14:52 20 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
ქრისტინა ტუფურია

19 წლის მეეზოვე და მომავალი ექიმი, რომლის ცხოვრება ერთმა ფოტომ შეცვალა

© FB / Kristi Tupuria
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
13816161

Sputnik საქართველოს ჟურნალისტი ნინი რაზმაძე ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას ცხოვრებაზე მოგითხრობთ, რომელსაც სწავლის პარალელურად საკმაოდ შრომატევდი და არაპოპულარული სამუშაოს შესრულებაც უწევს, თუმცა თვლის, რომ არანაირი შრომა არ არის სათაკილო და ბეჯითი შრომით წარმატებას აუცილებლად მიაღწევს

19 წლის ქრისტინა ტუფურია კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. მისი ცხოვრება ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირის ერთმა ფოტომ შეცვლა. 

—  ქრისტინა შენზე მომიყევი, როგორც ვიცი აფხაზეთიდან ხარ?

—  დიახ, წარმოშობით აფხაზეთიდან ვარ, იქ დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლები ახლაც იქ ცხოვრობენ. როცა ვახერხებ, მშობლების სანახავად მაშინ ჩავდივარ, თუმცა,  გარკვეული მიზეზების გამო ერთი წელია არ ვყოფილვარ ჩემს სახლში და არ მინახავს მშობლები. თბილისში მხოლოდ მე და ჩემი და ვცხოვრობთ. 

—  რატომ გადაწყვიტე დასუფთავების სამსახურში მუშაობა?

—  ეს სამსახური საშუალებას მაძლევს პირველ რიგში, სწავლა და სამსახური შევუთავსო ერთმანეთს, დილით ვიწყებ მუშაობას და შუა დღეს უნივერსიტეტში მივდივარ.  გარდა ამისა, საშუალება მაქვს ბინის ქირა გადავიხადო თავად და მშობლებს ეს ტვირთი მოვუხსნა.

—  რამდენი ხანია რაც მანდ მუშაობ?

—  დასუფთავების სამსახურში აპრილის პირველ რიცხვებში დავიწყე მუშაობა. ექვსი თვეა რაც აქ ვარ.

ქრისტინა ტუფურია
ქრისტინა ტუფურია

—  რა გითხრეს ახლობლებმა და მეგობრებმა როცა გაიგეს სად აპირებდი მუშაობის დაწყებას?

—  თავიდან არც მშობლებს და არც მეგობრებს არ მოეწონათ ჩემი გადაწყვეტილება, რადგან ფიზიკური მუშაობა გამიჭირდებოდა. მაგრამ დროთა განმავლობაში ამ ფაქტს ყველა დადებითად მოეკიდა, რადგან ეს იყო ჩემი არჩევანი.

—  ქრისტინა, ეს შენი პირველი სამსახურია?

—  არა, ადრე გარკვეული პერიოდი კლინიკაში ვმუშაობდი, სტაჟიორი ვიყავი, ამიტომ ხელფასს არ ვიღებდი და იქიდან მომიხდა წამოსვლა.

—  თავიდან არ გაგიჭირდა თუნდაც დილით ადგომა..  რა იყო ყველაზე რთული შენთვის როცა დაიწყე მუშაობა?

—  თავიდან ნამდვილად რთული იყო. ადრე ადგომა ყოველ დღე,  განსაკუთრებით რთული იყო ფიზიკური მუშაობა, რადგან ფიზიკურად არასდროს მიმუშავია. თუმცა,  თანამშრომლების და არაჩვეულებრივი უფროსის დახმარებით შევეგუე და ძალიან შემიყვარდა აქაურობა. 

—  რა სირთულეებთან არის დაკავშირებული დასუფთავების სამსახურში მუშაობა?

—  სირთულეებიდან ალბათ მოსახლების ჩემდამი დამოკიდებულებას აღვნიშნავდი. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ყველას. იყვნენ ადამიანები, რომლებისგანაც ძალიან ცუდ და უარყოფით ემოციებს ვიღებდი. ზოგიერთს უყვირია კიდეც, გავულანძღივარ. პირადად ჩემთვის ეს დამოკიდებულება წარმოდგენს ყველაზე დიდი სირთულეს. თუმცა, არიან ადამიანები,  რომელთა სიკეთე და თბილი დამოკიდებულება მუდამ გამყვება. მახსოვს ერთმა გოგომ მითხრა:  „ყოველ დილით რომ გხედავ, მთელი დღე მიმყვება შენგან წამოსული კარგი განწყობაო“… 

ქრისტინა ტუფურია და გიორგი ოქრუაშვილი
ქრისტინა ტუფურია და გიორგი ოქრუაშვილი
 

—  როგორია შენი თბილისი?

—  ჩემი თბილისი კარგია, თუმცა, უკეთესი იქნება თუ გავუფრთხილდებით, მოვუვლით და უფრო მეტად შევიყვარებთ. ამ ყველაფერს კი საქმით დავამტკიცებთ.

—  რას შეცვლიდი ჩვენს ქალაქში?

—  მეტ ხეს დავრგავდი, მეტად გავუფრთხილდებოდი გარემოს. მეტად დავიცავდი სისუფთავეს და კანონებს.

—  რაზე ოცნებობ?

პირველ რიგში, ვოცნებობ წარმატებას მივაღწიო ჩემს სფეროში — მქონდეს ჩემი სახლი, გვერდით მყავდეს ჩემი ოჯახი და ვიცხოვრო ისეთ ქალაქში, სადაც ხალხს თავისი ქალაქი უყვარს.

—  შეიცვალა შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც გოგა ჩანადირმა ფოტო გადაგიღო?

—  კი, ნამდვილად ბევრი რამ შეიცვალ და ბატონი გოგას მადლობელი ვარ. არაჩვეულებრივი ადამიანია, მისი დამსახურებაა ბოლო პერიოდში თუ რამ კარგი მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

—  რას ეტყვი თანატოლებს, მათ,  ვისაც მუშაობა „უტყდება“?

—  ვეტყვი რომ სირცხვილი სწორედ ის არის, რომ „გიტყდება“. ადამიანი,  რომელიც ბევრს შრომობს ყოველთვის, აღწევს წარმატებას. ნულიდან უნდა დაიწყო, რომ მწვერვალს მიაღწიო. მომავალში ვაპირებ გავხდე კარგი ექიმი, შევქმნა ოჯახი და ვიცხოვრო ჩვეულებრივი, მაგრამ ბედნიერი ცხოვრებით.

 

ნინი რაზმაძე


მთავარი თემები