კანოეში მერილ სტრიპთან ერთად...

© photo: Sputnik / Galina Kmit / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი მერილ სტრიპი
მსახიობი მერილ სტრიპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს – და ამას ძალიან იშვიათად ვაკეთებ ხოლმე — სრულიად უსინდისოდ ვისარგებლებ იმით, რომ აივნის მასპინძელი ვარ და, გამონაკლისის სახით, ჩვენთან უკვე მეორედ მოვიწვევ ქალბატონს, რომელსაც, თუ არ გამაჩერებთ, სულ მოვიწვევ და მოვიწვევ ხოლმე.

შესანიშნავ ერიხ მარია რემარკთან, რომელიც ასევე დღეს დაიბადა, დიდი ბოდიში მოვიხადე, შევახსენე მას თავისივე ფრაზა — „თუ გული ვინმესკენ მიგიწევთ, წინააღმდეგობა არ გაუწიოთ, გულმა ერთადერთმა იცის ზუსტად, რა გვჭირდება“, შარშანდელი რეპერტუარი გავიმეორე და ისევ მოვიწვიე.

ჩვენი აივნის დღევანდელი სტუმარი ამბობს, რომ არასდროს არ გამოუყენებია თავისი შესახედაობა როგორც „კოზირი“ და, როგორც აღმოჩნდა, ადამიანი შესანიშნავად თავისუფალია, როცა საკუთარ გარეგნობაზე დამოკიდებული არ არის.

იმასაც ამბობს, რომ ეკრანზე მისი სილამაზე დამოკიდებულია მხოლოდ განათებაზე — კარგი განათება თუა, ის ცოტა ლამაზია, თუ განათება ცუდია — არც ძალიან ლამაზი, ისე რა…

ეს ქალბატონი იმასაც ამტკიცებს, რომ გრძელი ცხვირი აქვს და იმასაც, რომ საერთოდ… შონ პენს ჰგავს.

მის მიმართ ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვერასდროს ვერ დავეთანხმები, რადგან ის უბრალოდ კი არა, სხვანაირად, შესანიშნავად ლამაზი და მომხიბვლელია. თუმცა, აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ პირადად მე შონ პენი ალენ დელონს მირჩევნია.

დიახ, ეს გახლავთ დიდებული ქალბატონი და თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი მერილ სტრიპი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1949 წლის 22 ივნისს. სიტყვა „ერთ-ერთს“ ვიყენებ თავმდაბლურად, რადგან, მაგალითად, კლინტ ისტვუდი და რობერტ დე ნირო და კიდევ ბევრნი და ბევრნი მას უყოყმანოდ „მსოფლიოში საუკეთესო მსახიობს“ უწოდებენ. ჯიმ კერი კი ამას შემდეგნაირად გამოხატავს:

მერილმა ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში მისმა ლექტორმა ერთხელ აუდიტორიას მიმართა შეკითხვით — რას ნიშნავს, თქვენი აზრით, დედოფლობა? ყველამ თავისი აზრი გამოთქვა, ლექტორმა კი ბოლოს განაცხადა — ნამდვილი დედოფლობა არის ის, ოთახში თქვენი შემობრძანებით ატმოსფერო რომ იცვლებაო…

ჰოდა, ხომ გრძნობთ, როგორ შეიცვალა ატმოსფერო ჩვენ აივანზე განუმეორებელი მერილ სტრიპის გამოჩენასთან ერთად?

მერილის კარიერაში „ოსკარის“ 17 ნომინაციაა, ეს აბსოლუტური რეკორდია ჰოლივუდის ისტორიაში. თანაც ის პირველად ნომინირებული იყო ჩემ საყვარელ ფილმში „ირმებზე მონადირე“ ლინდას როლის შესრულებისათვის. პირველი „ოსკარი“ კი მას წილად ხვდა ფილმში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დასტინ ჰოფმანის მეუღლის როლის შესრულებისთვის. მეორე „ოსკარი“ მერილმა მიიღო პოლონელი ემიგრანტი ქალის, კონცენტრაციული ბანაკის ტყვის სოფი ზავისტოვსკის როლისთვის ფილმში „სოფის არჩევანი“. მესამე „ოსკარი“ კი — დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერის როლის შესრულებისთვის ფილმში „რკინის ლედი“. სხვათა შორის, თავისი პირველი „ოსკარი“ მერილს დარჩა კინოთეატრ Kodak-ში, სამაგიეროდ მესამე „ოსკარს“ მთელი ცერემონიის დროს ხელიდან არ უშვებდა.

მერილ სტრიპი პრემია „ოქროს გლობუსის“ 29 ნომინაციის მონაწილეა (ისევ აბსოლუტური რეკორდი) და ამ პრემიის 9-გზის მფლობელი. ის ასევე მსოფლიოს ორი უდიდესი კინოფესტივალის — კანისა და ბერლინის კინოფესტივალების პრიზიორია. რა თქმა უნდა, მისი ვარსკვლავი ჰოლივუდის ხეივანს ამკობს და ალამაზებს…

ეს, ასე თუ ისე, ყველამ ვიცით, მაგრამ, მაგალითად მე, ჩემდა სამარცხვინოდ, მხოლოდ დღეს გავიგე, რომ ნიუ-იორკის მანჰეტენის რაიონის ხელმძღვანელობამ 27 მაისი მერილ სტრიპის დღედ გამოაცხადა.

მე, სავარაუდოდ, მერილ სტრიპის ყველა ფილმი მაქვს ნანახი, და ის ყველგან განსაკუთრებული, ყველასგან და, რაც მთავარია, თავისივე წინა როლისგან განსხვავებულია.

მაგრამ განსაკუთრებით მიყვარს მისი არაჩვეულებრივი დუეტი რობერტ დე ნიროსთან ფილმში „შეყვარებულები“. საოცარი ფილმია, იმედს რომ გჩუქნის და რწმენას, პატარა ბავშვივით სიზმრებისა და ზღაპრების სამყაროში რომ გადაყავხარ…

თავად მერილს საუკეთესო პარტნიორად მიაჩნია ჯეკ ნიკოლსონი, რომელიც, მისი შეფასებით, „თამაშობს ისე, როგორც სუნთქავს“.

მისი საყვარელი მსახიობია ფრანგულად დახვეწილი სიმონა სინიორე.

ახალგაზრდა მსახიობებიდან კი ძალიან მოსწონს ლეონარდო დი კაპრიო.

მერილ სტრიპის ერთ-ერთი პატარა უპირატესობა სხვა მსახიობებთან შედარებით მდგომარეობს იმაშიც, რომ მას აქცენტების იმიტაციის ნიჭი გააჩნია. მაგალითად, ფილმში „აფრიკიდან“, ის დანიური აქცენტით საუბრობს, „მედისონის ხიდებში“ — იტალიურით, ხოლო ფილმისთვის „სოფის არჩევანი“ მსახიობმა პოლონური ენაც კი შეისწავლა.

ტრილერის „ველური მდინარე“ გადაღებისას მერილი რეალურად იხრჩობოდა და გადარჩა მხოლოდ იმის გამო, რომ მეთევზეების ბადეში გაება. ფილმისთვის „ეშმაკი ატარებს „პრადას“ 10 კილოგრამი დაიკლო. მაგრამ მისთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მსხვერპლი იყო, როდესაც ნაირობიში ფილმის „აფრიკიდან“ გადაღებისას მისი კაბის ქვეშ შეძვრა რაღაცა ამოუცნობი მწერი, ის აცოცდა ჯერ მერილის ფეხზე, შემდეგ ზურგზე, სცენის დასრულებამდე კი მან კისერზეც მოიკალათა. მერილი ვაჟკაცურად ითმენდა, რომ კადრი არ გაეფუჭებინა და როდესაც სიდნი პოლაკმა გადაღება შეაჩერა, მერილმა დაიყვირა — მიშველეთ, რაღაც ცხოველი მჭამსო!

მერილს საოცარი იუმორის გრძნობა გააჩნია. ერთხელ მან აღნიშნა, 40 წლის რომ გავხდი, შემეშინდა, რადგან სამმა რეჟისორმა ერთდროულად ალქაჯის როლი შემომთავაზა, მაგრამ მერე სარკეში ჩავიხედე და მესამე შეთავაზებაზე მაინც დავთანხმდიო.

მერილ სტრიპის პირველი სიყვარული იყო ცნობილი მსახიობი ჯონ კაზალე, რომელთანაც ის დაინიშნა კიდევაც, მაგრამ, სამწუხაროდ, მათი ქორწილი შედგა მხოლოდ ეკრანზე, ფილმში „ირმებზე მონადირე“. ჯონი ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. იმ დროს მერილმა თავი მიანება გადაღებებს და მთელ დღეებს საყვარელი ადამიანის საწოლთან ატარებდა.

1978 წელს მერილ სტრიპი ცოლად გაჰყვა მოქანდაკე დონ გამერს, რომელთანაც დღემდე უზომოდ ბედნიერია და თვლის, რომ ის გენიალური ქმარია. მათ ჰყავთ ოთხი შვილი — ჰენრი „ჰენკ“ ვულფი, მარი უილა „მემი“, გრეის ჯეინი და ლუიზა ჯეკობსონ გამერები. მემი და გრეისი დედის კვალს გაჰყვნენ, ხოლო ჰენკი მუსიკოსია.

მერილს უყვარს სამზარეულოში ტრიალი. ის იხსენებს, რომ მას კულინარიული ტრიუმფი ჰქონდა იმ დღეს, როდესაც თავისი მომავალი მეუღლე შეუყვარდა. მან გამოაცხო შესანიშნავი ვაშლის ღვეზელი, თანაც ურეცეპტოდ. მერილის თქმით, გავიდა თითქმის 40 წელი და ისეთივე ღვეზელი, უამრავი ცდის მიუხედავად, აღარ გამოსდის. მერილი, რომელიც თავად ვეგეტარიანელია, ცდილობს ახალი კერძების გამოგონებას, ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში დგას გაზქურასთან, მერე კი თავის „შედევრს“ სანაგვეში აგდებს და ხმამაღლა და მხიარულად აცხადებს — „მორჩა, დღეს პიცა გვაქვს!“

მერილი ამბობს: „მე გულწრფელად მჯერა, რომ სიყვარული არსებობს. თანაც არა მხოლოდ ეკრანზე, არამედ ცხოვრებაშიც. ამიტომაც ასე დაუძაბავად და საინტერესოდ ვასრულებ რომანტიკული ნატურების როლებს. მე ხომ თავად გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ“.

მერილ სტრიპის ერთ-ერთი რჩევაა: გულზე მოწოლილი სიმძიმისგან საუკეთესო წამალია ერთი ბოკალი ღვინო, უკიდურეს შემთხვევაში კი, თუ ღვინომაც არ გიშველა, უნდა ჩაჯდე კანოეში და გაჰყვე დინებას.

ამ შესანიშნავ ქალბატონთან ერთად კანოეში ჩაჯდომასაც გავბედავდი და მთაზე ასვლასაც, ერთ ბოკალ ღვინოზე რომ აღარაფერი ვთქვათ…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და მერილ სტრიპივით შიგნიდან განათებულ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0