გულის კანფეტივით ჩამტკბარი კაცი...

© Sputnik/ Мангасарянფრუნზიკ მკირტიჩიანი ფილმში „ალიყური"
ფრუნზიკ მკირტიჩიანი ფილმში „ალიყური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

იცით, რა? დღეს განსაკუთრებით მწყდება გული, ჩემი ალე ბებია რომ აღარ ბებიობს, თორემ სხვანაირად დახვეწილად დაგხვდებოდათ და შარმიანად გადაგიწევდათ ბროწეულის ტოტს, დახვეწილ—იმერულად გაგვიწყობდა სუფრას, არავის რომ არ გამოსდის, ისეთი თხელი ხაჭაპურებით.

ასი წელია ვწვალობ და ალექსანდრასავით მაინც არ გამომდის, სულ რაღაც მაკლდება, ალბათ, მისი უზარმაზარი გული.

თანაც, ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი ალე ბებიას რაღაც სხვანაირად და საოცრად უყვარდა, ზურიკოც კი ეჭვიანობდა ცოტა.

დიახ, დღეს ჩვენი აივნის სტუმარია ზურაბ ანჯაფარიძესავით საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, უსაყვარლესი და უთბილესი ფრუნზიკ მკრტჩიანი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1930 წლის 4 ივლისს მაშინდელ ლენინაკანში, დღეს რომ გიუმრი ჰქვია.

მახსოვს, ბოლოს ბებიასთან ერთად ვუყურეთ ფილმს Одиноким предоставляется общежитие, სადაც შესანიშნავი გუნდარევა „გუნდარობდა“ ზღაპრული გუნდასავით.

ფრუნზიკა კიდევ „ომლეტიან“ საცოლეს სიდედრს რომ უბრუნებდა. ალე ბებია კიდევ ისე ლამაზად იცინოდა, მარტო მან რომ იცოდა ხოლმე, ბარათაშვილურად.

იცით, ფრუნზიკას რატომ ერქვა ფრუნზიკა? თურმე, სამოქალაქო ომის გმირის მიხეილ ფრუნზეს გამო.

დაბადების მოწმობაში კი ეწერა შესანიშნავი სახელი — მგერ, რაც სომხურად „ნათელ კაცს“ ნიშნავს.

საერთოდ, ცხოვრებაში ფრუნზიკა ძალიან გმირული და მართლაც ნათელი კაცი იყო.

იმდენ პირად ტკივილს უძლებდა, არავინ რომ არ იცოდა.

და, იცით, დღეს მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი…

უბრალოდ, ზოგჯერ მართლა არა გაქვს ის გულის კანფეტი, ასე რომ გინდა, რომ ახლობელს მისცე.

ფრუნზიკამ ერთხელ იხუმრა — ვიცი ამ ქვეყანას უნიჭოები რატომაც მართავენ — დილიდან ჩემსავით არ სვამენ და კარიერებს უვლიანო.

დიდი გიორგი დანელიას შეფასებით კი,

ფრუნზიკ მკრტჩიანი საუკეთესო სირანო დე ბერჟერაკი იყო.

მერე რა, სომხური ენა თუ არ ვიცი.

მაინც მესმის ამ კაცის ყოველი სიტყვა და როქსანასავით ქართულ-სომხურად განვიცდი.

არ ვიცი, ვინ უყვარდა მართლა სირანოს.

ჰყვებიან სხვადასხვა როქსანები…

სხვადასხვა როქსანულ ამბებს…

მაგრამ ჩვენ მაინც ხომ ვიცით,

ბუბები და ფრუნზიკები

ფრთებს სადაც შლიდნენ…

იქ ქალები ეცემოდნენ – „პაჩკებად“…

ფრუნზიკაზე იმასაც ჰყვებიან, აფრიკაში წავიდა და გაპირატდაო.

მე კიდევ ასე მგონია, ჩვენი ძალიან ძვირფასი ფრუნზიკა

ისევ იმ სასამართლოშია, ვალიკოს ძალიან ხათრით.

ჰყვებიან, ფრუნზიკას ერევანში უყვარდა სიარული, როცა ძალიან ღამდებოდაო.

ერთხელ ჰკითხეს — ამ შუაღამეს მარტო რატომ დადიხართო.

იცით, რა უპასუხა?— მარტო რატომ, ძაღლები და კატებიც ხომ დადიან ჩემთან ერთადო.

მოდით, მას ყველა თავისი ტკივილი შევუნახოთ და შევუნარჩუნოთ…

როგორც თავად ბრძანა…

ჰოდა, უბრალოდ, ბოლოჯერ დავტკბეთ ამ პეპელასავით ლამაზი და სევდიანი კაცით…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და ფრუნზიკასავით ტკბილ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0