ექსკლუზიური ლოგო ქართველი მეწარმე ქალისათვის ჟურნალ Vogue-ს დიზაინერისაგან

© FB/ Ministry of Corrections of Georgiaსამეწარმეო ორგანიზაცია The Powerful Woman-ის დამაარსებელი მეგან ვორდი N5 პენიტენციურ დაწესებულებაში
სამეწარმეო ორგანიზაცია The Powerful Woman-ის დამაარსებელი მეგან ვორდი N5 პენიტენციურ დაწესებულებაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეუძლია თუ არა ახალგაზრდა გოგონას ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მარტოხელა დედის ანაბარა, რომელიც სამსახურს და სახლს ერთდროულად კარგავს, სულ რაღაც ათ წელიწადში უდიდეს წარმატებას მიაღწიოს და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე გახდეს?

დიახ, ეს შესაძლებელია. ამის მაგალითი დეტროიტელი 27 წლის მეგან ვორდია, რომელიც ამერიკის საელჩოს მიერ ორგანიზებული 16 დღიანი აქციის ფარგლებში საქართველოს ეწვია და მეწარმე ქალთა სხვადასხვა ჯგუფებს შეხვდა.

© FB / Ministry of Corrections of Georgiaმეგან ვორდი პატიმარ ქალებთან შეხვედრაზე
მეგან ვორდი პატიმარ ქალებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
მეგან ვორდი პატიმარ ქალებთან შეხვედრაზე

აშშ-ში დღეისათვის ერთ-ერთი წარმატებული ვებდიზაინერი და ლოგოების ავტორი, ვოგის დიზაინის ერთ-ერთი შემოქმედი ახალგაზრდა ქალბატონი მიიჩნევს, რომ ქალებს ყველაფერი შეუძლიათ. მთავარია მიზნების მკაფიოდ განსაზღვრა, რას ვიმსახურებთ და შემდეგ მიზნის დასახვა, რომელსაც დაჟინებული შრომისმოყვარეობის ძალით მიაღწევს.

„შექმენით თქვენი ოცნებების დაფა. იფიქრეთ იმაზე, როგორ ცხოვრებას იმსახურებთ. დაწერეთ, როგორ გინდათ, გამოიყურებოდეს თქვენი ცხოვრება ერთი, ორი, სამი წლის შემდეგ. არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ ჩვენი ოცნებები არ ასრულეს. პირიქით, მიზნის დასახვისა და ცნონიერებაში წარმოდგენის შემდეგ სამყარო თავად გვეხმარება, ზურგის ქარს გვიგზავნის, რომ ოცნებები რეალობად ვაქციოთ. ჩვენ ქალები ვართ და ჩვენ ბევრი შეგვიძლია“.

მართლაც, მეგან ვორდი თვითნასწავლი დიზაინერი და კომპანიების მმართველია. კომპიუტერული პროგრამები, ვიდეო-მონტაჟი მან თავად შეისწავლა, მენტორისა და პედაგოგების გარეშე. მერე კი, როცა ერთ დღეს მიხვდა, რომ დამქირავებელი მის შრომას სათანადოდ არ აფასებდა, სამსახურიდან წამოვიდა და სამი კომპანია შექმნა, სამივე ქალებისათვის, რათა სხვა ამერიკელ ქალებსაც დახმარებოდა მეწარმეებად ჩამოყალიბებაში. ამისათვის მის ერთ-ერთ კომპანიას ოფისიც აქვს გამოყოფილი, სადაც ის ქალები სხედან და იწყებენ საქმეს, რომელთაც ჯერჯერობით საოფისე ფართი დაქირავების საშუალება არა აქვთ.

მეგანის ბიზნესი თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროს მოიცავს, თუმცა ის მიიჩნევს, რომ ტრადიციულ საქმიანობასაც შეუძლია, ადამიანი წარმატებულად აქციოს.

„მთავარი, რაც ჩვენ დიდი კომპანიებისაგან განსხვავებით გვაქვს, ეს ჩვენი პერსონალური ისტორიაა“, — ამბობს მეგანი, რომელიც დღეს კომპანიებს შინიდან მართავს.

ამჟამად მეგან ვორდი საქართველოშია და ის აქ 16 დღეს დაჰყოფს. შეხვდება ძალადობის მსხვერპლ, პატიმრობაში მყოფ, სოციალურად დაუცველ ქალებს; ქალებს, რომელთაც საკუთარი საქმისა და ცხოვრების თავიდან დაწყების სტიმული უნდა მისცეს.

„მეგანთან შეხვედრამ ცხოვრების ახალი სტიმული მომცა. მართალია, ამერიკის რეალობა ცოტა სხვაა, საქართველოში კი უფრო შეზღუდული რესურებია, მაგრამ მისი მაგალითი მაინც გამამხნევებელია. მთავარი, რაც მისგან მოვისმინე, არის ის, რომ აუცილებელია, შევქმნათ ჩვენი მომავლის ფანჯარა — დავწეროთ ჩვენი სურვილები და წარმოვიდგინოთ, რა გზით მივაღწევთ ამას. აუცილებლად გავაკეთებ ამას. ვფიქრობ, უკეთეს ცხოვრებას ვიმსახურებ“, — ეს დევნილი ქალბატონის სიტყვებია.

ძალადობის მსხვერპლებიც უკეთეს სამყაროსა და რეალობაზე ოცნებობენ. ისინიც საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ სტუმარს.

© FB / Ministry of Corrections of Georgiaმეგან ვორდს მსჯავრდებულებმა საკუთარი ნამუშევრები საჩუქრად გადასცეს
მეგან ვორდს მსჯავრდებულებმა საკუთარი ნამუშევრები საჩუქრად გადასცეს - Sputnik საქართველო
მეგან ვორდს მსჯავრდებულებმა საკუთარი ნამუშევრები საჩუქრად გადასცეს

ერთ-ერთი ყველაზე თბილი შეხვედრა, სადაც უამრავი საჩუქარი მიიღო, მეგან ვორდმა ქალთა კოლონიაში გამართა. აქ ქალები, რომლებიც განთავისუფლებისათვის ემზადებიან, სურვილის მიხედვით პროფესიებს ეუფლებიან. მაგალითად, ნანას ციხიდან გასვლის შემდეგ საკუთარი სალონის გახსნა სურს. ის აქ ქალებს ალამაზებს. თმის შეჭრა-შეღებვა და დავარცხნა ისწავლა. ნინოს პატარა სარეკლამო რგოლების დამზადება უნდა, მანანამ თექაზე მუშაობა ისწავლა და სურს, ძველი ქართული ორნამენტებით მოხიბლოს ტურისტები და ადგილობრივები. მეგანი, რომელსაც პატიმარმა ქალებმა საკუთარი ნამუშევრები უსახსოვრეს, მათ დაჰპირდა, რომ ერთ-ერთ მათგანს პირადად დაუმზადებს ლოგოს მომავალი ბიზნესისათვის.

მეგან ვორდის ქართული თავგადასავალი გრძელდება. მთავარი, რაც ამ ქალბატონმა გვითხრა, ისაა, რომ ადამიანს დაჟინებული შრომით, თვითგანვითარებით ყველაფრის მიღწევა შეუძლია და კიდევ ის, რომ სამყარო ნელ-ნელა იცვლება და ქალებს მეტი შესაძლებლობები უჩნდებათ საკუთარი თავის რეალიზებისათვის, ვირტუალური სამყარო კი ძალიან დემოკრატიული და უანგაროა. მთავარია, ჩაუჯდე და ისწავლო.

და კიდევ: ქალები უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს უკეთესი მომავლის შექმნაში!

 

ყველა ახალი ამბავი
0