ნიურნბერგის მერის მოადგილის რჩეული ქართველი, რომლის მუსიკით გერმანელები მკურნალობენ

© FB/ Gocha Iashagashviliგოჩა იაშაღაშვილი
გოჩა იაშაღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში" გერმანიაში მცხოვრებ ქართველ კომპოზიტორს გოჩა იაშაღაშვილს წარმოგიდგენთ.

გოჩა იაშაღაშვილი — შემოქმედებითი ფსევდონიმით „ბავარიელი“, უკვე 22 წელია გერმანიაში ცხოვრობს. მუსიკას 14 წლიდან წერს და პირველად მისი სიმღერები საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში 80-იანი წლების დასაწყისში გაჟღერდა. ისინი ისეთი ცნობილი ქართველი მომღერლების რეპერტუარშია შესული, როგორებიც არიან თემურ წიკლაური, ბესო კალანდაძე, ვალერი ლომსაძე, სოფო ბედია, ხვიჩა მაღლაკელიძე. გერმანიაში მის შემოქმედებას კარგად იცნობენ, თანაც იმდენად, რომ ერთმა ადგილობრივმა პოლიტიკურმა პარტიამ კონცერტის ჩასატარებლად ის საარჩევნო კამპანიაშიც კი მიიწვია.

© FB/ Gocha Iashagashviliგოჩა იაშაღაშვილის და მისი ქალიშვილის საკონცერტო აფიშა გერმანიაში
გოჩა იაშაღაშვილის და მისი ქალიშვილის საკონცერტო აფიშა გერმანიაში - Sputnik საქართველო
გოჩა იაშაღაშვილის და მისი ქალიშვილის საკონცერტო აფიშა გერმანიაში

– ბატონო გოჩა, როცა საქართველოდან გერმანიაში გაემგზავრეთ აქ უკვე გიცნობდნენ როგორც ცნობილი სიმღერების ავტორს…

— გერმანიაში საცხოვრებლად 1996 წლიდან გადმოვსახლდი. ამ წლების მანძილზე ბავარიასა და ნიურნბერგში ვიცხოვრე. ჩემი ფესვები ტაბახმელაშია, ბავშვობა იქ გავატარე. ბედნიერი ვარ, რადგან, გადმოცემით ვიცი, რომ ჩემი დიდი წინაპარი წმინდა მეფის თამარის საზაფხულო რეზიდენციაში მსახურობდა. მე-9 კლასიდან სწავლა სამხედრო სკოლაში გავაგრძელე, ანუ საშუალო განათლების ატესტატი სამხედრო სკოლაში მივიღე. ამის შემდეგ უკრაინაში ჩავაბარე უმაღლეს სამხედრო-პოლიტიკურ სასწავლებელში, რომლის დამთავრება აღარ ვისურვე და 3 წლის შემდეგ ისევ საქართველოში დავბრუნდი. აქ ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში დავამთავრე. სპეციალობით არ მიმუშავია, მოგეხსენებათ, მაშინ ცუდი დრო იყო. იმ პერიოდში გაჟღერდა ჩემი ოთხი სიმღერა, რომელსაც ანსამბლი „მზე და დედამიწა“ ასრულებდა. მოგვიანებით ჩემი დაწერილი სიმღერები შეასრულეს თემურ წიკლაურმა, ბესო კალანდაძემ, ვალერი ლომსაძემ, სოფო ბედიამ, ხვიჩა მაღლაკელიძემ და სხვებმა… ეს ხალხი საქართველოშივე მიცნობდა, ზოგი კი, მაგალითად, ახალგაზრდები სოფო და ხვიჩა მოგვიანებით გავიცანი.

© FB/ Gocha Iashagashviliკომპოზიტორი გოჩა იაშაღაშვილი და სოფო და ბორის ბედიები
კომპოზიტორი გოჩა იაშაღაშვილი და სოფო და ბორის ბედიები - Sputnik საქართველო
კომპოზიტორი გოჩა იაშაღაშვილი და სოფო და ბორის ბედიები

– თქვენ 100-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოები გაქვთ დაწერილი, რაიმე ახალ ჟანრში ხომ არ შეგიქმნიათ მუსიკა?

— მუსიკას 14 წლიდან ვწერ. ჩემი შემოქმედება საქართველოს ტელევიზიასა და რადიოში 80-იანი წლების დასაწყისში გაჟღერდა. უკვე 150-ზე მეტი სიმღერა დამიგროვდა და ჩემს მსმენელს მათ თანდათან ვაცნობ. მე არ ვიცი საზღვარი მუსიკალურ მიმართულებებში, უფალი სიმღერას და მუსიკას მაწერინებს ყველა ჟანრში – შანსონი, ბალადა, ბლუზი, როკი, ჯაზ-როკი, დისკო, კლასიკური მუსიკა და მელოდიები ფილმებისთვის. ამის გამო დიდება მის სახელს!.. მუსიკას იმის მიხედვით ვწერ, თუ რა გადამხდება ხოლმე თავს და რისგან დავიმუხტე. ასაკის მატებასთან ერთად ისეთი ჟანრიც დამემატა, რაშიც ადრე არასოდეს დამიწერია, მაგალითად, კლასიკური მუსიკა. თუმცა, პირველად საორკესტრო ნაწარმოები სახელწოდებით „ჩვენი დედამიწა” თხუთმეტიოდე წლის წინ შევქმენი. მას თან ახლავს იტალიური ტექსტი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასმა მეგობარმა და ბრწყინვალე ადამიანმა, იტალიური ენის პროფესორმა, ქალბატონმა ნინო ცერცვაძემ შექმნა. სიმღერის თემა აქტუალურია: ღმერთმა სახლად დედამიწა გვაჩუქა, ჩვენ კი მას არ ვუფრთხილდებით. მეტის ძიებაში იმასაც ვკარგავთ, რაც გვაქვს. აი, ეს არის ამ სიმღერის ძირითადი შინაარსი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ის რომელიმე კლასიკურმა ვოკალისტმა შეასრულოს, ვნახოთ, ვინ მოირგებს…

– ბოლოს დროს სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა თბილისზე დაწერილი სიმღერა, ეს ემიგრაციაშია დაწერილი თუ საქართველოში ყოფნის დროს?

— ეს სიმღერა დიდი ხნის წინ მქონდა დაწერილი და, ასე ვთქვათ, თაროზე იყო შემოდებული. მოვიდა დრო, რომ გადმოვიღე, მტვერი გადავწმინდე და გარეთ გამოვფინე. ყველას მოეწონა, განსაკუთრებით კი, ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ხშირად მწერენ და მადლობას მიხდიან. ისინი მეუბნებიან, რომ ჩემი სიმღერები გულის სიღრმეს სწვდება. მსმენელი ძალიან მიყვარს, მათგან ისეთ სითბოს და დადებით ენერგიას ვიღებ, რომ შეუძლებელია, უფლის წყალობით, რაიმე პოზიტიური მუსიკა არ დავწერო. ამისთვის მადლობა მათ. მუსიკა ჩემი ცხოვრებაა…

© FB/ Gocha Iashagashviliგოჩა იაშაღაშვილი გერმანულ პრესაში
გოჩა იაშაღაშვილი გერმანულ პრესაში - Sputnik საქართველო
გოჩა იაშაღაშვილი გერმანულ პრესაში

– ბატონო გოჩა, ვიცი, რომ არც ისე დიდი ხნის წინ გერმანიაში უჩვეულო საქმიანობით დაკავდით და თქვენს მუსიკას იქ სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებენ…

— გერმანიაში მუსიკალურ გაერთიანებაში ვმუშაობ, მაქვს კონცერტები, დაკავებული ვარ პედაგოგიური მოღვაწეობითა და მუსიკოთერაპიით. ეს უკანასკნელი ახლახან შემომთავაზეს. გერმანელმა ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მუსიკა, რომელსაც ამ ბოლო დროს უფალი მაწერინებს, უდიდეს პოზიტივს გამოსცემს და რელაქსაციისთვის არაჩვეულებრივია.

– პირველად ვინ და სად აღმოაჩინა ეს ამბავი?

— ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე თვითონ მქონდა ჯანმრთელობის პრობლემა და ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც მკურნალობას ვიტარებდი, როიალზე დაკვრის ნებართვა ვითხოვე. საღამოობით ჩემ ინსტრუმენტალურ მუსიკას თითების გასავარჯიშებლად ვუკრავდი. ჩემ მოსასმენად პაციენტები შემოდიოდნენ. ბევრმა მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც ჩემს მუსიკას უსმენდა, თავს უკეთ გრძნობდა და პაციენტები სახლში მალე ეწერებოდნენ. ეს ამბავი მალე მთელ ცენტრს მოედო და ჩემი მუსიკით ექიმებიც დაინტერესდნენ და მეც ახალ საქმიანობას ვიწყებ. იმედია, ის მომავალში უფრო განვითარდება და ადამიანების ჯანმრთელობისთვის სიკეთის მომტანი იქნება.

© FB/ Gocha Iashagashviliგოჩა იაშაღაშვილი და ნიურნბერგის მერის მოადგილე
გოჩა იაშაღაშვილი და ნიურნბერგის მერის მოადგილე - Sputnik საქართველო
გოჩა იაშაღაშვილი და ნიურნბერგის მერის მოადგილე

– გერმანიაში ერთ-ერთი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის კონცერტში იყავით მიწვეული, ვინ დაინტერესდა თქვენი მუსიკით?

— ფოტოც მაქვს გადაღებული ამ ახალგაზრდა ქალბატონთან, რომელიც ნიურნბერგის მერის, ანუ ბურგერმაისტერის მოადგილეა და პარტია SPD-ს წარმომადგენელია. ის ებრაელია, კარგი ადამიანია და ჩემ შემოქმედებას დიდ პატივს სცემს. ამ პარტიამ საარჩევნო კამპანიის დროს მიმიწვია, სადაც კონცერტი ჩავატარე. SPD — Sozialistische Partay Deutschland, ანუ გერმანიის სოციალისტური პარტიაა. ქალაქის მერი და მისი მოადგილე ამ პარტიას მიეკუთვნებიან. ამას გარდა სცენაზე გერმანიის კანცლერის მერკელის პარტიის მიწვევითაც გამოვსულვარ. ასევე, მახსოვს, გერმანიის ერთ ქალაქში ჩატარდა სილამაზის კონკურსი, სადაც რამდენიმე სიმღერა ვიმღერე. მიხარია, თუ ჩემი შემოქმედება ხალხს სიამოვნებას ანიჭებს, მაშინ მიზანიც აღსრულებულია. სამყაროში ხომ ასეა — გაეცი სიყვარული და იგივე დაგიბრუნდება უკან…

© FB/ Gocha Iashagashviliგოჩა იაშაღაშვილი გერმანელ მეგობრებთან ერთად
გოჩა იაშაღაშვილი გერმანელ მეგობრებთან ერთად - Sputnik საქართველო
გოჩა იაშაღაშვილი გერმანელ მეგობრებთან ერთად

– საქართველოში რა გენატრებათ?

— რა მენატრება? ჩემი ხალხის ბედნიერი თვალები, აი, ისეთი, ჩემი ბავშვობიდან რომ მახსოვს. დღეს როცა ჩამოვდივარ, მარტო სევდას ვხედავ და ძალიან მტკივა გული. მინდა, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს და ხალხის ბედნიერი თვალები კვლავ ვიხილო…

 

ყველა ახალი ამბავი
0