გურამ პეტრიაშვილი ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე: თუკი გავიმარჯვებ მაშინ...

© FB / Inga Gogiberidzeგურამ პეტრიაშვილი
გურამ პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მწერალი გურამ პეტრიაშვილი წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტია

„სიყვარულს საერთოდ ყველაფერი შეუძლია. ხოლო ნათება მთლად ჩვეულებრივი რამაა მისთვის“- ასე მთავრდება ქართველი მწერლის, გურამ პეტრიაშვილის ზღაპარი „გოგონა და ოქროს თევზი“. მწერლის ზღაპრები გულწრფელი და სიყვარულით სავსე ლამაზი ამბებია. ეს ისაა, რაც დღევანდელ პრაგმატულ დროში ჩვენს პატარებს ყველაზე მეტად სჭირდებათ. წელს, ბატონი გურამი, ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე ორ ქართველ მწერალთან: ვასილ გულეურსა და თეა თოფურიასთან ერთადაა წარდგენილი. ეს პრემია ფაქტობრივად ნობელია საბავშვო ლიტერატურაში და ის 2002 წელს შვედეთის მთავრობამ დააარსა. შეგახსენებთ, ლინდგრენის პრემია საბავშვო ლიტერატურაში ყოველწლიურად გაიცემა და მისი საპრიზო თანხა 5 მილიონი კრონაა. ამ დღეებში ბატონ გურამს დავუკავშირდით, საუბარი როგორც მას ჩვევია, ისეთივე გულწრფელი გამოვიდა…

© Courtesy of Guram Petriashviliგურამ პეტრიაშვილი
გურამ პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გურამ პეტრიაშვილი

- ბატონო გურამ, გილოცავთ იმ პრემიაზე წარდგენას, რომელიც ასტრიდ ლინდგრენის სახელს ატარებს და რაც ყველა მწერლისთვის სასურველია…

— ასტრიდ ლინდგრენი როგორც საბავშვო მწერალი შეუდარებელია, მიმაჩნია, რომ ეს ქალი საოცრად გრძნობდა, თუ რა უნდოდა ბავშვს. მის ნაწარმოებებს ახლაც სიამოვნებით ვკითხულობ. სხვების მსგავსად ჩემი საყვარელი პერსონაჟებიცაა: კარსლონი, პეპი, ემილი და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, ყველა… ის უპირველესი საბავშვო მწერალია, რადგან მაგალითად ანდერსენის ნაწარმოებები საბავშვოცაა, მაგრამ მათ ამავე დროს უფროსებიც კითხულობენ. ლინდგრენი კი მარტო ბავშებისთვის წერდა.

- ამბობენ, დღეს ძალიან განვითარებული ბავშვები იზრდებიან და მათთვის განსხვავებული ზღაპრები უნდა დაიწეროსო?

— როცა ამბობენ, დღეს სხვანაირი ბავშვები არიან და მათთვის განსხვავებულად უნდა წეროო, ჩემი აზრით, ეს არასწორი მიდგომაა ლიტერატურისა და ცხოვრებისადმი. ასე რომ იყოს, ვერც „ილიადას“, ვერც „ოდისეას“ და საერთოდ ძველ წიგნებსაც აღარ წავიკითხავდით. ზღაპარი ისეთია, როგორიც ცხოვრებაა, მაგრამ მე რომ მკითხოთ, მართლა ვერ გეტყვით როგორი უნდა იყოს ზღაპარი. რადგან ზღაპარი ოცნებაა, ოცნება კი ადამიანს ყველა ასაკში სჭირდება… ოცნება რომ არ იყოს, ვერც ვიცხოვრებდით.

© Courtesy of Guram Petriashviliგურამ პეტრიაშვილი
გურამ პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გურამ პეტრიაშვილი

- ბატონო გურამ, თქვენ როგორი ბავშვი იყავით და ზღაპრები თუ გიყვარდათ?

— სამწუხაროდ ჩემი ბავშვობის დროს ლინდგრენზე არაფერი ვიცოდით. მე რომ ბავშვი ვიყავი, მას მერე დიდი ხანი გავიდა. ჩემთვის ყველაზე კარგი ზღაპარი რაც საერთოდ სამყაროში დაწერილა, ვაჟა ფშაველას „სათაგური“ იყო. ძილშიც კი მელანდებოდა ამ ზღაპრის მთავარი გმირი ფიცხელა. აბა, რა საყვარელი მღრღნელია, მაგრამ ვაჟას კეთილმა გულმა დაინახა დიდი, მაგარი და კეთილშობილი თაგვი ფიცხელა, რომლის გულისთვის სხვა თაგვები ყველაფერზე მიდიან. მე ვინატრებდი რაიმე მსგავსი დამეწერა, ასეთივე კეთილი და ბრძნული.

- წარმოიდგინეთ, რომ გაიმარჯვეთ ამ კონკურსზე…

— მართალი გითხრათ, მე არ მჯერა, რომ მანდ მოვიგებ, იმიტომ, რომ ეგეთი კონკურსები ბევრადაა დამოკიდებული პოლიტიკაზე და იმაზე, თუ რამდენადაა ესა თუ ის ქვეყანა პოლიტიკის ცენტრში. მე პოლიტიკა არ მესმის და არც მაშინ მესმოდა, როცა უზენაეს საბჭოში ვიყავი. მე ვიცი ის, რომ ადამიანს უნდა დაეხმარო როცა უჭირს და რაც შემეძლო ვეხმარებოდი კიდეც…

- ბავშვებს რას ურჩევს ქართველი მეზღაპრე?

— რა ვიცი… ურჩიე- არ ურჩიე, ცხოვრება მაინც ყველაფერს თავად განაგებს, ბევრს დაამახინჯებს, ბევრს გამოაწრთობს და გააკეთილშობილებს. ზოგს გაზულუქებულ მუტრუკს გახდის…

© Courtesy of Guram Petriashviliგურამ პეტრიაშვილი
გურამ პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გურამ პეტრიაშვილი

- რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ასეთები არ გახდნენ?

— მიიღონ ჩემგან ერთი რჩევა: ყველაფრის წამალი ამ ქვეყნად სიყვარულია და მათაც უნდა უყვარდეთ დედა, მამა, მეგობრები, სამშობლო, არ გააბრაზონ ბებია, მამიდა, ძალუა… მე მამით რაჭველი ვარ. რაჭაში ოლღა მამიდა მყავდა, დედით კი — ქართლელი ვარ და სოფელ დიდლილოში ელო ძალო მყავდა.. ესენი იყვნენ ჩემი ცხოვრების მთავარი კეთილი ადამიანები.

- ბატონო გურამ, თქვენი შვილიშვილი კითხულობს თქვენს ზღაპრებს?

— იმ დღეს ჩემს მეორე ქალიშვილს შევუსწარი, რომ ჩემს შვილიშვილს, ზვიადს ჩემს ზღაპარს უკითხავდა. თუმცა მე შვილიშვილს არ ვაძალებ გინდა თუ არა ჩემი ზღაპრები წაიკითხე მეთქი. 

© Courtesy of Guram Petriashviliგურამ პეტრიაშვილი
გურამ პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
გურამ პეტრიაშვილი

- თქვენს ზღაპრებში ბევრი სიყვარულია და ცხოვრებაც ერთი დიდი სიყვარულის ზღაპარია, ბატონო გურამ?

— სიყვარულია ყველაფრის ამოსავალი-ცხოვრებაშიც და ზღაპარშიც… ყველა ბავშვს აქვს შანსი, რომ ადამიანი გახდეს, ამიტომ უნდა უყვარდეს თავისიანები, მერე ეს სიყვარული სხვებზე გაავრცელოს, ახლობლები, მეზობლები შეუყვარდეს და მერე საერთოდ ადამიანი უნდა უყვარდეს. თუ დავუჯერებთ ბატონ ლევ ნიკოლოზის ძეს, ტოლსტოიზე ვამბობ, მან გვითხრა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის ისაა, რომ გულწრფელი იყოსო. მართალს ამბობს, თუ გულწრფელი ხარ, ესე იგი შენ იმას იტყვი, რაც შენ ხარ… ამიტომ არასოდეს არაფერს ვიგონებ, რაც მიყვარდა, ისევ ის მიყვარს. ეგ კი არადა, პირველ კურსზე რომ მიყვარდა ისევ ის მიყვარს, იმიტომ, რომ ის სხვა სიყვარული იყო…  ახლაც ვიცი, სად არის…

- მან თუ იცის რომ გიყვართ?

— არა, იმან არ იცის და მის სახელსა და გვარს არ ვიტყვი, რა საჭიროა.. მას უკვე შვილიშვილი ჰყავს, მაგრამ მე ძველებურად მიყვარს. აი, ეს ამბავი რად არ არის ზღაპარი?!. 

© Courtesy of Guram Petriashviliინგა გოგიბერიძე და გურამ პეტრიაშვილი
ინგა გოგიბერიძე და გურამ პეტრიაშვილი - Sputnik საქართველო
ინგა გოგიბერიძე და გურამ პეტრიაშვილი

- ბატონო გურამ, საქართველოში ბევრს გაუხარდება თუკი გაიმარჯვებთ…

— ქართველებს გვიყვარს, როცა ჩვენიანი წარმატებას მიაღწევს, შურიანებიც არიან ჩვენში, მაგრამ ძირითადად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გამარჯვება გაუხარდებათ. მარტო მაგიტომ მინდა, რომ გავიმარჯვო და ისინი გავახარო. ვიცი, რომ პრემია ძალიან მოზრდილი, მსუქანი ლუკმაა. თუკი გავიმარჯვებ მე… პირველ რიგში რაში გამოვიყენებ და გეტყვით: დღეს როცა ქუჩებში დავდივარ, გამოწვდილ ხელს შემიძლია აბაზი ჩავუგდო. მერე კი ათჯერ მეტის მიცემა შემეძლება და განა ეს ცოტაა?…

აქვე გეტყვით, რომ ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე წელს 60 ქვეყნის 235 კანდიდატია წარდგენილი. გამარჯვებულს გაზაფხულზე 12-კაციანი კომიტეტი გამოავლენს.

 

ყველა ახალი ამბავი
0