ოლია ბებია, 10 წლის ბიჭის აღორძინებული ხალხური ჟანრი და იმერული დატირების სცენები

© საბა მეტრეველის პირადი არქივიბარბარე (ოლღა) გიორხელიძე საბა მეტრეველის წიგნის ყდაზე
ბარბარე (ოლღა) გიორხელიძე საბა მეტრეველის წიგნის ყდაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ უჩვეულო ისტორიას მინდა, ყველა გაეცნოთ, ვისაც ბებიისგან მცირე სითბო და სიკეთე მაინც გამოგყვათ და ვისაც ბავშვობისდროინდელი ამბები დღემდე გახსოვთ.

თუმცა ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა საბა მეტრეველმა ამ სიკეთეს და ბებიის ფენომენს სამეცნიერო წიგნი „გამოლოცვანი“ მიუძღვნა. ყველაფერი მესამე კლასში დაიწყო, როცა ქართულის მასწავლებელმა მოსწავლეებს ზაფხულის არდადაგებზე ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შეგროვება დაავალა. მაშინ ათი წლის ბიჭმა ბებიას სთხოვა, რომ ძველი შელოცვები გაეხსენებინა. იმ დროს ალბათ, მომავალი პროფესორი ვერც წარმოიდგენდა, რომ მის მიერ ასე ბეჯითად შესრულებული საშინაო დავალება პერსპექტივაში, ძალიან საინტერესო და სითბოთი სავსე წიგნის მასალად იქცეოდა. ამით კი, ფაქტობრივად, არქაული, იმერეთში დავიწყების პირას მისული ფოლკლორული ჟანრის აღორძინებას დაიწყებდა. მასალაში სევდიანი და მხიარული ამბები საბა მეტრეველის ბავშვობიდან…

© საბა მეტრეველის პირადი არქივისაბა მეტრეველი
საბა მეტრეველი - Sputnik საქართველო
საბა მეტრეველი

- ბატონო საბა, მოდით, თავიდან იმის შესახებ მოგვიყევით, რა ემოციას თქვენში იწვევს ბებიის გახსენება?

— ჩემი წიგნის „გამოლოცვანი“ ბოლო თავი მთლიანად ბებიას, ბარბარე გიორხელიძეს ეძღვნება, მაგრამ ყველანი მას ოლიას ბებიას ვეძახდით. ფაქტობრივად, ჩემი ეს წიგნი წარსულსა და დღევანდელობას შორის კავშირია. შეიძლება მავანმა თქვას, რომ ბავშვობაში ჩარჩენილი ვარ, თუმცა არც ისე რბილი ბავშვობა მქონდა. თუკი მაინც თუკი რამ მენატრება ბავშვობიდან,- ეს სწორედ ბებიასთან დაკავშირებული მოგონებებია. იმდროინდელი სევდა დღემდე თან მდევს. ვცდილობ, რაღაცნაირად გავუძლო და მოვერიო მას… ჩემმა ბავშვობამ გაიარა იმერეთის ერთი უცნაური სახელის მქონე სოფელში, სორმონში. თუკი თქვენ ქუთაისიდან გელათისკენ გიმოგზაურიათ, მარჯვნივ მოწამეთისკენ გადასახვევია, მარცხნივ კი —სოფელი სორმონი.

- ძველ გამოლოცვებს არაერთგვაროვნად აღიქვამდნენ, თუმცა ვაღიაროთ, რომ ხალხი მათ ენდობოდა და მათი მაგიის სჯეროდა…

— საერთოდ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შელოცვა წინარექრისტიანულისა და ქრისტიანულის დიალოგია და შუა საუკუნეებში ახლადაღორძინებული მითოლოგიური შემოქმედების ბუმის შედეგია. სხვათა შორის, ბოლო პერიოდში ბებია ამ გამოლოცვებს არ აქცევდა ყურადღებას, უფრთხოდა: არ ვარგებულა, ღმერთს არაფერი ვაწყენინოო. ბუნებრივია, ისეთი მართლმორწმუნე ადამიანისთვის, როგორიც ის იყო, მაგიური ტექსტებით ლოცვა უკვე მკრეხელობა იქნებოდა. მისი ეს შიში, როგორც ჩანს, წმინდა მამათა სწავლებიდანაც მოდიოდა. მართალია, ათეისტურ საქართველოში შელოცვალოცვისაგან სუსტად განირჩეოდა, მაგრამ ბებიაჩემისთვის უკვე მათ შორის დიდი შინაგანი წინააღმდეგობა, კონცეპტუალურ-არსობრივი სხვაობა იგრძნობოდა. ბავშვობაში როდესაც სკოლაში ის დავალება მომცეს, ბებიას თხოვნაზე უარი არ უთქვამს და მეც ჩავიწერე ყველა შელოცვა, რომლებიც მან იცოდა. რამდენიმე კვირაში ეს შელოცვები უკვე მე ვიცოდი ზეპირად.

© საბა მეტრეველის პირადი არქივიბებია ოლღასეული სახლი სოფელ სორმონაში
ბებია ოლღასეული სახლი სოფელ სორმონაში - Sputnik საქართველო
ბებია ოლღასეული სახლი სოფელ სორმონაში

- რადგან ამბობთ ზეპირად იცოდიო, იქნებ ამ გამოლოცვების ძალაც გამოსცადეთ სხვებზე?

— თქვენ წარმოიდგინეთ, ასეც იყო: თუკი ვინმე შეშინებული, გათვალული, მოფურჩხული იყო, ჩემთან მორბოდა: არიქა, გამოგვილოცეო. ჩემ მიმართ ინტერესს ის ზრდიდა, რომ პატარა ვიყავი და თან მამრობითი სქესის. ამას ასე ხსნიდნენ: ანგელოზია, პატარაა, თანაც კაცის შელოცვა უფრო ჭრის, წვერი უმოწმებს სიტყვებსო. მეც მეტი რა მინდოდა, ვხალისობდიდა, ჩემს სტიქიაში ვიყავი. წიგნში ერთ ეპიზოდს ვიხსენებ და თქვენს მკითხველსაც მინდა, რომ ის ამონარიდის სახით გავაცნო: „ერთხელ მეზობელმა, რომელიც ჩვენი სკოლის დამლაგებელი იყო (გუგულა მამიდას ვეძახდი), მთხოვა: შვილიშვილი მყავს შეშინებული, აკვანში სულ ტირის და არ იძინებსო. უთენია ჩავედი მასთან. თეთრად მორთული აკვანი შუა ზალაში იდგა, შიგ ჩვილი იურა იწვა. პატივით მიმიღო ოჯახმა. შავტარიანი დანა და ნახშირი მოვითხოვე: ეგ, ეტყობა, გათვალულიცაა-მეთქი და, შეშინებულთან ერთად, ნათვალების შელოცვის რიტუალიც აღვასრულე. შუა პროცესში ვიყავი, როცა გუგულას დაამთქნარა. ეს უკვე, მათი წარმოდგენით, კარგის ნიშანი იყო —გაჭრა შელოცვამ, გვამთქნარებსო. მეც გახარებული დავბრუნდი შინ“ (ს.მეტრეველი. „გამოლოცვანი“).

© საბა მეტრეველის პირადი არქივისაბა მეტრეველი (ზედა რიგი, მარცხნიდან პირველი) ბავშვობის მეგობრებთან ერთად
საბა მეტრეველი (ზედა რიგი, მარცხნიდან პირველი) ბავშვობის მეგობრებთან ერთად  - Sputnik საქართველო
საბა მეტრეველი (ზედა რიგი, მარცხნიდან პირველი) ბავშვობის მეგობრებთან ერთად

- ბატონო საბა, ნოდარ დუმბაძემ შექმნა ოლღა ბებიის საოცარი სახე, რომელიც მაშინვე ყველას ბებია გახდა. ახლა თქვენგან მოვისმინე ბებიის საოცარი ისტორია…

— ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით სესილია თაყაიშვილმა ფილმში ბებიის მონუმენტური სახე შექმნა. ვერ წარმოიდგენთ, ის ჩემს ოლია ბებიას როგორ ჰგავს… თუნდაც თავისი განუყრელი შავი ქოლგით, ჯდომის, საუბრის მანერით, ყველაფრით… ის სწორედაც ბებიის განზოგადებული ტიპაჟი იყო და ყველას ბებიას ჰგავდა, მათ შორის, — ჩემსასაც, რომელიც უცნაური ბედისა და ისტორიის ქალი იყო. თუკი ფოტოს კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ უცნაური ცხოვრების ანარეკლი მის სახესაც აქვს შერჩენილი. ის იყო მარტოობის ბინადარი, სრულიად მარტო ცხოვრობდა. ერთადერთი შვილი ჰყავდა, დედაჩემი. მე მხოლოდ ზაფხულში ვახერხებდი მასთან ჩასვლას. ფაქტობრივად, შეუმოსავი მონაზონი იყო. მეზობლები მისგან ძალიან შორს ცხოვრობდნენ. ოლია ბებია ხის ფიცრულში ცხოვრობდა და ძაღლიც არ ჰყავდა, იმიტომ, რომ ღამე რომ დაიყეფოს, შემეშინდება, რადგან მეგონება, რომ ვიღაც მოვიდაო. არც კატა ყავდა, იმიტომ, რომ სუფთა ცხოველი არ არისო… ქათმებიც კი არ ჰყავდა, რადგან ისეთ ადგილას ცხოვრობდა, რომ ქათამს მელია თუ ქორი არ გაუჩერებდა. ძროხა არ ჰყავდა იმიტომ, რომ მისი მოვლა აღარ შეეძლო. წყალს შორიდან ვეზიდებოდით. იმ სოფელში ხაზის რადიოს შესაძლებლობა არ იყო, ტელევიზორი არ ჰქონდა… წარმოიდგინეთ, ასეთ პირობებში, იმ გარემოში მინიმუმ ორი თვე ბებიასთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ არანაირი დისკომფორტი არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანი ირევა, დღემდე თავი მაინც მარტოსულად მიმაჩნია. ესეც, ალბათ, ბებიისგან მომყვება…

© საბა მეტრეველის პირადი არქივიდანსაბა მეტრეველი ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად
საბა მეტრეველი ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად - Sputnik საქართველო
საბა მეტრეველი ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად

- ადამიანი მაინც მარტოა, ბატონო საბა…

— მართალია, ამ წუთისოფელში მარტონი ვართ, მაგრამ ეს შეგრძნება მეტ-ნაკლებად გვაქვს… მე მაინც მგონია, რომ ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში, რაც და როგორც ხდება, ბებიაჩემის სულის და ცხოვრების ანარეკლია.

- ბატონო საბა, ბავშვობაში თურმე ცნობისმოყვარე და როგორც იმერეთში იტყვიან, მაკვარანცხი ბავშვი ყოფილხართ, ამასთან დაკავშირებით რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

— გაგიკვირდებათ და, მიყვარდა პანაშვიდი და დაკრძალვა, გასვენებას არ გამოვტოვებდი. სატირალში (ასე ეძახდნენ იმერეთში) მოსული მოტირალი ქალების მოსმენა მაინტერესებდა, ჭიშკრიდან მოთქმით რომ მოდიოდნენ ან, როცა სახლის კიბეებს მიუახლოვდებოდნენ, მაშინ რომ გაიშლიდნენ თმებს. მერე ჭირისუფლებიც ტირილით შეეგებებოდნენ და იყო გამიშვი-გაგიშვებ! ეს რიტუალი ძალიან მომწონდა, საგულდაგულოდ ვიმახსოვრებდი ტექსტებს და მერე სახლში ვიწყებდი იმიტირებას. მამაჩემმა გამაფრთხილა, არ გაბედო ოჯახში ტირილი და ვაი-უის ძახილიო. ამის შემდეგ ეზოს ბოლოში ჩავდიოდი, თხილების ძირში ჩავჯდებოდი და „შებინდებისას ცას ზრავდა“ ჩემი მოთქმა-გოდება. იქ ვდგამდი გასვენების სცენებს. რამდენიმე ხანში ქვემო უბნის მეზობლებმა დედაჩემს შესჩივლეს, ყოველ დღე თქვენი ეზოდან განწირული ცივი ხმით დატირება ისმის და რა ხდებაო?! ცნობისმოყვარე კი საერთოდ არ ვიყავი და დღემდე შორს ვარ ამ ზედმეტი ბარგისგან, უბრალოდ, ყველაფერი მჭირდებოდა ამეკრიფა მხოლოდ იმიტომ, რომ სპექტაკლად მექცია, თამაშის ხელოვნების საბურველშ გამეხვია, რომ თავი მსახიობად მეგრძნო, გარდასახვა და განცდა რომ მექცია ცხოვრების ნორმად. ეტყობა, ბავშვობის სტრესია, დღესაც ახლობლის პანაშვიდზე თუ მივდივარ, ხმით ვტირი. ალბათ, იშვიათი გამონაკლისი ვარ (ყოველ შემთხვევაში, სამეცნიერო წრეებიდან მაინც), დატირების ტრადიციას რომ არ ღალატობს…

© საბა მეტრეველის პირადი არქივისტუმრად პოეტ მიხეილ ქვლივიძესთან
სტუმრად პოეტ მიხეილ ქვლივიძესთან  - Sputnik საქართველო
სტუმრად პოეტ მიხეილ ქვლივიძესთან

- მასზე მხატვრული ნაწარმოების დაწერა არ გიცდიათ?

— იმერეთის ამ პატარა სოფელში, სადაც ჩემი მოგონებებია დღემდე და სადაც ბებიაჩემის საფლავია, ერთადერთი თხოვნა ახლობლების მიმართ დღემდე ძალაში რჩება: მინდა, ჩემი საფლავიც იქ იყოს, ბებიაჩემის გვერდით… ბებიაზე ასე ვამბობ ხოლმე, რომ ის ხიდს გაღმა დაწერილი წიგნი იყო… მხატვრული ნიჭი რომ მქონოდა, მასზე რომანს დავწერდი. ჩემი ამ წიგნით კი თითქოს ჩვენს შორის არსებული კავშირი აღვადგინე. წარმოიდგინეთ, 23 წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ ჩვენ მაინც ერთად ვართ…

P.S. დასასრულ, ვითვალისწინებთ და იმ გარემოებას, რომ ჩვენში დაძაბული ფსიქოლოგიური ფონია, ყოველი შემთხვევისთვის გაწვდით ყველაზე აქტუალურ „შეშინებულის“ გამოლოცვის ფრაგმენტს. (ჩაწერილია 1980 წელს სოფელ სორმონში, მთქმელი – ბარბარე (ოლია) გიორხელიძე —ფურცხვანიძისა)თანაც, საშუალება გეძლევათ, მას მეცნიერული კუთხიდანაც გაეცნოთ:

“სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა(3 —ჯერ)

გულო შინა-შინა,

გულო, რამ შეგაშინა,

ძაღლმა შეგაშინა,

კაცმა შეგაშინა,

ქალმა შეგაშინა,

ბოვშვმა შეგაშინა

თუ ვინ შეგაშინა?!

მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

მაინც ნუ შეშინებულხარ, ფერო!

მაინც ნუ შეშინებულხარ, ძვალო!

მაინც ნუ შეშინებულხარ, ბილო!

(თქვი მისისახელი, ვისაც ულოცავ…)

გული გულთან იყოს,

ფერი ფერთან იყოს,

ძვალი ძვალთან იყოს,

ბილი ბილთან იყოს!

გულო, მოდი საგულესა, შეგიკერავკაბასა და სამგუნესა!

გულო, ადექი — დადექი,

შენს საბუდეში ჩადექი,

გარეთ ტურა-მგელი შეგჭამს (3 —ჯერ)

ღმერთო, არ გელოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთისდა

ლოცვა არის ჩემი! (3 — ჯერ).

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0