ინდაურის ბუმბულისგან შექმნილი საოცარი ნახატები და ცელოფნისკაბიანი ბავშვები

© FB/ Mzia Gigauriმზია გიგაური
მზია გიგაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ხელოვანისთვის ცხოვრება ძალიან რთულია, ამიტომ რაიმე მასშტაბური და კრეატიული იდეის განხორციელების სურვილი ნაკლებად მიჩნდება. აქ ურჩევნიათ ერთმანეთს საჩუქრად ქვაბი ან ტაფა მიუტანონ, ვიდრე რაიმე ნახატი ან ნაკეთობა...

მოწოდებით რომ ხელოვანია, ამას თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ ინდაურის ბუმბულისგან საოცარ ნახატებს — პეიზაჟებს, პორტრეტებს და ნატურმორტებს ქმნის. მისი ნამუშევრების გამოფენა საზოგადოებამ ელენე ახვლედიანის სახელობის მუზეუმში უკვე შეაფასა. მზია გიგაური დღეს გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ხელოვნების პედაგოგია და ბავშვებს ხელოვნებასთან ერთად სულიერებასაც აზიარებს… 

© FB/ Mzia Gigauriმზია გიგაურის ნამუშევარი
მზია გიგაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მზია გიგაურის ნამუშევარი

– ქალბატონო მზია, თვითგამოსახვის საინტერესო ფორმა გაქვთ მიგნებული, მაგრამ სანამ ამ თემას შევეხებით, გაიხსენეთ ის დრო, როცა ხატვა დაიწყეთ…

— ყოველთვის ასე იყო, საკუთარ თავზე მიჭირდა ლაპარაკი, მაგრამ ვეცდები საუბარში აგყვეთ. ათი წლიდან მახსოვს, რომ ვხატავ. გორში ოთხწლიანი სამხატვრო სკოლა დავამთავრე. ჩემი პედაგოგი ვალიკო არჩვაძე იყო. ალბათ პედაგოგები ამჩნევდნენ ჩემში ნიჭს, სხვანაირად იქ გამოცდები იყო ჩასაბარებელი და სკოლაში ვერ მოვხვდებოდი. ბავშვობაში უფრო პორტრეტების ხატვა მაინტერესებდა, ადამიანების ხასიათს ვიჭერდი და ვხატავდი.  

© მზია გიგაურის პირადი არქივიმზია გიგაური გაკვეთილზე
მზია გიგაური გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
მზია გიგაური გაკვეთილზე

– ანუ უკვე ბავშვობაში უღრმავდებოდით ადამიანის ხასიათის სირთულეებს?

— სამხატვრო სკოლაში ხომ ზუსტად ამას გასწავლიან, იქ ხომ მთავარი ადამიანის ხასიათი, მოძრაობა, დინამიკაა… ყველაზე სახასიათო პორტრეტი, რაც იმ დროს დავხატე — დედის პორტრეტია… მახსოვს, როცა დედამ ნახა, აღნიშნა, აქ ჩემი სიმკაცრე ჩანსო. ანუ ეს მსგავსება, როგორც ფაქტი, ისე მიიღო. ცხინვალში იყო ფერწერის ოთხწლიანი პედაგოგიური სასწავლებელი, რომელიც 1981 წელს დავამთავრე.

© FB/ წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმიწმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები
წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები

– დღეს სად ასწავლით ბავშვებს ხატვას?

— დღეს გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ხელოვნების პედაგოგი ვარ. ადრე სწავლის დროს პრაქტიკა იყო მთავარი, ახლა კი თეორიაზე კეთდება აქცენტი. პარალელურად ნამუშევრებს ვქმნი, ძირითადად გრაფიკაში ვმუშაობ. შერეულ ტექნიკას ვიყენებ, ანუ ადამიანის ხელები, სახე, ფეხები დახატულია, დანარჩენს კი — ტანისამოსს და თავსაბურავს ბუმბულებისგან ვქმნი.  

© FB/ Mzia Gigauriმზია გიგაურის ნამუშევარი
მზია გიგაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მზია გიგაურის ნამუშევარი

– რომელი ფრინველის ბუმბულს იყენებთ?

— ინდაურის ბუმბული ძალიან მოსახერხებელია ასეთი ნამუშევრების შექმნის დროს. ხომ გინახავთ კაბა, რომელიც ძვირფასი მატერიისგანაა შექმნილი და იგივე კაბა, რომელიც უბრალო ქსოვილისგანაა. მათ შორის ხომ დიდი განსხვავებაა? სწორედ ასეთივე განსხვავებაა ქათმისა და ინდაურის ბუმბულს შორის. ინდაურის ბუმბული ძალიან ფაქიზია, მისი ფერი, ფორმა და შემადგენლობაც საოცარია. ეს იდეა პირველად, ალბათ, 20 წლის წინ დამებადა. რაც ახლა მაქვს დამზადებული, ისინი გასაყიდად მაქვს გატანილი, სერიოზული ნამუშევრები კი სახლში მაქვს. 

– ამ ბუმბულებისგან პეიზაჟებს ქმნით, არა? 

— ძირითადად პეიზაჟებს, ისე კი, ქალის პორტრეტები და ნატურმორტებიც გამიკეთებია. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მისგან სიამოვნებას ვიღებ, დაღლას ვერ ვგრძნობ. ყველა მეუბნება, რა ნერვები გაქვსო!.. 

© FB/ Mzia Gigauriმზია გიგაურის ნამუშევარი
მზია გიგაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მზია გიგაურის ნამუშევარი

– გრაფიკულ ნამუშევრებს რით ქმნით?

— ამ ბოლო დროს ნემსით ხატვამ დამაინტერესა, ძალიან მომწონს. სპეციალური შავი ქაღალდია, რომელიც ნემსის წვერით იკაწრება. მუშაობის დროს არანაირ ფერს არ ვიყენებ. ესკიზებსაც არ ვქმნი, ამიტომაც ასეთი ნამუშევრები რთული დასამზადებელია. 

– როგორც ვიცი, ერთხელ ავეჯის შესაფუთი პოლიეთილენით ბავშვებს კაბა შეუკერეთ…

— ერთხელ ჩემმა დირექტორმა ავეჯი იყიდა და საკმაოდ დიდი ზომის პოლიეთილენის ნაჭრები, რითიც იყო ეს ავეჯი შეფუთული, მე მომიტანა – გადაყრა დამენანა და რამე გააკეთეო. შევხედე და უცებ სურვილი გამიჩნდა, მისგან კაბები შემეკერა. საერთოდ პოლიეთილენის პარკების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, ბუნებას დიდ ზიანს აყენებს. აი, სწორედ ამიტომ გამიჩნდა ეს იდეა — გამომესახა ცელოფანში გამოსახული დედამიწა… სკოლის წინ გვირილების ბაღი გვაქვს. ვიფიქრე, ეს ბავშვებიც გვირილებივით არიან ცელოფანში გამოხვეული და თუ ამ ცელოფნებს დროზე არ გადავყრით, ეს ლამაზი ყვავილები არ გაიზრდება-მეთქი… იდეამ გაამართლა და კაბებიც ლამაზი გამოვიდა.  

© FB/ Mzia Gigauriმზია გიგაურის ნამუშევარი
მზია გიგაურის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
მზია გიგაურის ნამუშევარი

– კიდევ რის გაკეთებას აპირებთ?

— საქართველოში ხელოვანისთვის ცხოვრება ძალიან რთულია, ამიტომ რაიმე მასშტაბური და კრეატიული იდეის განხორციელების სურვილი ნაკლებად მიჩნდება, საამისოდ საქართველოში შესაბამისი დონე არ არის. აქ ურჩევნიათ ერთმანეთს საჩუქრად ქვაბი ან ტაფა მიუტანონ, ვიდრე რაიმე ნახატი ან ნაკეთობა… თუმცა, როცა ჩემს კლიენტებს რაიმე ნახელავი წაუღიათ, მერე უთქვამთ, რომ ძვირფასი საჩუქრები გვერდით გადაუდიათ, ხოლო ჩვენი საჩუქარი ხელიდან ხელში გადადიოდაო. გარდა ამისა, ყვავილების ჰერბარიუმებსაც ვაკეთებ, ყველაფერი ბუნებრივი მიყვარს… 

© მზია გიგაურის პირადი არქივიმზია გიგაური
მზია გიგაური - Sputnik საქართველო
მზია გიგაური

– თქვენი აზრით, ადამიანში, ურთიერთობებში ბუნებრივი რა დარჩა?

— ამასთან დაკავშირებითთ შოთა ნიშნიანიძის ერთი ლექსი მახსენდება:

ოქროს მალავდნენ მთელი ცხოვრება

ზოგი, ვინ იცის, სად არ მალავდა:

სკივრში, კედელში, ზოგიც ყორესთან,

ზოგი სახლის ქვეშ ანდა მარანთან.

მიწაში ეგდო გაუქმებული,

ურიცხვ მონეტად, ურიცხვ ტალანტად…

მაგრამ ქვეყანა არ დავსებულა,

რამეთუ ზოგი სულში მალავდა“…

საბედნიეროდ ასეთი ადამიანებიც გვყავს — გულში ოქროგადამალულები, მათ გარეშე ხომ სიცოცხლე მართლა არაფრად ეღირებოდა…

ყველა ახალი ამბავი
0