პიანისტ მარიამ ვარძელაშვილის მოგზაურობა დროსა და სივრცეში და მისი "Trio Immersio"

© მარიამ ვარძელაშვილიმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ავსტრიაში მცხოვრებ წარმატებულ პიანისტს, მარიამ ვარძელაშვილს გაგაცნობთ.

მან თბილისის ნიჭიერთან ათწლედი დაამთავრა. 9 წლის იყო, როცა მისი დებიუტი შედგა და საქართველოს ტელე–რადიო ორკესტრთან ერთად დაუკრა. ათწლედის შემდეგ, კონსერვატორიაში პედაგოგ ნინო ქათამაძის კლასში სწავლობდა. 20 წლის იყო, როცა გადავიდა ამერიკაში, სადაც ბოულინგ გრინში ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა. ამის შემდეგ პარიზში, ვერსალის კონსერვატორიაში ისწავლა. მოგვიანებით კი ორწლიანი მაგისტრატურა ვენის კონსერვატორიაში გაიარა. დღეს იგი ავსტრიაში ცხოვრობს, მონაწილეობს საქველმოქმედო ღონისძიებებში და მის მიერ დაარსებულ საფორტეპიანო ტრიო „იმერსიოსთან" ერთად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს კონცერტებს. მარიამს დავუკავშირდით ვენაში, სადაც ის საქსოფონისტ ჯოელ დაიგერტთან ერთად ცხოვრობს.

© მარიამ ვარძელაშვილიმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ვარძელაშვილი

-მარიამ, მუსიკასთან ინტენსიური ურთიერთობა ბავშვობიდანვე დაიწყეთ, მაშინვე მიხვდით, რომ მუსიკოსი გამოხვიდოდით?

— როცა თბილისის ნიჭიერთა ათწლედში აღმოვჩნდი, იქ  სიტუაცია იმდენად ინტენსიური იყო და მაღალ პროფესიულ დონეზე დაყენებული, რომ ადრეული ასაკიდანვე იცოდა ყველამ, რომ მუსიკოსი უნდა გამხდარიყო, მათ რიცხვში მეც ვიყავი. მომავალში ასეც მოხდა: ჩემი კლასელების 80 % მუსიკოსი გახდა. ბავშვობიდანვე ძალიან სერიოზულად ვუდგებოდი ამ პროცესს. გამოცდილი პედაგოგების ხელში ძალიან კარგი ხარისხის განათლება მივიღე. ამ ხალხმა საფუძვლიანი განათლება მოგვცა. შემდეგ უკვე კონსერვატორიაში და მაგისტრატურაში სწავლის წლებში ძალიან კარგად მომზადებული ვიყავი.

© მარიამ ვარძელაშვილის პირადი არქივიმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ვარძელაშვილი

-  ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე, 9 წლის ასაკში ორკესტრთან ერთად გამოდიოდით…

— ჩემთვის ყველაზე საზეიმო მომენტები ბავშვობაში სწორედ ორკესტრთან დაკვრა იყო და ეს ძალიან გვიხაროდა. ამას ათწლედში ყოველ სემესტრში ვაკეთებდით. ძირითადად ეს იყო ორკესტრი ბატონი რეზო ტაკიძის დირიჟორობით. პირველი ორკესტრი კი, რომელთანაც დავუკარი — ტელევიზიისა და რადიოს ორკესტრი გახლდათ, რომელიც დღეს თუ არ ვცდები, აღარ არსებობს.

- კონსერვატორიის  მერე ამერიკაში როგორ მოხვდით?

— ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, ძალიან კარგი პიანისტი, თამთა მიქელაძე იყო ამერიკაში. მან მითხრა, რომ იყო შესაძლებლობა სასწავლებლად ამერიკაში წავსულიყავი და ასეც მოხდა. ამერიკაში ვსწავლობდი მაქსიმ მაგილევსკისა და შემდეგ ლორა მელტონთან, რომელიც ამერიკის მუსიკის საფორტეპიანო შემსრულებლების პედაგოგთა ნაციონალური ასოციაციის პრეზიდენტია. ძალიან საინტერესო პიროვნება და ქალბატონია. ჩვენი სასწავლებელი დეტროიტთან ახლოს მდებარეობდა და იქ სამი წელი ვისწავლე. იმ რეგიონში ძალიან განვითარებულია კლასიკური მუსიკა და შესაძლებელი იყო ძალიან მაღალი დონის მუსიკოსების კონცერტებზე სიარული. იმ პერიოდში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. იქ სწავლის წლები ძალიან ინტენსიური, ძალიან საინტერესო და… დამღლელი იყო. დამღლელი იმ თვალსაზრისით, რომ ყველა საგანში, რაც კი მევალებოდა, ძალიან ბევრი ნაშრომის წერა მიწევდა. მუსიკის სწავლის მიმართ აკადემიური მიდგომა მართალია საინტერესოა, მაგრამ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ აქ სწავლის გაგრძელება აღარ მინდოდა…

© მარიამ ვარძელაშვილის პირადი არქივიმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ვარძელაშვილი

- როგორი იყო ცხოვრება და სწავლა ქალაქში, რომელიც „დღესასწაულია და მუდმივად შენთანაა“?

— დიახ, ამერიკის მერე ორი წელი პარიზში, ვერსალის და ბულონის კონსერვატორიაში ვსწავლობდი. იქ სწავლა ამერიკისგან აბსოლუტურად განსხვავებული იყო. თუმცა პარიზში მუსიკა სახვით ხელოვნებისგან განსხვავებით ნაკლებად პრიორიტეტულია, მაგრამ აქ მაინც უამრავი რამ ხდება, უამრავი საინტერესო მუსიკოსის კონცერტი და შეხვედრა ტარდება. ამ მხრივ იქ გატარებული წლებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ეს იყო განსხვავებული ეტაპზე გადასვლა. მთლიანობაში პარიზში სწავლაც და ცხოვრებაც ხელოვანისთვის ძალიან საინტერესოა. 3 მარტს პარიზში დიდი ჩემს საფორტეპიანო ტრიოსთან ერთად დავუკარი ეს კონცერტი იმიტომ დამამახსოვრდა, რომ პარიზში 4 წელი არ ვყოფილვარ და  ძალიან ბევრ მონატრებულ მეგობარსა და მსმენელს შევხვდი, ამიტომ ემოციურად საკმაოდ დატვირთული იყო.

© მარიამ ვარძელაშვილის პირადი არქივიმარიამ ვარძელაშვილი
მარიამ ვარძელაშვილი - Sputnik საქართველო
მარიამ ვარძელაშვილი

-ამჟამად თქვენს მიერ შექმნილ საფორტეპიანო ტრიოსთან ერთად კონცერტებით გამოდიხართ, ტრიოს იდეა როგორ გაჩნდა?..

— ბოლო ხუთი წელია, ვენაში ვცხოვრობ, სადაც ასევე ვისწავლე  და სწავლის მერე გადავწყვიტე, რომ ჩამომეყალიბებინა საფორტეპიანო ტრიო და ეს ძალიან მარტივად მოხდა: მოვძებნე მუსიკოსები, მევიოლინე უკრაინელია — ვირა ჟუკი, რომელიც უკვე დიდი ხანია ავსტრიაშია, ჩელისტი — სერბი ნემანია სტანკოვიჩია, რომელიც ბელგრადის სიმფონიური ორკესტრის მთავარი ჩელისტია და ძალიან საინტერესო მუსიკოსი. მათთან ერთად ვენაში ბევრს ვუკრავთ. 2016 წელს გამოვიდა "Trio Immersio"–ს სადებიუტო დისკი. ალბომი ვენური ჟანრის განვითარების ისტორიას მიეძღვნა. ეს არის მოგზაურობა დროსა და სივრცეში. დისკი იწყება ამ ჟანრის ფუძემდებლის, ჰაიდნის კლასიკური ნაწარმოებით, შემდეგ მოდის შუბერტი, ბრამსი და ამას მოჰყვება ნახტომი 21–ე საუკუნეში, თანამედროვე ავსტრიელი კომპოზიტორის ბერნარდ განდერის ექვსი მინიატურა, მძიმე მეტალი.

- მარიამ, ამერიკა —საფრანგეთი- ავსტრია- ერთგვარად შემოქმედებითი ზრდის ეტაპებია- შემდეგი რა იქნება?..

— ჯერჯერობით ვენაში თავს კომფორტულად ვგრძნობ და არსად გადასვლის სურვილი არ მაქვს. ვენა ხომ კლასიკური მუსიკისთვის განუმეორებელი ქალაქია, აქ განსაკუთრებული ატმოსფერო და ტრადიციებია. მსმენელიც ძალიან საინტერესო, მომზადებული და მომთხოვნია. კონცერტებზე პუბლიკა ინტენსიურად დადის, რაც შემსრულებლისთვის ძალიან დიდი სიხარულია.

- ვისი შეფასება გახარებთ?

— ყველაზე მეტად მიხარია ორი რამ: როცა არაპროფესიონალი ადამიანი, რომელიც პირველადაა კლასიკური მუსიკის კონცერტზე გეუბნება, რომ მოეწონა და მისთვის არ იყო ეს მოსაბეზრებელი, ამდენად სურვილი აქვთ, რომ კიდევ მოვიდეს. და კიდევ მახარებს ჩემი ერთ-ერთი პედაგოგის, ცნობილი ავსტრიელი პიანისტის, კლაუს კრისტიან შუსტერის შეფასება, როცა ის მეუბნება, რომ ჩემი შესრულების სიწრფელეს და გულახდილობას აფასებს. კიდევ ჩემი ახლობლების ქებაც მახარებს. ყველა ჩემიანი თბილისშია და დღე არ გადის, რომ მათთან კონტაქტში არ ვიყო. თბილისი ძალიან მენატრება და ვცდილობ, რომ ხშირად და მაქსიმალურად დიდი ხნით ჩამოვიდე ხოლმე. ჩემი ქალაქის განსაკუთრებული ატმოსფერო მენატრება…

 

ყველა ახალი ამბავი
0