06:55 22 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ზაზა ხალვაში

ბავშვობაში თორმეტჯერ ნანახი ფილმი, სესილიას მოულოდნელი დუბლი და ნოვატორი რეჟისორი

© FB/Zaza Khalvashi
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
53950

კინორეჟისორი ზაზა ხალვაში კინოში შემთხვევით მოსული ადამიანი არ არის. ამაში თავის დროზე გარემომ და ბუნებრივმა ნიჭმა შეუწყო ხელი და კიდევ, იღბალმაც...

რადგან ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში, გადასაღებ მოედანზე ისეთი გრანდის გვერდით აღმოჩნდა, როგორიც რეჟისორი თენგიზ აბულაძე იყო, თანაც, ისეთ საეტაპო ფილმში, როგორიც “ნატვრის ხეა“. ამის შემდეგ მისმა ფილმებმა სხვადასხვა კინოფესტივალის პრიზები და უცხოელი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. დღეს რეჟისორი ისევ თავის სფეროშია და როგორც ყოველთვის, ისევ აქტიური და აქტუალური.

ზაზა ხალვაში
ზაზა ხალვაში

- ბატონო ზაზა, როგორ მიხვდით კინოსამყაროში ანუ როგორი იყო პირველი კინო-კადრი?

— მე  ბათუმში ვცხოვრობდი კინოთეატრ „თბილისის“ გვერდით, ეს ჩემი მშობლიური კინოთეატრი იყო. მახსოვს, იმ ასაკში ვიყავი, როცა სიყვარული გაინტერესებს- ვნახე ფრანგი რეჟისორის, კლოდ ლელუშის ფილმი „ქალი და მამაკაცი“. ამის მერე ეს ფილმი ზუსტად 12-ჯერ ვნახე. მაშინ დაახლოებით მეექვსე-მეშვიდე კლასში ვიყავი და ვიფიქრე: მეც შემიძლია ასეთი ფილმი გადავიღო და ასეთი სიყვარულის ისტორია მოვყვე მეთქი. მოკლედ კინოს მიმართ ინტერესი გამიჩნდა. წიგნი ყოველთვის მიყვარდა და ბევრს ვკითხულობდი, თანაც, ოჯახური გარემოც ისეთი მქონდა, რომ ჩემს გარშემო სულ მწერლები და მსახიობები, მხატვრები და რეჟისორები იყვნენ. ხელოვნებისადმი ჩემი ინტერესი ამანაც განსაზღვრა.

- თქვენი მომავალი ბედი რომელმა ადამიანებმა განსაზღვრეს?

— როცა სკოლა დავამთავრე თეატრალურში მინდოდა ჩაბარება, მაგრამ ბატონებმა: თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ, რომლებიც მამაჩემის მეგობრები იყვნენ, მირჩიეს, სკოლიდან სარეჟისოროზე ნუ ჩააბარებო, მეც დავუჯერე და უნივერსიტეტში, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. პარალელურად კინოსტუდიაში ვმუშაობდი. ბატონმა თენგიზ აბულაძემ თავის თანაშემწედ წამიყვანა. მაშინ ის „ნატვრის ხე“ იღებდა. მე 17 წლის ვიყავი და ჩემი პირველი ნათლობა კინოში, შეიძლება ასე ითქვას მაშინ მივიღე. ამ ფილმში პატარა ეპიზოდიც ვითამაშე.

- შევახსენოთ მკითხველს რომელი როლია ეს…

— ხომ გახსოვთ? ომში რომ მიდის სამი ბიჭი და მარიტას თხოვს: თუ დავბრუნდებით, არ ვიცით და შენი კოცნა მაინც გაგვატანეო. აი, იმ ბიჭებიდან ერთი მათგანი მე ვარ. მარიტა მაკოცებს და მე მორცხვად ჩავკიდებ თავს. იმ ფილმის გადაღების დროს შევხვდი ქართული კინოს ვარსკვლავებს: ქალბატონ სესილიას, ბატონ ეროსის, რამაზ ჩხიკვაძეს, კახი კავსაძეს, ლიკა ქავჟარაძეს… მოკლედ იმ დროის ქართული კინოს მთელ კოჰორტას და ეს ჩემთვის დიდი აკადემია იყო. მაშინ თენგიზ აბულაძემ ასეთი ფრაზა მითხრა: ვიცი, რომ რეჟისორობა გინდა, მაგრამ ვერაფერს გასწავლიო. უყურე როგორ ვიღებ ფილმს და თუ ნიჭი გაქვს, მერე თვითონაც გადაიღებ შენებურადო.

ზაზა ხალვაში ფილმში „ნატვრის ხე“
ზაზა ხალვაში ფილმში „ნატვრის ხე“

- ბატონო ზაზა, არ შეიძლება, რომ ასეთი ისტორიად ქცეული ფილმის გადაღების დროს მომხდარი რაიმე საინტერსო ამბავი არ გახსოვდეთ…

— ერთ ამბავს გავიხსენებ. მისი მოყოლა ძალიან მიყვარს, ჩემს სტუდენტებსაც ხშირად ვუყვები. ის ქალბატონ სესილიას ეხება. როგორც იცით, “ნატვრის ხეში“ არის ასეთი ეპიზოდი, მუხლებზე დამდგარი ბებია რომ მარიტას ბედზე ტირის, ამის პრეისტორია ასეთი იყო. წინ დღით, ვიდრე ამ ეპიზოდს გადავიღებდით სიღნაღში ვიყავით და ბატონმა თენგიზმა მას ამ სცენისთვის ორ გვერდზე დაწერილი ტექსტი მისცა. ქალბატონმა სესილიამ მეორე დღეს ეს ტექსტი ზეპირად იცოდა და როგორ მან იცოდა ხასიათში შეასრულა. ამისთვის რეპეტიციაც არ დასჭირდა. გადაღების შემდეგ ქალბატონმა სესილიამ ბატონ თენგიზს თხოვა: ერთი დუბლი ჩემი ხათრით გადაიღეო. მაშინ ციფრული ტექნოლოგია არ იყო, ფირი კი გათვლილი იყო, მაგრამ ეს ხომ სესილია იყო! ამიტომ თავიდან დალაგდა ყველაფერი და ქალბატონმა სესილიამ თქვა, რომ ახლა ამას ყველაფერს ტექსტის გარეშე ვითამაშებო და ითამაშა კიდეც — ეს იყო სამსახიობო ოსტატობის მაღალი კლასი! ტექსტი ზუსტად იმ დროში, რაც მას სჭირდებოდა გულში წარმოთქვა და უსიტყვოდ, გენიალურად ითამაშა! ისე კი, ქალბატონი სესილია არ იყო ტრაგიკული პიროვნება, საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. ერთ წუთში გადაღების დროს ვიღაცას გაეხუმრებოდა ან ანეგდოტს მოჰყვებოდა ყველანი მიწაზე ვგორავდით. მერე შეტრიალდებოდა და ისეთ ტრაგიკულ სახეს შექმნიდა- გაგაოგნებდათ!

- წარმომიდგენია, რა ბედნიერება იქნებოდა ასეთ ხალხთან კადრს მიღმა ურთიერთობაც…

— მართლაც ასე იყო. როცა ჩამოვიდოდნენ: ეროსი მანჯგალაძე,რამაზ ჩხიკვაძე, სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე, კოტე დაუშვილი, საღამოს გადაღების მერე სიღნაღის სასტუმროს ფოიეში სუფრა იშლებოდა. ჩვენ, ახალგაზრდები: მე, ლიკა ქავჟარაძე და სოსო ჯაჭვლიანი მათთან ერთად ვისხედით და მათი მოსმენა ჩემთვის, ბათუმელი ბიჭისთვის, რომელიც უცებ აღმოჩნდა ამ გარემოში, ნამდვილი აკადემია იყო. მე გავიზარდე ზღვისპირეთში, სადაც სხვა მენტალობაა, სხვა სივრცეა, სხვანაირად ჭამენ, სხვაგვარად საუბრობენ და მღერიან. კახეთში ყველაფერი სხვანაირად ხდება. მაშინ ჩემთვის სულ სხვა საქართველო აღმოვაჩინე…ეს ყველაფერი ყალბი არ იყო, ყველაფერი შიგნიდან იყო წამოსული. სუფრის თამადა ყოველთვის ბატონი ეროსი მანჯგალაძე იყო. ბატონი თენგიზი კი ყოველთვის ჩუმი და წყნარი, მაგრამ მათი ყურებით და მოსმენით ეტყობოდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო…

ფილმ „ნამეს“ გადაღების დროს
ფილმ „ნამეს“ გადაღების დროს

- თეატრალურში მოგვიანებით ჩააბარეთ?

— როცა უნივერსიტეტი და ასპირანტურა დავამთავრე, დისერტაციაც დავიცავი. როცა თეატრალურში, სარეჟისოროზე ჩავაბარე უკვე 33 წლის ვიყავი. მაშინდელი კანონის მიხედვით როცა ერთი უმაღლესი გქონდა დამთავრებული პირდაპირ მესამე კურსზე გსვამდნენ, ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მით უმეტეს, რომ კინოსტუდიაში მუშაობის გამოცდილებაც მქონდა. მე ბატონი თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის სახელოსნო დავამთავრე. გადავიღე საკურსო ნამუშევარი, 20 წუთიანი დოკუმენტური ფილმი “ჟამი“, რომელიც 1982 წელს აღმოჩნდა კიევის ახალგაზრდულ ფესტივალზე, სადაც პრიზი ავიღე.

- ბატონო ზაზა, ამის მერე რამდენი ჟამი გავიდა, რაც ახალი ფილმი გადაიღეთ?

— რამდენი და, ზუსტად გეტყვით, 1989-90 წელს გადავიღე სრულმეტრაჟიანი ფილმი “იქ, ჩემთან“, რომელმაც ბევრი ბედნიერი წუთი განმაცდევინა და გარკვეულად წინასწარმეტყველურიც აღმოჩნდა. ამ ფილმმა 17 ფესტივალი მოიარა, ნაჩვენები იყო ბერლინში, პარიზში… პარიზის ცენტრში, მონმარტრზე არის კინოთეატრი “ქრისტიანი“ და ეს ფილმი იქ აჩვენეს. მან ბევრი პრიზი აიღო. ფილმი ერთი აჭარული ოჯახის ისტორიაზეა, სადაც ხუთი ძმა ცხოვრობს. ამ ფილმის გამო ძალიან ამაყი ვიყავი. ამის მერე იყო შავ-თეთრი ფილმი “მიზერერე“, რომლის გადაღებაც 1996 წელს დავამთავრე. ფილმი ნაჩვენები იყო რიგაში, ანაპის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც სპეციალური პრიზი აიღო. ამის შემდეგ ბათუმში მარტო პედაგოგიური მოღვაწეობით ვიყავი დაკავებული, მაშინ იყო იქ ხელოვნების ინსტიტუტი და იქ სიამოვნებით დავთანხმდი, რომ ლექციები წამეკითხა.

- მკითხველს შევახსენებ, რომ “იმედზე“ ისეთი გახმაურებული სატელევიზიო სერიალი გადაიღეთ, როგორიც იყო “მგლების ხორუმი“…

— დიახ, 2003 წელს, ბატონმა ბადრი პატარკაციშვილმა, დღესაც არ ვიცი, საიდან მომაგნო და რატომ გავახსენდი, “იმედზე“ ამ სერიალის გადასაღებად დამიძახა. ეს სერიალი მართლა დიდი მოწონებით და პოპულარობით სარგებლობდა ქართველ და უცხოელ მაყურებელს შორის. მოგვიანებით ბადრი ძალიან გახარებული იყო, რადგან ეს ფილმი ბევრ ქვეყანაში და მათ შორის ამერიკაშიც კარგად გაიყიდა. ამის მერე ისევ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გადავერთე. ვიყავი აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი, ბათუმის თეატრის ხელმძღვანელი. როცა ჩინოვნიკობა მომბეზრდა, ჩემი ძალებით გადავიღე ფილმი “სოლომონი“, რომელიც 2015 წელს თბილისის მე-16  საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ქართულ ფილმად დასახელდა. მერე გავაკეთე პროექტი, რომელმაც კინოცენტრში გაიმარჯვა.

- ბატონო ზაზა, თქვენ დღესაც შემოქმედებით ცხოვრებას ეწევით, თუ შეიძლება მოვუყვეთ მკითხველს რას ვგულისხმობ…

— ამჟამად ვმუშაობ ფილმზე, რომელსაც ჰქვია “ნამე“. ეს იქნება საქართველო-ლიტვის და საფრანგეთის ერთობლივი ნაწარმოები და მას შემოდგომაზე იხილავს მაყურებელი. ნამე გოგოს სახელია, ეს საავტორო ფილმია ამ გოგოს ისტორიაზე, რომელიც რეალისტურადაა მოთხრობილი, თუმცა საფუძვლად ქართული მითოლოგიური სიუჟეტიუდევს. რაც შეეხება რეჟისორთა გილდიას “ბათუმის ტალღა“, რომელშიც ბათუმელი რეჟისორები შედიან, მათში ძირითადად ჩემი სტუდენტები გახლავთ. ეს ძალიან საინტერესო პროექტია და ეს12 რეჟისორი, რომელიც მასშია გაერთიანებული, დარწმუნებული ვარ, 12 გამორჩეულ ბათუმელზე გადაღებულ ასევე გამორჩეულ კინოპროდუქციას შექმნის.

- და ბოლოს, რა არის ბათუმი თქვენთვის?— ძველიც და ახალიც…

— როცა  ბათუმში ცვლილები დაიწყო, მეჩვენებოდა, რომ ეს ძალიან კარგი იყო. მით უმეტეს როცა ახალი ბათუმის მხარე გაშენდა და გალამაზდა. ვიცი, რომ ყველა ქალაქში ხდება ასეთი პროცესი, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, ქალაქი უნდა გაიზარდოს. თქვენ წარმოიდგინეთ, მე არ მაქვს ნოსტალგია ძველ ბათუმზე, მომწონს ახალი ბათუმი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მასში ბევრი რამ ქაოტურია და ნაჩქარევი. საერთოდ მე ის ადამიანი ვარ, ვისაც ძალიან უყვარს ცვლილებები და ერთ მდგომარეობაში ყოფნა ძალიან მბეზრდება…

 

მთავარი თემები