ფეხმძიმობის დროს შექმნილი უჩვეულო აპლიკაციები და სულხან-საბას იგავ-არაკები ანიმაციაში

© ნინო გიუნაშვილის პირადი არქივინინო გიუნაშვილი
ნინო გიუნაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმის გამო, რომ დაფინანსება არ არსებობს, ჩვენი ანიმატორები ფილმების შექმნასა და უცხოეთის ბაზარზე მათ გატანას ძნელად ახერხებენ. მხატვარ-ანიმატორის ნინო გიუნაშვილის საქმიანობა ნამდვილად აღნიშვნის ღირსია. სოციალურ ქსელებში განთავსებულმა მისმა ფერწერულმა ნახატებმა უცხოეთში დიდი ინტერესი გამოიწვია, მალე ამერიკაში მისი ნახატების გამოფენაც მოეწყობა.

– ნინო, თქვენ 12 ანიმაციური ფილმის ავტორი ხართ, რა ხასიათისაა და რაზეა ეს ფილმები?

— ბავშვობიდან ვხატავ, სამხატვრო აკადემია ანიმაციის განხრით მაქვს დამთავრებული. ქართულად გახმოვანებული ჩვენი ანიმაციური ფილმები შემეცნებითი ხასიათისაა, რომლებიც სხვადასხვა ზღაპრების მიხედვით მოვამზადეთ, მაგალითად, რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები, რატომ აქვს კუს გაბზარული ბაკანი, რატომ ამოდის მზე მამლის ყივილზე და ა.შ. ეს ფილმები ცნობილ მსახიობებს აქვთ გახმოვანებული, მათ შორის ზურაბ ყიფშიძეს, და ძალიან საინტერესო სანახავია. ისინი ხშირად გადიოდა ქართულ ტელესივრცეში, დისკებზეც იყიდება.

© ნინო გიუნაშვილის პირადი არქივინინო გიუნაშვილი
ნინო გიუნაშვილი - Sputnik საქართველო
ნინო გიუნაშვილი

– რამდენადაც ვიცი, ანიმაციის განვითარების ფონდთან თანამშრომლობთ…

— დიახ, ამ ფილმების დასრულების შემდეგ შევხვდით ანიმაციის განვითარების ფონდის დირექტორს, ბატონ ზურაბ დიასამიძეს, რომელიც ბათუმში ანიმაციური ფილმების ფესტივალს მართავს. შვიდი წელი ვიყავი ამ ფესტივალების საქმიანობაში ჩართული. ანიმაციის განხრით გავხსენით სამხატვრო სკოლები ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთში და თელავში. მე თელავში, ზუგდიდსა და ხობში ვასწავლიდი. ამ ეტაპზე ბავშვი მყავს პატარა და ვერსად მივდივარ, თუმცა ჩემი თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ. ჩვენი სამხატვრო სკოლების ბავშვებმა თავად შექმნეს ფილმები. შარშან, ზაფხულში ანიმაციის განვითარების ფონდმა ეს ბავშვები გერმანიაში წაიყვანა. ბავშვებს გზა და კვება დაფინანსებული ჰქონდათ. სხვათა შორის, მათ წაყვანას წელსაც აპირებენ.

© ნინო გიუნაშვილის პირადი არქივიორსულობის დროს შესრულებული ნახატი
ორსულობის დროს შესრულებული ნახატი - Sputnik საქართველო
ორსულობის დროს შესრულებული ნახატი

– არ გიფიქრიათ იმაზე, რომ ქართულ ხასიათს მორგებული, ჩვენი ზღაპრული პერსონაჟების ანალოგი ქართული ანიმაციური გმირი შეგექმნათ?

— გეტყვით, რომ დიდი ხანია მაწუხებს იდეა, გადავიღო ანიმაციური ფილმები სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით. ჯერ ილუსტრაციები მინდა შევქმნა. სულხან-საბას დღეს სკოლაში, მგონი, აღარ ასწავლიან და ეს საქმე აუცილებლად გასაკეთებელია. ჩემი შვილი მეათე კლასში გადავიდა და ორბელიანს რომ გადიოდა, სასწავლებლად მხოლოდ პატარა მონაკვეთები მისცეს. არადა, ჩვენ, მგონი, მთელი წიგნი გავიარეთ. ორბელიანის იგავ-არაკებს ნელ-ნელა გავაცოცხლებ. ყველანაირად ვეცდები, რომ ეს იდეა განვახორციელო და ბოლომდე მივიყვანო. ვიცი, რომ გარკვეული ჯგუფი „ვეფხისტყაოსნის“ გაკეთებასაც აპირებდა, მაგრამ ამას, მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი დაფინანსება უნდა, ჩვენთან კი, როგორც ცნობილია, ანიმაციას არავინ აფინანსებს.

© ნინო გიუნაშვილის პირადი არქივიორსულობის დროს შესრულებული ნახატი
ორსულობის დროს შესრულებული ნახატი - Sputnik საქართველო
ორსულობის დროს შესრულებული ნახატი

– სოციალურ ქსელებში განთავსებულმა თქვენმა ნახატებმა ამერიკაში დაინტერესება გამოიწვია…

— ყოველთვის მაინტერესებდა ხალხის აზრი ჩემ ნახატებზე. სოციალურ ქსელებში მათი განთავსების მერე მიხარია, რომ მათ მოწონება დაიმსახურეს, რამდენიმე ნახატი გაიყიდა კიდეც, გამოფენისთვის ალბათ მათხოვებენ. ამ ეტაპზე ანიმაციას შევეშვი და ძირითადად ვხატავ. ნახატს შერეული ტექნოლოგიით ვასრულებ, ანუ ყველაფერს ვიყენებ – გუაში, ფანქარი, აკვარელი, ზეთი, რაც კი ხელში მომხვდება. საკუთარ თავს თემატიკაში არ ვზღუდავ, რისი ხატვის სურვილიც მიჩნდება, ყველაფერს ვხატავ, რაიმე კონკრეტული მიმართულება არჩეული არ მაქვს. ხატვის სურვილი უფრო დეპრესიის დროს მიჩნდება.

– უჩვეულო ვითარებაში ან უცნაურად შექმნილი ნახატები თუ გაქვთ?

— მახსენდება, რომ ფეხმძიმობის დროს 12 ნახატი დავხატე, რომელსაც სერია დავარქვი, ეს ნახატები უფრო აპლიკაციურია. ბავშვს რომ ველოდებოდი, სულ მხიარული, ნათელი ფერებით ვხატავდი. ეს ბავშვური სტილით შესრულებული ორიგინალური, განსხვავებული ნახატებია. აი, კონკრეტულად რა სტილია, ამას ვერ გეტყვით, თვითონ მოვიგონე…

– ალბათ რაღაც ანიმაციასა და ფერწერას შორის გარდამავალია, არა?

— დიახ, დაახლოებით ასეა. ისინი ანიმაციური ტიპაჟები არიან, ყველა ნახატი ამ სტილშია დახატული. მოკლედ, რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ, სიზმარშიც კი. თან სულ ფერად-ფერად სიზმრებს ვხედავ. ერთხელ მესიზმრა, რომ წითელი კაბა მეცვა. ის ნახატი ახლაც მაქვს: საკუთარ თავი წითელ კაბაში და ჩემი პატარა ძაღლით, რომელიც მომიკვდა. დავხატე ზუსტად ისე, როგორც მესიზმრა. საერთოდ, სულ ვხატავ, ბავშვს დავაძინებ – ვხატავ, სახლს დავალაგებ — ვხატავ… მოკლედ, დროს არ ვაცდენ…

 

ყველა ახალი ამბავი
0