„ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!”

© photo: courtesy of Merab Mamardashvili Foundationფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი
ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
15 სექტემბერი ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის დაბადების დღეა

საბა მეტრეველი

მერაბ მამარდაშვილი გორში დაიბადა, მაგრამ მაშინ „პატარა გორი“ მხოლოდ „დიდი სტალინის“ სამშობლოდ აღიქმებოდა. უცნაური შედარებაა, ორივე გორიდან, ერთი —ტირანიისა და დესპოტიზმის სიმბოლო, მეორე კი — თავისუფლებისა და ფიქრის სიყვარულისა!

1975-80 წლებში მ. მამარდაშვილი ლექციებს კითხულობდა მოსკოვის უნივერსიტეტში, კინემატოგრაფიის ინსტიტუტსა და უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე. ნიშანდობლივია ისიც, რომ აქ მას „ქართველ სოკრატეს“ ეძახდნენ. რა თქმა უნდა, ასეთ მოაზროვნეს  ხელისუფლება ეჭვის თვალით უყურებდა, რადგან თავისუფალი აზროვნება და გამოკვეთილი ინდივიდუალიზმი საბჭოეთისთვის დისიდენტობასთან ასოცირდებოდა. ამის გამო, მოსკოვში ყველა სამსახურიდან დაითხოვეს და 1980 წელს საქართველოს მოაშურა.  მალევე დასაქმდა მეცნიერებათა აკადემიის ს. წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგედ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად. 80-იანი წლების პირველ ნახევარში მამარდაშვილის ლექციები ნელ-ნელა იქცა მოვლენად თეატრალური ინსტიტუტის მცირე აუდიტორიასა (მერე მსმენელებს რომ ვერ იტევდა) თუ ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კედლებში. ყველა ხვდებოდა, რომ ჭეშმარიტი მოაზროვნე იდგა კათედრასთან. ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე, მამარდაშვილი აქტიურად ჩაება მის რიგებში. ფილოსოფოსის მიზანი გაცილებით მაღალი იდეა იყო: „თავისუფლება – ესაა, როდესაც ერთის თავისუფლება არ ეღობება მეორის თავისუფლებას და ეს უკანასკნელი აქვს პირობად აღებული”.

ფილოსოფოსი მერაბ მამარდაშვილი - Sputnik საქართველო
ტოტალური აზროვნების სიმარტივე და ტყუილში ჩამალული უდიდესი სიმართლე

სახალხო ფრონტის ყრილობა საბედისწერო აღმოჩნდა არათუ მერაბ მამარდაშვილისთვის, არამედ ქართველი საზოგადოებისათვის. სწორედ აქ თქვა ფილოსოფოსმა ის, რაც უმრავლესობას არ მოეწონა: „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას!” ამის გამო უსტვინეს, „კრემლის აგენტი“, „მოღალატე“, „შპიონი“ უწოდეს, თავად ღირსეულად იდგა ტრიბუნაზე და საუბარი არ გაუწყვეტია!

ერთხელ ფიზიკის ინსტიტუტში გამოსვლისას აუდიტორიას ასე მიმართა: „ჩვენში დალექილია სისასტიკის, სადიზმის, ძალადობის და, რაც მთავარია, უვიცობის, სიბნელის ნარჩენები“. მთელი მისი ძალისხმევა და მცდელობა სწორედ, ამ აგრესიული ფონის მოხსნის, სიბნელის განათებისკენ იყო მიმართული. საინტერესოდ განმარტა ბრბოს ფუნქციაც: „ადამიანების სიმრავლე ერთია, ბრბო კი — სხვა. ბრბო არის  ისეთი ადამიანების მასა, რომლებიც ამოვარდნილი არიან ტრადიციიდან, გაწყვეტილი აქვთ წარმოშობის ერთიანი კავშირი და, როგორც ჩემს საყვარელ ლეჩხუმში ამბობენ, „უგანაჩენო არიან“. აი, უგანაჩენოთა გროვა არის ბრბო“.

მერაბ მამარდაშვილის ძეგლი თბილისში - Sputnik საქართველო
მერაბ მამარდაშვილმა საზოგადოებრივი ცნობიერება გამოაღვიძა

1990 წლის 25 ნოემბერს 60 წლის ქართველი ფილოსოფოსი მოსკოვის აეროპორტში, თბილისისაკენ მომავალი თვითმფრინავის რიგში, გარდაიცვალა. „რაც უფრო ამორალურია საზოგადოება, მით უფრო ხშირად ლაპარაკობს მორალზე“ — თქვა ერთ თავის ლექციაზე. ასეთ საქართველოში უწევდა მას ცხოვრება თავისი კუთვნილი სიცოცხლის ბოლო წლებში. ამ საზოგადოების გათავისუფლება თუ გარდაქმნა სამოქალაქო საზოგადოებად მისი უმთავრესი მიზანი იყო. გავიდა დრო, საკმაოდ დიდი დრო და ჩვენ ვერ  დავძლიეთ ჩვენში ჩასაფრებული აგრესორი და სადისტი. მერაბ მამარდაშვილის, როგორც საუკუნის მოაზროვნის, არსებობა ქართველი ერის სულიერ ფასეულობათა ერთგულებისა და მაღალ იდეათა გააზრებისკენ იყო მიმართული. სიყვარულისა და სიკეთისკენ სვლა ამქვეყნიური არსებობის უმთავრეს მისიად მიაჩნდა, ამიტომ ფასობს მისი ნააზრევი, ამიტომ არ კარგავს მნიშვნელობას მისი ფილოსოფიური მემკვიდრეობა, რომლის ეპიცენტრშიც ადამიანი, პიროვნება დგას. თავად ასე განსაჯა: „სიყვარულისა და სიკეთის დაუფლება მხოლოდ იმას ძალუძს, ვინც საკუთარ თავზე მუშაობს, საკუთარი თავის გაგებას, სოციალური ცხოვრებისა და ერის ბედის იდუმალ სიღრმეთა წვდომას ცდილობს“.

ერთი რამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ: ამ „მცდელობისთვის“, ასეთი ცხოვრების სახეობისთვის ნამდვილად ღირს სიცოცხლე, ანუ ის აბსოლუტური ღირებულება, რომელიც ქმნის სამყაროს ღერძს. მერაბ მამარდაშვილის მსგავსი მოაზროვნენი აყალიბებენ ცხოვრების აზრსაც და საზრისსაც.

 

ყველა ახალი ამბავი
0