00:58 20 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ქეთი კავალსკი ხარატიშვილი

ქეჩის აქსესუარების ახალი ქართული ბრენდი - Kawalsky Accessories

© FB/ Kettie Kawalsky
საინტერესო ადამიანები
მოკლე ბმულის მიღება
34061

ერთი შეხედვით, ქეჩა უცნაური და განსხვავებული მასალაა ჩანთების და აქსესუარების დასამზადებლად. თუმცა, ქეთი ხარატიშვილმა შეძლო და ქეჩისგან საკმაოდ დახვეწილი და გემოვნებიანი ხელნაკეთი ნივთები შექმნა. მისი პროდუქცია ქართულ ბაზარზე სულ ორი თვეა, რაც გამოჩნდა.

ქეთი პროფესიით ხელოვნებათმცოდნეა.  წლების წინ, ფილმის პერსონაჟის შთაგონებით, ფეისბუქზე „კავალსკი’’ დაირქვა  და მას შემდეგ სოციალურ ქსელში, ხელოვანი ადამიანების წრეებში და  ყველა იმ სფეროში, სადაც ის ტრიალებს, ქეთი კავალსკითაა ცნობილი. იმდენად შეითვისა ეს სახელი, რომ თავის ბრენდსაც Kawalsky Accessories დაარქვა.

სათვალის ბუდე ჩანთა
სათვალის ბუდე ჩანთა

ქეთი: ბავშვობიდან სულ რაღაცებს ვაკეთებ. ბევრი გოგო ქმნიდა თავისი თოჯინებისთვის სხვადასხვა ნივთებს, მით უმეტეს, 90-იანი წლების ბავშვები. პირველად ჩანთა ჩემთვის გავაკეთე. ყველას მოეწონა. მეგობრებმა მირჩიეს და წამახალისეს, რომ არ გავჩერებულიყავი. მათი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ამ საქმეს ვაკეთებ.

ახალბედა დიზაინერი მალევე მიხვდა, რომ ჩანთების გარდა სხვა საინტერესო ნივთების შექმნაც შეიძლებოდა. დღესდღეობით ქეთი საფულეებს, სათვალის ბუდეებს, სამაჯურებს და თმის სამაგრებს აკეთებს. თუმცა, მისივე თქმით, ყველაზე პოპულარული მაინც ჩანთებია.

ვიდრე საზოგადოებას  თავის პროდუქციას წარუდგენდა,  ქეთიმ კარგად შეისწავლა ქართული ბაზარი, აგროვებდა იდეებს, ხვეწდა თავის ნამუშევრებს.

ქეთი: გავაცნობიერე, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა საზოგადოების წინაშე გამოგაქვს საკუთარი ნამუშევარი და ახდენ მის რეალიზაციას. სულ ორი თვეა, რაც გამოვჩნდით, თუმცა მანამდეც ბევრი ვიმუშავე პროდუქციის დახვეწაზე. ვცდილობ, ბევრი ინფორმაცია მოვიძიო, ბევრი შემოქმედება ვნახო, რომ შევქმნა ხარისხიანი და განსხავებული. 

- როგორია აქსესუარების შექმნის პროცესი?

— პროდუქციაზე მხოლოდ მე ვმუშაობ, ყველა აქსესუარი ხელით იქმნება. იდეები საკუთარია. შეიძლება, ღამე მომივიდეს იდეა, ვდგები, ვიწერ და მეორე დღეს ვხვეწავ. ძირითადად ქეჩით ვმუშაობ, თუმცა დეტალებად თექის ბურთულებს, ე.წ. პომპონებს, ვიყენებ, აგრეთვე ვამატებ გამჭირვალე მასალებსაც. ყველანაირად ვცდილობ, რომ არ დავემსგავსო სხვებს და ყველა ნივთი ინდივიდუალური გამოვიდეს. ქეჩას საქართველოში ვყიდულობ, გამოწერაც ვცადე, მაგრამ არ გაამართლა, არ ივარგა. ქეჩის ხარისხებიც განსხავებულია. დროთა განმავლობაში დავტესტე საკუთარი ჩანთები, მივხდი, რომელი მასალაა საუკეთესო და ხანდახან ლოდინიც მიწევს, ვიდრე კარგი ხარისხის ქეჩას მოიტანენ.

პროდუქციის შექმნის პროცესში ხშირად არის სირთულეებიც. ვხმარობ სილიკონს, საკერავ მანქანას, სხვადასხვა საშუალებებს. რაღაცების სინთეზში ხშირად არ გამოდის თავდაპირველი ჩანაფიქრი, არის სხვადასხვა სახის დაბრკოლებები. თუმცა, საკუთარი გამოცდილებით, თანდათან მივხვდი, რა როგორ გავაკეთო და სირთულეებსაც ნაკლებად ვაწყდები.

- როგორ მიიღო საზოგადოებამ თქვენი ნამუშევარი?

მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანია, რაც გამოვჩნდით, საზოგადოებისგან ვგრძნობ საკმარის დაინტერესებას, რაც ძალიან მახარებს. ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ მომხმარებლები ბრუნდებიან და კვლავ მიკვეთავენ ნივთებს, ეს ნიშნავს, რომ მათ მოსწონთ და ხარისხიც აკმაყოფილებთ. აგრეთვე, სასიამოვნო განცდაა, როცა ერთ მომხმარებელს რამდენიმე აქსესუარი მიაქვს. ეს დიდ სტიმულს მაძლევს.

ქეთი თითოეული ჩანთის შექმნას, დაახლოებით, ხუთ დღეს ანდომებს. თავის დაზღვევის მიზნით, ურჩევია, ცოტა მეტი დრო ჰქონდეს სამუშაოდ. პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, სოციალური ქსელისა და ფლეა მარკეტების საშუალებით ახდენს.

- თქვენი ნამუშევრები თითო ეგზემპლარია, თუ ბევრ მომხმარებელზეა გათვლილი?

— სამწუხაროდ, ჯერ იმ დონეზე არ ვართ, რომ ერთი გავაკეთოთ და ექსკლუზივი იყოს. ზოგიერთი მოდელი საკმაოდ კომერციული გამოდგა, არის დიდი მოთხოვნა და იქმნება რამდენიმე ეგზემპლარად. თუმცა, თუ იქნება შეკვეთა და სასურველ ფასად გაიყიდა, რა თქმა უნდა, შეიძლება, ექსკლუზივიც გავაკეთოთ.

ტანსაცმლის აქსესუარი
ტანსაცმლის აქსესუარი

- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც დაიტერესებულია ამ საქმიანობით?

ნებისმიერ ასაკში შეიძლება რაღაცის დაწყება. ვურჩევ, ეცადონ, ყველანაირად დაიხვეწონ და ბოლომდე მიჰყვნენ საქმეს. ამას იმხელა მუხტი მოაქვს ჩემთვის, რომ კიდევ უფრო მეტის და კიდევ უფრო ახლის გაკეთება მინდა.

 

ხატია გიგოლაშვილი

 

მთავარი თემები