ქართველი რეჟისორი იტალიელ ძნელად აღსაზრდელებთან, 18 წლის სიმონა და სინემა

© FB / Neka Bagdavadzeნეკა ბაღდავაძე
ნეკა ბაღდავაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნეკა ბაღდავაძე – კინორეჟისორი, სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა პეტერბურგში, სადაც კინოფესტივალის საინიციატიო ჯგუფის წევრი იყო.

მისი ცხოვრების მეორე ნაწილი იტალიასთანაა დაკავშირებული. ქალაქ ბარში ის მონაწილეობდა პროექტში, რომლის ფარგლებშიც ამ ქალაქში მცხოვრებ პრობლემური ოჯახის ბავშვებს კინოხელოვნებას ასწავლიდა. ამას გარდა ბარის უნივერსიტეტში ქართველი ემიგრანტებისთვის ვორქ-შოპებს, საღამოებს, შეხვედრებს ატარებდა და მათ ინტეგრირებაში ეხმარებოდა. ამჟამად თბილისში ცხოვრობს და მის სამომავლო გეგმებში იტალია ისევ შედის.

© FB / Neka Bagdavadzeნეკა ბაღდავაძე რეჟისორი ნანა ჯორჯაძესთან ერთად
ნეკა ბაღდავაძე რეჟისორი ნანა ჯორჯაძესთან ერთად - Sputnik საქართველო
ნეკა ბაღდავაძე რეჟისორი ნანა ჯორჯაძესთან ერთად

– ქალბატონო ნეკა, თქვენ ემიგრანტების შვილი ხართ და ორ უცხო ქვეყანაში ცხოვრება მოგიწიათ…

— დიახ, მამაჩემი დიდი ხანია რუსეთშია, პეტერბურგში ცხოვრობს. დედაჩემი დაახლოებით 15 წელია, რაც იტალიის ქალაქ ბარშია. ჩემი ცხოვრების ეტაპები ისე დაიყო, რომ რუსეთში ვისწავლე, კინოდოკუმენტალისტი, დოკუმენტური კინოს რეჟისორი ვარ. პეტერბურგში კინოსა და ტელევიზიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. მანამდე თბილისის ჯაზ-აკადემიაში ვსწავლობდი. ორი წელი დავხურე. შემდეგ ისე მოხდა, რომ მამასთან გავემგზავრე და საბუთები პეტერბურგში გადავიტანე. მეორე კურსზე დავჯექი და რეჟისორის დიპლომი ავიღე.

– პეტერბურგში კინოფესტივალის საინიციატივო ჯგუფში იყავით, რა ფესტივალზეა საუბარი და რას გაიხსენებთ?

— პეტერბურგში საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მქონდა და ბევრ ხელოვანს შევხვდი. ფესტივალზე 2001-2003 წლებში მოვხვდი. ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი ჩემი ცხოვრებიდან. ფესტივალს ერქვა Послание человеку — „გზავნილი ადამიანს“, სადაც მსოფლიო დონის რეჟისორები და ვარსკვლავები ჩამოდიოდნენ და რომელიც წელიწადში ერთხელ იმართებოდა. ამ ფესტივალზე რამდენიმე სტუდენტთან ერთად საორგანიზაციო ჯგუფში მოვხვდი. კინომცოდნეებსა და რეჟისორებთან ერთად ფილმების შერჩევა მომიწია. ამ ჯგუფისთვის ჩვენმა ლექტორმა ვიქტორ სემინიუკმა აგვიყვანა. ის საინტერესო რეჟისორი და ამ ფესტივალის არტ-დირექტორი გახლდათ.

© FB / Neka Bagdavadzeნეკა ბაღდავაძე იტალიაში ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაციის დროს
ნეკა ბაღდავაძე იტალიაში ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაციის დროს - Sputnik საქართველო
ნეკა ბაღდავაძე იტალიაში ერთ-ერთი პროექტის პრეზენტაციის დროს

– ამ ფესტივალზე თურმე რომან პოლანსკის შეხვდით…

— შევხვდი ხმამაღალი სიტყვაა. სხვათა შორის, მისი ცნობილი ფილმის „პიანისტის“ პირველი ჩვენება ამ ფესტივალზე მოხდა. მას თავისებური გარეგნობა აქვს, მისი აბურძგნული თმები დამამახსოვრდა. დაცვასთან ერთად მოდიოდა, ჩვენ კარებში ვიდექით, რადგან დარბაზში შესვლა დავაგვიანეთ. ერთი ნიუანსი იყო: იქ რომ შევედით, ისე მოხდა, რომ პოლანსკი იჯდა და როცა დამინახა, თავისი ადგილი დამითმო. სულ ესაა. პეტერბრურგში რაღაც შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ მაინც თბილისში ჩამოვედი, ამას სისხლის ყივილი შეიძლება დავარქვათ. მოკლედ, გამიჩნდა სურვილი, რომ საქართველოში დავბრუნებულიყავი. აქ ჩემი მეუღლე გავიცანი. ჩემი სადიპლომო ფილმი პეტერბურგში მაქვს გადაღებული, სამაგიეროდ თბილისში მუშაობა დავიწყე ჟურნალში „ლიტერატურა და ხელოვნება“ და სტატიებს ვწერდი თეატრსა და კინოზე, კიდევ პოეტებსა და მწერლებთან ერთად საღამოებს ვაწყობდი.

© FB / Kathren Cgნეკა ბაღდავაძე მეუღლესა და ახლობლებთან ერთად
ნეკა ბაღდავაძე მეუღლესა და ახლობლებთან ერთად - Sputnik საქართველო
ნეკა ბაღდავაძე მეუღლესა და ახლობლებთან ერთად

– იტალიაში როგორ მოხვდით?

— დედაჩემი, მარინე პიპინაშვილი იტალიაში, ქალაქ ბარში ერთ-ერთი პირველი ქართული სათვისტომოს დამაარსებელია. ეს სამხრეთი რეგიონია, სადაც მან ქართველები შეკრიბა. ქალბატონ თამარ გამილაღდიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის დედას აღმოჩენასთან დაკავშირებით. როცა ბარში ქართველებს შევხვდი, სურვილი გამიჩნდა, რომ ქართული კულტურა და ფილმები იტალიელებსაც გაეზიარებინათ. იქ ყოველწლიურად ტარდება ფესტივალი, რომლის დირექტორი იტალიელია. მას რეჟისორები ჩამოჰყავს უცხოეთიდან. სწორედ ამ ფესტივალზე გადავწყვიტეთ ქართული კინოს დღეები მოგვეწყო. ამის კურატორი მე ვიყავი. ეს იყო 2012 წელი, ჩემი ამ ქალაქში ხელახლა ემიგრირება ამით დაიწყო. მერე თბილისში ჩამოვედი, შევაგროვე ძველი და ახალი ფილმები, თითოეულ რეჟისორთან პირადად მივედი და ისე გამოვართვი ფილმები, ყველაფერი ოფიციალურად მოხდა. იტალიაში გვინდოდა სამი რეჟისორის წაყვანა, ესენი იყვნენ ნანა ჯორჯაძე, ელდარ შენგელაია და ალექსანდრე რეხვიაშვილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. არჩევნების პერიოდი დაემთხვა და მხოლოდ იტალიურ მხარეს მოუწია პროექტის დაფინანსება. ფესტივალზე კი მხოლოდ ნანა ჯორჯაძე ჩამოვიდა. ამ ფესტივალის ფარგლებში ქართულ კინოს სამი დღე დაეთმო. ქალბატონმა ნანამ თავისი ფილმები წარადგინა, ბატონ ელდარს კინოცენტრის სახელზე გადმოცემული პრემია თბილისში ჩამოვუტანეთ.

© FB / Vito Palmisaniნეკა ბაღდავაძე იტალიაში გადაღების დროს
ნეკა ბაღდავაძე იტალიაში გადაღების დროს - Sputnik საქართველო
ნეკა ბაღდავაძე იტალიაში გადაღების დროს

– იმის მერე, რაც ადგილობრივმა საზოგადოებამ გაგიცნოთ, მნიშვნელოვანი რა მოხდა?

— მნიშვნელოვანი ის მოხდა, რომ ბარში არის კინო-სკოლა, რომელშიც ხელი მოვაწერე ერთწლიან კონტრაქტს, თუმცა საბოლოოდ სამი წელი ვიმუშავე. ლექტორ-მასწავლებელი ვიყავი და მოსწავლეებთან პრაქტიკულ მეცადინეობებს ვატარებდი. ისინი ჩამოყალიბებული ახალგაზრდები იყვნენ. ამასობაში იტალიური ენის შესწავლა დავიწყე. ჩემმა სტუდენტებმა რამდენიმე ფილმი გადაიღეს. ჩემი ერთ ფილმი კი, რომელიც იტალიაში გადავიღე, ფანტასტიკის ჟანრია, მასში მოქმედება მომავალში ხდება, საინტერესო სიუჟეტი აქვს. ფილმი დროზე და ქვეცნობიერში მოგზაურობაზეა. ეს ფილმი ფესტივალისთვის გაკეთდა და სამ თვეში გადავიღეთ.

– იტალიაში თქვენ ასევე ჩაერთეთ პროექტში, რომელშიც იტალიელი მოზარდები იღებდნენ მონაწილეობას, რა პროექტი იყო ეს და როგორ მოხდა მონაწილეების შერჩევა?

— ამ პროექტში მონაწილე ბავშვებიდან ნაწილი კარგი ოჯახის შვილები იყვნენ, ნაწილი კი ახალგაზრდები იმ უბნიდან, სადაც ცხოვრობენ ბავშვები პრობლემური ოჯახებიდან. იტალიაში დღემდე არის მაფიის კერები…

– ანუ „მაფია ისევ უკვდავია“?

— რა გითხრათ? იმ ფორმით არა, ჩვენ რომ ვიცოდით, მაგრამ… ესენი უფრო მოკრიმინალო, ოჯახს მოწყვეტილი იტალიელები იყვნენ. ქალაქის ცენტრიდან მოწყვეტილები რომ არიან. საქართველოში რომ გარეუბნებია, იქ ისე არ არის.

– დაახლოებით ბრონქსივითაა?

— დიახ, დაახლოებით ასეა, ოღონდ ქალაქს მოწყვეტილია. მათთან ამ თემაზე არასოდეს ვლაპარაკობდი, რადგან ყველას გარკვეული კომპლექსები ჰქონდა. ამ ბავშვებიდან ერთმა დამამახსოვრა თავი — ეს იყო 18 წლის გოგონა, სიმონა დე ბარნადისი, რომელიც ასეთი პრობლემური ოჯახიდან იყო. ჩვენ ვიღებდით ერთ ძველ — ნურას უბანზე პრომო ფილმს და ბავშვებთან ერთად ვიყავით გადაღებაზე. ამ პროექტის განმავლობაში ამ გოგომ საკუთარი შიშები და კომპლექსები დაძლია, პიროვნულად შეიცვალა. თავიდან ჩაკეტილი იყო და უჭირდა კონტაქტზე გამოსვლა. მერე ნელ-ნელა ურთიერთობაში სხვანაირი გახდა. მოკლედ, უსახური ბატის ჭუკიდან მშვენიერ გედად გადაიქცა. ისე მოხდა, რომ სამეგობროში ფაქტობრივად სიტუაციის ლიდერიც გახდა. მან დაამთავრა ჩვენი კინო-სკოლა და საქმიანობა სხვადასხვა ჯგუფებთან ერთად განაგრძო. ტუტორე — ასე მომმართავდნენ ბავშვები, ანუ ჩვენი მასწავლებელი ხარო, ჩემ მიმართ კარგად იყვნენ განწყობილი, რადგან ლმობიერი ვიყავი. მომავალში საქართველოშიც მინდა ასეთ პროექტში მივიღო მონაწილეობა, რადგან უკვე საკმაო გამოცდილება მაქვს.

© FB / Marco Ranieriნეკა ბაღდავაძე იტალიელ სიმონა დე ბარნადისთან ერთად
ნეკა ბაღდავაძე იტალიელ სიმონა დე ბარნადისთან ერთად - Sputnik საქართველო
ნეკა ბაღდავაძე იტალიელ სიმონა დე ბარნადისთან ერთად

– ამ ეტაპზე თბილისში ხართ, რაიმე საინტერესო ისევ გექნებათ ჩაფიქრებული…

— დღეს ჩემი ოჯახით, მეუღლით და შვილებით აქ ვარ და თბილისში მუშაობის დიდი სურვილი მაქვს. ხანდახან იტალიაში წასვლაც მიწევს, როცა იქ რაიმე პროექტია. ძალიან მაინტერესებს ემიგრაციის თემა, ანუ როგორია ადამიანი თავისი სამყოფელის გარეთ. სამომავლოდ თბილისში მეგობარ გოგონასთან ერთად ფოლკლორის თემებზე მინდა მუშაობის დაწყება. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის…

ყველა ახალი ამბავი
0