მე ცხოვრებაში ჩემს გმირებს სულაც არ ვგავარ...

© photo: Sputnik / Александр Поляков / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი მალკოლმ მაკდაუელი
მსახიობი მალკოლმ მაკდაუელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

გუშინდელი კეთილი „ასისაის“ შემდეგ, არ ვიცი როგორ შემოგაპაროთ და, ჩვენ აივანზე მსოფლიო კინემატოგრაფიის, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ყველაზე „საშიში“ და „ბოროტი“ გმირი ამობრძანდება, რომელმაც ითამაშა ისეთი როლები, როგორიცაა კალიგულა ტინტო ბრასის გახმაურებულ ფილმში „კალიგულა“, ალექსი სტენლი კუბრიკის არანაკლებ ცნობილ ფილმში „მექანიკური ფორთოხალი“, დექსტერ მაილსი ფილმში „დალაქი“, თვით ცნობილი მანიაკი ჩიკატილოც კი ფილმში „ევილენკო“…

ეს გახლავთ ცნობილი ინგლისელი მსახიობი მალკოლმ მაკდაუელი (ნამდვილი გვარი – მალკომ ჯონ ტეილორი), რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1943 წლის 13 ივნისს (რიცხვიც როგორ აურჩევია) ქალაქ ლიდსში.

რას იზამ, რომანტიკოსი რომეოების თამაშის ბედი ყველას არ აქვს, ვინმემ ხომ უნდა ითამაშოს ცუდი და ბოროტი ადამიანების როლებიც, და რატომღაც მგონია, რომ ეს უფრო თუ არა, ნაკლებ საინტერესო და მიმზიდველი ნამდვილად არ უნდა იყოს.

მე არასდროს დამავიწყდება მისი კალიგულა, შესანიშნავად ასრულებს. მხოლოდ ერთი ის სცენა რად ღირს, წვიმასა და ჭექა-ქუხილში რომ ცეკვავს… ფილმში მაკდაუელს პარტნიორობას უწევენ შესანიშნავი პიტერ ო’ტული, რომელიც კალიგულაზე კიდევ უფრო ბოროტ კალიგულას ბაბუას ტიბერიუსს თამაშობს. კალიგულას ცოლის ცეზონიას როლის შემსრულებელი კი საოცარი ჰელენ მირენია, რომელმაც 2006 წელს მიიღო „ოსკარი“ დედოფალ ელისაბედ II-ის როლისთვის ფილმში „დედოფალი“. ხოლო კალიგულას დის დრუზილას როლშია ტერეზა ენ სავოი.

ფილმი რთულია, მძიმეა, მაგრამ კინემატოგრაფიის კლასიკაა და, ჩემი აზრით, ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს.

თანაც ფილმში ჟღერს სერგეი პროკოფიევის და არამ ხაჩატურიანის შეუდარებელი მუსიკა, რაც ფილმს, რა თქმა უნდა, ალამაზებს და უფრო ადამიანურს ხდის.

ასევე ძალიან საინტერესოა მაკდაუელის ალექსი ფილმში „მექანიკური ფორთოხალი“. ერთხელ სტენლი კუბრიკმა თქვა, რომ მალკოლმი რომ არ ეპოვა, სავარაუდოდ, ფილმს საერთოდ არ გადაიღებდა. არადა, ერთ საინტერესო ფაქტს მოგიყვებით — რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი შესვენებების დროს ხშირად თამაშობდნენ მაგიდის ჩოგბურთს და მხოლოდ ფილმის დასასრულს გაირკვა, რომ კუბრიკმა მაკდაუელს თამაშის დროს დაკარგული დროს ჰონორარი გამოუქვითა. სხვათა შორის, სანამ ამ პროექტს კუბრიკი მოჰკიდებდა ხელს, ალექსისა და მისი ბანდის წევრების როლი უნდა შეესრულებინათ The Rolling Stones-ის მუსიკოსებს.

მაკდაუელს ცხოვრებაში ჰქონდა პერიოდი, როდესაც ნარკოტიკებს და ალკოჰოლს შეეჩვია და ისე შეიცვალა, რომ ვერავინ სცნობდა, მაგრამ მან შეძლო გამოსვლა მდგომარეობიდან. 1990-იანი წლების დასაწყისში კვლავ დაუბრუნდა ეკრანს და 80-მდე როლი შეასრულა.

მაკდაუელის პირველი მეუღლე იყო მსახიობი მარგო დულეა (ბენეტი), მეორე მეუღლეც მსახიობი ჰყავდა — მერი სტინბერგერი. მესამე მეუღლესთან — კელი მაკდაუელთან მსახიობი ცხოვრობს 1993 წლიდან. ისინი სამ შვილს ზრდიან. უმცროსი ვაჟი დაიბადა 2009 წელს, როცა მაკდაუელი 66 წლის იყო. ცხოვრებაში მთავარ სიმდიდრედ და ფასეულობად მსახიობი თვლის შვილებს (სულ 5 ჰყავს) და ოჯახს.

მსახიობის უფროსი შვილები — ლილი და ჩარლი მამის კვალს გაჰყვნენ და მათ უკვე კინოში იღებენ.

თავად მაკდაუელს მიაჩნია, რომ მსახიობისთვის ყველაზე მთავარი ინტუიციაა. „როდესაც მეკითხებიან — ეს როლი როგორ ითამაშე? მე ვპასუხობ — არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. ზოგიერთი რამის ახსნა არ შეიძლება, ღმერთის ნებაა“, – ამბობს ის.

ის, საერთოდ, ძალიან იმპულსური ადამიანია. ბოლო დროს უფრო მეტ ფილმებში იღებენ, ვიდრე ახალგაზრდობაში.

სულ 200 როლზე მეტი აქვს ნათამაშები, თუმცა ახალგაზრდობაში არც კი უოცნებია მსახიობობაზე. დაიბადა ბარმენის ოჯახში, ერთი პერიოდი ყავის გაყიდვით დაინტერესდა და საქმეც წარმატებით მისდიოდა, მაგრამ მერე გაიგო, რომ გოგო, რომელზეც ის შეყვარებული იყო, თეატრალურ კურსებზე სწავლობდა. დაინტერესდა ხელოვნებით და სულ მალე ჩაირიცხა ლონდონის მუსიკალური და დრამატული ხელოვნების აკადემიაში.

არ მომბეზრდება იმის გამეორება, რომ მაინც არსებობს რაღაც ბედი – ადამიანს თუ მსახიობობა გიწერია, ვერ ასცდები. ხოლო თუ ასცდი – ესე იგი, არ გეწერა!

და, ბოლოს, მინდა დაგაწყნაროთ და გაგიმხილოთ, რომ ჩვენი დღევანდელი „უარყოფითი“ გმირი სინამდვილეში აბსოლუტურად არ ჰგავს თავის გმირებს. ის ცხოვრებაში ძალიან წყნარი, სიცოცხლისმოყვარული კაცია, უზარმაზარი ცისფერი თვალებით. მაკდაუელი ამბობს, რომ მისი გმირები — მხოლოდ მისი და რეჟისორის ფანტაზიის ნაყოფია და როდესაც ძალიან ცუდი ადამიანის თამაში უწევს, ყოველთვის ცდილობს რაღაც დადებითი შეიტანოს მასში, რადგან თვლის, რომ არ არსებობენ აბსოლუტურად კარგი ან აბსოლუტურად ცუდი ადამიანები…

გისურვებთ ბედნიერ, ლამაზ და კარგი ადამიანებით გარშემორტყმულ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0