ერთ-ერთი პირველი ქართველი დიჯეი, „ბრეიკ-დანსის“ მამა - უნიკალური ვიოლინოების ექსპერტი

© FB/ New Street Studioპაპუნა კორძაიას მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია
პაპუნა კორძაიას მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ პაპუნა კორძაიას გაგაცნობთ, რომელსაც დაშტამპულ საბჭოურ დროში უყვარდა ყველაფერი, რაც უცხო, ახალი და საინტერესო იყო. ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულად საკუთარ წესებსაც ამკვიდრებდა. იგი იმ დროის დისკოთეკების ერთ-ერთი პირველი და ყველაზე განსხვავებული დიჯეი იყო.

თბილისურ სინამდვილეში პაპუნას წყალობით გაჩნდა ისეთი „მოვლენა“, როგორიც Break Dance-ია. თბილისის ფილარმონიაში გამართული „ჯაზ ფესტების" აქტიური მონაწილე  წლებია, რაც ამერიკაში ცხოვრობს. იქ ძველი, ანტიკვარული მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია აქვს გახსნილი.  გარდაამისა,  საკუთარი ჯაზ-ბენდი Pjaz-ი დააარსა. ბატონ პაპუნას  ატლანტაში დავუკავშირდით. 

© FB/ Papuna Kordzaiaპაპუნა კორძაია
პაპუნა კორძაია - Sputnik საქართველო
პაპუნა კორძაია

- ბატონო პაპუნა, დავიწყოთ იმით, რომ საკმაოდ ტრადიციულ თბილისურ ოჯახში დაიბადეთ. 

— დავბადებულვარ 1962 წლის იანვრის 3-ში, დილის ექვსზე, სოლოლაკში, დადიანის 12-ში, უფრო სწორად, არამიანცის საავადმყოფოში დავიბადე და მერე მაქ  (აღნიშნულ მისამართზე) მიმიყვანეს. დადიანი-ენგელსის კუთხეში არსებულ საბავშვო ბაღში დავდიოდი. მერე იყო მახარაძეზე, 39-ე სკოლა, რომელიც კ.დ. უშინსკის სახელობის იყო. (ეს კ.დ. ეხლაც არ ვიცი, რას ნიშნავს). პარალელურად, ენგელსზე არსებულ პირველ მუსიკალურში ვსწავლობდი — ზუსტად 5,5 წელი, ანუ სანამ დედაჩემი მიმკლავდებოდა. მერვე კლასიდან პირველ ექსპერიმენტულში გადავედი და საბურთალოელი (ანუ, სლენგით  „ზამბურტალოელი“) გავხდი. მერე თსუ-ს გეოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. აბა, რას იზამ?— როცა დედ-მამა და ბაბუაც გეოლოგები გყავს?!..  

© FB/ Papuna Kordzaiaპაპუნა კორძაია ამერიკაში
პაპუნა კორძაია ამერიკაში - Sputnik საქართველო
პაპუნა კორძაია ამერიკაში

- რადგან ბავშვობიდან შემოქმედებითი ნატურა ხართ, მაინც ვერ მოისვენეთ, არა?..

— კი, ეგრეა. თეატრალურზე ჩავაბარე და მას მერე თბილისში დისკოთეკებს სულ მე ვატარებდი. თბილისის ერთ-ერთი პირველი დიჯეი ვარ, სად „ვდიჯეობდი“ იცით? „ივერიის“ წინ სცენა იყო მოძრავი, სულ რომ ადი-ჩადიოდა. ამ ამბავში ჯერ მე და ზურა ჭელიძე ვიყავით, შემდეგ მე და მამუკა კიკალეიშვილი, მოგვიანებით კი მე და ირაკლი აფაქიძე. მეტეხზე, გორგასლის ძეგლის ქვემოთ სცენა მქონდა და იქ დიდი შოუ მოვამზადე. მერე „პესკებზე“ გაგიკვირდებათ და, „ცოდნის დღესასწაული" დავდგი.  

- თქვენ იმ დროისთვის პოპულარულ მუსიკალურ ჯგუფის „ქიშო და ინტელიგენცია" წევრი იყავით…

— ამ ჯგუფში ვიყავით: მე, ალექსი სამადაშვილი, რომელიც ახლა ვენაშია და ქიშვარდი, რომელიც სულ „უბერავდა“ და ეხლა ნიუ-იორკში „უბერავს“ რაღაცეებს. ბოლოს იყო ფილარმონიაში გამართული „ჯაზ ფესტები", მასში ჩართული იყო ჩემთვის საყვარელი ადამიანი ძია ჟენია, — ასე ვეძახდით იმ დროის თბილისში უდიდეს კაცს, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანს, ევგენი მაჭავარიანს…   

© FB/ Papuna Kordzaiaპაპუნა კორძაია
პაპუნა კორძაია - Sputnik საქართველო
პაპუნა კორძაია

- ვიცი, რომ „ბრეიკ-დანსი“ საქართველოში თქვენ შემოიტანეთ…

— დიახ, მე „ბრეიკ-დანსის" მამა და საქართველოში მისი შემომტანიც ვარ. საქართველოს სახელით ჩემი „სასტავი" ლიტვაში,  პალანგაში, „ბრეიკ-დანსის“ ფესტივალზე წავიყვანე. იმ ჯგუფს- „პაპუგა-86" ერქვა. 

- ყოველივე ამის შემდეგ, ამერიკაში როგორ გახდით ვიოლინოების ექსპერტი?

— დღეს ამ საქმეში მართლა ექპერტი ვარ. მოკლედ,  ვიოლინოებს ვსწავლობ, „ვაპაჩინკებ", ვყიდი და ვაქირავებ, რესტავრაციას ხელით ვუკეთებ. ამერიკაში ვიოლინოების და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია მაქვს. აქ XVIII საუკუნის  ცნობილი ოსტატების ძველი ვიოლინოებია. ასე რომ, თქვენ ფული თქვით, თორემ ბევრი ძველი ინსტრუმენტი მაქვს…  

© FB/ Papuna Kordzaiaპაპუნა კორძაია
პაპუნა კორძაია - Sputnik საქართველო
პაპუნა კორძაია

- ბატონო პაპუნა, ამერიკაში ჯაზ-ჯგუფი გყავთ, ვინ უკრავს  Pjaz-ში და სად გამოდიხართ?

— დიახ, მყავს ჯაზ-ბენდი Pjazz-ი და კლასიკურ ჯაზს უკვე 12 წელია ერთად ვუკრავთ. ამ ჯგუფში ჩემთან ერთად უცხოელი მუსიკოსებიც (Keena Graham-voc, Zac Denton-piano, Douglas Rolph-bass, Taylor Gillan-ten.sax)  არიან. ჩვენ ვუკრავთ ყველგან, სადაც მიგვიწვევენ და სადაც დაკვრა ღირს. დიდ ფულს არ ვითხოვთ. „ხალხს" თუ ვუყვარვართ?— ისე, სადღაც ეგრეა. 

© FB/ Papuna Kordzaiaპაპუნა კორძაია
პაპუნა კორძაია - Sputnik საქართველო
პაპუნა კორძაია

- ვიცი, არ ხართ ნოსტალგიური ადამიანი და მაინც, ადრინდელი, ქართული ამბებიდან რას ვერ ივიწყებთ?

— თბილისური ამბებიდან ერთი რამე განსაკუთრებით დამამახსოვრდა: ყოველ კვირას, (მართლა ყოველ კვირას!) 10 თუ 11-საათიან წარმოდგენაზე, დედაჩემს ოპერაში რომ დავყავდი. მაშინ ბილეთი15 კაპიკი ღირდა. ეს ოპერაში სიარული მერე დიტრიხასაც- დიტოსაც (ჩემი ძმა, რომელიც კალათბურთით იყო გატაცებული) „მიესაჯა". ფეხით მივდიოდით რუსთაველზე. იცი, რა მახსოვს? ოპერის რა გითხრათ და, იმდროინდელი თბილისური დილის სუნი და ყველაფერი… ჩვენი ოპერის თეატრი სხვენიდან — სარდაფამდე ხუთი თითივით ვიცოდი. ისე, ერთი-ორი ოპერაც მახსოვს. მოკლედ, მე და დედაჩემი სახლიდან ოპერაში რომ  მივდიოდით — ეგ იყო ჩემი დილის რუსთაველი… 

© FB/ Papuna Kordzaiaპაპუნა კორძაია თბილისელ მეგობრებთან ერთად
პაპუნა კორძაია თბილისელ მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
პაპუნა კორძაია თბილისელ მეგობრებთან ერთად

- ძალიან აქტიური სტუდენტობა გქონდათ და წასვლას ყველგან ახერხებდით…

— ერთ ყაზბეგურ ამბავს გავიხსენებ. მაშინ დარიალში ვცხოვრობდი — ვენაცვალე ხევს. უნივერსიტეტის ოლიმპიადა იყო ულამაზეს ხეობაში. შოთა მირიანაშვილის (უმაგრესი ბიძა) ეპოქაა — პირველი დღეა, ახალამოსულებს ვაბინავებთ და ვეხმარებით. გოგონებს ყველაფერი ამოვუტანე  და კარავი გავუშალე. საღამოა, ჟინჟლავს და სადღაც, 50 მეტრში ყაზბეგელების კარავია. იაგო კაზალიკაშვილი (დიდი იაგორას შვილიშვილი) ჩამოდის, რომ ნახოს, ვინმეს რამე ხომ არ უჭირს. ფაფახი ახურავს და ნაბადშია გახვეული. სანამ მოგვიახლოვდა, გოგონები, ვისაც კარვის გაშლაში ვეხმარებოდით, აჩურჩულდნენ: აუ, მაკო, ნახე, მწყემსი ჩამოვიდა მთიდანო. იაგორამ გაიგო და ვინაა მწყემსიო?— პირველ კურსზე ვარ, გეოლოგიურზეო, გადაიხსნა ნაბადი და „ლევისების“ ზედა-ქვედა  და „ადიდასები" გამოუჩნდა. ამაზე სამი დღე „ვიხეოდით“  სიცილით. ისე, რა ხალხი იყო შეკრებილი მაქ, ჰა? რომლით დავიწყო: შოთა მირიანაშვილი, დავით ბაიდაური, ბიძინა გუჯაბიძე, სერგო ბარლიანი — ეს უფროსები. მერე კიდევ: ცოტნე ჯავახიშვილი, თამაზ (მაცი) წიკლაური, თამრიკო თურმანიძე, თიკო თუშიშვილი, ნანჩიკა ჭანტურია.. აუ, რა კარგი ხალხი და  რა მაგარი დრო იყო… 


ყველა ახალი ამბავი
0