22:50 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ციცი ჩხეიძე

ქართველი ფოტოგრაფის ინსპირაციის წყარო, საუცხოო ფოტოები და გოთური ხელოვნება

ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
4832240

სამყაროში მომხდარი რაიმე საინტერესო, საშიში ან ლამაზი ფაქტი საზოგადოებამდე ხშირ შემთხვევაში ფოტოგრაფს მიაქვს. უნდა აღვნიშნოთ, რომ კარგი ფოტოგრაფისთვის არ არსებობს ბარიერი, სირთულე, რომ საინტერესო, ლამაზი და მნიშვნელოვანი კადრი დაიჭიროს.

ციცი ჩხეიძე (Indigo Fleur) ფოტოგრაფია. მისი ინსპირაციის წყარო მუსიკა და წიგნებია. ციციმ საკუთარი თავი გოთურ ხელოვნებაში აღმოაჩინა. აღმერთებს ვიქტორიანულ სტილს. უყვარს სიურრეალიზმი, მისტიკა და ფენტეზი.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

— ზუსტად ვერ ვიხსენებ, როდის შემოიჭრა ფოტოგრაფია ჩემში, მაგრამ სულ თან მდევდა მთავარი მიზეზი: მომენტების შენახვა. ჩემ ბავშვობაში და თინეიჯერობის პერიოდში სერიოზული ტექნიკის შეძენა დიდ ფუფუნებას წარმოადგენდა. მე კი, განსაკუთრებული დღეების არდასავიწყებლად, ჩემებურ ხერხს მივმართავდი. მაგალითად, სასკოლო ექსკურსიაზე ქალაქგარეთ წასული, შთამბეჭდავი ხედების აღსაბეჭდად, მზის სხივზე აციალებულ ყვავილს ვწყვეტდი და ვაჰერბარიუმებდი თარიღისა და მცირე დესქრიფშენის დართვით. როცა პირველი ე.წ. სასაპნე აპარატი მათხოვა მეგობარმა, შემდეგ უკვე ციფრულ გზას მივმართე მოგონებების შესანახად. ერთ წელზე ცოტა მეტია, რაც ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობის სტატუსს გასცდა და სრულად მოიცვა ჩემი ცხოვრება. ფოტოებში უმეტესად ვცდილობ ის სამყარო შევქმნა, რომელიც საყვარელი მუსიკიდან ჩამეღვარა სულში, ან წიგნებმა მამოგზაურეს და ჩვენ რეალურ გარემოში კამერის საშუალებით ჩემებურად დავხატო. ყველაზე კარგი გრძნობაა, როცა მოდელს შენებურ სტილში დამუშავებულ ფოტოს აჩვენებ და გაოცებული, აღფრთოვანებული შეძახილებით აკვირდება საკუთარი თავის აქამდე მისთვისაც უცნობ მხარეს.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– ფოტოგრაფია პროფესიულ დონეზე შეისწავლეთ თუ თვითნასწავლი ხართ?

— სტუდენტის სტატუსის უპირატესობის გამოსაყენებლად სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე. აქ ვისწავლე აპარატის საბაზისო ტექნიკური დეტალების გამოყენება, თუმცა მიმაჩნია, რომ დანარჩენი უკვე მომავალ ხელოვანზეა დამოკიდებული. აუცილებელია საკუთარ თავზე მუშაობა და ობიექტური თვითკრიტიკა. თუ ეს ნამდვილად მოწოდებაა, თუ გულით გინდა — აუცილებლად გამოგივა.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– ძალიან ორიგინალური და განსხვავებული ფოტოები გაქვთ. ეს ყველაფერი თქვენი ფანტაზიის ნაყოფია?

— ყველა ფოტო ჩემი ფანტაზიით მაქვს შექმნილი. ხდება ხოლმე, რომ მოულოდნელად კადრი წარმომიდგება და შემდეგ შესაბამის მოდელს, სამოსსა და გარემოს ვეძებ. უმეტეს შემთხვევაში კი კადრების მუზა ადგილზე და გადაღების პროცესში მოდის. მაგრამ ჩემი ძირითადი ინსპირაციის წყარო მუსიკა და წიგნებია. უსაყვარლესი ჯგუფია Pink Floyd, რომელმაც გამზარდა და ჩამომაყალიბა. მათ მუსიკაში სულიერ შვებასა და თავისუფლებას ვგრძნობ, ეს არის მუსიკა, რომელსაც დაუსრულებლად შემიძლია ვუსმინო (პირველი დიდი ოცნების ახდენის — როჯერ უოტერსის The Wall-ის ლაივის შემდეგ ამ ალბომს ორი წელი ყოველდღე ვუსმენდი) და არასდროს მომბეზრდება, ამოუწურავი ინსპირაციის წყარო. ჩემი ფოტოების უმეტესობას კი quote-ბად ადევს. გადაღების მომენტებში მათი საოცარი შემოქმედების ფრაგმენტები ჩამესმის ხოლმე.

თუმცა, ამავე დროს, საკუთარი თავი გოთურ ხელოვნებაში აღმოვაჩინე და ჩემი ფოტოების 97%-ს მისი ელფერი გასდევს. ვაღმერთებ ვიქტორიანულ სტილს. მიყვარს სიურრეალიზმი, მისტიკა, ფენტეზი. ამიტომ ჩემი ოცნების სამყაროს ციფრულ ფორმატში შესაქმნელად დავდივარ ბევრს, რომ ჯერ შესაბამისი ლოკაცია ვიპოვო, შემდეგ კი სასურველი გარეგნობის მოდელსა და რეკვიზიტებზე ვზრუნავ.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– რამდენად რთულია არაპროფესიონალ მოდელთან თუ მანეკენთან მუშაობა? როცა შებოჭილი არიან, თქვენ როგორ ცდილობთ მათ გახსნას?

— ეს საკმაოდ რთულია. ასეთ დროს ვცდილობ რაიმე გაიხსენონ, რომ გადაღებისათვის საჭირო ემოცია მივიღო, ან, როგორც მელომანს, მუსიკიდან მომყავს ფრაგმენტები, მაგალითები წიგნებიდან, ფილმებიდან, ტექსტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მათში საჭირო გრძნობების აღსაძვრელად. ჩემი უშუალობიდან გამომდინარე როლში მალევე და ადვილად შედიან ხოლმე, ფოტოსესიის შემდეგ ვმეგობრდებით და საკუთარი თავით თავადაც გაკვირვებული არიან.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– გქონიათ შემთხვევა, როცა მოდელთან (ან დამკვეთთან) ურთიერთობისას გადაღების დროს არაფერი გამოგსვლიათ?

— რა თქმა უნდა, ყოველთვის არის მომენტები, როცა რაღაც თავიდან მარტივად ვერ "მიდის", სპეციფიკური გარემოს, გარეგნობის, ჩაცმულობის და სხვა მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე. მაგრამ მთავარია საკუთარი თავი არ დავიმციროთ საქმის ასე ჩაფარცხვით – "რა უჭირს, დამკვეთს მაინც მოეწონება". მეტი მონდომება და საჭირო რაკურსის მოძებნა ყველაფერს ასწორებს.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– ყველაზე შთამბეჭდავი და საოცარი გადაღება გაიხსენეთ, რომელმაც დიდი სიამოვნება მოგანიჭათ და ფოტოებიც შესაბამისი გამოვიდა…

— ძალიან მიყვარს ზღვა. სანამ მოდელს შევუთანხმდები, ადგილებს წინასწარ ვარჩევ, რადგან ჩემი გადაღებული გარემოს უმეტესობა რთულად მისასვლელი და სამანქანო გზებისთვის მიუვალია. ზოგჯერ გაუკვალავი ბილიკებითაც გვივლია. ერთ-ერთი ასეთი "ნადირობისას", ისეთი კარგი ლოკაცია აღმოვაჩნე, რომ უკვე მოთმენაც აღარ შემეძლო, სანამ მოდელთან ერთად მომდევნო დღეს დავბრუნდებოდი. კადრები თვალწინ მედგა. მჯერა, რომ ფიქრის მატერიალიზება შესაძლებელია. მანქანისკენ დაძრულმა იმავე სანაპიროზე საბანაოდ და გასარუჯად ჩამოსული არათუ მისაღები, არამედ სასურველი გარეგნობის მქონე ჰიჩჰაიკინგერები ვიპოვე. შერჩეული მოდელი ფოტოსესიაზეც სიხარულით დამთანხმდა (რეკვიზიტებიც თან მქონდა) და საოცარი კადრები გამოგვივიდა. რაც მთავარია, ამ სესიის დამუშავებული პირველი ფოტო მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან საიტზე გამოქვეყნდა და იტალიურ ჟურნალშიც დაიბეჭდა. ამით ძალიან ბედნიერი ვარ.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

- ექსტრემალური გადაღებები თუ გქონიათ?

— ჩემი ფოტოსესიების განსახორციელებლად ყოველთვის ისეთ ადგილებზე მივდივართ, იქ ასვლა ან შესვლაც უკვე ექსტრიმია – კლდოვანი სანაპიროები, მიტოვებული, ავარიული შენობები, ამორტიზებული ნაგებობები, რომელთაც საინტერესო არქიტექტურა შემორჩათ, ნანგრევები და ა.შ.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

ძალიან მიყვარს წყალი. ერთ-ერთი ზღვისპირა ფოტოსესიისას წყალში შესვლა მომიხდა. სანაპირო კლდოვანი იყო, ქარიანი ამინდი კი ზღვის ღელვას ამძაფრებდა. წელამდე წყალში ორი ადამიანი მიჭერდა, მე კი, კამერის დაზიანების შიშით, მაღლა აწეული ხელებიდან ვერ ვბედავდი კამერა თვალისთვის საჭირო სიმაღლეზე ჩამომეტანა, რომ კადრი გამესწორებინა. სანამ ფსიქოლოგიურად მოვძლიერდი და გადაღება გავბედე, დიდი ტალღაც მოგვეწია, წამის მეასედით გამოვასწარი სანამ კამერიანად თავზე გადამევლებოდა.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

ერთ-ერთ მუსიკალურ ფესტივალზე ჯგუფის ლაივი უნდა გადამეღო. როცა ჩემი ბენდის გამოსვლის დრო დადგა, სწორედ იმ დროს დაიწყო წვიმა, რომელიც ისეთ თავსხმაში გადაიზარდა, რომ გენერატორი დააზიანა და ელექტროენერგია გამოირთო. სრულ სიბნელეში აპოკალიფსურ სიტუაციაში აღმოვჩნდით, ძლიერი წვიმა, რომელიც ისეთ ინტენსივობით მოდიოდა, როგორც ჩანჩქერი. ივენთი ლისის ტბაზე ტარდებოდა, მანქანები საფესტივალო ადგილიდან საკმაოდ მოშორებით გვეყენა, სანამ მივაღწიეთ, სულ გავილუმპეთ. საწვიმარი სცენიდან გასვლამდე გავიძრე და კამერა შევახვიე, მაგრამ აპარატი მაინც აუზში ნაბანავებს ჰგავდა. ტუტორიალების მიხედვით ბრინჯში ჩავდე. სანამ რამდენიმე დღე საჭირო დროის გასვლასა და გამოშრობას ველოდებოდი, წლები დამაკლდა.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– როგორ ფიქრობთ, რა უნარები, ხედვა უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ მისგან კარგი ფოტოგრაფი დადგეს?

— ხელოვნების ნებისმიერ დარგში მოღვაწე ადამიანისთვის ის სფერო უნდა იყოს მისი სულის გამოძახილი, დანარჩენი კი თავისით მოვა. რამდენიმე ტექნიკური დეტალი, ზოგიერთ თემატიკაში კომპოზიციურად გადასანაწილებელი რაღაც სტანდარტები კი პრაქტიკაში და საკუთარ თავზე ბევრ მუშაობაში განვითარდება. როგორც გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველშია", "ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე".

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– ფოტოგრაფიაში მთავარი კარგი, ხარისხიანი, ძვირიანი აპარატია, თუ მისი მოხმარება?

— რა თქმა უნდა, არა, თუმცა გადასაღებ თემატიკას, სტილსაც გააჩნია. კომერციას დაბალხარისხიანი კამერით ვერ გადაიღებ, რადგან დამკვეთის უპირველესი მოთხოვნა ხარისხიანი ფოტოებია, უმეტესობისთვის განაწილებული კომპოზიცია, განათება და სხვა ტექნიკური დეტალები შეუმჩნეველი და უმნიშვნელოა.

როგორც უმრავლესობამ, მეც იაფფასიანი, ძველი აპარატით დავიწყე. რადგან ხარისხის უმეტეს ნაწილს პიქსელების რაოდენობა განსაზღვრავს, დავაკონკრეტებ, რომ 5–მეგაპიქსელიანი კამერით მაქვს გადაღებული დღემდე ჩემი ფავორიტი კადრი, რომელმაც ჩემი პირველი კონკურსი მოიგო.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– თქვენმა გამოცდილებამ რა გაჩვენათ, რა არის ფოტოგრაფიაში მთავარი?

— სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ჯანსაღი კონკურენცია, შესაბამისად, ხელოვანებს შორის ნამდვილი ურთიერთობების პოვნაც რთულია. ქვეყნის განვითარებადი სტატუსის გათვალისწინებით, მხოლოდ საყვარელი პროფესიით ცხოვრება რთულია, მაგრამ მთავარია არსებულმა სირთულეებმა სულიერად არ დაგვცეს და ხელი არ ჩავიქნიოთ იმაზე, რაც ჩვენი სულის გამოძახილი და მოწოდებაა. განვლილ წამს ვეღარ დავაბრუნებთ, წარსულს ვერ შევცვლით და დრო ძალიან ძვირფასია. ასეთ დროს ყოველთვის Pink Floyd-ის Time მახსენდება (And then one day you find ten years have got behind you. No one told you when to run, you missed the starting gun).

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– როგორ ფიქრობთ, აუცილებელია ფეხდაფეხ მიჰყვეს ფოტოგრაფი ტექნოლოგიურ განვითარებას? ერთჯერადი სწავლა საკმარისია, თუ სულ სიახლის ძიებაში, სწავლის პროცესში უნდა იყოს?

— ვფიქრობ, რომ აუცილებელია. ტექნოლოგია დღითიდღე ვითარდება, ყოველ ახალ გამოსულ პროდუქტში ძველი ხარვეზების გამოსწორებასა და დახვეწას ცდილობენ. მე გადაღების ჩემთვის სასურველი სტილი მანამდე მქონდა შერჩეული და ჩამოყალიბებული, სანამ ფოტოგრაფობას სერიოზულად გადავწყვეტდი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ თავისუფალ დროს სხვა ჟანრებშიც გადავიღო, თუნდაც ჩემთვის უინტერესო იყოს. ეს მაძლევს საშუალებას გავიზარდო და პრაქტიკული გამოცდილებაც გავიმდიდრო. რაც არ უნდა ცნობილი და მაღალანაზღაურებადი გავხდეთ, ყოველთვის უნდა ვიყოთ სიახლის ძიებაში, რადგან თვითკმაყოფილი "მე" გაგვაზარმაცებს და პროგრესის მაგივრად დეგრადაციის გზაზე დავდგებით.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– რას ურჩევთ დამწყებ ფოტოგრაფებს? თავდაპირველად რა აპარატით, რა სიტუაციების გადაღება დაიწყონ?

— კონკრეტული ბრენდის მოდელს ვერ დავასახელებ, თუმცა მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კამერას აქვს თავისი ცვეთა, ამიტომ საწყის ეტაპზე უმჯობესია დაბალბიუჯეტიანი მოდელის შეძენა, რომელიც განვითარებისა და ძიების ეტაპზე მყოფ ხელოვანს ექსპერიმენტებისთვის გამოადგება.

ციცი ჩხეიძის ნამუშევარი
ციცი ჩხეიძის პირადი არქივი
ციცი ჩხეიძის ნამუშევარი

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— როგორც ყველას, მეც მინდა საერთაშორისო ასპარეზზე ჩემი ადგილი დავიმკვიდრო. კონკრეტულ პროექტზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს არასასურველი მოულოდნელობის შიშით. თუმცა რადგან ამ სტატიას უფრო მეტი ადამიანი ნახავს, ვიდრე ჩემი ფეიჯის დაფარვის ზონაა, ამიტომ ვიტყვი, რომ ვიღებ პროექტს ახალგაზრდებზე (ძირითადად 16-25 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი): „მუშაობა არ "ტეხავს". იდეა იმ დროს გამიჩნდა, როცა მშენებლობაზე მომუშავე ახალგაზრდა ბიჭი დავინახე, რომელმაც გადაღებაზე უარი მითხრა, თავი ამარიდა და სანამ არ წავედი, სამალავიდან არ გამოვიდა. ამ პროექტით მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც ერთი პროფესია არ არის სამარცხვინო და თქვენ საამაყონი ხართ იმ კატეგორიისგან განსხვავებით, რომლებიც მოწიფულ ასაკშიც მშობლების ხარჯზე ცხოვრობენ და ძვირფას დროს უმიზნოდ, ქუჩაში დგომით ფლანგავენ. მათი განხილვა-დაცინვის ობიექტი კი სწორედ გვერდზე მომუშავე ასეთი ახალგაზრდები არიან. ბოლოს ძალიან საყვარელი, 19 წლის სტუდენტი ბიჭი გადავიღე, რომელიც ქალაქის მეეზოვედ მუშაობს. ამ პროექტით მინდა სამოქალაქო შეგნების ამაღლებას შევუწყო ხელი და ქართულ ფოტოგრაფიაში ჩემი წვლილი შევიტანო.

მთავარი თემები