04:08 20 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მარიამ ბუკია

ზუგდიდელი მოსწავლე კემბრიჯის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი გახდა

© FB / Mariam Bukia
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
370340

16 წლის მარიამ ბუკია იმ ქართველი თანატოლების რიცხვში მოხვდა, ვისაც კემბრიჯის საერთაშორისო სერთიფიკატის B2-ის დონე მიენიჭა.

მარიამი ზუგდიდის აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასში სწავლობს. შეგახსენებთ, კემბრიჯის საერთაშორისო  სერტიფიკატის B2-ის დონე მარიამს ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ და უფასოდ განათლების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მარიამს ზუგდიდში დავუკავშირდით.

მარიამ ბუკია
მარიამ ბუკიას პირადი არქივი
მარიამ ბუკია

-მარიამ, შენ თანატოლებს, ვისაც ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, იქნებ, განუმარტოთ ამ სერტიფიკატის არსი…

— ეს არის კემბრიჯის უნივერსიტეტის წინა მოსამზადებელი სერტიფიკატი, რომლის აღების შემდეგ მოსწავლეს შეუძლია განათლება კემბრიჯის უნივერსიტეტში მიიღოს. ეს საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატია, რომელიც ძალიან პრესტიჟულია ევროპაში და სხვადასხვა დონე აქვს. ამ სერტიფიკატით ევროპის 70-ზე მეტ უნივერსიტეტში გამოცდის გარეშე ჩარიცხვა და განათლების უფასოდ მიღება შემიძლია. ამის შემდეგ C1 დონეა, რასაც ამერიკაში იძლევიან და რითიც პრესტიჟულ ამერიკულ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღებაა შესაძლებელი. C2-ის მფლობელი ინგლისურს მშობლიური ენის მსგავსად პროფესიონალურ დონეზე ფლობს, მისი მიღება თუ არ ვცდები, 13 წელზე ზევით მსურველს შეუძლია სცადოს.

- შენ ზუგდიდის სკოლის მოსწავლე ხარ და გამოცდა სად ჩააბარე?

— რადგან ჩემს ქალაქში არ არის ამ სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა, თბილისში ჩამოვედი. გამოცდის ჩაბარება აქ წელიწადში სამჯერ ხდება. 

-მარიამ, მართალია, რომ მსგავსი დონის სერთიფიკატი ამ ასაკში ბევრს არ აქვს?

— დიახ, მართალია. საერთოდ კონკურსში 80-მდე ბავშვი იღებდა მონაწილეობას, ყველა ასაკის მონაწილე იყო, ძირითადად ჩემზე უფროსები. როგორც გავიგე, წელს ჩემს ასაკში მსგავსი დონის სერტიფიკატი მხოლოდ სამმა მოსწავლემ ავიღეთ და ეს ამბავი ძალიან მახარებს და მეამაყება. 

- მომავალი პროფესია და უმაღლესი სასწავლებელი უკვე თუ გაქვს არჩეული? 

— კონკრეტული უნივერსიტეტი და პროფესია შერჩეული ჯერ არ მაქვს. უფრო ამერიკულ უნივერსიტეტებზე ვარ ორიენტირებული, რადგან მათზე უფრო მეტი ინფორმაცია გამაჩნია. თუმცა დარწმუნებული არ ვარ, შეიძლება სამომავლოდ ეს გადაწყვეტილება შევცვალო.

- საკუთარი თავისა და შენი თანატოლების მაგალითზე რა შეგიძლია, თქვა — ვინ არიან ქართველი თინეიჯერები, რა ინტერესები აქვთ, რაზე ოცნებობენ?

— ჩემი სამეგობრო წრე ნამდვილად მოტივირებული მოზარდები არიან, სწავლაზე და განათლების მიღებაზე ორიენტირებულები, მაგრამ მათ მსგავსი სერტიფიკატის მიღების შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ჩემი წარმატება კერძო მასწავლებლის, ლელა ბულიას დამსახურებაა, რომელიც ცდილობს, მეტი ცოდნა გადმოგვცეს და ჩვენში, რომ იტყვიან, მაქსიმუმი ჩადოს. ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება მე არც ერთი მასწავლებლისგან არ მიგრძვნია. მას C1 დონე უკვე აღებული აქვს, უმაღლესი, C2 დონე კი, საქართველოში, მგონი, არ იყო და ახლა შემოვიდა. წელს აპირებს, რომ ეს დონეც ჩააბაროს, აქვე, წარმატება მინდა ვუსურვო. 

- მარიამ, ვიცი, რომ სხვადასხვა გაცვლით პროგრამაშიც იღებ მონაწილეობას…

— დიახ და მათგან მნიშვნელოვანი, ჩემი აზრით, იყო ერასმუსის გაცვლითი პროგრამა, რომელშიც ამ ზაფხულს მივიღე მონაწილეობა, რუსთავის სკაუტურ ცენტრში ვიყავით. საქართველოს გარდა მასში კიდევ სამი ქვეყანა მონაწილეობდა: ესტონეთი, ლიტვა და სომხეთი. ამ ცენტრში ლექციები, სესიები და ურთიერთობა ინგლისურ ენაზე იმართებოდა. ეს არაფორმალური განათლების პროექტია, მასში მონაწილეობამ დიდი პრაქტიკული გამოცდილება შემძინა და ჩემი ცხოვრება ძალიან შეცვალა, რაც მთავარია, ინგლისურს უკეთესად დავეუფლე. პროექტის ძირითადი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის მოზარდებს შორის ერთმანეთში ამ ენაზე კავშირის დამყარება გახლდათ.

- თუ იცი, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო?

— მთავარია, ადამიანში განათლების მიღების სურვილი და მოტივები გაჩნდეს. შენთვის უნდა გამოკვეთო ის, თუ რაში და როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას. ჩემ შემთხვევაში კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ არ მიმიღია, მაგრამ მსგავსი სერთიფიკატის აღება უკვე წინგადადგმული ნაბიჯი რომ არის, ეს უდაო ფაქტია. მინდა, რომ მსგავსი შანსი ჩემს გარშემო რაც შეიძლება, ბევრ ნიჭიერ თანატოლს მიეცეს, რადგან ჩვენს ქვეყანას განათლებული ახალი თაობა დღეს ძალიან სჭირდება…

 

მთავარი თემები