რატომ უწოდა ცნობილ კომპოზიტორს მოღალატე ეკატერინე ბაღდავაძემ

© FB / Otar Tatishviliოთარ ტატიშვილის ნამუშევარი
ოთარ ტატიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალბათ ძნელად მოიძებნება საქართველოში ადამიანი, რომელიც კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის შემოქმედებას არ იცნობდეს, მაგრამ შესაძლოა ყველამ არ იცის, რომ იგი არანაკლებ ნიჭიერი მხატვარია და საინტერესო მხატვრულ ტილოებს ქმნის. ამაში ჩვენი მკითხველი თავად დარწმუნდება, როცა მის ნამუშევრებს იხილავს.

– ბატონო ოთარ, საინტერესოა, თქვენივე მუსიკა ხომ არ გახდა ხატვის შთაგონების წყარო?

— არა, ასე არ ყოფილა. მე ბავშვობიდან ვხატავ. საბავშვო ბაღში რომ ვიყავი, დედაჩემისთვის მასწავლებელს უთქვამს, თქვენი შვილი კარგი მხატვარი შეიძლება გამოვიდესო. მართლა კარგად ვხატავდი. მერე 24-ე სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, სასკოლო ოლიმპიადებში ხატვაში სულ ვიმარჯვებდი და სკოლას ვასახელებდი ხოლმე, რის გამოც მასწავლებლები ხელისგულზე მატარებდნენ. ასევე კარგად ვძერწავდი. ერთხელ, მახსოვს, მეხუთე თუ მეექვსე კლასში დამავალეს და კომპოზიცია “ლენინი კარავში“ გამოვძერწე. ხომ იცით, რა დრო იყო და შესაბამისად ასეთი თემატიკა იყო აქტუალური. საერთოდ ბავშვობიდანვე მუსიკა და ხატვა ერთნაირად მაინტერესებდა. ჩვენ ფიროსმანზე ვცხოვრობდით, მაშინ ხუთი წლის ვიყავი, ინსტრუმენტი არ მქონდა, ძალიან მინდოდა დაკვრა და ამისთვის მეზობელთან, ჩიქოვანებთან შევდიოდი. მეზობლის ქალი, ქსენია დეიდა ყოველი შემთხვევისთვის ხელებს მაინც გადამაბანინებდა, დავჯდებოდი და ვუტყაპუნებდი ინსტრუმენტს თითებს.

© FB / Svetlana Chochua-Loriaოთარ ტატიშვილი
ოთარ ტატიშვილი - Sputnik საქართველო
ოთარ ტატიშვილი

– ხატვას რაც შეეხება, ვინმემ თუ მოგცათ მიმართულება, ან გაკვეთილები ჩაგიტარათ?

— ხატვას რაც შეეხება, ჩემ თავს მოყვარულად ვთვლი. თუმცა, როცა ჩემ ახლობელს, მხატვარ თამილა კინწურაშვილს მივუჯდებოდი ხოლმე, ის სულ რაღაცას მასწავლიდა. ერთი წელი ცნობილ მხატვართან ეკატერინე ბაღდავაძესთან დავდიოდი და მას აქცენტი ჩემზე ჰქონდა. დიდი სწავლა იქ არ იყო, უბრალოდ, ვიკრიბებოდით და ვხატავდით. როცა ეკატერინესგან წამოვედი, მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე. ჩემი მუსიკის პედაგოგი ასევე ძალიან ცნობილი ქსენია ჯიქია იყო — ჩემზე გიჟდებოდა და სულ ამბობდა, ეს ისეთი ნიჭიერია, თავის ადგილს ყოველთვის ნახავსო. თუმცა მკაცრი იყო, მაგრამ მე ყოველთვის ლმობიერად მექცეოდა. მეუბნებოდა, შენ ნახევარი სიტყვიდან მიგებო.

© FB / Otar Tatishviliოთარ ტატიშვილი
ოთარ ტატიშვილი - Sputnik საქართველო
ოთარ ტატიშვილი

ამ ორ ადამიანთან დაკავშირებით ასეთი კურიოზი მოხდა: ერთხელაც მასთან კაბინეტში ვარ და ვუკრავ. უცებ ოთახში ეკატერინე ბაღდავაძე შემოვიდა. მოულოდნელობისგან პირი დავაღე, იმიტომ რომ  მუსიკალურ სასწავლებელში მას არ ველოდი. თურმე მისთვის შეხვედრა მოუწყვიათ. დამინახა თუ არა, ღიმილით დამიწყო საყვედურები: შე მოღალატე, შენა! ამ დროს ქსენიაც შემოვიდა და ეკატერინემ ახლა მას მიმართა – ქალბატონო ქსენია, უნდა გისაყვედუროთ, თქვენ მე უნიჭიერესი მოწაფე წამართვითო. ქსენიამ უთხრა, რას ამბობთ, თქვენი კი არა, ეგ ჩემი საუკეთესო მოსწავლეაო! მოკლედ, ცოტა დააკლდა და ეს ხუმრობით დაწყებული კამათი შეიძლება ჩხუბში გადაზრდილიყო. ბოლოს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხუმრობაში გაატარეს. სხვათა შორის, ხშირად უთქვამთ, რომ მე მსახიობიც კარგი ვიქნებოდი, კარგი არტისტიზმი მაქვს და ამბის ისეთი მოყოლა ვიცი, სიცილით იხოცებიან ხოლმე.

– რას იტყვის კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი მხატვარ ოთარ ტატიშვილზე?

— ხომ იცით, ხატვას მუდმივად ხელის გაწაფვა უნდა, მე კი შუალედები მქონდა, როცა საერთოდ არ ვხატავდი. ნატურის გარეშე შემიძლია მოძრაობების ზუსტად გამოსახვა, რაც, თურმე, ძალიან რთულია. მუსიკაში მეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ნაწარმოებში არ მეორდები, შენ ხელწერას მაინც ვგრძნობთო.

© FB / Otar Tatishviliოთარ ტატიშვილის ნამუშევარი "ანტრაქტი"
ოთარ ტატიშვილის ნამუშევარი ანტრაქტი - Sputnik საქართველო
ოთარ ტატიშვილის ნამუშევარი "ანტრაქტი"

მხატვრობაშიც ასეა: ჩემ ნამუშევრებში არ მიყვარს გამეორება. ჩემ ნახატებში ნახავთ აკადემიურს, აბსტრაქციულ, სიურრეალისტურ სტილს. მიყვარს სიახლე, თუმცა ნამუშევრებში ყოველთვის არის რაღაც შენეული, რასაც ვერ გაექცევი და კარგი თვალი ყოველთვის შეამჩნევს. ჩემ მუსიკაზე ამბობენ, რომ მასში ყოველთვის რაღაც არსი დევს, ასეა მხატვრობაშიც – არ მიყვარს ცარიელი ფორმები.

© FB / Otar Tatishviliოთარ ტატიშვილის ნამუშევარი
ოთარ ტატიშვილის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ოთარ ტატიშვილის ნამუშევარი

ხომ ხდება, ტექნიკური თვალსაზრისით კარგ რამეს დახატავენ, მაგრამ შეხედავ ნახატს და სიცარიელეა. მე ყოველთვის მინდა მასში რაღაც აზრი ჩავდო. ბოლო დროს ფანქარში ვხატავ, ზეთში ხატვაზე ვგიჟდები, მაგრამ ეს ცოტა არაკომფორტულია, ზაფხულში აგარაკზე – სხვა საქმეა. როცა კარგი ამინდია, ვერანდაზე გავდივარ და ვცდილობ, რაც დავიწყე, დავასრულო.

© FB / Otar Tatishviliოთარ ტატიშვილის ნამუშევარი "არჩევნებიდან არჩევნებამდე"
ოთარ ტატიშვილის ნამუშევარი არჩევნებიდან არჩევნებამდე - Sputnik საქართველო
ოთარ ტატიშვილის ნამუშევარი "არჩევნებიდან არჩევნებამდე"

– საოცარი ესთეტი ხართ და ეს თქვენ მუსიკასა და ნახატებში ერთნაირად იგრძნობა…

— რამდენი გარეთ გავდივარ, ისეთ რამეს ვხედავ, რომ უარყოფითად ვიმუხტები, ამიტომ ვცდილობ, ჩემი სამყარო თავად გავილამაზო… ყველა ასე უნდა იყოს, ცხოვრებას მისი ყველაზე ლამაზი პრიზმიდან უნდა შეხედოთ და სამყაროს სრულყოფაც საკუთარი თავიდან დაიწყოთ…

 

ყველა ახალი ამბავი
0