„ცივი“ გერმანელები და საქმე, რომლითაც შთამომავლობა სამშობლოს საბოლოოდ მიეჯაჭვება

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliსაკალმახე აბასთუმანი
საკალმახე აბასთუმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა “ქართველები უცხოეთში“ გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს, ემზარ აფრიამაშვილს გაგაცნობთ

საქართველო 90-იან წლებში, შევარდნაძის ეპოქის დროს დატოვა და პოლიტიკური თავშესაფარი გერმანიაში მოითხოვა. შრომისმოყვარეობის წყალობით უცხო ქვეყანაში მისმა ოჯახმა ბევრს მიაღწია. სამშობლოში დაბრუნებულმა, 2006 წელს, აბასთუმანში შეიძინა საკალმახე მეურნეობა, რომელსაც მთლიანად წყლისა და მზის ენერგიაზე ამუშავებს. ეს ადგილი ულამაზეს ხელოვნურ ტბასთან ერთად საკმაო პოპულარობით სარგებლობს როგორც ქართველ დამსვენებლებში, ასევე უცხოელ ტურისტებს შორისაც. ბატონი ემზარი თვლის, რომ ეს მარტო ბიზნესი არ არის და ამით სურს, გერმანიაში გაზრდილი მისი შთამომავლობა ისტორიულ სამშობლოსთან საბოლოოდ დააკავშიროს…

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliემზარ აფრიამაშვილი
ემზარ აფრიამაშვილი - Sputnik საქართველო
ემზარ აფრიამაშვილი

- ბატონო ემზარ, 90-იან წლებში გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეთ, როგორ აეწყო უცხო ქვეყანაში თქვენი ახალი ცხოვრება?

— ადრე, საქართველოში საკონსერვო ქარხანაში ვმუშაობდი, წარმოების უფროსი ვიყავი. როცა ქვეყანა დაიშალა, როგორც ყველა, მეც სხვადასხვა ბიზნესით ვიყავი დაკავებული. 1997 წელს გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვეთ. ძალიან რთული პერიოდი იყო. თუკი იქ ცხოვრების უფლებას არ მოგცემენ, ჩათვალე, რომ სრულიად უუფლებო ხარ. კი, ბატონო, გაძლევენ იმის საშუალებას, რომ იარსებო, ჭერიც გაქვს და სახლიც, საჭმელიც და სასმელიც — ყველაფრით უზრუნველყოფილი ხარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვერ ვგრძნობდი თავისუფალ ადამიანად თავს… რად მინდა ის მათხოვრული საარსებო ულუფა, რაც თავადაც შემიძლია, რომ ვიშოვო?! ყველაზე დიდი დამცირება ჩემთვის ის იყო, რომ არ მქონდა უფლება, საკუთარი ოჯახი შემენახა. სოციალური დახმარებით ძალიან ბევრი ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს, მაგრამ მე ეს არ მაკმაყოფილებდა.

© FB/ Emzar Apriaემზარ აფრიამაშვილი
ემზარ აფრიამაშვილი - Sputnik საქართველო
ემზარ აფრიამაშვილი

- როგორ გადაწყვიტეთ ეს პრობლემა?

— მივედი იქ, სადაც სოციალურ დახმარებას იძლევიან და ვუთხარი, რომ ასე ცხოვრება არ მაწყობს: სამუშაო მომეცით, თუნდაც ერთი მარკა, რომ ფული დამსახურებულად მივიღო, თქვენი დაუმსახურებელი დახმარება არ მჭირდება მეთქი. ამის მერე ქალაქ ბილეფილდში წავედი. იქიდან ქალაქ მინდენში გამანაწილეს. 2001 წლიდან ხორცკომბინატში მიმღებ განყოფილებაში დავიწყე მუშაობა. ხორცის ხარისხზე და წონაზე პასუხისმგებელი პირი გავხდი და ამ კომბინატში 15 წელი ვიმუშავე.

- ბატონო ემზარ, თქვენს ყველაზე დიდი წარმატებად უცხოეთში რა მიგაჩნიათ?

— ჩვენმა ოჯახმა 20 წლის მანძილზე ძალიან ბევრს მიაღწია. მართალია, მე კარიერა არ გამიკეთებია, მაგრამ ჩემი მეუღლე, რომელიც პროფესიით ექიმია, დღეს საავადმყოფოს განყოფილების გამგეა. ოჯახში არ ვართ გაყოფილი: ჩემი, შენი — არ არსებობს, ჩვენ ერთნი ვართ. ჩემი შვილები- ერთი 30 წლისაა, მეორე 25-ის, მესამე —19 წლის, კიდევ ორი შვილიშვილი მყავს. 

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliემზარ აფრიამაშვილი
ემზარ აფრიამაშვილი - Sputnik საქართველო
ემზარ აფრიამაშვილი

- თქვენმა შვილებმა ქართული თუ იციან?

— რა თქმა უნდა იციან. ჩემი შვილები საქართველოში სექტემბერში ჩამოვლენ. ისინი აქ ყოველ წელს ჩამოდიან. საბოლოოდ რას გადაწყვეტენ — მათი საქმეა, მე არ ვერევი არც ჩემი მეუღლის და არც შვილების ცხოვრებაში… ვთვლი, რომ ზრდასრულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს სად ურჩევნია ცხოვრება…

© photo: Sputnik / Teona Gogniashviliსაკალმახე აბასთუმანი
საკალმახე აბასთუმანი - Sputnik საქართველო
საკალმახე აბასთუმანი

- თავად ცხოვრების წესი გერმანიაში — რამდენად ერგება მას ქართული ბუნება?

— გერმანიაში ჩვენგან განსხვავებით კანონმორჩილი და სისუფთავის, წესრიგის მოყვარული ხალხი ცხოვრობს. გერმანელი ხალხი ბუნებით ცივი რომ იყოს — ამდენ ხალხს თავშესაფარს არ მისცემდა და დახმარებას არ გაუწევდა. პროგრესს უდროობა და ურთიერთობაში ერთგვარი სიცივე მოაქვს, ახლობლისთვის დროს ისე ვეღარ ნახულობ. როცა ინდუსტრია ვითარდება, ადამიანი იძულებულია, ცივი გახდეს. მეგობართან შესახვედრად ფიზიკურად არ რჩება დრო. ცხოვრების ტემპი იქ ოცჯერ უფრო აჩქარებულია, ვიდრე საქართველოში. მე არ მაქვს იმის უფლება, რომ ვთქვა, ეს ხალხი ცივია მეთქი. საერთოდ როგორც ჩვენ ვექცევით — ისინიც შესაბამისად გვექცევიან. მჯერა, რომ ადამიანები მთელ მსოფლიოში ერთნაირები არიან — უბრალოდ ისინი სხვადასხვა ენაზე საუბრობენ. ის ტრადიცია რაც ამ ერს გააჩნია, მათ კანონში აქვს ჩადებული. ჩვენთან დღეს რამდენია ისეთი, რომ მშობლების სანახავად არ ჩადიან სოფლებში. იქ ასეთი რამ არ არსებობს, ჯერ ერთი, მორალურად არიან ვალდებული, მერე კიდევ თუკი არ მოუვლიან, მათ მოხუცებულთან სახლში წაიყვანენ და ეს თანხა შვილმა უნდა იხადოს.

- ბატონო ემზარ, აბასთუმანში საკალმახე მეურნეობა გახსენით, რა არის ეს, ბიზნესი, რომელსაც მორალური სიამოვნება მოაქვს?

— როცა 2006 წელს ჩამოვედი, მაშინ დედა ცუდად იყო და მითხრეს, რომ ეს ადგილი იყიდებაო. აბასთუმანში სახლს ვაშენებდი და ამის ყიდვაც გადავწყვიტე, იმიტომ, რომ ეს ადგილი არაბებს უნდა შეეძინათ. ვიფიქრე, ქართულ მიწაზე რაღა არაბმა უნდა იყიდოს, მე ვიყიდე მეთქი.

- მთელი საკალმახე მეურნეობა მზის და წყლის ენერგიაზე გაქვთ…

— აქ აბსოლუტურად ყველაფერი მზის და წყლის ენერგიაზე მაქვს და ყველაფერი საკუთარია. როცა გამოუვალი მდგომარეობაა, ადამიანი ალტერნატიული ენერგიის წყაროებს ეძებს. გამოჩნდა ასეთი ალტერნატივა და გავაკეთე. ჩემი გეგმებია იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება საქართველოში კანონმდებლობა. ახლა გამოუშვეს კანონი სასოფლო სამეურნეო მიწის გაყიდვის აკრძალვაზე. კი, ბატონო, ვეთანხმები, კარგია, მაგრამ აქვე გარკვეული პირობა უნდა ჩაიდოს მათთვის, ვისაც მაგალითად დაბრუნება უნდა. ჩემი მამა-პაპის მიწა, ჩემს შვილზე რატომ არ შემიძლია რომ გავაფორმო?! რატომ უნდა ვეომო ამისთვის სახელმწიფოს და სარჩელი შევიტანო სასამართლოში?!… ამიტომ ვთვლი, რომ ეს არასწორი პოზიციაა. იმედია, მომავალში კანონს დახვეწავენ. ამიტომ ყველა ინვესტორს, მათ შორის მეც, ამ კანონიდან გამომდინარე, ინვესტიციის ჩადების შიში გვაქვს. ამ მეურნეობის შეძენის დროს ის იდეა ჩავდე, რომ ჩემი შემდგომი თაობა, რომ იტყვიან, ფიზიკურად ამ ადგილს მივაჯაჭვე. ვიცი, რომ ეს საქმე ისე უნდა განვავითარო, რომ მისი გაყიდვა შეუძლებელი იყოს.

© FB/ Sakalmakhe Abastumaniსაკალმახე აბასთუმანი
საკალმახე აბასთუმანი - Sputnik საქართველო
საკალმახე აბასთუმანი

-  გამოდის, რომ თქვენს შვილებს სხვა გზა არ დაუტოვეთ…

— ნამდვილად ასეა, ამით შვილებს სხვა არჩევანის უფლება არ მივეცი, სხვა გზა არა აქვთ… ვიცი, რომ უკან დაბრუნდებიან და ასეც უნდა იყოს — ეს ხომ მათი სამშობლოა?!…

- თქვენთვის რა არის სამშობლო?

— ჩემი ცხოვრება… მთელი სიცოცხლეა, მგონი, ამაზე ძვირფასი მეტი არაფერია ქვეყანაზე…

 

ყველა ახალი ამბავი
0