გოგონა, რომელიც მარია კალასს ბაძავდა – ოცნებიდან ევროპის საოპერო თეატრების სცენამდე

© FB/Nana Mirianiნანა მირიანი (ქავთარაშვილი)
ნანა მირიანი (ქავთარაშვილი) - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ იტალიაში მცხოვრებ კიდევ ერთ წარმატებულ ქართველ ხელოვანს გაგაცნობთ.

ნანა ქავთარაშვილი — დრამატული რეპერტუარის ქართველი საოპერო მომღერალი, ცნობილი სოპრანო, რომელიც იტალიაში ცხოვრობს. იგი 22 წელია, რაც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მნიშვნელოვან კონცერტებსა თუ სპექტაკლებში მონაწილეობს. როგორია ცხოვრების მისი შემოქმედებითი და პიროვნული გზა, როგორ აღმოჩნდა 90-იანი წლების თბილისიდან მსოფლიო საოპერო მუსიკის ეპიცენტრში – ამის შესახებ თავად გვიამბობს მომღერალი, რომელსაც იტალიაში დავუკავშირდით.

© პირადი არქივინანა მირიანი სცენაზე
ნანა მირიანი სცენაზე - Sputnik საქართველო
ნანა მირიანი სცენაზე

– ქალბატონო ნანა, დარწმუნებული ვარ, ბავშვობიდან მღეროდით და მუსიკალურ ნიჭს მაშინვე ამჟღავნებდით…

— მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ხელოვანი და მუსიკოსი არავინ მყავდა, სიმღერა ბავშვობიდან, სამი წლის ასაკში დავიწყე. დედა ექიმი გახლდათ, მამა — ისტორიკოსი. ძალიან მიყვარდა ანსამბლი „მზიური“ და თითქმის ყველა იმ სიმღერას ვმღეროდი, რაც მათ რეპერტუარში იყო. „კონცერტებს“ მეზობლებისთვის ვმართავდი. ოთახიდან აივანზე გასასვლელი ფარდა ჩემთვის სცენის ფარდასთან ასოცირდებოდა. მეზობლები სიმღერის შეკვეთებს მაძლევდნენ. ძალიან წკრიალა და ძლიერი ხმა მქონდა. როცა 15 წელი შემისრულდა, ყველას ეგონა, რომ ესტრადას გავყვებოდი. ფორტეპიანოზეც ვუკრავდი და ნაწარმოებებსაც ვქმნიდი, მაგრამ დედამ ვოკალურზე ჩაბარება მირჩია. ის გრძნობდა ჩემი ხმის პოტენციალს და მონაცემებს, კარგად ხედავდა, რომ უძლიერესი საოპერო ხმა მქონდა, რომელიც ბუნებრივად ამოდიოდა — მარია კალასს ვბაძავდი… დედის ინტუიციამ გაამართლა. სკოლის დამთავრების შემდეგ მესამე მუსიკალურ სასწავლებელში ვოკალურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, შემდეგ კონსერვატორიაში, იულია ფალიაშვილის კლასში ჩავაბარე.

© FB/Nana Kavtarashviliნანა მირიანი (ქავთარაშვილი)
ნანა მირიანი (ქავთარაშვილი) - Sputnik საქართველო
ნანა მირიანი (ქავთარაშვილი)

– 90-იან წლებში, როცა კონსერვატორია დაამთავრეთ, ჩვენთან საოპერო ხელოვნება არ ვითარდებოდა, რა გადაწყვეტილება მიიღეთ?

— დიახ, ეს იყო 90-იანი წლები — რთული დრო, როცა საქართველოს კულტურა კვდებოდა, თეატრებში შუქი ქრებოდა, ზამთარში გათბობა არ იყო და სპექტაკლები არ იმართებოდა, კონსერვატორია 1993 წელს დავამთავრე. მალე საზღვარგარეთ გაღწევა მოვახერხე, რათა ჩემი ოცნებები განმეხორციელებინა, რადგან საქართველოში ამის შესაძლებლობა აღარ იყო. ჩემმა პედაგოგებმა ყველანაირად შთამაგონეს, რომ საქართველო დამეტოვებინა, თორემ დავიღუპებოდი როგორც ხელოვანი და ოპერის მომღერალი. გეზი ავიღე იტალიისკენ, სადაც 1994 წელს კონკურსში გავიმარჯვე და ქალაქ ბუსეტოში, ლეგენდარული ტენორის, მაესტრო კარლო ბერგონცის ჯუზეპე ვერდის ფასიან აკადემიაში ჩავირიცხე. სტიპენდია, გამონაკლისის სახით, მხოლოდ მე დამენიშნა. სამი წელიწადი ვისწავლე მაესტრო ბერგონცისთან და ფართო რეპერტუარი მოვამზადე. კონცერტებზე გამოვდიოდი და მალე ჩემი დებიუტი შედგა იტალიის საოპერო თეატრში.

© პირადი არქივინანა მირიანი სცენაზე
ნანა მირიანი სცენაზე - Sputnik საქართველო
ნანა მირიანი სცენაზე

– როგორ გაიარეთ ადაპტაცია იტალიაში და სად შედგა თქვენი საოპერო დებიუტი?

— ადაპტაცია ადვილი არ იყო, პირველი წლები კი ძალიან რთული. ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა. პირველ რიგში ეს ენის ბარიერი იყო, სტიპენდიას ბინის ქირაზე და სხვადასხვა საარსებო საშუალებებზე ვანაწილებდი. არ იყო ადვილი უცხო ხალხთან შეგუება, ყველაზე დიდი ტკივილი კი სამშობლოსა და ოჯახის წევრების მიტოვება იყო. მალე ჩემი უმცროსი, 22 წლის ძმის გარდაცვალების ამბავიც გავიგე, რის გამოც იტალიისა და სიმღერის მიტოვებასაც ვაპირებდი. აქ დიდი როლი ისევ დედამ ითამაშა. ის მამხნევებდა, მეუბნებოდა, რომ სიმღერა უნდა გამეგრძელებინა და ჩემი მიზანი შუა გზაზე არ მიმეტოვებინა, რადგან ეს დიდი დანაშაული იქნებოდა. მეც თავი ხელში ავიყვანე და სიმღერა გავაგრძელე. მერე ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. შევიძინე კარგი მეგობრები, რომლებიც მხარში ამომიდგნენ. 2000 წელს გავიცანი ლეგენდარული მომღერალი რენატა სკოტო, რომელმაც ჩემი მოსმენის მერე თავის აკადემიაში მასტერ-კლასებზე მიმიწვია. ჩემი დებიუტი 2000-2001 წლებში ქალაქ პარმის თეატრში ვერდის ფესტივალზე შედგა. ქალბატონი რენატა სკოტო აღფრთოვანებული იყო ჩემი ხმის შესაძლებლობებით და დამეხმარა, რომ იტალიისა და ევროპის მნიშვნელოვან ოპერის თეატრებს ჩემთვის კარი გაეღოთ. იტალია ჩემი მეორე სამშობლო გახდა, სადაც ჩემი შესაძლებლობების რეალიზაცია მოვახდინე.

– ბოლო დროს საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ…

— დიახ, ასეა. საქართველოს მონატრება ძლიერია, თბილისში ჩამოსვლა ყოველთვის მიხარია. თუმცა ცოტა ხნის მერე ისევ იმედგაცრუებული ვბრუნდები იტალიაში, რადგან საქართველოს ცხოვრების დონე ჯერჯერობით არ არის ისეთი, როგორც ევროპაში. მაგრამ ყველა ქვეყანას მაინც ჩემი ქვეყანა მირჩევნია — ის ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში და იმედი მაქვს, რომ მალე ფეხზე დადგება და აქაც სასიკეთოდ შეიცვლება ყველაფერი. საქართველოში ცოტა ხნის წინაც ვიმყოფებოდი, სადაც კონსერვატორიის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გალა-კონცერტი ჩატარდა. მასში მონაწილეობა საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებმა მივიღეთ. 2 ივნისს იტალიის რესპუბლიკად აღიარების დღესასწაულთან დაკავშირებით იტალიის საელჩომ მომიწვია, სადაც მთავრობისა და დიპლომატების თანდასწრებით იტალიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შევასრულე. თბილისში ხშირად გამოვდივარ ოპერის თეატრის სცენასა და საკონცერტო დარბაზში ამა თუ იმ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

© პირადი არქივინანა მირიანი
ნანა მირიანი  - Sputnik საქართველო
ნანა მირიანი

– ქალბატონო ნანა, როგორია თქვენი არასცენური ცხოვრება?

— პირადი ცხოვრება არ მაქვს, ამისთვის უბრალოდ დრო არ მრჩება — ჩემი პირადი ცხოვრებაც სცენაა. მომღერლის კარიერა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, გარკვეული რეჟიმის დაცვა და საამისოდ ძალების კონცენტრაცია აუცილებელია. ამიტომაა, რომ მათ შორის, ვინც დიდი ხელოვნებას ემსახურება, ძალიან იშვიათად არიან ისეთები, ვინც ოჯახს ქმნის.

© FB/Nana Kavtarashviliნანა მირიანი (ქავთარაშვილი)
ნანა მირიანი (ქავთარაშვილი)  - Sputnik საქართველო
ნანა მირიანი (ქავთარაშვილი)

– ბედნიერი დღეები მინდა გაიხსენოთ…

— ბედნიერი დღეც ბევრი მქონია, განსაკუთრებულად ბედნიერი ვარ, როცა ჩემ საყვარელ საქმეს ვაკეთებ, როცა სცენაზე ვდგავარ და მაყურებელს ბედნიერებას ვანიჭებ. კიდევ მინდა გავიხსენო ის დღე, როცა ოპერაცია გამიკეთეს და ნარკოზიდან გამოვედი, მაშინ თითქოს თავიდან დავიბადე, რადგან მივხვდი, რომ ცოცხალი ვიყავი და სიმღერას ისევ შევძლებდი. კიდევ ჩემი პატარა ძმისშვილი, გრიგოლი რომ გაჩნდა, ის დღეც უბედნიერესი იყო. კიდევ ბედნიერი იქნება ის დღე, როცა მიზანს მივაღწევ, და ვიცი, რომ ეს მალე იქნება, აი, მაშინ კი ნამდვილად ბედნიერი ვიქნები…

- ინტუიციით ვხვდები, რომ არ გაგვანდობთ, რასაც გულისხმობთ…

— დიახ, მოდი, ეს თემა ღიად დავტოვოთ. ჯერ ასრულდეს… საერთოდ ჩემი ყველაზე დიდი წარმატება სცენა და მაყურებელია. ბედნიერი ვარ, როდესაც ვმღერი და მსმენელი ჩემი სიმღერით აღფრთოვანებულია. ყველაზე მეტად გული მწყდება იმაზე, რომ დედა და მამა გარდამეცვალა და ისინი ჩემ დიდ წარმატებას ვერ მოესწრნენ. წარმატებას, რომლისთვისაც მათ ყველაფერი გააკეთეს და გაიღეს. თუმცა ჩემი მიზნები ჯერ ნახევარ გზაზეა და გასავლელი კიდევ ბევრი მაქვს…

 

ყველა ახალი ამბავი
0