„ჩვენი მონატრება კი აქვთ, მაგრამ ვერაფერს წყვეტენ“ – სოხუმში დაბრუნება 32 წლის შემდეგ

© FB/ Eldar Kavshbaiaელდარ ქავშბაია სოხუმში
ელდარ ქავშბაია სოხუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში ფონდი „ევროარტი“ ჰოლანდიელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ, სხვადასხვა თაობის, 21-დან 78 წლამდე ასაკის 22 მხატვარს უმასპინძლებს.

ამავე დღეს იმავე ქალაქში ფესტივალ „იბერიას“ ორგანიზატორები გამართავენ დღესასწაულს „ჩემი ოცნება — ჩემი აფხაზეთი“. ჩვენ ამ მხატვრებიდან ერთ-ერთს, ბატონ ელდარ ქავშბაიას დავუკავშირდით.

© FB/ Eldar Kavshbaiaელდარ ქავშბაიას ნახატები
ელდარ ქავშბაიას ნახატები - Sputnik საქართველო
ელდარ ქავშბაიას ნახატები

მისი ცხოვრების ბედნიერი წლები აფხაზეთს უკავშირდება. სამხატვრო სასწავლებელი სოხუმში დაამთავრა, შემდეგ იყო თბილისის სამხატვრო აკადემია. არის მხატვართა კავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციის GEFA წევრი. მისი გამოფენები საქართველოსა და უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოეწყო. მის ნახატებში პირდაპირ თუ ირიბად ის ტკივილია გამოსახული, რომელთან ერთად ცხოვრებასაც ამდენი წელი ვერ იქნა და ვერ მიეჩვია… ერთ დღესაც, 32 წლის განშორების შემდეგ თავის ბავშვობის ქალაქში ისევ ჩავიდა. როგორ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს, ამის შესახებ მასალიდან შეიტყობთ…

© FB/ Eldar Kavshbaiaელდარ ქავშბაიას ნახატი
ელდარ ქავშბაიას ნახატი - Sputnik საქართველო
ელდარ ქავშბაიას ნახატი

– ბატონო ელდარ, მოდით, თქვენ შემოქმედებაზე საუბარი კონკრეტულად ერთი ნამუშევრით – „აკრძალული ქალაქით“ დავიწყოთ…

— ამ ნამუშევარში მანქანის ნიშანია გამოსახული და მისი არსი ასეთია: არის ქალაქი, არა კონკრეტულად რომელიმე, არამედ პირობითად რაიმე ქალაქი, სადაც ადამიანს არ მიესვლება. იმ ქალაქში არა მარტო მანქანა, ადამიანიც ვერ შედის. ის ქალაქი ჩაკეტილია…

© FB/ Eldar Kavshbaiaელდარ ქავშბაია სოხუმში
ელდარ ქავშბაია სოხუმში - Sputnik საქართველო
ელდარ ქავშბაია სოხუმში

– აფხაზეთი იგულისხმეთ?

— მე კონკრეტულად აფხაზეთი ვიგულისხმე, მაგრამ ამის გარდა კონკრეტული კონფლიქტური ქალაქებიც ხომ ბევრია? ეს იყო ჩემი, როგორც მხატვრის პოზიცია, რომელსაც მე ვაფიქსირებ. ეს ასევე ჩემი პროტესტია იმის მიმართ, რაც დედამიწაზე არ უნდა არსებობდეს. ამგვარი რამ ნიჰილისტური განწყობა არ გახლავთ, ეს უბრალოდ არა პირდაპირი მნიშვნელობით ცარიელი და უკაცრიელი ქალაქია. ამ თემას რამდენიმე გამოფენა მივუძღვენი. ამის გაგრძელება იყო „დაკეცილი ქოლგები“. ქოლგა შეიძლება იყოს ჩვეულებრივად გამოსახული ან დაკეცილი. დაკეცილი ქოლგა ცარიელ სანაპიროსთან ასოცირდება. ესაა ქოლგა, რომელიც ადამიანმა მიატოვა, მაგრამ ქოლგებმა არ მიატოვეს ადამიანი. ისინი ადამიანის მოლოდინში არიან დაკეცილი. ეს თანამედროვე ხელოვნების ფილოსოფიური გააზრებაა. ჩემი ნამუშევრები აკადემიური ხედვის სტილიზაციაა, ანუ თანამედროვე ხედვა. ისინი უფრო კონცეპტუალური და მოდერნისტული მიმართულებისაა, ანუ აქ გარდასახვა კონკრეტულიდან რაღაც განსხვავებულ, უსაგნო საგნამდე ხდება. ჩვეულებრივი ნამუშევრებიც მაქვს, რომელიც სახვითი ხელოვნების მიმართულებას წარმოადგენს.

© FB/ Eldar Kavshbaiaელდარ ქავშბაია სოხუმში
ელდარ ქავშბაია სოხუმში - Sputnik საქართველო
ელდარ ქავშბაია სოხუმში

– ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოვიდა წიგნი, სადაც თქვენი ილუსტრაციებია შესული…

— აფხაზეთში რომ ვიყავი, ოჩამჩირედან ჩემთან მოვიდა ხალხი, ვისაც აინტერესებდა რას ვსაქმიანობ. მე ვუთხარი, წიგნი „აფხაზური მითები და რიტუალები“ გავაფორმე–მეთქი. ისინი დაინტერესდნენ და მთხოვეს, გვაჩვენეთო. ამ წიგნში ჩემი 39 ილუსტრაციაა. ამ თემასთან დაკავშირებული სხვა ილუსტრაციები აფხაზების გაკეთებულია.

– არ შემიძლია აფხაზეთის თემას უფრო კონკრეტულად არ შევეხო. თქვენ იყავით დღევანდელ სოხუმში ჩასული, ანუ ეს იყო 32 წლის მერე თქვენი იქ პირველად ჩასვლა?

— დიახ, აფხაზეთში 2015 წელს მოვხვდი, როცა დისშვილი გარდამეცვალა. მანამდე აფხაზეთში არ ვყოფილვარ. ჩემი და და სიძე გულრიფშში ცხოვრობენ. მერე სოხუმშიც ჩავედი. ჩემი მეზობლები, ძველი მეგობრები და სამხატვრო სასწავლებლის პედაგოგებიც კი ვნახე. მერვე კლასიდან სოხუმის სამხატვრო სასწავლებელში ოთხი წელი ვსწავლობდი. როცა სასწავლებლის შენობაში შევედი, თავიდან ყურადღება არავინ მომაქცია. ალბათ იფიქრეს, რომ ვინმეს მშობელი ვიყავი. როცა ვუთხარი, ელდარი ვარ-მეთქი, იკივლეს – Элдарчик, дорогой! შემიყვანეს ოთახში, გავიხსენეთ ძველი დრო. მითხრეს, გავიგეთ, რომ უცხოეთში გამოფენებს ხშირად აწყობო. იმ სასწავლებელში ბევრი მეგობარი მყავდა. ისინიც მოვძებნე, ერთმანეთის ნახვა ძალიან გაგვიხარდა. ზოგი მათგანი არ მუშაობს, ზოგი სულ სხვა სფეროშია. ერთი ბიზნესმენია, მეორე ქანდაკებებს აკეთებს. სამედიცინო პლაჟზე რომ რესტორანია, იქ დამპატიჟეს. კარგად, მაგრამ ფრთხილად მომექცნენ. მითხრეს, შენნაირი ადამიანები აქ ძალიან გვჭირდებაო. თუ გინდა, დაბრუნდი და შენ საკითხს პარლამენტში განვიხილავთო. მივხვდი, რომ თავისიანები, ერთგული ხალხი არ ჰყოფნით და თან დემოგრაფიულ პრობლემას განიცდიან. თუმცა ბოლოს დაამატეს, ვინც ამაზე დათანხმდება, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვასო. გულწრფელად ვუთხარი, ჩემს აქ გადმოსვლას აზრი არ აქვს–მეთქი. ავუხსენი, რომ ევროპაში დავდივარ და გამოფენებს ვაწყობ, აქედან კი ეს შეუძლებელია-მეთქი. თანაც, აქ პერსპექტივა არ არის-მთქი. მართლა ის ვთქვი, რაც იყო, ანუ სიმართლე…

© FB/ Eldar Kavshbaiaელდარ ქავშბაია სოხუმში
ელდარ ქავშბაია სოხუმში - Sputnik საქართველო
ელდარ ქავშბაია სოხუმში

– ბატონო ელდარ, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, რაიმე დადებითი ძვრები შეამჩნიეთ ამ ურთიერთობაში?

— ადამიანური მომენტი შესამჩნევია, ვიგრძენი, რომ ჩემ მიმართ კარგად იყვნენ განწყობილი და ძველი მეგობრული დამოკიდებულება ისევ არსებობდა. პედაგოგებმა მითხრეს, შენზე ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ხარო. ეს აწუხებთ მათ, მე ხომ გვარად ქავშბაია ვარ, ეს კი აფხაზური ფუძეა. მეც, ნაწყენმა, სიმართლე ვერ დავმალე: ამიტომ არ მომეცით ლიმიტი, რომ პასპორტში აფხაზი არ მეწერა-მეთქი?!

© FB/ Eldar Kavshbaiaელდარ ქავშბაია გამოფენაზე
ელდარ ქავშბაია გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ელდარ ქავშბაია გამოფენაზე

– გულწრფელად მითხრათ, შიშის მომენტი არ გქონიათ?

— სიმართლე გითხრათ, შიში მერე გამიჩნდა, რომ ჩამოვედი და გავიაზარე სად ვიყავი, მაგრამ იქ რომ ვიყავი, ეს არ მიგრძვნია, ამაზე არც მიფიქრია. მერე მარტო არ დავდიოდი, აფხაზი ახლობლები – სიძე, მეგობარი და დეიდაშვილი დამყვებოდნენ. რიწის ტბაზე ვიყავი და იქაური მონასტრები ყველა მოვიარე, ლამის ფსოუმდე გავედი.

© FB/ Eldar Kavshbaiaელდარ ქავშბაია გამოფენაზე
ელდარ ქავშბაია გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ელდარ ქავშბაია გამოფენაზე

– ცნობილი ბარები „ამრა“ და „აპრა“ მუშაობს?

— არა, ეგენი არც ერთი არ მუშაობს. „ამრაც“ და „აპრაც“ დაჟანგული ჯართივითაა. „აფხაზეთი“ კი შემინულია და იქ არძინბას დიდი სურათი ჰკიდია. ქუჩა მოწყობილია, აფხაზური თეატრიც კარგადაა გაკეთებული. აფხაზებს შევატყვე, რომ ჩვენი მონატრება კი აქვთ, მაგრამ ისინი ვერაფერს წყვეტენ და ამას ღიად არ ამბობენ. სულიერად, შესაძლოა, თავს ისე კარგად ვერ გრძნობენ, მაგრამ ეს ამბავი მატერიალური კუთხით აწყობთ. დაბნეულები არიან და მომავლის ეშინიათ…

 

ყველა ახალი ამბავი
0