ქართველი, რომელმაც 50 წლით გაასწრო დროს და საქართველოს საგარეო ვალები ჩამოაჭრა

© ოთარ ტატიშვილის პირადი არქივილადო თოდრია
ლადო თოდრია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამწუხაროდ, აქსიომად იქცა ის ფაქტი, რომ საქართველოში ჭკვიან და განათლებულ ადამიანს იშვიათად ან მხოლოდ სიკვდილის მერე აფასებენ. სულ ახლახან 67 წლის ასაკში მსოფლიო რანგის უნიკალური მეცნიერი, მრავალმხრივ განათლებული ინტელექტუალი, მეცნიერებათა კანდიდატი ლადო თოდრია გარდაიცვალა.

თავს ვალდებულად მივიჩნევთ, რომ ამ ადამიანის ღირსებები და დამსახურებები შეგახსენოთ…

ლადო (ვლადიმერ) თოდრია — პროფესიონალი ეკონომისტი, თავის დროზე მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და დისერტაციაც იქვე დაიცვა. მისი არაპოპულარული, პროგრესული მოსაზრებები ე.წ. ჩრდილოვან ეკონომიკაზე თავის დროზე "ანტისოვეტჩინად" ითვლებოდა. მოგვიანებით მხოლოდ მის ცოდნასა და გამოცდილებას უწევდნენ ანგარიშს საქართველოში ჩამოსული მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში საგარეო ვალების დარგში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობის დროს სწორედ მისი ავტორიტეტის წყალობით საქართველოს საგარეო ვალები ჩამოეჭრა. ბატონ ლადოს ეკუთვნის კულტურის გენეტიკური განვითარების ისტორიის შესახებ დაწერილი სრულიად უნიკალური მეცნიერული ნაშრომი, რომელსაც ჯერჯერობით ანალოგი არა აქვს. მასზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება და ამისთვის ლადო თოდრიას მეგობარს, ფსიქოლოგიის დოქტორს, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლალი სურმანიძეს გავესაუბრეთ.

© ოთარ ტატიშვილის პირადი არქივილადო თოდრია
ლადო თოდრია - Sputnik საქართველო
ლადო თოდრია

– ქალბატონო ლალი, ვინ იყო ლადო თოდრია, რომელზეც მისი თანამედროვეები საოცრებებს ჰყვებიან?

— მერწმუნეთ, არაფერს ვაჭარბებ, ეს იყო უზარმაზარი შესაძლებლობების ადამიანი, რომლის მსგავსიც საუკუნეში ერთი იბადება. ვინც მასთან ერთად მუშაობდა, მათ მის მიერ გაკეთებული საქმეების გასაოცარი მაგალითების მოყვანა შეუძლიათ. თუ არ ვცდები, 1987 წელს პოლონეთში ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ამერიკელი და საბჭოთა მეცნიერები, პოლიტოლოგები, ეკონომისტები შეიკრიბნენ. ეს რომელი პერიოდია, იცით? ე.წ. პერესტროიკა რომ უკვე დაწყებულია და დასავლურ სამყაროსთან საკონტაქტოდ პირველ ნაბიჯებს დგამენ. ამ კონფერენციაზე, თუ საზღვარგარეთ "ანტისოვეტჩიკი" მეცნიერი არსებობდა, ლამის ყველა მონაწილეობდა, მათ შორის ძალიან ცნობილი ზბიგნევ ბჟეზინსკიც გახლდათ. აი, სწორედ ამ კონფერენციაზე საბჭოთა კავშირიდან ოთხი პროფესიონალი წარგზავნეს – სამი გამოჩენილი ეკონომისტი, აკადემიკოსი და ერთი მეცნიერებათა კანდიდატი ლადო თოდრია. სხვათა შორის, ამ კონფერენციის მასალები დაიბეჭდა და გამოიცა კიდეც.

– რამდენადაც ვიცი, ბატონ ლადოს არაპოპულარული და ანტისაბჭოური მოსაზრებები ჰქონდა ე.წ. ჩრდილოვან ეკონომიკაზე…

— დიახ, მისი სამეცნიერო ინტერესების სფერო იყო ჩრდილოვანი ეკონომიკა საბჭოთა კავშირში, რაზეც რამდენიმე სტატია ჰქონდა დაწერილი. ამ საკითხს, ანუ ჩრდილოვან ეკონომიკას ის პოზიტიურად აფასებდა და არა ისე, როგორც მას ოფიციალური იდეოლოგია უყურებდა. მახსოვს, რომ მისი სტატია არ დაბეჭდეს და მას ოფიციალურად ედო გრიფი "ანტისოვეტჩინა". არ დაგვავიწყდეს, რომ ეს 70-იანი წლების ბოლოს ხდება. ბუნებრივია, იმ პერიოდში ე.წ. ლევის აკეთებდნენ, მაშინ ამის გარეშე არ ხდებოდა. ეს ძალიან სერიოზული ფენომენი იყო: არსებობდა იატაკქვეშა ქარხნები და ფაბრიკები, რომლებიც საბჭოთა კავშირში რეალურ ნაწარმს ქმნიდნენ და, გარკვეული თვალსაზრისით, ბაზარზე ავსებდნენ იმ დეფიციტს, რაც საბჭოურ სინამდვილეში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ლადო მეცნიერულად ხსნიდა, რატომ შეიძლებოდა ჩრდილოვანი ეკონომიკა წარმოშობილიყო და საბჭოთა ეკონომიკის განვითარებაში რა ფუნქცია ჰქონდა. იგი, საზოგადოდ, ჯანსაღი კრიტიციზმის პოზიციაზე იდგა. ჩრდილოვანი ეკონომიკის პოზიტიურ მხარესაც ხედავდა და ნაკლსაც, სრულიად ორიგინალურად მოაზროვნე მეცნიერი იყო.

© ოთარ ტატიშვილის პირადი არქივილადო თოდრია
ლადო თოდრია - Sputnik საქართველო
ლადო თოდრია

– ლადო თოდრია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა უმაღლესი რგოლის მენეჯერთა გადამზადების ინსტიტუტში, რაც იმ დროს საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაცია იყო…

— დიახ, ის სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტში მუშაობდა, რომელიც მართვის უმაღლესი რგოლის წარმომადგენლებს ემსახურებოდა. იქ ლადო პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. ეს იყო უმაღლესი რგოლის მენეჯერთა გადამზადების ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა კავშირის სივრცეში საკმაოდ ავტორიტეტული გახლდათ და მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებდა. ამ ინსტიტუტის დამაარსებელი (შემდგომში "იესემის" დამაარსებელიც) სოლომონ ქადაგიძე გახლდათ. ინსტიტუტში მსხვილი კომბინატების, სამმართველოებისა და ტრესტების მმართველები, მოადგილეები, ანუ, თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, უმაღლესი რგოლის მენეჯერები მოდიოდნენ. ლადო ლექციებს, აი, ამ მმართველ კადრებს უკითხავდა. მათთან პოლიტეკონომიის წასაკითხად შედიოდა, თუმცა, სინამდვილეში საბჭოთა კი არა, რეალისტურ ეკონომიკას კითხულობდა. მას ამ თემაზე მთელი კონცეფცია ჰქონდა შემუშავებული.

– თქვენთვის არასდროს გაუმხელია, რომ გარკვეულ საფრთხეს გრძნობდა თავისი ანტისაბჭოური მოსაზრებების გამო?

— ერთხელ მითხრა – იყო პერიოდი, როცა ინსტიტუტში შევდიოდი და იმის მოლოდინი მქონდა, რომ საიდანღაც ორი უცნობი მამაკაცი გამოჩნდება, აქეთ-იქიდან მომკიდებს ხელს და მეტყვის, ჩვენთან ერთად წამობრძანდითო… ისიც უთქვამს, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემ ლექციებს იწერენ და უსმენენო. მართლაც საოცარია, რომ გადარჩა და არ დაიჭირეს. ის იყო უსაყვარლესი ლექტორი და ყველაზე პატივსაცემი მეცნიერი მათთვის, ვისაც ლექციებს უკითხავდა. მათ შორის იყვნენ პრაქტიკოსები და ეკონომიკის სფეროში კარგად ჩახედული პროფესიონალები. ლადო იყო კაცი, რომელიც ბევრად უსწრებდა დროს. უნდა გითხრათ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში იგი მარქსის თაყვანისმცემელი იყო, მაგრამ ეს რომელი მარქსი იყო, იცით?— იდეოლოგიზებული კი არა, მარქსი, როგორც "კაპიტალის" ავტორი და უზარმაზარი მეცნიერი. აქ პოლიტიკურ იდეოლოგიაზე კი არა, ეკონომიკურ მეცნიერებაზეა საუბარი, ამიტომ მარქსის "კაპიტალი" მისი სამაგიდო წიგნი იყო. სხვათა შორის, მარქსი მის მიერ გურუდ არ იყო აღქმული, აკრიტიკებდა კიდეც და ამა თუ იმ საკითხზე უთქვამს — აი, ეს გააკეთა, ეს კი ვეღარ გააგრძელაო. ამას იმ ადამიანების წრეში ამბობდა, ვისაც ეკონომიკა სიღრმისეულად ესმოდა. ლადოს სტატია ჩრდილოვან ეკონომიკაზე იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მოსკოვში გამოიცა კიდეც.

© Courtesy by Lali Surmanidzeლალი სურმანიძე - ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ლალი სურმანიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, ფილოსოფიურ მეცნიერებატა დოქტორი, პროფესორი - Sputnik საქართველო
ლალი სურმანიძე - ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

– რამდენადაც ვიცი, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ის სახელისუფლებო სტრუქტურაში მუშაობას დათანხმდა, თუ შეიძლება, შევახსენოთ მკითხველს, რაზეა საუბარი?

— თუ არ ვცდები, 1996 წელს ფინანსთა მინისტრმა, ბატონმა დავით იაკობიძემ, რომელიც ლადოს კარგად იცნობდა და მისი შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესახებაც იცოდა, ლადო ფინანსთა სამინისტროში მოიწვია (სხვათა შორის, აქვე შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენთან ბრუნვაში არსებული ლარი სწორედ მაშინ გამოვიდა და ის დავით იაკობიძის ხელმოწერით იყო). მან ლადოს ძალიან სთხოვა, რომ ფინანსთან სამინისტროში მის მოადგილედ ემუშავა საგარეო ვალების დარგში. იცით, მაშინ რა სიტუაცია იყო?— უზარმაზარი ქვეყანა დაინგრა და ყველაფრის გადანაწილება, სამართალმემკვიდრეების გარკვევა და ვალების აღიარება დაიწყო. მაშინ ლადო დათანხმდა და ამ სფეროში მოვიდა. როგორც მინისტრის მოადგილეს, მას შეეძლო ბევრი კრედიტი გაეცა, მაგრამ ამას არ აკეთებდა. მისი ხელმოწერით მხოლოდ ერთადერთი კრედიტია გასული — კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზის რემონტისთვის და არც მიკვირს, მუსიკა მისი უდიდესი სიყვარული იყო. ყველა სხვა შემთხვევაში კრედიტების გაცემას თავიდან ირიდებდა, იმიტომ რომ მიაჩნდა, ასეთი საქმეები ჩვენთან სუფთად არ კეთდებოდა. საგარეო ვალების დარგში მან უზარმაზარი საქმე გააკეთა და საქართველოს ბევრი საგარეო ვალი ჩამოაჭრა, რომელიც შეიძლებოდა საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ტვირთად დასწოლოდა. საგარეო ვალთან მიმართებით ლადომ ისეთი სისტემა ააწყო და ჩართო, რომ ის ფუნქციონირებას დღემდე აგრძელებს არსებითად იმ სახით, როგორიც მან შექმნა. პრაქტიკულად ჩართო ეს სისტემა და წავიდა. იმ პერიოდში, როცა ის მინისტრის მოადგილე იყო, ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუკვალა გზა და ცხოვრებაში საგზური მისცა. მახსოვს, ერთი სტაჟიორი გაგზავნა იაპონიაში და ჩამოსვლის შემდეგ ეს ახალგაზრდა კაცი ჰყვებოდა – იაპონიის ბანკის მმართველმა რომ გაიგო, საქართველოდან თოდრიას გაგზავნილი კაცი ვიყავი, მასთან მიმიწვია და პირველი, რაც მკითხა, თოდრია–სანი როგორ ბრძანდებაო.

– ბატონი ლადო ისეთ საერთაშორისო სტრუქტურასთან, როგორიც მსოფლიო ბანკია, საკმაო ავტორიტეტით სარგებლობდა, ამასთან დაკავშირებით რას გაიხსენებთ?

— როცა გარდაიცვალა, მისი თანამშრომლები იხსენებდნენ, საქართველოში ჩამოსული მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლები მხოლოდ ლადოსთან ურთიერთობდნენ, იმიტომ რომ მან აიძულა ისინი, ჩვენთვის, როგორც ღირსეული პარტნიორისთვის, ისე შემოეხედათ. უნდა იცოდეთ საქართველოს ინტერესებისა და ავტორიტეტისთვის როგორ იბრძოდა. ამ ხალხთან მას ისეთი დიდი ავტორიტეტი ჰქონდა, რომ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ლადოს ხელმოწერა თუ არ იყო, დოკუმენტს არ იღებდნენო. ლადო, ცხადია, არავის გუნდში არ თამაშობდა. მისი თანამშრომლები ამბობენ, იმდენად პრინციპული იყო, რომ რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს მის ზურგს უკან ვიღაც იდგაო. არავის არაფერს პატიობდა და არანაირ დათმობაზე არ წავიდოდა, რაც საქმისა და ქვეყნისთვის ოდნავ საზიანო შეიძლებოდა ყოფილიყო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ არავინ მფარველი არ ჰყოლია…

© ოთარ ტატიშვილის პირადი არქივილადო თოდრია
ლადო თოდრია - Sputnik საქართველო
ლადო თოდრია

– ბოლო პერიოდში რით იყო დაკავებული?

— ბოლო პერიოდის მისი დიდი სიყვარული, მისი შრომის საგანი აბსოლუტურად უნიკალური ცივილიზაციის თეორია იყო. ჩემთვის უთქვამს, რომ ამ თემაზე ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან ფიქრობდა. ეს არის აბსოლუტურად უნიკალური ნაშრომი, რომლის ორ სიტყვაში მოყოლა შეუძლებელია. ეს არის კულტურის გენეტიკური განვითარების ისტორია მისი ეტაპებითა და ლინგვისტური ანალიზით. მე, როგორც ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის სპეციალისტი და ფსიქოლოგი, რომელმაც კულტურის მეცნიერების პრობლემატიკა იცის, მივიჩნევ, რომ ამ ნაშრომით მან მეცნიერებას 50 წლით გაასწრო! ეს არის სინთეზური თეორია, რომელიც ძალიან სჭირდება დღეს მეცნიერებას და არა აქვს. ეს თეორია მან ვერ დაასრულა. ჩვენ, მის დას და მეგობრებს არაერთხელ გვითხოვია, რომ რაც ჰქონდა დაწერილი, ის მაინც გამოეცა. ყოველთვის ერთი პასუხი ჰქონდა — ჯერ არ მაქვს დამთავრებულიო.

ესაა აბსოლუტურად უნიკალური თეორია. ეს ნაშრომი თავს უყრის და სინთეზურად წარმოაჩენს ძალიან მნიშვნელოვან ტენდენციებსა და ვექტორებს – სპეციფიკური სააზროვნო სისტემების სტადიალურ მონაცვლეობას, მაგიური და ნიშნური სისტემების ურთიერთმიმართებას, ფონეტიკური წარმონაქმნების სპეციფიკასა და ფუნქციებს, ძალიან ბევრ რამეს… და ხომ არ გგონიათ, რომ ეს ბელეტრისტიკაა? ეს ძალიან სიღრმისეული სერიოზული ანალიზია — მისი ორიგინალური მეთოდებითა და დასაბუთებებით. ეს საკმაოდ რთული თეორიაა, რომელსაც მხოლოდ პროფესიონალი — ანთროპოლოგიის, ლინგვისტიკის, ფსიქოლოგიის, ისტორიის, გეოგრაფიისა და კიდევ ბევრ სფეროში ძალიან ღრმად ჩახედული სპეციალისტი გაიგებს. ჩაწვდება ის, რომელსაც ესმის მეცნიერების კრიზისის პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს საზოგადოდ დგას მეცნიერება. მისი და თამარი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ძალიან უწყობდა ხელს და გვერდში ედგა. იცით, ყველას, ვინც ვიცოდით მისი საქმიანობის შესახებ, ისეთი განცდა გვქონდა, რომ მას ასეთ აზრებს "რაღაც" აწერინებს. მისი უკიდეგანო ნიჭისთვის არ არსებობდა არანაირი პრობლემა, საკმარისი იყო რაღაც ნაწერისთვის გადაევლო თვალი, რომ ზუსტად იცოდა, სად იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. სრულიად წარმოუდგენელია, რას იტევდა მისი მეხსიერება, ამდენს ნორმალური ადამიანი ვერ დაიმახსოვრებს — ამას როგორც ფსიქოლოგი, ისე ვამბობ. სულ ამბობდა, ამ შრომის დამთავრებას ვერ მოვასწრებო. ერთხელ 25-გვერდიანი სარჩევი გამომიგზავნა – 25 გვერდი მხოლოდ სარჩევი იყო! მეუბნებოდა, წარმოგიდგენია, ყოველი საკითხი ცალ-ცალკე ბოლომდე რომ დავამუშავო, რამდენი დრო მჭირდება კიდევო… ამას წინათ ვკითხულობდი ერთი ამერიკელი კულტურფსიქოლოგის, ძალიან სერიოზული მეცნიერის სტატიას, რომელიც მთავრდება ფრაზით: ჩვენ ამას ვერ გავაანალიზებთ და ვერ გავიგებთ, ამისთვის საჭიროა გარეთ მდგომი თეორია, რომელიც კულტურის თეორიას, როგორც გენეტიკურ ისტორიას მოგვიტანდაო. ვაცხადებ, რომ ასეთი თეორია დევს საქართველოში და ის ლადო თოდრიას ეკუთვნის! მე მჯერა, რომ მისი და იზრუნებს მისი ნაშრომების გამოცემაზე. ჩვენ კი, ლადოს მეგობრები, რითიც შევძლებთ, ამ საქმეში მხარში დავუდგებით.

– ბატონი ლადოს სხვა ნიჭსა და შესაძლებლობებზეც ბევრს ჰყვებიან…

— იმის გარდა, რაც მოგახსენეთ, ეს იყო თვითნასწავლი უაღრესად მუსიკალური კაცი, რომელიც გიტარაზე სრულიად გენიალურად უკრავდა. სამწუხაროდ, მისი არც დაკრული და არც ნამღერი ჩანაწერი არ არსებობს. მახსოვს, ლადოს რამდენიმე მეგობარი მასთან ერთად მერაბ კოსტავას ჩანაწერებით ქართულ ხალხურ სიმღერებს ვსწავლობდით. მისთვის ეს იყო უდიდესი ბედნიერება. უნიკალური მუსიკალური მონაცემები ჰქონდა. მწერლის ნიჭიც ასევე განსაკუთრებული ჰქონდა — მისი ნაწერი ტექსტები ლოგიკით, ანალიზის სიღრმით, ენის გრძნობითა და ხატოვანებით გასაოცარია.

– თქვენ მეგობრობდით, როგორი მეგობარი იყო?

— ეს იყო კრისტალურად სუფთა და წარმოუდგენლად მიამიტი ადამიანი. ის არ ლაპარაკობდა, ისე იდგა ყველა პრობლემაში მყოფის გვერდით. მისი მეგობრებისთვის სანთელი იყო… ეს იყო ქვეყნისა და მეცნიერებისთვის დაბადებული ადამიანი, მან იცოდა, რომ ქვეყნისთვის ბევრი სასარგებლო და საჭირო საქმის გაკეთება შეეძლო, მაგრამ, საუბედუროდ, ამ ქვეყანას აღარ დასჭირდა ის… ეს არ იყო ადამიანი, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ გუნდში ითამაშებდა, მისთვის არსებობდა მხოლოდ ერთი გუნდი და ამ გუნდის წევრი იყო ყოველთვის — ესაა მისი უდიდებულესობა საქართველოს სახელმწიფო!..

ყველა ახალი ამბავი
0