ჟიულ ვერნის „ქართველი პერსონაჟის“ არაჩვეულებრივი „ოდისეა“

© FB/ Xati Lezhavaჯუმბერ ლეჟავა
ჯუმბერ ლეჟავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2014 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა ადამიანი, რომელიც თხუთმეტჯერ მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში. ეს რიცხვი - „15“ ალბათ ცალკე რეკორდია!

რეკორდი რეკორდად და ჯუმბერ ლეჟავას ველოსიპედით დედამიწის გარშემო მარტოდმარტო მოგზაურობა ქართველებისთვის გინესის რეკორდზე ცოტა მეტს ნიშნავს, რადგან მათ მანამდე არასოდეს ჰყოლიათ კოლუმბები და მაგელანები. ის ერთადერთი ქართველი იყო, რომლის საქციელის „საოცრებად“ მონათვლას რამდენიმე მიზეზი აქვს.

დავიწყოთ იმით, რომ 1987 წელს გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდეგ აქტიური სპორტის კი არა, მისი ფეხზე წამოდგომის ეჭვიც ჰქონდა ბევრს. იმდენი მოახერხა, რომ თავის მიერვე შემუშავებული, სპეციალური ვარჯიშების წყალობით არათუ წამოდგა, სამ წელიწადში გინესის წიგნის „ხშირ სტუმრადაც“ იქცა.

გიორგი ხარებავა გადაღებების დროს - Sputnik საქართველო
ლექციები რომის კინოსკოლაში, ფილმი ჯუმბერ ლეჟავაზე და განცხადებით გაყიდული ველოსიპედი

1993 წელს იმ ოცნების ასრულებას მიაღწია, როცა ველოსიპედით „გაემგზავრა“ დედამიწის გარშემო სამოგზაუროდ. მაშინ ხმამაღლა ვერ თქვეს, მაგრამ ვიღაცებს ეჭვიც გაუჩნდათ — შუა გზიდან დაბრუნდებაო. 

შუა გზიდანო?!

1993 წლის 3 აგვისტოდან 2002 წლის 13 ნოემბრამდე, ცხრა წლისა და სამი თვის განმავლობაში ათი ველოსიპედი გამოიცვალა, გაიარა 264 ათასი კილომეტრი, წინასწარი მარშრუტით მოიარა ყველა კონტინენტი და 232 ქვეყანა, ცხრაჯერ გადაკვეთა ეკვატორი, ორჯერ ეწვია ანტარქტიდას და ისე დაბრუნდა შინ! ამ პერიოდში გადაიღო 50 ათასი ფოტოკადრი, 200 საათის ხანგრძლივობის ვიდეომასალა და დაგვიტოვა ამ მოგზაურობის 7000-გვერდიანი ჩანაწერი.

უამრავ ადამიანს აქვს მოსმენილი თავზეხელაღებული მოგზაურის პოლარული მარტოობის, საჰარაში უწყლოდ დარჩენისას კოშმარის, აზიისა და აფრიკის ჯუნგლებში ეულად გადატანილი „გაუთენებელი“ ღამეების შესახებ, მაგრამ მოყოლილის მოსმენა ერთია და თავს გადახდენილის აღქმა-გააზრება ალბათ შეუძლებელი. ასეთი „ოდისეის“ გადატანა რჩეულთა და ერთეულთა ხვედრია და სწორედ იმ ერთეულებს განეკუთვნება ჟიულ ვერნის „ქართველი პერსონაჟიც“, რომელსაც, ბევრის აზრით, თავისი ღირსეული ადგილი აქვს მსოფლიოს გარშემო მოგზაურობების ისტორიაში.  

დაჯილდოებულია ყველა იმ ორდენითა და რეგალიით, რომელიც მისი შემართებისა და ღირსების ადამიანს ეკუთვნოდა და ერგებოდა, მაგრამ ყველა ჯილდოს ის გულღია მისალმება და კეთილი ღიმილი ერჩია, მისი ერთგული და მისი კაცობის დამფასებელი თბილისელების სახეზე რომ ხედავდა ხოლმე.

ჩემდა სამწუხაროდ, მას ჟურნალისტის რანგში არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ერთხელ, სხვებთან ერთად კერძო საუბრისას ასეთი რამ თქვა – ბევრ რამეს მეკითხებიან და ბევრი რამე უკვირთ, თუმცა არავის მოსვლია აზრად იმითაც დაინტერესებულიყო, რამდენი წლისამ დავიწყე ის მოგზაურობაო.

არ ვიცი, გაბედულების მოტივით შეჰყავთ თუ არა ვინმე გინესის წიგნში, მაგრამ ის ფაქტი, რომ 54 წლის ასაკში დაწყებული „ოდისეა“ ჯუმბერ ლეჟავამ 63 წლისამ დაამთავრა, კიდევ ერთი, განსაკუთრებული აღნიშვნისა და ყურადღების ღირსი მოვლენაა!

დღევანდელი დღე მხოლოდ მისი გარდაცვალების გახსენების თარიღია და იქნებ იმაზეც ღირდეს დაფიქრება, უფრო მეტი მივაგოთ მომავალში ჟუმბერ ლეჟავას ხსოვნას. ალბათ ღირს, რადგან ქართველებს არ გვყავს კოლუმბები და მაგელანები!

 

მერაბ ხაჩიძე

ყველა ახალი ამბავი
0