ჩოხოსანი ქართველი ქალი, ირლანდიელი მონაზონი და კარს გარეთ დატოვებული ინგლისური

© FB/ Giuli Chkareuliგიული ჩქარეული
გიული ჩქარეული - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა “ქართველები უცხოეთში“ ირლანდიაში მცხოვრებ პოეტს გიული ჩქარეულს გაგაცნობთ.

საქართველო მაშინ დატოვა, როცა სახლისა და სულიერი სარჩოს გარეშე დარჩა. ამის შემდეგ ქალბატონი გიული ჩქარეული ორი წელი შვეიცარიაში ცხოვრობდა, შემდეგ ირლანდიაში მოქალაქეობა მიიღო. თუმცა მთელი ამ დროის მანძილზე საქართველოზე ფიქრი არ შეუწყვეტია და ამის დასტური მისი სამი წიგნია: “ნოსტალგია“, “ნატერფალი“ და “დრო უშენობით სავსე“. ამჟამად მეოთხე წიგნზე მუშაობს. დღეს უწმინდესის რეკომენდაციით შექმნილი პროექტის „საყოველთაო ჯვრისწერა“ ხელმძღვანელია და უკვე 350 წყვილს დასწერა ჯვარი. ქალბატონი გიული მისი ცხოვრების ამბავს გვიამბობს…

© FB/ Giuli Chkareuliგიული ჩქარეული
გიული ჩქარეული - Sputnik საქართველო
გიული ჩქარეული

– ქალბატონო გიული, თქვენ ბავშვურ ოცნებაში თუ იყო გამოკვეთილი, რომ ოდესმე სამშობლოდან შორს, უცხო ქვეყანაში დასახლდებოდით?

— დავიბადე ყაზბეგის რაიონის სოფელ გორისციხეში, სადაც პირველი სკოლა დავამთავრე. ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ სკოლის დირექტორმა ირაკლი ჩქარეულმა. ის იყო არაჩვეულებრივი ფილოლოგი, პიროვნება და, ეტყობა, რაღაცას ამჩნევდა ჩემში, რადგან სხვა ბავშვებზე მეტად მთხოვდა. მე უფრო მეტ დავალებას მაძლევდა და მეც პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

– პოეტური სულის გაღვიძება როდის მოხდა?

— მეცხრე-მეათე კლასი ვისწავლე სიონის საშუალო სკოლაში, სადაც ასევე არაჩვეულებრივი ქართულის მასწავლებელი ომარ ლურსმანაშვილი მყავდა. ჩვეულებრივი ენით საუბრის უფლებას არ მაძლევდა. ყველაფერი ლექსად უნდა მეთქვა ყველგან: გაკვეთილზე, ექსკურსიებზე, თუ რამე შეკრება იქნებოდა. ყველა ბავშვი ჩვეულებრივად საუბრობდა, მე კი მეტყოდა – შენ ეს ლექსად უნდა თქვაო. ლექსებს პატარაობიდან ვწერდი. ერთხელ მამაჩემს მოუპარავს ჩემი ნაწერები და რაიონში ჩაუტანია. მაშინ გამოდიოდა გაზეთი „დარიალი“, რომლის რედაქტორი იყო შალვა არაბული. მისულა და უთქვამს – ჩემი შვილი აივანზე დაჯდება ხოლმე, განმარტოვდება და სულ რაღაცას წერსო. ბატონ შალვას უთქვამს, ეს ბავშვი მომიყვანეთო. იმ დღიდან მე რასაც ვწერდი, შალვა არაბული იყო ჩემი კორექტორი და ყველაფერი იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. ესენი იყო „დარიალი“, „პიონერი“ და რადიოში პიონერებისთვის გადაცემა „დაფიონი“, — იქაც იყო ხოლმე. მაშინ ძირითადად ჩანახატებს ვწერდი. სკოლის დამთავრების შემდეგ იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩავირიცხე.

© FB/ Giuli Chkareuliგიული ჩქარეული
გიული ჩქარეული - Sputnik საქართველო
გიული ჩქარეული

– როგორც ვატყობ, ამ ადამიანებმა სხვა გზა მაინც არ „დაგიტოვეს“…

— მართლაც ასე გამოდის, თორემ, სიმართლე გითხრათ, მე არქეოლოგია უფრო მაინტერესებდა და დღემდე მაინტერესებს. იმავე წელს გავთხოვდი, მყავს ორი შვილი და ხუთი შვილიშვილი. ყველანი უცხოეთში ცხოვრობენ. საქართველოში ჩემი ოჯახი ფაქტიურად აღარ არის…

– რატომ მოხდა ასე?

— 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანა არეული იყო, იმ არეულობაში ჩემი ოჯახიც მოყვა და ჩვენ სახლი დაგვიწვეს. დავრჩით ქუჩაში… თანაც, იმ სახლთან ერთად ჩემი დასაბეჭდად გამზადებული ორი რომანი და უამრავი ლექსიც დაიწვა — არაფერი შემრჩა. მამაჩემი სტამბის დირექტორად მუშაობდა და „დარიალის“ ყველა ნომერს წიგნივით კინძავდა და ინახავდა. ასე რომ, ჩემმა დამ სრულიად შემთხვევით რამდენიმე ჩანახატი აღმოაჩინა. 2010 წლამდე დაწერილი სხვა აბსოლუტურად არაფერი მქონდა.

© გიული ჩქარეულის პირადი არქივიგიული ჩქარეული შვილიშვილებთან ერთად
გიული ჩქარეული შვილიშვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გიული ჩქარეული შვილიშვილებთან ერთად

– ანუ ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი დაკარგეთ, მატერიალურიც და სულიერიც…

— დიახ, სწორედ ეგრე გამოვიდა. ამიტომ ტკივილისა და გაჭირვებისგან გათანგული და იმედგაცრუებული საქართველოდან ყველასა და ყველაფერზე განაწყენებული წავედი. ჩავედი შვეიცარიაში, სადაც არავინ მყოლია. იქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი, არც ენის ცოდნით გამოვირჩეოდი. მოგეხსენებათ, შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანაა და იმ პერიოდში მას მხოლოდ ოფიციალური ლტოლვილები ჰყავდა. მე იქ მოქალაქეობას არავინ მომცემდა. მერე თვითონ შვეიცარიელებმა მირჩიეს, რომ გამომეყენებინა ის ჩემი ინტერვიუები, რაც მქონდა და რაც ჩემზე დაწერილა და დაბეჭდილა. ორი წლის იქ ცხოვრების მერე როცა მოვდიოდი, მითხრეს, ისეთი პიროვნება ხართ, გვენანები რომ გვტოვებო. მეამაყება, რომ 18 წელი გავიდა, რაც შვეიცარიიდან წამოვედი და ჩემსა და იქაურ მცხოვრებლებს შორის ურთიერთობა დღესაც არ გაწყვეტილა. ისევ მწერენ, ვურეკავ და მირეკავენ. როცა შვეიცარიაში დარჩენის უფლება აღარ მქონდა, გადავწყვიტე ჩემ ქალიშვილთან ბელგიაში გადავსულიყავი. მაგრამ იქ სამსახური ვერ ვიშოვე და ირლანდიაში გადავედი. ძალიან ძნელია ასე უპასპორტოდ, ენის ცოდნის გარეშე სადმე გადახვიდე. დღეს ქართულის გარდა სამი უცხო ენა ვიცი. ჩემი შვილები და შვილიშვილები ქართულად ლაპარაკობენ. ყველას ვეუბნები – სახლში რომ შემოვდივართ, ინგლისური გარეთ დავტოვოთ…

– ისე, რისკიანი ქალბატონიც ჩანხართ…

— ალბათ ასეა, როცა ცხოვრება სხვა გზას არ გიტოვებს, რისკზეც მიდიხარ. მოკლედ, მოვხვდი ირლანდიაში და იქაურ ხელისუფლებას ჩავბარდი. საქართველოში შეკითხვა გამოაგზავნეს, მართლა ვიყავი თუ არა „სახალხო ფრონტის“ წევრი და მართლა დაიწვა თუ არა ჩემი სახლი. როცა ამაზე დადებითი პასუხი მოვიდა, ხუთ წელში მოქალაქეობა მომცეს. სიტყვიერად ადვილია თქმა — ხუთი წელი. წარმოიდგინეთ, არ იცი ენა, არავის იცნობ, ახალ ქვეყანას და მათ ადათ-წესებს თავიდან უნდა მოერგო. ეს ადვილი არ არის, თანაც იმ დროს უკვე 45 წლის ვიყავი.

© გიული ჩქარეულის პირადი არქივიგიული ჩქარეული ირლანდიელ მონაზონ ჯოან კურტინთან ერთად
გიული ჩქარეული ირლანდიელ მონაზონ ჯოან კურტინთან ერთად - Sputnik საქართველო
გიული ჩქარეული ირლანდიელ მონაზონ ჯოან კურტინთან ერთად

– ვიცი, რომ ამ დროს თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდა ირლანდიელი მონაზონი, როგორ გაიცანით ის?

— დიახ, ეს იყო ირლანდიელი მონაზონი ჯოან კურტინი, რომელიც სკოლაში ასწავლიდა. ეს ქალი, რომ იტყვიან, ღმერთმა გამომიგზავნა. მთელი ამ ხნის მანძილზე ის გვერდიდან არ მომცილებია. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ენა მესწავლა. მოჰქონდა წიგნები, რვეულები, საქსოვი და ჩხირებიც კი. იმ წლების მანძილზე ყველა ისე მიცნობდა, როგორც ქალს, რომელიც სულ ტირის. აბა როგორია?! ოჯახი მიტოვებული გყავს, შენ კი სადღაც შორს, ფაქტიურად ქუჩაში ხარ გახიზნული, ვერ მუშაობ… ირლანდიაში სასტუმროებია, რომლებსაც ჩვენებურად ბანაკები ჰქვია. აი, ერთ ასეთ სასტუმროში ვცხოვრობდი, სანამ ჩემი ვინაობა დამტკიცდებოდა. თავად ირლანდიელებსაც აინტერსებდათ, ვინ ვიყავით, ამიტომ მოდიოდნენ და გვეცნობოდნენ. ამ ქალბატონის ერთი ვიზიტის დროს სასტუმროს თანამშრომლებმა ჩემზე უთხრეს, აქ ერთი ასაკოვანი ქალიაო. ასე დავმეგობრდით. ოთხი წლის შემდეგ ბიჭი წავიყვანე. წელიწადნახევრის მერე რძალიც წავიყვანე, მერე უკვე შვილიშვილიც. როცა მოქალაქეობა მომცეს და ბინაზე გავედი, ეს ქალი მაშინაც არ მომშორებია გვერდიდან და ყოველ ორშაბათს ჩემთან მოდიოდა. ჯერ მე მასწავლიდა ენას, მერე ჩემ შვილებს, ბოლოს — ჩემ შვილიშვილებსაც.

– ახლა ის მითხარით, ირლანდიაში მცხოვრები ქალი საქართველოში მნიშვნელოვან პროექტს როგორ ჩაუდექით სათავეში?

— ვცდილობ ყველგან ვიყო. საერთოდ, ვფიქრობ, ყველა ადამიანს რისი რესურსიც აქვს, ოჯახისთვის, სამშობლოსთვის, ირგვლივ მყოფთათვის არ უნდა დაინანოს. დამიჯერებთ? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ — არასოდეს საკუთარ თავზე არ მიფიქრია. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ. მე ჩოხოსანი ვარ, ჩვენთან ძალიან ბევრი ღირსეული ქალბატონია. ზვიად სეხნიაშვილმა შემომთავაზა, რომ ჩოხოსანი გავმხდარიყავი და სიხარულით დავთანხმდი, კაბაც შევიკერე. უწმინდესთან მისი რეკომენდაციით შეიქმნა ასეთი პროექტი — „საყოველთაო ჯვრისწერა“ და გაჩნდა იდეა, რომ მისი ხელმძღვანელი მე ვყოფილიყავი. ეს პროექტი 2016 წელს განხორციელდა. სამი თვის მანძილზე, როცა მარხვა არ იყო, 350 წყვილს დავწერეთ ჯვარი. მათ შორის ახალგაზრდებიც არიან და 89 წლის ასაკოვანი წყვილიც კი. 2010 წლიდან უმეტესი დრო უკვე ვცდილობ, რომ საქართველოში ვიყო.

© FB/ Giuli Chkareuliჩოხოსანი ქალბატონი გიული ჩქარეული
ჩოხოსანი ქალბატონი გიული ჩქარეული - Sputnik საქართველო
ჩოხოსანი ქალბატონი გიული ჩქარეული

– სამი წიგნი გამოეცით და ამჟამად მეოთხეზე მუშაობთ, რაზე წერდით?

— უცხოეთში სულიერზე ფიქრი ადვილი არ არის რადგან სულ ყოფითზე ხარ გადართული. 2010 წელს, როცა ყველაფერი მოგვარდა, საკუთარი თავისთვის მოვიცალე. იმავე წელს ჩემი პირველი წიგნი „ნოსტალგია“ გამოვიდა. მეორე წიგნი „ნატერფალი“ 2012 წელს გამოვიდა. აქ ლექსებთან ერთად პატარა ჩანახატები და ნოველებია შესული. სულ ახლახან მესამე კრებული გამოვიდა. წიგნს დავარქვი „დრო უშენობით სავსე“ და მასში კაფიები და მოძღვნილი ლექსებია შესული. ახლა მეოთხე წიგნზე ვმუშაობ. ეს უკვე პროზაულია ნაწარმოებია — „ჩემი გავლილი გზა“.

– ქალბატონო გიული, როგორია შორიდან დანახული სამშობლო?

— შეიძლება არც დამიჯეროთ და დღემდე ვეძებ იმ სახეებს, რომლებიც 90-იან წლებში საქართველოში დავტოვე…

– მერე, იპოვეთ?

— ვერა, ვერ ვიპოვე. თქვენ აქ რომ ხართ და ერთმანეთს ყოველდღიურად უყურებთ, ეს გარდასახვა მაინც შეუმჩნეველია. გული მტკივა, რომ საქართველოში იმდენ ღიმილიან სახეებს ვეღარ ვხედავ. რახან მონატრებაზე ჩამოვარდა სიტყვა, ჩემი ერთი ლექსი მინდა გაგაცნოთ:

ჩემო ნისლიანო მთებო, ქვებზე მომღერალო თერგო,

ექოს მოყოლილო ხმებო, წილში უთქვენობა მერგო.

ბედმა გამიტყუა შორეთს, ნატვრა დამაბედა თქვენი,

ვუსმენ უცხოთ მიეთ—მოეთს, არ მყავს აქ ნუგეშის მთქმელი.

ღრუბლებს დავემგზავრე ფიქრით, წუთით ჩავიმუხლებ მტკვარზე,

მერე უღელტეხილს იქით დეკა მომეხვევა მხარზე.

ვიგრძნობ ჩემი მთების სუნთქვას, მზერით უფსკრულს ვწვდები ძირში,

ბედო, ნუ ხარ ცივი, გულქვა, სათქმელს ნუ მიყინავ პირში.

მინდვრად გადათელილ ბილიკს, წითლად აყვავებულ ველებს,

ვნატრობ, ტანში ჟრჟოლა მივლის შორით კრძალვით გიწვდი ხელებს.

ჩემი მთა—ჭიუხის ნატვრას, აქ ნუ დამიმიწებ ბედო,

დრო კი უკვე იწყებს ათვლას — ღმერთო, შენს მეტს ვიღას ვენდო?!.

– ირლანდია რასთან ასოცირდება თქვენთვის?

— წვიმასთან! იქ სულ წვიმს, ზამთარ-ზაფხული სულ წვიმაა, დღე ისე არ დაღამდება, რომ არ გაწვიმდეს.

— მერე, თქვენ, მზიანი ქვეყნის ქალმა იქ როგორც გაძელით?

— ზუსტად ეს მითხრეს ექიმებმა ჯანმრთელობის, ძვლების პრობლემები როცა შემექმნა, მზიანი ქვეყნიდან როდესაც ასეთ ადგილზე ჩადიხარ და მზის სხივებს ვერ იღებ, იმ ქვეყნის ხალხს ყველას ასეთი რამ ემართებაო.

– სულსაც ხომ არ დააკლდა მზე და სითბო?

— თავისთავად დააკლდა… დამიჯერეთ, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ჩვენნაირი თბილი ხალხი არსად არის! დღეს აქ რომ ვარ, ჩემი გული უფრო მეტი სიყვარულით აივსო და მინდა, რომ ის გარშემომყოფებს გავუნაწილო…

ყველა ახალი ამბავი
0