ცნობილი–უცნობი, ანუ ეპიზოდები მხატვარ-სცენოგრაფის ცხოვრებიდან...

© ნიკო აჯიბეგაშვილის პირადი არქივიმურაზ მურვანიძე
მურაზ მურვანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადამიანები, პრინციპში, „კლოუნები“ ვართ, რაც უფრო ნიჭიერები ვართ, მით მეტი „კლოუნები“ ვართ... ყოველთვის მინდა გავახალისო ხალხი, ვყვები რაღაცებს და მიხარია იმათი სიხარული... საერთოდ, როცა გიხარია სხვისი სიხარული, მაშინ თავისუფალიც ხარ...

ჩვენი სიახლოვე 80-იან წლებში რუსთაველის პროსპექტს უკავშირდება… რუსთაველი ხომ თბილისელების, ყველა უბნის დაახლოების, ნაცნობ-მეგობრების თავშეყრის მექა გახლდათ… მხატვარი-სცენოგრაფის მურაზ მურვანიძის, სპორტული აღნაგობის, სიმპათიური ბიჭის ოპერის ბაღთან „ბირჟაზე“ გამოჩენას უეჭველად თან ახლდა შორიდან მალულად მოთვალთვალე თაყვანისმცემელი გოგონების გუნდიც. დღეს უკვე შევერცხლილი თმებით, ჭარმაგი, მსოფლიოში აღიარებული და ცნობილი სცენოგრაფი გახლავთ… შინ ვესტუმრე, არ დამზარდა, წარსული გაიხსენა, აწმყოც… მომავალსაც ოპტიმისტურად შეჰყურებს…

© ნიკო აჯიბეგაშვილის პირადი არქივიმურაზ მურვანიძე
მურაზ მურვანიძე - Sputnik საქართველო
მურაზ მურვანიძე

 

ეპიზოდი პირველი: დიდუბეში დავიბადე და გავიზარდე, უბნის ბიჭებთან ერთად მტკვარზე ჩავდიოდი, მანქანის კამერებით ვბანაობდით. პატარა კუნძულივით იყო მტკვარზე, ეს იყო ჩვენი ნავსაყუდელი. ოდითგანვე მეხერხებოდა ხატვა. ეს იყო ახლა ელიავას ბაზრობა რომაა, იქ, ამ კუნძულზე მოდიოდნენ ეგრეთ წოდებული „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებიც… იქ იყო „ნაკოლკების აკადემია“. ახლა სვირინგი ჰქვია, მაშინ „ნაკოლკა“ ერქვა. ამის დიდოსტატი ვიყავი. ახლა სვირინგებს აღარ ვაკეთებ, ამიტომ პოპულარულიც აღარ ვარ…

ეპიზოდი მეორე: სიყვარულის ქალაქი რას ჰქვია, აღარ ვიცი – ვეღარ ვხედავ ამ სიყვარულს ამ ქალაქში, სამწუხაროდ. ძალიან ბევრი ცუდი ხდება მიზანმიმართულად თუ მიზანშეწონილად – არ ვიცი რა დავარქვა. არიან ადამიანები, ვისაც მართლა უყვარს თბილისი, ცდილობენ შეწყდეს ეს უმსგავსო მშენებლობები, მანქანების მოზღვავება, ეს ხმამაღალი, უხარისხო მუსიკა რუსთაველზე, მარჯანიშვილზე, ყველგან… ეს მაღაზიები უმსგავსო ნიმუშებით… თბილისი ის თბილისი აღარ არის! თუმცა, ალბათ კიდევ შეიძლება გამოსწორება. ძალიან ბევრი დაშავდა. ქალაქს მოვლა უნდა და მოვლა უნდა თბილისურად. არავითარი პრეტენზია არ მაქვს ჩვენი მომავალი თაობისადმი, არ მიყვარს, როცა ამბობენ, „აი, ჩვენ რა მაგრები ვიყავით…“ არა, შესანიშნავი ახალგაზრობა მოდის, მაგრამ ცუდ გარემოში იზრდებიან, ულამაზო გარემოში, თბილისის ვარდნის და დამახინჯების პერიოდში…

ეპიზოდი მესამე: მოსაგონარი ბევრია, მაგრამ ახლა ერთ რამეზე ვფიქრობ – მოვასწრო რაც შეიძლება მეტი და დავუტოვო ჩემს მომავალ თაობას და საზოგადოებას.  რთულია გავიხსენო – ვინ, რა და როდის… ერთი რამ უდავოა – მე არ შევდგებოდი, რომ არა ოჯახი, ჩემი პედაგოგები და მეგობრები. ჯერ ოჯახია მთავარი, მერე ქუჩა და სასწავლებელი. რაც შეეხება პედაგოგებს, მაშინ ფანტასტიკური პედაგოგები იყვნენ: შუხაევი, მეჩიევი, ლანსერები, უდიდესი პიროვნებები ქმნიდნენ ამ აკადემიას – აპოლონ ქუთათელაძე, უჩა ჯაფარიძე, სერგო ქობულაძე, ფარნაოზ ლაპიაშვილი, ბევრი სხვა, ჩემზე უფროსი თუ ჩემი თაობის ადამიანი, თავისი საქმის ფანატიკოსები, ბრწყინვალე პედაგოგები, ვისაც ვერასდროს დავივიწყებ და ვისი მადლიერიც ყოველთვის ვიქნები. თუ ვარ, იმათი წყალობით ვარ.

ყველაფერი დაიწყო ალეკო მაჭავარიანის „ვეფხვისტყაოსნით“. ამ სპექტაკლმა საოცრად დიდი წარმატება მოიპოვა, მსოფლიოში იარა და მთავარ მხატვრად დამნიშნეს კიდეც. შემდეგ იყო „პოტიომკონი“, ეს იყო გრანდიოზული სპექტაკლი, მის გაფორმებას ეძახიან ყველაზე მონუმენტურს მარიას თეატრის ისტორიაში. არც ერთ თეატრს არ უთქვამს ისეთი მადლობა, როგორიც მარიას თეატრს. ცოტა მსახიობიც უნდა იყო, ცოტა რეჟისორიც, ცოტა მუსიკოსიც, არქიტექტორიც, მხატვარიც, მოქანდაკეც, ლიტერატურა უნდა იცოდე, მუსიკა უნდა იცოდე, სხვანაირად სცენოგრაფი ვერ იქნები.

ეპიზოდი მეოთხე: ოპერის თეატრში ყველას ეგონა, რომ მთავარი მხატვარი ვიყავი, მაგრამ სამჯერ გამომაგდეს იქიდან. ბოლოს მთავარ მხატვრად ორი წლის წინ დამნიშნეს და მაშინაც გამომაგდეს. სულ მაგდებენ ჩვენი თეატრებიდან… სამაგიეროდ, საზღვარგარეთის თეატრებში მეძახიან. დამდგმელი ჯგუფი – კომპოზიტორი და რეჟისორი, ბალეტმაისტერი და მხატვარი ერთ დონეზე უნდა იყვნენ, რომ გამოვიდეს სპექტაკლი. სპექტაკლი დროს ამ შემთხვევაში უძლებს. მაქვს ისეთი სპექტაკლები გაკეთებული, რომლებიც დღემდე არსებობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

© ნიკო აჯიბეგაშვილის პირადი არქივიმურაზ მურვანიძე და ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე
მურაზ მურვანიძე და ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე - Sputnik საქართველო
მურაზ მურვანიძე და ჟურნალისტი ვახტანგ კობაიძე

ეპიზოდი მეხუთე: როსტროპოვიჩი, მაია პლისეცკაია, ვალოდია ვასილევი, პიტერ უსტინოვი, მორის ბეჟარი, პლასიდო დომინგო, ბორის ჰეიფმანი, იური ტემირკანოვი, ვალერი გერგიევი, უამრავი კიდევ, ვისაც ვერ ვიხსენებ, ვახტანგ ჭაბუკიანი, სალვადორ დალი… მათთან მქონდა ურთიერთობა. როცა ხარ იმ ორბიტაზე, სადაც ესენი არიან, ძალაუნებურად ხვდები ამ ადამიანებს, ეჯახები შემოქმედებით, ეს ბუნებრივად ხდება.

ეპიზოდი მეექვსე: „ბომბორა“ „ჩემი ბიჭია“. სამი ქალიშვილი მყავს, ბიჭი არ მყოლია და ავდექი და გავაკეთე „ბომბორა“. ამიტომაც ჩემ ბიჭს ვეძახი. ბომბორა ბავშვების გმირად გადაიქცა. ის თვითონ აირჩიეს ბავშვებმა. როდესაც ბადრი პატარკაციშვილმა მითხრა, მომეხმარე ამ პარკის აღმშენებლობაში, მოიფიქრე საინტერესო რაღაც-რაღაცებიო, მაშინ ბავშვებს მისცეს ამოსარჩევად და ბავშვებმა ამოირჩიეს ბომბორა. ბომბორამ თავისით გაიკვლია გზა. ბავშვებს შეაყვარა თავი, „ავიდა“ ზევით და მთის მასპინძელია. ბოლო დროს შეცვალეს მსოფლმხედველობა იქაურმა მესვეურებმა და ჯერ „შრეკი“ აიყვანეს, უნდა შეეცვალათ ბომბორა შრეკით, მერე „მიკი მაუსები“ და რაღაცები, და არ ვიცი, არ მომწონს, რა თქმა უნდა, რადგან შენი გმირი უნდა გყავდეს. ბავშვებს უყვართ და ვის ეჯიბრები, ვერ გავიგე…

ეპიზოდი მეშვიდე: ძალიან საინტერესო, საოცარი მოვლენებით და სილამაზით დაძეძგილი გზა გავიარე. ამიტომ ჩემი არჩევანი სწორი გამოდგა – საითაც წავედი, უნდა წავსულიყავი. ჩემი ისტორია არის იუმორით, სიკეთით, ტრაგედიით აღსავსე. ვცდილობ პატივი ვცე ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემ შექმნაში, ყველას ვუკეთებ ან ძეგლს, ან ვხატავ. მინდა ეს საოცარი გალერეა მოვასწრო და დავასრულო.

ეპიზოდი მერვე: ყველაფერს ვამბობ, იმიტომ რომ შიშის გრძნობა არ მაქვს. თუ რაღაცის გაკეთება მინდა სიყვარულით — ვაკეთებ. გეგმებზე წინასწარ არ ვსაუბრობ, რადგან მერე აღარ გამოდის. არ ვუფრთხილდებით იმას, რაც გვაქვს. ღმერთმა უკვე გვაჩუქა სამოთხე, ადამიანები კი ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს სამოთხე თავზე დაგვექცეს. ამიტომ ხდება ამდენი უბედურება, ამიტომ იცვლება ამინდები.

ბევრმა არ იცის, რომ მთაწმინდის პარკი ჩემი გაკეთებულია, არ იციან, რომ ჩემი გაკეთებულია ნაძვის ხე, რომელიც მეშვიდე წელიწადია თავისუფლების მოედანზე დგას, მესამე ადგილზე გაიყვანა თბილისი მსოფლიოში. პოპულარობას რაც შეეხება, არ მინდა ეს პოპულარულობა, არ მაინტერესებს. ვიქნები – ვიქნები, არ ვიქნები — არ ვიქნები. ჩემთვის მთავარია გავცე, რაც შეიძლება მეტი დავახვავო და დავტოვო, თან ხომ არ წავიღებ… რა გაქვს გაკეთებული საქართველოსთვისო და ხომ არ დავუჯდები და ხომ არ დავუწყებ საუბარს. ფილმიც გადაიღეს, ნორმალური გადაცემების გაკეთება დაიწყეს, მაგრამ არ ვუშვებ ხოლმე სახლში ახალგაზრდა კორესპონდენტებს – ისეთი შეკითხვები აქვთ, არ შემიძლია პასუხი გავცე. არ ვცდილობ, რომ პიარი გავიკეთო, იმიტომ რომ არ მჭირდება. ეს არ არის პესიმიზმი, ეს არის რეალურად მოაზროვნე ადამიანის აზრი ცხოვრებაზე. ზედმიწევნით ზუსტად ვიცი, რა არის მიწა, როგორ უნდა დავდგა ფეხი, ვიცი, რომ ეს უნდა მოხდეს ისე, რომ არ იქნება როგორც გინდა და ასე შემდეგ. ერთი რამ მაწუხებს – ბოლო დროს ჯანმრთელობამ შეიძლება შემიშალოს ხელი, რომ რაღაცას ვერ მოვერიო და ვერ გავაკეთო. ამას განვიცდი, თორემ ისე ოპტიმისტი ვარ…

ეპიზოდი მეცხრე: სიყვარულის იდეალური აღქმა, გაგება აღარ არის. არსებობს ღმერთის მიერ ბოძებული ყველაზე დიდი გრძნობა. მთავარია, ფესვები გაიდგა თუ არა ბოლომდე. სიყვარული განსაზღვრავს ყველაფერს, ის არის წინსვლის, პროგრესის, ფანტასტიკური ცხოვრების და ურთიერთობის საშუალება, ამაზე უკეთესი არაფერი გამოგონილა, მაგრამ რატომღაც არ გვიყვარს სიყვარული, ამაზე მწყდება გული…

P.S. თავად არ ინება საუბარი და მე უნდა ვთქვა: პარიზში, პიერ არჟილეს ცნობილ მუზეუმში სალვადორ დალის ნამუშევრებთან ერთად შეგხვდებათ მურაზ მურვანიძის შესრულებული დალის პორტრეტი, რომელიც დიდი მხატვრის სიცოცხლეშივე და მისი თხოვნით გამოფინეს. ახლა მისი რეგალიების შესახებ: საქართველოს სახალხო მხატვარი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, გაფორმებული აქვს 180 სპექტაკლი თბილისის, სანქტ-პეტერბურგის, მოსკოვის, რომის, მილანის, პარიზის, ნიუ-იორკის, ლონდონის, სან-ფრანცისკოსა და სხვა თეატრებში. ვანკუვერის საერთაშორისო გამოფენის ოქროს მედლის ლაურეატი, მიღებული აქვს პაბლო პიკასოს პრემია, ნიუ-იორკისა და ჩიკაგოს ფესტივალების პრემია ფილმ-ბალეტისთვის „მწირი“…

ასეთი გახლავთ მურაზ მურვანიძე, მხატვარი, სცენოგრაფი, მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული, ხოლო საქართველოში?..

 

ვახტანგ კობაიძე

ყველა ახალი ამბავი
0