ტრადიციების კვალდაკვალ – ევროპის ჩემპიონი, რომელიც თიანეთში დამბალხაჭოს აწარმოებს

© Natia Rigishviliძველი ტრადიციებით დამზადებული დამბალხაჭო
ძველი ტრადიციებით დამზადებული დამბალხაჭო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნათია რიგიშვილი 26 წლის ახალგაზრდა მეწარმეა. დაიბადა და გაიზარდა თიანეთის რაიონში, სოფელ ახალსოფელში. უკვე ორი წელია ოჯახთან ერთად ქართულ დელიკატესს – დამბალხაჭოს აწარმოებს.

ნათიას საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს. იმის გარდა, რომ ახალგაზრდა მეწარმეა, იგი ბირთვის კვრასა და ბადროს ტყორცნაში ევროპის ჩემპიონია. ამას გარდა მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი პრიზი, თუ ჯილდო. ამბობს, რომ ორივე სფერო მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია, ამიტომ ორივეს წარმატებით ართმევს თავს.

© FB / უბატონო ქართველინათია რიგიშვილი
ნათია რიგიშვილი - Sputnik საქართველო
ნათია რიგიშვილი

— ვარ მძლეოსნობის ეროვნული ნაკრების წევრი ბადროს ტყორცნასა და ბირთვის კვრაში. ვაწარმოებ დამბალხაჭოს თიანეთში და ვსწავლობ ქალაქ გორში კოლეჯ „განთიადში“ რძის გადამმუშავებლის სპეციალობაზე.

– დამბალხაჭოს წარმოება როდის დაიწყეთ?

— დამბალხაჭოს ოჯახში ყოველთვის ვაკეთებდით, მისი წარმოების იდეა კი ბავშვობიდან მოდის, თუმცა მეორე წელია, რაც ამ იდეას ბიზნესის სახე მიეცა.

დამბალხაჭოს თიანეთში, ოჯახში ვაწარმოებთ. რაც შეეხება რეალიზებას, ძირითადად ხდება ადგილზე, ყველის ფესტივალებზე და თბილისის მაღაზია „ყველის სახლში“ ფალიაშვილის ქუჩაზე. რეალიზაცია არასდროს ჭირს, მოთხოვნა დიდია, მთავარია პროდუქტი იყოს.

© FB / Dambalxachoდამბალხაჭო
დამბალხაჭო - Sputnik საქართველო
დამბალხაჭო

– გვიამბეთ ცოტა რამ დამბალხაჭოს წარმოების შესახებ.

— დამბალხაჭო ტრადიციულად რძის მეორადი პროდუქტია, მაგრამ ის გვევლინება დამოუკიდებელ ახალ პროდუქტად. მის წარმოებაში არ მონაწილეობს არანაირი მექანიკური საშუალებები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ახალმოწველილ რძეს დგამენ რამდენიმე დღე დასამჟავებლად. ზაფხულში მეორე, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე მესამე-მეოთხე დღეს ასხამენ სადღვებელში და დღვებენ კარაქს. კარაქის შედღვების შემდეგ დარჩენილ დოს აცხელებენ 50-60 გრადუს ტემპერატურამდე ცილების შეგროვების მიზნით, შემდეგ ახაჭოებულ მასას ასხამენ ტილოს ტომრებში და კიდებენ 10-12 საათის განმავლობაში გასაწურად. გაწურულ ხაჭოს გადაზელენ მარილში გემოვნებით, აგუნდავებენ 200-250-გრამიან კვერებად და ალაგებენ სპეციალურ სათავსოში, ძობანში უმზეოდ გასაშრობად 7-10 დღის განმავლობაში. გამშრალ ხაჭოს დასალბობად ალაგებენ თიხის ქოთანში. ქოთანი ძირითადად სარდაფში, ან მიწაშია ჩაფლული მუდმივი ტემპერატურისა და ჰერმატულობის შესანარჩუნებლად. დავარგებას 1,5-2 თვე სჭირდება. ქვევრში დამბალი ხაჭო იწყებს ობის მოკიდებას, შემდეგ შიგნიდან ლბობას და ნაზ ოქროსფერს იღებს. მომწიფება წარმოებს რძემჟავა ბაქტერიებისა და პენიცილინის ობის მონაწილეობით. დიდი რაოდენობით შეიცავს კეფალინსა და ლეციტინს, რაც ხელს უშლის ორგანიზმში ქოლესტერინის დაგროვებას, ებრძვის და აკაფსულებს ტუბერკულიოზის ჩხირებს.

– თქვენ თვითონ ამზადებთ, საკუთარი ხელით?

— დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ძირითადად დედა აკეთებს. დედას ბებომ ასწავლა. თითქმის 30 წელია ოჯახისთვის ამზადებს. გამოცდილება დიდი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შრომატევადი პროცესია მისი დამზადება, ამას სიამოვნებით აკეთებს. ამასთან ერთად, მასაც ძალიან უყვარს დამბალხაჭო.

– დღესდღეობით რამდენად პოპულარული და აქტუალურია დამბალხაჭო?

— საკმაოდ პოპულარულია. მასზე მოთხოვნა გაიზარდა 2014 წლის შემდეგ, როცა მისი დამზადების ტექნოლოგია და კულტურა აღიარებულ იქნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად იუნესკოს მიერ. მისი დამზადების ტექნოლოგიას მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

© FB / Natia Rigishviliნათია რიგიშვილი
ნათია რიგიშვილი - Sputnik საქართველო
ნათია რიგიშვილი

– მინდა თქვენ მიღწევებზეც ვისაუბროთ, რომელიც სპორტში გაქვთ. როდის დაიწყეთ ვარჯიში და რამდენად მნიშვნელოვანია სპორტი თქვენ ცხოვრებაში?

— სპორტი ჩემი ცხოვრების პრიორიტეტია. ვარჯიში 2006 წელს დავიწყე. ვარ მძლეოსანი და ორ სახეს ვფლობ, ბირთვის კვრას და ბადროს ტყორცნას.

– რთული არ არის ორ სრულიად განსხვავებულ სფეროში მოღვაწეობა?

— არასდროს მოვკიდებ ხელს ისეთ რამეს, რაც არ მიყვარს, ან არ მომწონს. აქედან გამომდინარე ორივე სფერო ჩემი ნაწილია. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ როცა შენი საქმე გიყვარს, შეუძლებელი არაფერია.

– სპორტში მიღწეული პირველი წარმატება გაიხსენეთ…

— ეს იყო 2006 წელს ქალაქ სოჭში „კავკასიის თასი“, სადაც ბირთვის კვრაში მესამე ადგილი, ხოლო ბადროს ტყორცნაში მეორე ადგილი დავიკავე.

– ამას მოჰყვა ბევრი წარმატება და ჯილდო…

— ამას მოჰყვა ბევრი გამარჯვებაც და დამარცხებაც, რამაც უფრო მეტი სტიმული მომცა და მეტად შემაყვარა სპორტი.

2007 წელს შავი ზღვის ქვეყნების თამაშები ჩატარდა ქალაქ ტრაპიზონში. ორივე სახეობაში მეორე ადგილი დავიკავე. ვარ აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის ისრაელის, ყაზახეთის ქვეყნების ღია ჩემპიონატების    გამარჯვებული. 2013 წელს ორივე სახეობაში ევროპის ჩემპიონი გავხდი. შემდეგ თითქმის სამი წელი ტრავმის გამო იძულებით „დავისვენე“. წელს კი European Athletics team chempionships 3rd learge ორივე სახეობაში პირადი მეორე ადგილი და გუნდურში მესამე დავიკავეთ.

© FB / Natia Rigishviliნათია რიგიშვილი
ნათია რიგიშვილი - Sputnik საქართველო
ნათია რიგიშვილი

– რამდენად საპასუხისმგებლოა თქვენთვის იყოთ წარმატებული სპორტსმენი და წარმატებული მეწარმე? რამდენად დიდ შრომას მოითხოვს ეს ყველაფერი?

— პასუხისმგებლობა დიდია, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. ორივე სფერო ბავშვობიდან მიყვარს, ორივე დიდ შრომას ითხოვს, თუმცა ორივეს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

— გეგმებს რაც შეეხება, მინდა 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზე წასვლა და წარმოების გაფართოება. მინდა ფერმის და საწარმოს გაკეთება.

— წარმატებებს გისურვებთ!

 

ყველა ახალი ამბავი
0