07:11 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ნუცა დეკანოზიშვილი

რატომ აღარ წერენ ევროპაში გარითმულ ლექსებს, ანუ ნახე ვენეცია და მოკვდი!

© FB/ Nuciko Dekanozishvili
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
თეონა გოგნიაშვილი
22840

ნუცა დეკანოზიშვილი პროფესიით ლიტერატურათმცოდნეა და ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებს განიხილავს. ამ თემასთან დაკავშირებით საერთაშორისო გაცვლითი პროექტის ფარგლებში მას ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტში მოუწია მუშაობა.

მისი კვლევის ობიექტი ქართული და იტალიური პოეზიის შედარებითი ანალიზი გახლდათ, რის შედეგადაც მეცნიერს საინტერესო პარალელისა და დასკვნების გაკეთების საშუალება მიეცა. ლიტერატურული თემის გარდა ჩვენთან საუბრის დროს მან იტალიურ თავგადასავალზეც გვიამბო.

ნუცა დეკანოზიშვილი
ნუცა დეკანოზიშვილი

– ქალბატონო ნუცა, დავიწყოთ იქიდან, როგორ მოხვდით ვენეციის უნივერსიტეტში?

— საერთოდ, ლიტერატურაში მიმდინარე პროცესებზე ვმუშაობ, ვკითხულობ ასევე ლექციებს ლექსთმცოდნეობასა და ლიტერატურის თეორიაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ლიტერატურა, ზოგადად, მასშტაბური მოვლენაა და მხოლოდ ეროვნულით არ შემოიფარგლება, ცხადია, სხვა ქვეყნების ლიტერატურაც მაინტერესებდა, განსაკუთრებით პოეზია, რადგან პოეტი ვარ, და ძალიან საინტერესოა, როდესაც თეორიაში ვმუშაობ, ამავე დროს პოეზიას ვქმნი და შემდეგ განვიხილავ კიდეც. შემდეგ იყო Erasmus Mundus-ის გაცვლითი პროგრამა, რომელსაც ევროსაბჭო აფინანსებს. ბედი ვცადე და გავხდი სტიპენდიანტი, რამაც საშუალება მომცა, ათი თვის, ანუ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ვენეციის კაფოსკარის უნივერსიტეტში გამეკეთებინა პოსტსადოქტორო კვლევა, რომელიც მიმდინარე ქართული და იტალიური პოეზიის კომპარატივისტულ (ანუ შედარებით) ანალიზს შეეხება. საერთოდ, როცა კომპარატივიზმზე ვსაუბრობთ, მას უფრო ლიტერატურის ისტორიის თვალსაზრისით განიხილავენ, მაგრამ მეცნიერები დღეს საუბრობენ, რომ იგი ლიტერატურის თეორიის თვალსაზრისით უნდა განვიხილოთ. მე ორივე თვალსაზრისი შევაჯერე და თემის განხილვას ორივე ჭრილში შევეცადე. ხმამაღალი იქნება ვთქვა, რომ ქართული და იტალიური მიმდინარე პოეზია შევადარე–მეთქი, საამისოდ იტალიური ენა კარგად უნდა იცოდე, თუმცა კაფოსკარში ერთი წლის განმავლობაში ენის სწავლების მეორე საფეხური გავიარე.

ნუცა დეკანოზიშვილი და ცირა ბარბაქაძე
ნუცა დეკანოზიშვილი და ცირა ბარბაქაძე

– აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ნაშრომები ან კვლევები თუ გამოეცით?

— ამ თემაზე ნაშრომები მაქვს, მინდა გითხრათ, რომ კონფერენციაზე წარდგენილი ჩემი თარგმანები მოეწონათ. ეს იქაური ქართველების დახმარებით მოხდა. დედა 14 წელია იტალიაში ცხოვრობს. ის პედაგოგია და იტალიურ ენას ძალიან კარგად ფლობს, ამიტომ ბევრ რამეში, ბუნებრივია, თარგმანებშიც მეხმარებოდა. იქ ყოფნის დროს ადგილობრივ პოეტებს დავუკავშირდი და რამდენიმეს შევხვდი კიდეც. კრებული არ გამომიცია, უბრალოდ რომელი ლექსებიც საჭიროდ ჩავთვალე, ისინი ვთარგმნე. იტალიელი პოეტებისა და მეცნიერების რეკომენდაციით, რომლებიც ამ მიმდინარე პროცესებში ერკვევიან, ანთოლოგიები მოვიძიე და კომპარატივისტიკის უხეში ვერსია გავაკეთე.

– ქართულ-იტალიური პოეზიის შედარებითი ანალიზის ფონზე რაიმე საინტერესო დასკვნა თუ გააკეთეთ?

— დიახ, კვლევის დროს რამდენიმე საგულისხმო, ხელჩასაჭიდი ასპექტი აღმოვაჩინე. ეს უკვე ლიტერატურის თეორიის საკითხებია, მაგრამ თუ მკითხველს დააინტერესებს, განვმარტავ. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დღეს შესამჩნევი ტენდენციაა ვერლიბრისკენ. თუ ქართულ პოეზიაში ვერლიბრისკენ ტენდენცია შეიმჩნევა, იქ ტენდენცია კი აღარ არის, უკვე ჩამოყალიბებულია. იტალიაში ტრადიციულ, ანუ რითმიან ლექსებს აღარავინ წერს. იქ უკვე აბსოლუტურად არითმულ ლექსებზე გადავიდნენ. შემიძლია ვთქვა, რომ ევროპაში და კონკრეტულად იტალიაში კონვენციური, ანუ გარითმული ლექსის წერა უკვე ცუდ ტონად, მოძველებულად ითვლება.

ნუცა დეკანოზიშვილი ვენეციაში
ნუცა დეკანოზიშვილი ვენეციაში

– თქვენი აზრით, რამ მოიტანა ეს?

— იცით, რითმას უკვე ზედმეტ სამკაულად თვლიან. არადა, როცა იტალიურ პოეზიაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, ისეთი გრანდები გვახსენდება, როგორებიც იყვნენ პეტრარკა, დანტე ალიგიერი, რომლებიც რითმიან პოეზიას ქმნიდნენ. თუმცა მე-20 საუკუნის ბოლომ და, მით უფრო, 21-ე საუკუნემ მოიტანა ის, რომ დღეს რითმა საერთოდ არ არსებობს. სულ რამდენიმე პოეტის რითმიან ლექსებს გადავეყარე. ერთ-ერთი ახალგაზრდა პოეტი ჯულიან ზარაა, რომელიც ვენეციაში ცხოვრობს. მას რითმიანი პოეზია და რითმა უყვარს, თუმცა მთლიანად იტალიური პოეზია – აბსოლუტური ვერლიბრია.

– როგორია ვენეციურ ზღაპარში ცხოვრება?

— იცით, ვენეციაში რომ ჩავედი, მახსოვს, რიალტოს ხიდის ქვევით დავჯექი და თავზე ხელები შემოვიწყე – აბსოლუტური კულტურული შოკი მქონდა. მაშინ გამახსენდა გამოთქმა: ნახე ვენეცია და მოკვდი! ვენეციის მერე თუ რამე აღმაფრთოვანებს, არ ვიცი! ფლორენცია ის ქალაქია, სადაც ვიცხოვრებდი, მაგრამ ვენეციაში ვერ ვიცხოვრებ… წყალი ხომ ქვეცნობიერის ანალოგივითაა, სიმბოლოსავითაა, ჰოდა, ვენეცია ჩემთვის სწორედ ქვეცნობიერში ჩაყვინთვაა. მთლიანად სხვაგან გადადიხარ, ეს ქალაქი ძალიან დიდი შთაგონების წყაროა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთული იქნებოდა ჩემთვის იქ ცხოვრება, იმიტომ რომ სულ ემოციაა ვენეცია!

ნუცა დეკანოზიშვილი ვენეციაში
ნუცა დეკანოზიშვილი ვენეციაში

– თანაც, როგორ ერითმება ეგ ორი სიტყვა ერთმანეთს…

— ჰოო, ახლა აღმოვაჩინე თქვენ რომ გესაუბრებით და ეს მაგალითი ალბათ რაღაცაში გამომადგება. ზოგადად იტალიას უწოდებენ მუზეუმს ღია ცის ქვეშ, მაგრამ ვენეცია მაინც განსაკუთრებულია!

– იტალია ტრადიციულად თავგადასავალთან ასოცირდება…

— მართლაც ასეა, ყოველი დღე იტალიაში თავგადასავალი იყო. პოსტსადოქტოროზე საქართველოდან ორნი ვიყავით. მახსოვს, ლექციები უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსებში გვქონდა, ამიტომ რუკები და განრიგები დაგვირიგეს. იქ მითითებული იყო, თუ სად ჩერდება ვაპორეტო (წყლის საზოგადოებრივი ტრანსპორტი), დანიშნულების ადგილზე რითიც უნდა მივსულიყავით. ვენეციის ქუჩები პატარა შუკებივითაა, შეიძლება ორი ადამიანი ერთად ვერც გაეტიოს. „გუგლ მეფს“ რომ დავხედავდი, დანიშნულების ადგილზე, წესით, ორ წუთში უნდა მივსულიყავი, თუმცა ვერ მივდიოდი, რადგან იქ იყო ხიდი, რომელიც ირკვეოდა, რომ სხვა მხრიდან უნდა მოგევლო. სახლიდან მინიმუმ სამი საათით ადრე გავდიოდი, მაგრამ სულ ვიკარგებოდი და დანიშნულების ადგილზე რამდენჯერმე კარაბინერებმა მიმიყვანეს.

ნუცა დეკანოზიშვილი ვენეციაში
ნუცა დეკანოზიშვილი ვენეციაში

– როგორ ახერხებდით დაკარგვას, ვენეცია ხომ პატარაა?

— საქმე ისაა, რომ პატარაა, მაგრამ მაინც იკარგები. მაგალითად, ფლორენციაში ვერაფრით დავიკარგები. ვენეციაში კი როცა, მაგალითად, კაკაპელოს კორპუსში მივდიოდი, ვიკარგებოდი. მერე კარაბინიერს ვუხსნიდი, რომ მეცნიერი ვარ და ლექციაზე მივდივარ, მაგრამ საჭირო ადგილს ვერ ვაგნებ–მეთქი. მოკლედ დავუმეგობრდი, ძალიან ყურადღებიანები არიან. ყველაზე სახალისო კი ის იყო, რომ იტალიელებისგან ვერ მარჩევდნენ და ყველა უცხოელი მე მეკითხებოდა ადგილს. ეს ამბავი ძალიან მახალისებდა. როცა ბოლოს მე და ჩემი ქალიშვილი იტალიაში დასასვენებლად ვიყავით, ჩვენი ჩასვლა ვიზალიბერალიზაციას დაემთხვა. ეს ისტორიული ფაქტი სან–მარკოს მოედანზე ვენეციური სპრიცით აღვნიშნეთ…

 

მთავარი თემები