ბიორკი – მოდით, მოვხატოთ სახლი იისფერი პეპლებით...

© AP Photo / Branimir Kvartucბიორკი კონცერტზე მეხიკოში
ბიორკი კონცერტზე მეხიკოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე ბროწეული ქარისგან აიწეწა, ადესა მთლად უწესრიგოდ გადაიხლართა… თქვენ კი როგორც გენებოთ და რა განწყობა-ხასიათზეც ხართ, ისე ამობრძანდით, გნებავთ, მორიდებულად გამოწყობილი — ინგლისურ კოსტიუმებსა და საშუალოქუსლებიანი ფეხსაცმელებით, გნებავთ — ექსცენტრულად — ფერადი ბუმბულებით მორთული, შლიაპით და უშლიაპოდ, მინი-მაქსი-მიდი ქვედაბოლოთი, შარვლიანი, კაბიანი, გრძელი შლეიფებითა და ღრმა დეკოლტეებით, ზაფხულის მოლოდინში ფეხზე ლასტებამოცმულიც კი. დღეს ეს არავის გაუკვირდება, რადგან…

ჩვენი დღევანდელი სტუმარია ქალბატონი, რომლის აზრითაც, „მოდა — ფაშიზმია“, და რომელიც ამბობს: „მე ასჯერ შევუდარებივარ „ტელეღიპუცებისთვის“, რადგან პატარა ვარ და შენელებული, მაგრამ მე არ მწყინს!“ (მომღერლის სიმაღლე 163 სმ-ია).

თანაც წინასწარ ვიცი, რომ მას თავისი საყვარელი Marjan Pejoski-ს კაბა ეცმევა, 2001 წლის „ოსკარის“ ცერემონიაზე რომ ეცვა, თეთრი და ჰაეროვანი, რომლის ერთ ბრეტელს გედის კისრის და თავის ფორმა აქვს და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ გედს მის მხარზე ჩაძინებია, ან მოკვდა სენ-სანსის ცნობილი ცეკვის შესრულების შემდეგ. სხვათა შორის, ეს კაბა დღემდე „ოსკარის“ ერთ-ერთ ყველზე გამორჩეულ მოვლენად ითვლება, ის „შოკში ჩამგდები კაბების“ პირველ ათეულში მეხუთე ადგილს იკავებს.

რა თქმა უნდა, მიხვდით, რომ ჩვენ აივანზე დღეს ამობრძანდება წარმოშობით ისლანდიელი, მსოფლიოში სახელგანთქმული მომღერალი, მუსიკოსი, კინომსახიობი, კომპოზიტორი, უამრავი პრემიის ლაურეატი ბიორკ გუდმუნდსდოტირი – ბიორკი. ისლანდიურად ნიშნავს „არყის ხეს“, ხოლო ასე რთულად წარმოსათქმელი გვარი — გუდმუნდსდოტირი სინამდვილეში გვარი არ ყოფილა (ისლანდიაში, იშვიათი გამონაკლისის გარდა, გვარებს არ ატარებენ), ეს მამის სახელია და ნიშნავს, რომ ბიორკი არის გუდმუნდის ასული.

ზუსტად ამ დღეს კი, 2000 წლის 23 მაისს ბიორკმა კანის ფესტივალზე მიიღო მთავარი პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლარს ფონ ტრიერის შესანიშნავ მუსიკალურ დრამაში „სიბნელეში მოცეკვავე“ (Dancer in the Dark). ფილმი ძალიან მძიმეა, მაგრამ აუცილებლად სანახავი.

ბიორკს ხშირად ადანაშაულებენ ზედმეტ ექსცენტრულობაში, მაგრამ… ის მართლაც ასეთია – ყველასგან განსხვავებული. ის არ თამაშობს და როლებში არ იჭრება (მაგალითად, როგორც ლედი გაგა, რომელიც ძალიან-ძალიან მომწონს, მაგრამ ისიც მესმის, რომ ის საკმაოდ დახვეწილი ქალბატონია და თავის სცენურ იმიჯს სულაც არ ემთხვევა). ბიორკი კი მართლაც სხვანაირად აღიქვამს სამყაროს, სხვებისგან ცოტა განსხვავებულ პრიზმაში. ამიტომაც ბიორკი შეიძლება ძალიან გიყვარდეს ან, უბრალოდ, არ გესმოდეს („შენი არ იყოს“), მაგრამ მისი შემოქმედებისადმი გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩები.

ბიორკი იხსენებს, რომ ის 5 წლამდე ჰიპების კომუნაში იზრდებოდა, რადგან მისი მამინაცვალი „ადგილობრივი ჰიპი“ იყო, რომელიც ვერ იტანდა დისციპლინას, არსად არ მუშაობდა, მთელი დღე ეთამაშებოდა და ზღაპრებს უყვებოდა პატარა ბიორკს. დროდადრო კი კომუნაში ახალი იდეები იბადებოდა — „მოდით, მოვხატოთ სახლი იისფერი პეპლებით“, „მოდით, ორი დღე ზედიზედ მხოლოდ ბანანები ვჭამოთ“ და ასე შემდეგ…

ბიორკის აზრით, ჰიპობის პერიოდმა ასწავლა მას, რომ თუ რამე სხვაზე მეტი გაქვს, აუცილებლად უნდა გაუყო სხვას, არაფრის არ გეშინოდეს და ყოველი დღე უნდა გაატარო ისე, თითქოს ეს შენი ბოლო დღეა. და, რამდენადაც გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ ამ პერიოდს უმადლის ბიორკი თავის განსაკუთრებულ ორგანიზებულობას, რადგან 6 წლიდან ის თავად ზრუნავდა იმაზე, თუ რა ეჭამა და რა ჩაეცვა.

სწორედ 6 წლის ასაკში ბიორკმა დაიწყო სიარული მუსიკალურ სკოლაში, სადაც სწავლობდა დაკვრას ფორტეპიანოსა და ფლეიტაზე. ერთ წელიწადში მისმა მასწავლებელმა ბიორკის შესრულებით თინა ჩარლზის ჰიტი I Love To Love გაგზავნა ისლანდიის იმ დროს ერთადერთ რადიოსადგურზე და ადგილობრივი რეკორდ-ლეიბლის წარმომადგენლებმა ბიორკთან კონტრაქტი გააფორმეს. 1977 წელს კი გამოვიდა ბიორკის სადებიუტო ალბომი — Björk. ალბომის ავტორი ამ დროს სულ 12 წლის იყო.

ალბომს ისეთი წარმატება ხვდა წილად, რომ ბიორკს მეორე ალბომის ჩაწერაც შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. პირველი ალბომის გაყიდვიდან მოგებული ფულით იყიდა პიანინო და დაიწყო საკუთარი სიმღერების შექმნა.

აქვე გამახსენდა მისი სიტყვები: „ჩემი ყველაზე ძლიერი ძალა და ჩემი ყველაზე სუსტი სისუსტე იმაშია, რომ არ შემიძლია ორჯერ ვაკეთო ერთი და იგივე“. მართლაც, მისი ყველა სიმღერა სხვანაირია, პატარა მონო-სპექტაკლია, გულის წვერზე დანის წვერივით გამავალი, სავსეა ერთდროულად სევდითაც, ფილოსოფიითაც და სიკეთითაც.

არაორდინალური ბიორკის ცხოვრებაზე უამრავი საინტერესო ფაქტის მოყოლა შეიძლება.

მაგალითად, მან ერთხელ… გადასატანი აუზი მოიპარა, რადგან იმ დროს უსახლკარო იყო და შხაპის მიღების საშუალება არ ჰქონდა.

მაშინაც კი, როდესაც ბიორკს უჭირდა, ის კატეგორიულ უარს აცხადებდა რეკლამაში გადაღებაზე, რადგან თვლიდა, რომ ხელოვანისთვის ეს იგივეა, რაც სული მიჰყიდო ეშმაკს.

მას გააჩნია იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა, თანაც უმეტესწილად საკუთარ თავს დასცინის.

მისი უახლოესი მეგობარი და თანამოაზრეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტელეწამყვანი და ნატურალისტი, ბუნებაზე დოკუმენტური ფილმების გადაღების პიონერი სერ დევიდ ფრედერიკ ატენბორო. ბიორკი თვლის, რომ ბოლოს და ბოლოს ცხოველები გაიმარჯვებენ ადამიანებზე, რადგან უფრო ღირსეულები არიან.

ბიორკის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მომღერალია ინდოელი მუსიკოსი, მხატვარი და დიზაინერი M.I.A. (მათჰანგი მაია არულირაგასამა). ბიორკი თვლის, რომ ასეთი მომღერლის არსებობა მუსიკის სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია და რომ მას ყველამ უნდა მოუსმინოს. და რადგანაც ბიორკი გვირჩევს, მოდით, ჩვენც მოვუსმინოთ:

ბიორკს ჰყავს ორი შვილი – ქალიშვილი ისადოურა, ცნობილი ამერიკელი მხატვრის მეტიუ ბარნისგან და ვაჟი სინდრი, რომლის მამაა მუსიკოსი და კომპოზიტორი თორ ელდონი, რომელთანაც ერთად ბიორკი წლების განმავლობაში წარმატებით გამოდიოდა ჯგუფ The Sugarcubes-ის შემადგენლობაში.

მომღერლის სახლი გადავსებულია მუსიკალური ინსტრუმენტებით და მასში მუდმივად ჟღერს მუსიკა. ბიორკს არ უყვარს ხალხმრავალ ღონისძიებებზე დასწრება და ვერ იტანს პაპარაცებს, რომლებმაც, მისი თქმით, მის ოჯახს ცხოვრება მოუწამლეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ბიორკმა განაცხადა: „მე არ მჭირდება პოპულარობა, მე უბრალოდ კარგი მუსიკა მჭირდება“.

ჩვენ კი, ხშირ შემთხვევაში ძალიან ცალსახა და მოსაბეზრებლად „დაშტამპული“ პოპ-მომღერლების ფონზე, ჰაერივით გვჭირდება „ბიორკები“. შეიძლება ვინმეს ის არ მოსწონდეს, მაგრამ ნებისმიერ სფეროში მხოლოდ წინსვლით მიიღწევა წარმატებები და სრულყოფილება…

გისურვებთ ბედნიერ და ბიორკივით ლამაზად უცნაურ დღეს!

 

ყველა ახალი ამბავი
0