაკლი სამსონაძემ ერთად შევქმენით პიესა „საღამოს ბაღში როგორც ფერად სიზმარში“, რომლის შექმნის პროცესიც უცნაური იყო. ეს პიესა ჩემს სახლში დაიწერა. მე და ირაკლის ხანგრძლივი შემოქმედებითი ურთიერთობა გვაკავშირებს და პირველი სადიპლომო სპექტაკლიდან დაწყებული ერთად ვმუშაობთ.  ჩვენ გვქონდა ჩანაფიქრი, რომლისთვისაც მივხვდი, რომ საჭირო იყო სადღაც განმარტოება და ერთგვარი „შემოქმედებითი შტურმი“. ამიტომ ბებიაჩემის სახლში დაახლოებით ათი დღე დავყავით. საოცარი შემოქმედებითი პროცესი იყო იმ თვალსაზრისით, რომ დღე და ღამე ვმუშაობდით, თანაც, ჩემმა ძმაკაცმა 20 ლიტრი ღვინით მოგვამარაგა. თუმცა რა თქმა უნდა იქამდე არასდროს მივსულვართ, რომ ერთმანეთი ვერ გვეცნო… ჩვენ ვთხზავდით სპექტაკლს და ჩანაფიქრი პარალელურად ქაღალდზე გადაგვქონდა. ეს არ იყო უბრალოდ ერთად დაწერილი პიესა, ეს იყო კონკრეტული დადგმის ტექსტი და სცენური გადაწყვეტა: დეკორაცია და მხატვრობა, რაც მოგვიანებით სპექტაკლში განვახორციელე. ამ პიესაზე მუშაობა ჩემთვის უნიკალური შემოქმედებითი პროცესი იყო და შედეგიც სასურველი მივიღეთ. საერთოდ ყველა სპექტაკლი გარკვეულად პროფესიული აღმოჩენაა, ერთის გასაღები მეორეს არასოდეს ერგება. ხანდახან გეჩვენება, რომ არაფერი იცი და ხელობას თავიდან სწავლობ. ასეთ შედარებას მოვიყვან: თითქოს უდაბნოში ხარ და წყლის ძებნას იწყებ, არასოდეს იცი დაიკარგები თუ გადარჩები ან იპოვნი აქედან გასასვლელ გზას თუ არა…

© FB / გიორგი თავაძეგიორგი თავაძე
გიორგი თავაძე - Sputnik საქართველო
გიორგი თავაძე

- თქვენ ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყავით. როგორ გახსენდებათ შემოქმედების ბათუმური პერიოდი?

— ჯერ ასეთ ამბავს მოგიყვებით: რუსთაველის თეატრში  სპექტაკლი უნდა დამედგა, როლები განაწილებული მქონდა, ორ დღეში რეპეტიციები უნდა დამეწყო და სტურუასთან შესათანხმებლად თეატრში მივედი. რობერტ სტურუა ჩემთვის უცნობ მამაკაცთან ერთად იჯდა. უცნობი პიროვნება ბათუმის თეატრის დირექტორი აღმოჩნდა. რობიკო მითხრა: შენთან პარტიული დავალება მაქვს, ბათუმის თეატრში თუ წახვალ სამხატვრო ხელმძღვანელადო? შეგახსენებთ, რომ ამ პერიოდში ბათუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თავად სტურუა იყო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ყველა ცხელ წერტილში ის მე მიშვებდა.

- ბათუმი ცხელ წერტილად რა თვალსაზრისით ითვლებოდა?

— იმიტომ, რომ იმ პერიოდში თეატრი რთულ მდგომარეობაში იყო. ორ დღეში ბათუმში ჩავედი და იქიდან მოყოლებული 8 წელი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვიყავი. ჩემი პირველი სპექტაკლი, რომელიც ბათუმში გავაკეთე იყო „საღამოს ბაღში როგორც ფერად სიზმარში“-ეს სპექტაკლი გამორჩეულად ძვირფასია ჩემთვის. ალბათ იმიტომ რომ იქიდან ყველა ფრაზა ვიცი როდის და რა ვითარებაში დაიბადა. გარდა ამისა, როგორც დრამატურგიული, ასევე რეჟისორული თვალსაზრისით ამ სპექტაკლში ჩემთვის საინტერესო თხრობის ფორმას მივაგენი.

- ბატონო გიორგი, თქვენ სცენაზე ყველა ჟანრის სპექტაკლი გაქვთ დადგმული, თუ იცით, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ცხოვრების სცენაზე იმისთვის, რომ სიცოცხლე ფარსად და ტრაგედიად არ იქცეს?

— მართალი და რაც შეიძლება გულწრფელი უნდა იყო და საკუთარი შეცდომებისა და ცოდვების არ უნდა გრცხვენოდეს. მეჩვენება, რომ სიყალბე ყველაზე დიდი მანკიერი თვისებაა, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს. მით უფრო შეუძლებელია, რომ ხელოვანი თავის შემოქმედებაში გულახდილი არ იყოს. სწორედ იმიტომ მიყვარს თეატრი, რომ საქვეყნოდ აღსარების თქმის საშუალება გვაქვს… ჩვენ ხომ მაყურებელს საკუთარ ვნებებზე,  ცოდვებსა და განცდებზე ვუყვებით?!.  ვსაუბრობთ იმ თემებზე, რაზეც საუბარი სხვა შემთხვევაში შეგვრცხვებოდა…  მე ვფიქრობ, რომ ის ღვთიური  ენერგია, რაც ღმერთმა გიბოძა, სიყვარულთან ერთად სიმართლეში არსებობს, ამიტომ  სიმართლისათვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო…

 

ყველა ახალი ამბავი
0