გია ტოგონიძის მოულონელი მეტამორფოზა და „წვიმების ვალსი“ 49 წლის ასაკში

© FB / Zazanovaგია ტოგონიძე კითხულობს საკუთარ ლექსს „ზაზანოვაში“ მოწყობილ საღამოზე
გია ტოგონიძე კითხულობს საკუთარ ლექსს „ზაზანოვაში“ მოწყობილ საღამოზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამბობენ, ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დრო აქვსო. ორი ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს წევრი, „მეორე არხის“ სარეკლამო განყოფილების უფროსი, „იმედის“ პროგრამების პროდიუსერი...

ალბათ ამ პოზიციებზე მუშაობის დროს გია ტოგონიძისთვის ვინმეს რომ ეწინასწარმეტყველა, დრო მოვა, ლექსების წერას დაიწყებ და კრებულსაც გამოსცემო, რბილად რომ ვთქვათ, არანორმალურად ჩათვლიდა. რადგან ტელევიზიის „საგიჟეთში“ მუზების ადგილი ნამდვილად არ იყო. დღეს კი მის პოეზიას უკვე ჰყავს ერთგული მკითხველიცა და თაყვანისმცემელიც.

© FB/ Gia togonidzeგია ტოგონიძე
გია ტოგონიძე - Sputnik საქართველო
გია ტოგონიძე

— ბატონო გია, საქართველოში ლექსები არავის უკვირს და როგორც წესი, წერას ბავშვობიდან იწყებენ, მაგრამ საინტერესოა, 49 წლის ასაკში, რა გახდა წერის იმპულსი?

— მართალია, პოეზია ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ლექსებს 49  წლამდე არ ვწერდი. ზუსტად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ერთ დღეს უცებ დავიწყე წერა. ჩემი პირველი ლექსი იყო „დაკარგული ფოთოლი“. იმპულსი, ალბათ, მძიმე სულიერი მდგომარეობა იყო, რაც უმუშევრობიდან გამომდინარე დამემართა.

კიდევ  ვფიქრობ, ეს გენეტიკის გამოც მოხდა. მამაჩემი ბავშვობიდან წერდა. ის კომუნისტურ ეპოქას ებრძოდა და ბუნებრივია, ლექსებს არ უბეჭდავდნენ. რაც შეეხება ბიძას, ანუ მამის ძმას, ის 1929 წელს პარიზში წავიდა ემიგრაციაში. იქ წერდა ლექსებს და პარიზშივე გამოსცა ორი კრებული. ბაბუა 1937 წელს დახვრიტეს და ამიტომაც პოლიტიკურად მიუღებელი იყო. გურამ შარაძის ემიგრაციის მუზეუმში მისი ლექსების ორი კრებულია. გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსიკო ადრე „იმედში“ მუშაობდა და მან მაჩვენა ის კრებულები. მომავალში მინდა მამის და ბიძაჩემის ლექსები ერთად გამოვცე.

© FB /Gia Togonidzeყველგან მხოლოდ ლექსთან ერთად
ყველგან მხოლოდ ლექსთან ერთად  - Sputnik საქართველო
ყველგან მხოლოდ ლექსთან ერთად

— ტელევიზიაში თქვენი საქმიანობა არ იყო, ასე ვთქვათ, მთლად პოეტური. გაიხსენეთ, როგორ „გაჩნდა“ ტელევიზია თქვენს ცხოვრებაში?

— ტელევიზიაში ახალგაზრდობის რედაქციაში მუშაობა 1990 წელს დავიწყე. იქ ჩემმა მეგობარმა ვანო სანებლიძემ მიმიყვანა. იმ პერიოდში  ლექსის წერისთვის არ მეცალა, სამსახურში სულ დაკავებული ვიყავი. ორი ტელევიზიის დირექტორთა საბჭოს წევრი, „მეორე არხის“ სარეკლამო განყოფილების უფროსი და „იმედის“ პროგრამების დირექტორი ვიყავი. იმ ხუთ ადამიანში შევდიოდი, ვინც თავიდან „მეორე არხი“ და შემდეგ კი „იმედის“ საქმიანობა დაიწყო. ეს, მგონი, არ არის პატარა საქმე — ყველაფერი ჩემს თვალწინ ხდებოდა: სტაფის აკრეფა, შემოქმედებითი თუ საორგანიზაციო საქმეები… მართალია, გადაცემას არ ვაკეთებდი, მაგრამ მიმართულების პროდიუსერობაც მებარა.

© FB /Natalia Pachkoriaძველი „ტელევიზიონშიკები“ - გია ტოგონიძე და ნატალია პაჭკორია
ძველი „ტელევიზიონშიკები“ - გია ტოგონიძე და ნატალია პაჭკორია - Sputnik საქართველო
ძველი „ტელევიზიონშიკები“ - გია ტოგონიძე და ნატალია პაჭკორია

—  ვიცი, რომ ქვეყნისთვის რთულ დროსაც ტელევიზიაში 24 საათიან რეჟიმში მუშაობდით…

— ასე იყო. შვებულებაში არასდროს ვყოფილვარ, სამსახურში ყოველდღე დავდიოდი. სულ რამდენიმე დღე მაქვს გაცდენილი, როცა ავად ვიყავი და სამსახურში არ მივსულვარ. მაშინ ტელევიზიაში ისეთი ამბები ხდებოდა, დღეს ვერც წარმოიდგენენ.

მახსოვს, ომის დროს რეკლამაზე რომ მოდიოდნენ, ჩემს კაბინეტში მაგიდის გვერდით ტყვიამფრქვევი იდო. რასაკვირველია, ჩემი არ იყო. ერთ დღესაც ტელევიზიაში რეკლამის დასაკვეთად იაპონელები მოვიდნენ და ტყვიამფრქვევი რომ დაინახეს, მოულოდნელობისგან გადაირივნენ.

რას ვიზამდით, ეგეთი დრო იყო…

© FB / David Kvirkveliaგია ტოგონიძე და სოფო შევარდნაძე
გია ტოგონიძე და სოფო შევარდნაძე - Sputnik საქართველო
გია ტოგონიძე და სოფო შევარდნაძე

— ვინ იცის, იქნებ პოეტი მაშინაც „იჯდა“ თქვენში?

— ვინ იცის?! მაგრამ თქვენ ხომ იცით, ტელევიზია რა არის? იმ საგიჟეთში საერთოდ არაფრისთვის მეცალა. დღე და ღამე იქ ვიყავი, ლექსის წერას კი უსაქმურობა უხდება. ალბათ ათი წლის წინ ვერაფერს დავწერდი, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

— თქვენს კრებულს „არყოფნის ზღვარზე“ ჰქვია — ასეთ სახელწოდებას შემთხვევით არ შეურჩევდით.

— ისეთ პერიოდში მომიწია ლექსების წერამ, როცა სწორედ არყოფნის ზღვარზე ვიდექი. შეიძლება ითქვას, რომ დეპრესიებისგან პოეზიამ უბრალოდ არ მიხსნა, ფაქტობრივად, გადამარჩინა. ჩემთვის ეს ნამდვილი თერაპია იყო. და მაინც, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ჩემი ოთხი შვილია: ერთი ბიჭი და სამი გოგო. 

© FB / Gia Togonidzeსტუმრად ლელა კაკულიასთან
სტუმრად ლელა კაკულიასთან - Sputnik საქართველო
სტუმრად ლელა კაკულიასთან

— ვიცი, რომ აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი თქვენი მეგობრები არიან. მაინტერესებს, მათ თუ  წააკითხეთ ლექსები?

— კი, ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. როცა დათოს ჩემი ლექსები მივუტანე, გაეცინა, ცხოვრებაში არაფერი დაგიწერია და უარს როგორ გეტყვი, წავიკითხავო. მერე კი  მითხრა, სანამ ვკითხულობდი, ერთი ცხოვრება დავამთავრეო. 

— ბატონო გია, რომელია ლექსი, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს თქვენს სულიერ მდგომარეობას?

© Gia TogoniZeგია ტოგონიძის ლექსების კრებული „არყოფნის ზღვარზე“
გია ტოგონიძის ლექსების კრებული „არყოფნის ზღვარზე“ - Sputnik საქართველო
გია ტოგონიძის ლექსების კრებული „არყოფნის ზღვარზე“

— ჩემს ახლანდელ მდგომარეობას ყველაზე კარგად გამოხატავს ლექსი „წვიმების ვალსი“, რომელიც ასე მთავრდება:

„ალბათ მომიწევს აპრილში მოცდა,

მგონი, ხელიდან გავუშვი შანსი,

რადგან უჩემოდ უკრავენ მოცარტს,

რადგან გრძელდება წვიმების ვალსი“.

— კიდევ რას უნდა ველოდეთ თქვენგან?

— სხვათა შორის, რომანის წერა დავიწყე და ამას, ალბათ, ორი წელი მაინც მოვუნდები…


ყველა ახალი ამბავი
0