ორ წუთში დაწერილი სიმღერებით მოპოვებული პოპულარობა ისრაელში

© Courtesy of Nino Akhverdashviliნინო ახვერდაშვილი
ნინო ახვერდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინო ახვერდაშვილი - მართლაც სახალხო მომღერალი და ბევრი კარგი სიმღერის ავტორია. მუსიკალურ ოჯახში გაიზარდა და ქართული ხალხური სიმღერები ბავშვობიდან ესმოდა.

დაამთავრა სულხან-საბას უნივერსიტეტის სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სადაც მისი დეკანი, „გპის“ ჯაზ-ორკესტრის ერთ-ერთი მუსიკოსი, ჯემალ კუპრეიშვილი გახლდათ. შემდეგ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა და პატარა მიუზიკლებს დგამდა. მოხდა ისე, რომ მისი პირველივე სიმღერა ანსამბლ „ივერიის“ სოლისტმა, ვახტანგ ტატიშვილმა შეასრულა. იგივე მომღერლის შესრულებით სიმღერა „ებრაელი ვარ, თანაც ქართველი“ თბილისში ჩატარებულ ფესტივალზე „ოქროს იერუშალაიმი“ გაჟღერდა. ამჟამად ცხოვრობს დუშეთში და სოფელ არაგვისპირის საბავშვო ბაღის დირექტორია. მისი სიმღერები დღეს ძალიან პოპულარულია ისრაელში, სადაც ცნობილი ქართველი ებრაელი მომღერლების მიერ არა ერთხელ იყო მიწვეული. ქალბატონ ნინოს დუშეთში დავუკავშირდით.

© Courtesy of Nino Akhverdashviliნინო ახვერდაშვილი საბავშო ბაღის აღსაზრდელებთან
ნინო ახვერდაშვილი საბავშო ბაღის აღსაზრდელებთან  - Sputnik საქართველო
ნინო ახვერდაშვილი საბავშო ბაღის აღსაზრდელებთან

- ქალბატონო ნინო, ვიცი, რომ სწორედ სტუდენტობის დროს მოგიწიათ ცნობილ მომღერლებთან ურთიერთობა, როგორ მოხვდით სტუდენტი გოგო პროფესიონალებთან?

— ჯერ ისევ სტუდენტობის დროს, როცა დაახლოებით 20-21 წლის ვიქნებოდი, ანსამბლის „ივერია“ სოლისტებთან: ვახტანგ ტატიშვილთან და ნუგზარ კვაშალთან მოვხვდი. რომ იტყვიან, სულ აყუდებული ვიყავი ფილარმონიის კარებთან და მათ გამოსვლას ველოდებოდი. ერთხელ დავინახე ბატონი ნუგზარი, გავბედე და ვუთხარი: ძალიან მიყვარს სიმღერა და თუ შეიძლება, მომისმინოთ მეთქი. დამთანხმდა და ფილარმონიაში შემიყვანა. მაშინ საკუთარ სიმღერებსაც ვწერდი. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მუსიკალური განათლება არ მქონდა, მაინც მომისმინეს. მითხრეს, რომ ძალიან ნიჭიერი ბავშვი ხარო და ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო. რეგიონში, მაგალითად გორში რამდენიმე კონცერტზე ვიყავით ერთად.  გარდა ამისა, ფილარმონიაში მათ რეპეტიციებს ვესწრებოდი. ბევრ რამეს მასწავლიდნენ. მათი ყველა შეფასება, ყველა გაკვეთილი და რჩევა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი პირველი სიმღერა ვახტანგ ტატიშვილმა ჩაწერა და თავის დისკში შეიტანა. ეს იყო მისი შვილიშვილებისთვის ახალი წლის მისალოცი სიმღერა „საახალწლო“. იმ პერიოდში ამ სიმღერის კლიპიც ტრიალებდა.

© Courtesy of Nino Akhverdashviliნინო ახვერდაშვილი ქართველ მომღერლებთან ერთად
ნინო ახვერდაშვილი ქართველ მომღერლებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნინო ახვერდაშვილი ქართველ მომღერლებთან ერთად

- თქვენზე ამბობენ, რომ ძალიან მცირე, ფაქტობრივად რეკორდულ დროში წერს სიმღერასო…

— ლექსებს და მუსიკას სიმღერებისთვის თავად ვწერ. ერთდროულად მოდის ლექსიც და მელოდიაც. მანამდე რაღაც შესაბამისი განწყობაც აუცილებელია რომ მქონდეს. დამიჯერებთ, რომ სიმღერას სულ რაღაც ორ წუთში ვწერ?! ჩემი სიმღერა „ქალის გულს“, რომელსაც შალვა მორელი მღერის, ასეთი ისტორია აქვს: შალვამ მოსკოვიდან ღამის ორ საათზე დამირეკა და მთხოვა, ისეთი სიმღერა დამიწერე ქალებს რომ ვუმღეროო. მაშინვე ავდექი და ზუსტად 2 წუთში დავწერე, დავურეკე და მოვასმენინე. ჩემგან უკვე მიჩვეული არიან, რომ სიმღერებს მალე ვწერ და თანაც ისეთს, როგორც მათ უნდათ. თითქმის ყველა სიმღერა 2 წუთშია დაწერილი. ჩემს სიმღერებს ასრულებენ მომღერლები: ვახტანგ ტატიშვილი, ბუჭუნა მოშიაშვილი, მორის ჯანაშვილი, ბადრი ჯანაშვილი, მერაბ ბათაშვილი, შალვა მორელი, ვეფხია კუჭუხიძე, ლეილა თოდაძე, ნინო ჩხეიძე…

© Courtesy of Nino Akhverdashviliნინო ახვერდაშვილი მორის ჯანაშვილთან და მერაბ სეფაშვილთან ერთად
ნინო ახვერდაშვილი მორის ჯანაშვილთან და მერაბ სეფაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
ნინო ახვერდაშვილი მორის ჯანაშვილთან და მერაბ სეფაშვილთან ერთად

- ქალბატონო ნინო, როგორ მოხდა, რომ ისრაელში ხართ ძალიან პოპულარული?

— ჩემი ერთი სიმღერა „ებრაელი ვარ, თანაც ქართველი“ ვახტანგ ტატიშვილმა თბილისში ჩატარებულ ფესტივალზე „ოქროს იერუშალაიმი“ შეასრულა. ეს ფესტივალი ბადრი პატარკაციშვილის ინიციატივით ჩატარდა. მაშინ ამ თემასთან დაკავშირებით სიმღერა ბევრმა კომპოზიტორმა გამოიტანა. მოხდა ისე, რომ ჩემი სიმღერა ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. მერე ის ქართველმა ებრაელებმა აიტაცეს. ეს სიმღერა ტელევიზიის ერთ არხზე ბუჭუნა მოშიაშვილმა იმღერა. მე შემთხვევით მოვისმინე და გამიკვირდა, რომ მას ამდენი წლის მერე თანაც ებრაელი ასრულებდა. დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ სიმღერის ავტორი ვიყავი. ამის მერე მორის ჯანაშვილის სოლო კონცერტი მზადდებოდა და მისი თხოვნით დედაზე დავწერე სიმღერა, რის მერეც მან ებრაელებს ჩემი შემოქმედება გააცნო. დღეს ყველასთან ვმეგობრობთ და ყველა მიყვარს.

- უცნაური პრეისტორია რომელ თქვენს სიმღერას აქვს?

— უცნაურად შეიქმნა სიმღერა ჭიათურაზე… მე დამიკავშირდა საფრანგეთში მცხოვრები ჭიათურელი ემიგრანტი, რომელმაც მოკრძალებული მესიჯი გამომიგზავნა: ბევრი სიმღერაა დაწერილი თბილისსა და ქუთაისზე, მე კი ჩემი ჭიათურა მიყვარს და თუ შეიძლება, რომ ჭიათურაზე დაგვიწერეთ სიმღერაო.. მე ვუთხარი, ჭიათურაში არასოდეს ვყოფილვარ მეთქი. მან მთხოვა, დამეგუგლა და ისე გამეგო ამ ქალაქზე. სხვათაშორის ეს სიმღერა ჭიათურაში დღესაც ძალიან პოპულარულია. ჭიათურელებს ისე მოეწონათ ის სიმღერა, რომ მთელი რაიონი იყო ჩართული მის გაპიარებაში.

.

- თქვენს სიმღერებს შორის სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია სიმღერა „შენზე ოცნებები“, რომელზეც კლიპიც გააკეთეს.

— როგორც გავიგე, ამ სიმღერით ერთმანეთს სიყვარულს უხსნიან. ის მიუხედავად ჩემი დაუხვეწავი ვოკალისა, თავად შევასრულე და ძალიან მოეწონათ. პოპულარულია სიმღერა „დარდები“, რომელსაც მორის ჯანაშვილი ასრულებს და ჩემი სავიზიტო ბარათია. მე და გია ჯაჯანიძეს გვაქვს დუეტი, მალე ჩემი და ბესო კალანდაძის დუეტის პრემიერა შედგება- „არეული მარტი“ ჰქვია სიმღერას. დავით საფირის შესრულებით სიმღერაც „თენდება ღამდება“ ასევე პოპულარული გახდა. საერთოდ როგორც გითხარით, ქართველი ებრაელების სახით დიდი სამეგობრო მყავს. თუ რამე სიხარული განვიცადე და გავიგე ამ ცხოვრებაში — ეს მათი წყალობით. მთელი სიცოცხლე იმად ღირდა, რომ ამ ერს დავმეგობრებოდი… ბოლოს წლებია ძალიან პოპულარული გავხდი. ერთი პერიოდი შემოქმედებაში ჩავარდნა მქონდა, გავთხოვდი, შვილებს ვზრდიდი და ოჯახური საქმეებით ვიყავი დაკავებული. ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს და სიმღერის დროც მოვიდა…

 

ყველა ახალი ამბავი
0