„ჭკუის კოლოფი“ და „ქვიშის საათი“...

© AP Photoარტურ მილერი და მერლონ მონრო
არტურ მილერი და მერლონ მონრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, სანამ ჩვენ აივანზე ამობრძანდებით, წინასწარ მინდა მოგაწოდოთ ერთი ინფორმაცია — სტატისტიკურად, ყველაზე მეტი ქორწინება მოდის აპრილისა და ივნისის თვეებზე, სავარაუდოდ, იმის გამო, რომ მაისში შეუღლება არ ვარგაო — ამბობენ. არადა, გარეთ „გაზაფხულებია — ყვავის გულებია“ და ამიტომაც ვინც ასწრებს, აპრილში აწერს ხელს, ვინც ვერა — ივნისში.

ეს ყველაფერი კი იმისთვის მოგითხრეთ, რომ თავი გავიმართლო, რადგან დღესაც, ისევე, როგორც ჩვენი წინა შეხვედრისას, აივანზე საქორწინო ტორტი დაგხვდებათ. არავის ეგონოს, რომ გაკადრეთ და ნამცეცობაზე მოგიწვიეთ, როგორ გეკადრებათ!

ტორტი სულ ახალია, შამპანიური კი — წინანდელზე უფრო უკეთესი მოსავლიდანაა დაყენებული.

ვინმეს კიდევ თუ მენდელსონის ვალსი მობეზრდა, არ არის პრობლემა – ჩავრთოთ შესანიშნავი ცეკვა „ქართული“ ზაქარია ფალიაშვილის აბესალომისა და ეთერის ქორწილიდან… 

არ გაგიკვირდეთ, თუ ზუსტად ამ შესანიშნავი მუსიკის თანხლებით ჩვენ აივანზე ამობრძანდება ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი წყვილი — პულიტცერის პრემიის ლაურეატი, დრამატურგი არტურ მილერი და განუმეორებელი მერლინ მონრო, რადგანაც ზუსტად ამ დღეს, 1956 წლის 19 ივნისს შედგა მათი ქორწილი.

ამ საოცარ წყვილს სიყვარულით შეარქვეს „ჭკუის კოლოფი“ და „ქვიშის საათი“. ისინი ერთი შეხედვით აბსოლუტურად განსხვავებულები იყვნენ და, ამავე დროს, ავსებდნენ ერთმანეთს — უჭკვიანესი, სერიოზული, არისტოკრატიული, წარმატებული არტური და ტკივილამდე ქალური და მზესავით მომხიბვლელი მერლინი.

მათ ერთმანეთი ჰოლივუდის „კოქტეილზე“ გაიცნეს და უცებ დამეგობრდნენ. მერლინმა არტურს გული გაუხსნა და მოუყვა, რომ ამ მაღალ საზოგადოებაში ვერ პოულობდა საკუთარ ადგილს და თავს არასრულფასოვნად გრძნობდა, რადგან მასში ყველა მხოლოდ გარეგნობას ხედავდა და სხვა არაფერს. მილერმა ურჩია, რომ წასულიყო ნიუ-იორკში და სამსახიობო ხელოვნებას დაუფლებოდა. 

მათი შემდეგი შეხვედრა შედგა ხუთი წლის შემდეგ, 1955 წელს ნიუ-იორკში, თეატრალური საზოგადოების წვეულებაზე. მერლინი იმ დროისთვის უკვე მეორედ იყო გათხოვილი. მისი მეუღლე იყო ცნობილი ბეისბოლისტი ჯო დი მაჯო, რომელმაც მერლინს დაუყენა კატეგორიული პირობა — ან ის, ან კინო. არტურ მილერს კი მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

მიუხედავად ამისა, შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ არტურმა თავის მეგობარს დაურეკა და მერლინის ტელეფონი გამოართვა. ასე დაიწყო მათი რომანი, რომელიც, უმრავი წინააღმდეგობის მიუხედავად, ქორწილით დასრულდა.

მილერმა მონროს აჩუქა ოქროს ბეჭედი, რომლის შიდა მხარეზე იყო ამოტვიფრული წარწერა — „მ-ს ა-სგან, 1956 წლის ივნისი.  აწ და მარადის“. მერლინმა კი საქორწინო სურათს დააწერა — „იმედი. იმედი. იმედი“…

ეს კი მერლინის ინტერვიუა, ქორწილის მეორე დღეს:

არტურ მილერმა დაწერა შესანიშნავი წიგნი-მოგონებები — “დროის მიმოქცევა, ცხოვრების ისტორია“.

ისეთი საოცარი წიგნია, იმხელა სიყვარულით დაწერილი… თუ ჯერ ვერ მოასწარით წაკითხვა, აუცილებლად წაიკითხეთ, რადგან ამ მოგონებების გარეშე ნამდვილად ვერ მიხვდებით, თუ როგორი იყო სინამდვილეში მერლინ მონრო.

თურმე, მისი დღე იწყებოდა დილის აბაზანით და ნაუცბათევი საუზმით, რის შემდეგაც იწყებოდა ხანგრძლივი რეპეტიციები და კითხვა.

სხვათა შორის, მის საწოლთან, პატარა და დახვეწილ მაგიდაზე სუნამოები და კოსმეტიკა კი არ იდგა, როგორც ბევრს, მათ შორის მეც წარმომედგინა, არამედ ფოლკნერის, გარსია ლორკას და დოსტოევსკის წიგნები ეწყო. მილერი იხსენებს, რომ მერლინი კითხულობდა ყურადღებით და აუჩქარებლად, ისე, როგორც მეზღვაური, რომელიც ახალ ნაპირებს იპყრობს.

ისინი ცხოვრობდნენ ოკეანის გვერდით და ადგილობრივი მცხოვრებლები გიჟდებოდნენ მერლინზე. ის ბავშვივით ბედნიერი ჩამორბოდა ნაპირზე, ყველას ესალმებოდა, უღიმოდა და ფეხშიშველი დარბოდა. თუმცა, ცურვა ვერა და ვერ ისწავლა. მილერის თქმით, ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც მერლინი მოუქნელი იყო, იყო წყალი. მაგრამ გამოვიდოდა თუ არა ნაპირზე, ბოტიჩელის ვენერაზე უფრო ლამაზიც კი ხდებოდა, ზღვისფერთვალებიანი…

მეთევზეები მერლინს იმასაც კი პატიობდნენ, მათ მიერ დაჭერილი თევზებით სავსე ბადეებს რომ დაურბენდა და თევზებს უკან აგდებდა ოკეანეში… მილერის აზრით, მას სიკვდილის თანდაყოლილი შიში ჰქონდა.

ერთხელ მერლინს გადაუწყვეტია დიასახლისობა ესწავლა და ბრტყელი მაკარონი — ატრია მოემზადებინა… არტური შინ რომ დაბრუნდა, ყველა სკამზე ცომის წვრილი ზოლები ეკიდა, რომლებსაც მერლინი ფენით აშრობდა.

1957 წლის ივლისში მერლინმა გაიგო, რომ ფეხმძიმედ იყო. ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი პერიოდი. ის იყო მშვიდი, დაფიქრებული და სერიოზულად ემზადებოდა დედობისთვის. 1 აგვისტოს კი ფეხმძიმობა შეუწყდა და ასე გამეორდა კიდევ ორჯერ…

1961 წელს არტური და მერლინი ერთმანეთს დაშორდნენ. მილერი ამბობდა, რომ ის მეუღლესთან ხშირად ჩაკეტილი და მოწყენილი იყო, რადგან ძალიან იღლებოდა სამსახურში და ვეღარ უძლებდა მის ცვალებად ხასიათს. მერლინს კი ყურადღება სჭირდებოდა და სწყინდა…

თავად მერლინმა კი ერთი ფრაზა წარმოთქვა: „ერთ დილასაც თქვენ იღვიძებთ — კაცი არ არის, საქსოფონი არ არის, რჩება მხოლოდ წინდების წყვილი და კბილის პასტის ცარიელი ტუბი“… 

მასმედიამ კი დაასკვნა, რომ მამაკაცების ყველაზე დიდი შეცდომა იმაში მდგომარეობდა, ისინი ვერ ეჩვეოდნენ ერთ რამეს – ღამე რომ მერლინ მონროსთან იძინებდნენ, დილით ნორმა ჯინთან (მერლინის ნამდვილი სახელი და გვარი) გაღვიძება მოუწევდათ…

არტურ მილერის და მერლინ მონროს დაშორების შემდეგ ერთ წელიწადში მერლინ მონრო გარდაიცვალა…

მილერმა თავის მოგონებებში ჩაწერა — არსებობენ იმდენად განუმეორებელი ადამიანები, რომ გგონია, ისინი სიკვდილის მერეც ვერ წავლენ შენი ცხოვრებიდან. მე ჩემს თავს იმაზე ვიჭერდი, რომ ვერაფრით ვერ ვეჩვევოდი აზრს, რომ მერლინი აღარ იყო და ჩემში ცხოვრობდა უზარმაზარი იმედი, რომ სადმე, ოდესმე აუცილებლად შევხვდებით. სიკვდილის რკინის ლოგიკაც კი ვერ ამსხვრევდა ჩემს ოცნებებს. მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ უნდა მიმეღო მისი გარდაცვალება, როგორც ადამიანს, ვინც დგას და უყურებს ჩამავალ მზეს… 

არტურ მილერი მერლინის დაკრძალვას არ დასწრებია. როდესაც მას ჟურნალისტმა დაურეკა და ჰკითხა, წავიდოდა თუ არა ის დასაფლავებაზე, არტურმა ასე უპასუხა — არა, ის იქ მაინც არ დამხვდებაო… 

მილერი იხსენებდა, რომ ერთხელ უთქვამს მონროსთვის — „შენ ყველაზე სევდიანი მანდილოსანი ხარ, ვინც კი ოდესმე შემხვედრია“. მერლინმა კი შეხედა და უპასუხა — „ჩემთვის ეს არავის და არასდროს არ უთქვამს“.

თითქოს მას მართლა არ ჰქონდა უფლება – ყოფილიყო სევდიანი…

გისურვებთ ბედნიერ, წარმატებულ და მერლინ მონროსავით მზიან დღეს!

 

 

ყველა ახალი ამბავი
0